ანა დოლიძე მოითხოვს, დროულად შეიკრიბოს იუსტიციის საბჭო და იმსჯელონ, რა ვითარებაა პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის დაწესებული ჯარიმების გასაჩივრების მხრივ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუწოდებს, რომ დროულად უზრუნველყოს საბჭოს შეკრება იმისათვის, რათა იმსჯელონ, რა ვითარებაა პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის დაწესებული ჯარიმების გასაჩივრების მხრივ.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით 7 000 მოქლაქეა დაჯარიმებული. მისივე თქმით, ბევრი მათგანი სრულიად უცნაური, დაუსაბუთებელი მიზეზით და ალოგიკური წესების შესაბამისად დაჯარიმდა. ანა დოლიძის განმარტებით, ახლა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სჭირდება შეკრება იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს 7 000 ჯარიმიდან რამდენი გასაჩივრდა და რამდენად არის სასამართლო მზად იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მიიღოს ეს საჩივრები.

„დღესდღეობით, სასამართლო ამ 7 000 ადამიანის ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია გააუქმოს ის უსამართლო და ალოგიკური ჯარიმები, რომელიც ბევრ ადამიანს დაეკისრა. მაგალითად, შეზღუდვა არ დაუჯდე წინ მძღოლს, შეზღუდვა ოჯახის წევრებზე და არანაირი გამონაკლისი გადაუდებელ სიტუაციაში მცირეწლოვან ბავშვებზე, იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის პირველი პირები არღვევდნენ ამ კანონს. თუმცა, დღეს ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაა სასამართლოს მიმართულებით, არ ვიცით, ამ 7 000 მოქალაქეს და ოჯახს რამდენად ექნება უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რამდენმა მათგანმა გაასაჩივრა ეს სასამართლოში, რამდენი მათგანი იქნება მზად და იცის, რომ ეს ჯარიმა გაასაჩივროს სასამართლოში. ამიტომ, მე მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს უმრავლესობას სასწრაფოდ შეიკრიბოს დისტანციურად, მოიწვიოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარე იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ რა ვითარებაა ჯარიმების გასაჩივრების მხრივ ჩვენს სასამართლოში, როგორ არის სასამართლო მზად იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ათასობით სარჩელი შეიძლება შევიდეს საერთო სასამართლოებში. ამ ორგანოს ამასთან დაკავშირებით აუცილებლად სჭირდება სასწრაფი მსჯელობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს