მმართველი გუნდი არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისა და დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოქტომბრის თვეში მოსალოდნელ რისკებზე დღეს საუბარი და მსჯელობა ძალიან რთულია და არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დადგება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მმართველი გუნდი მზად არის, ყველა იმ საკითხსა და მექანიზმზე გაიმართოს ფართო ჩართულობით დისკუსია, რომლითაც პანდემიით გამოწვეული რისკების პრევენცია მოხდება.

„ეს არის თეორიული მოცემულობა და ამაზე მსჯელობა დღეს ძალიან რთულია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების გადადების ერთადერთი თეორიული ვარიანტი არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოცხადდეს, თუმცა დღეისათვის ამის წინაპირობა არ ჩანს. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჩვენ დღეს არ ვიცით. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ვფიქრობთ, რომ არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება, თუმცა რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ელექტრონულ კენჭისყრას, მეეჭვება, რომ ამისათვის მომზადდეს სათანადო ინფრასტრუქტურა 31 ოქტომბრამდე. რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, რომლითაც შეიძლება რისკების პრევენცია, ამაზე მსჯელობისთვის მზად ვართ და ალბათ, შედგება შესაბამის ფორმატში განხილვები. თუ იქნება ასეთი მსჯელობა, აქ ჩართული იქნება როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ისეთი საკითხია, რაზეც ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს.

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამ არჩევნებს დააკვირდება ძალიან ბევრი სუბიექტი, ჩამოვლენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩამოსული იქნება ეუთოს მისია, ასევე როგორც იცით, ამ პროცესს აკვირდება IRI და NDI. ბუნებრივია, როდესაც დაიწყება მათი საქართველოში ჩამოსვლა და მათთან პირველი შეხვედრები შედგება, იქ ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო გარემოსთან, მათ შორის ამომრჩევლის აქტივობასთან. ჩვენ მზად ვართ, ყველასთან დისკუსიისთვის და მხედველობაში მივიღებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სათანადოდ ჩატარებასთან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას დისკუსიისთვის, ყველა შესაბამის საკითხზე უნდა გაიმართოს დისკუსია ფართო ჩართულობით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, მისი თქმით, კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცება სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე მოხდება.

„როგორც კი გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაშინვე განახლდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი და იქიდან დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდება იმისათვის, რომ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დავასრულოთ. პრინციპში, დრო საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ პანდემიის დაძლევას 22 მაისამდე, ანუ იქამდე, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ამ შემთხვევაში უკვე ივლისის ბოლოსთვის შეიძლება მთლიანად პროცესის დასრულება. თუ საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, არც ამ შემთხვევაში შეექმნება პრობლემა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მაქსიმუმ ივლისში შევძლებთ, რომ პაკეტი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, პრობლემის ქვეშ არ დგას არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება 2020 წლის ოქტომბერში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა