ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2020

“ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი

საოფისე საქმიანობა შესაძლოა სრულიად გაქრეს - მსოფლიოში გლობალური ცვლილებები იწყება

***

“ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი

“ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების აზრით, საქართველო პანდემიურ პიკს თითქმის მიუახლოვდა, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გასტანს - ისინი იმედოვნებენ, რომ ამასობაში ჰაერის ტემპარატურაც მოიმატებს და ვირუსის გავრცელებას ხელს მეტ-ნაკლებად შეუშლის. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის პიკთან ახლოს მივედით და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება დაახლოებით 3 კვირა იქნება, მაგრამ არა ციცაბო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახლა ინფექციის შიდა გავრცელების მე-7 კვირაში ვართ. მისი თქმით, უნდა დავაკვირდეთ, თუ მე-7 და მე-8 კვირას როგორ გავივლით. ამბობს, რომ ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი ამინდები და გარკვეულად ინფექციის შენელებაში ქვეყანას შეეხიდება. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროგნოზისთვის, რომ პიკური პერიოდი 2-3 კვირა გასტანს, შესაბამისი კვლევებია საჭირო, რაც მისი თქმით, საქართველოს არ აქვს. „პროგნოზი რომ პიკური პერიოდი კიდევ ორი-სამი კვირა გასტანს, აიხსნება იმითი, რომ ჩვენ-საქართველოს შესაბამისი მონაცემები არ აქვს, რაღაცა პროგნოზი რომ გააკეთო, კვლევები უნდა გქონდეს ჩატარებული და ამ კვლევებისა და მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეგიძლია პროგნოზის გაკეთება, რომელიც ესეც შეიძლებ იყოს სწორი, ან არა. „როდესაც მონაცემები არ გაქვს, რა პროგნოზზეა საუბარი, ორი-სამი კვირა და ამის შემდეგ კიდევ ორი-სამი კვირა და ცუდი ისაა, რომ ამას "პოლიტიკური" არ დასდევდეს, თორემ დანარჩენს კიდევ არაუშავს, ავიტანთ. ვაქცინამდე ასეთ რეჟიმში ცხოვრება არ მოგვიწევს. ზუსტად საქმე იმაშია, რომ რატომღაც ჩვენს მინისტრს მიაჩნია, რომ პიკი აუცილებლად მაღალი რიცხვებით უნდა იყოს. რიცხვი შეიძლება იყოს მაღალი, ან დაბალი - გააჩნია ქვეყანას და სიტუაციას. ჩვენთან უკვე ე.წ. შეკავების ეტაპი დამთავრდა, ახლა კი პირიქით, რაც შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება და ეკონომიკა უნდა გაიხსნას, უბრალოდ ამ ვირუსთან ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ, როგორც წითელას, ღორის გრიპის ვირუსთან ერთად ვარსებობთ" - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, საზოგადოება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ჩვეული ცხოვრების რიტმს, თუმცა, სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნას. ტრანსპორტიც უნდა ამუშავდეს და რაც შეიძლება სწრაფად, ასევე მაღაზიები, რესტორნები, უბრალოდ სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას, რასაც ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ და ეს ორი-სამი კვირა შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ორ-სამ თვედ გადაიქცეს. ადამიანებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრება, ოღონდ უსაფრთხო გარემოში, სახელმწიფომ სადაც შეუძლია ყველგან უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას - ნიღბების ტარება იქნება, ხელების დაბანა თუ მაღაზიაში ადამიანების რაოდენობის და წესრიგის დაცვა. რაც მთავარია, უნდა მოიხსნას აბსოლუტურად გაუგებარი საკომენდანტო საათი და მანქანაში სამი კაცის ჯდომა, რომელიც ინფექციის გადაცემასთან არაფერ შუაშია. ესენი უნდა მოიხსნეს რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ, რომ ყოველი დღე საქართველოს ეკონომიკას და ადამიანების მდგომარეობს ურტყამს. არ გამოვრიცხავ, რომ რასაც ეძახიან პიკური პერიოდი, ჩვენ გადავიარეთ. შეიძლება რაღაც პერიოდი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, მაგრამ, ამას მე ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. შეკავების პერიოდი ასე თუ ისე გადავიარეთ და ახლა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, ამის გაკეთება უკვე გუშინდლიდან უნდა დაგვეწყო და არა მოცდები და ორი-სამი კვირა" - წერს სტატიის ავტორი.

საოფისე საქმიანობა შესაძლოა სრულიად გაქრეს - მსოფლიოში გლობალური ცვლილებები იწყება

"სოციალური დისტანციის სამყაროში, სადაც თითქმის ყველა სახის სამუშაო სახლიდან გაუსვლელად ხორციელდება, საოფისე სამუშაო მთლიანად გაქრობის პირასაა, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული. ევროპა ამ რეალობის წინაშე მუშახელის დეფიციტის გამო დადგა. ბევრი კომპანია ფიქრობს ფულის დაზოგვაზე და აქირავებს საოფისე შენობებს. ოფისის თანამშრომელი კი უკვე რამდენიმე კვირაა არ უნახავთ სამუშაო მაგიდასთან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საოფისე საქმიანობა შესაძლოა სრულიად გაქრეს - მსოფლიოში გლობალური ცვლილებები იწყება

"პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში, კერძოდ ევროპის წამყვან ქვეყნებში სავარაუდოდ საოფისე სამუშაოები გაქრება, რაც ხარჯების შემცირების აუცილებლობით იქნება გამოწვეული. კომპანიის ხელმძღვანელების ნაწილი უძრავი ქონების შემცირებას ფიქრობენ. დაახლოებით 7 000 თანამშრომელი ერთ შენობაში შესაძლოა წარსულად იქცეს. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მარტივად მოახერხეს ფირმებმა დისტანციურ სამუშაოსთან ადაპტაცია. კარანტინის დასრულების შემდეგ ოფისის თანამშრომლების ნაწილი შეიძლება სამუშაო მაგიდას დაუბრუნდეს, თუმცა, ნაწილმა შესაძლოა სახლში დარჩენა ისურვოს, რაც საგანგაშო ნიშანია იმ კომპანიების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც კომერციულ საკუთრებას ფლობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბრიტანეთის მიწის აღმასრულებელი დირექტორი კრის გრიგი თვლის, რომ მომავალში ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას ოფისებში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მუშაობის ფორმატი შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის ხალხი, ვინც ცდილობს ბავშვებთან ზრუნვასა და განათლებას დააკავშიროს მათი ყოველდღიური საქმიანობა. კიდევ უფრო უმცროსი თანამშრომლები, რომლებიც ერთად ქირაობენ ბინებს და ფიქრობენ, რომ არსებული ვითარება კოშმარია," - ამბობს გრიგი. ამის ფონზე, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა 200 ათასზე მეტი უკანონო მიგრანტისთვის შესვლის ნებართვის გასცეს სოფლის მეურნეობაში სამუშაოდ. იტალია აპირებს დაუშვას არარეგულარული მიგრანტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, კერძოდ, მონაწილეობა მიიღონ ბოსტნეულისა და ხილის სეზონურ შეკრებებში, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მუშახელის დეფიციტს განიცდიან”, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ კუთხით, ქვეყანა უკვე სერიოზულ კრიზისს განიცდის. რადგან მილიონობით მოქალაქე აიძულა საკუთარი ბიზნესი დაეტოვებინა და სახლში დარჩენილიყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ძნელი იქნება ასეთ ვიზიტორთა შორის ინფიცირებულების დადგენა, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი იცის მათ შესახებ. ხელისუფლების ზრახვები დაგმეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა - ამის შესახებ „როიტერი" წერს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საოფისე საქმიანობის კუთხით, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია და შეიძლება მსოფლიო უფრო გლობალური გახდეს, რადგან შესაძლოა სახლიდან მუშაობის კულტურა უფრო მეტად დაიხვეწოს და ინტერნეტით კომუნიკაციამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. „საოფისე საქმიანობასთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია. სახლში მუშაობის კულტურა დანერგილი იყო ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე ესტონეთში. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს, ევროპაში და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ადამიანი დასაქმებულია ძირითადად მომსახურების სფეროში, სახლში მუშაობის კულტურა უფრო დაიხვეწება და შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში კონფერენციების გამართვა - მსოფლიო უფრო გლობალური გახდება. ეს ძირითადად ეხება ევროპას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სამრეწველო სექტორს, ბევრი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა განიცდის იაფი მუშა ხელის ნაკლებობას. სოფლის მეურნეობის სფეროში ბევრი ქვეყანა საჭიროებს იმიგრანტებს. ლეგალური მიგრანტი, რომელიც დააკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს, იმის შეშვება შესაძლებელი იქნება. იტალიასა და საფრანგეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი შედარებით მაღალია," - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო