ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2020

“ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი

როდის გაჩნდა სინამდვილეში კოვიდ-19 საქართველოში - “სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია”

დიდი “ფეისბუქწმენდა” და ვირტუალური ბრძოლა - ვის ეკუთვნის წაშლილი ყალბი გვერდები და ანგარიშები

* * *

“ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი

“ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების აზრით, საქართველო პანდემიურ პიკს თითქმის მიუახლოვდა, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გასტანს - ისინი იმედოვნებენ, რომ ამასობაში ჰაერის ტემპარატურაც მოიმატებს და ვირუსის გავრცელებას ხელს მეტ-ნაკლებად შეუშლის. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პიკთან ახლოს მივედით და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება დაახლოებით 3 კვირა იქნება, მაგრამ არა ციცაბო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახლა ინფექციის შიდა გავრცელების მე-7 კვირაში ვართ. მისი თქმით, უნდა დავაკვირდეთ, თუ მე-7 და მე-8 კვირას როგორ გავივლით. ამბობს, რომ ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი ამინდები და გარკვეულად ინფექციის შენელებაში ქვეყანას შეეხიდება. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პროგნოზისთვის, რომ პიკური პერიოდი 2-3 კვირა გასტანს, შესაბამისი კვლევებია საჭირო, რაც მისი თქმით, საქართველოს არ აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ეს “ორი-სამი” კვირა შეიძლება “ორ-სამ” თვედ გადაიქცეს” - სადამდე გასტანს პიკური პერიოდი.

“პროგნოზი რომ პიკური პერიოდი კიდევ ორი-სამი კვირა გასტანს, აიხსნება იმითი, რომ ჩვენ-საქართველოს შესაბამისი მონაცემები არ აქვს, რაღაცა პროგნოზი რომ გააკეთო, კვლევები უნდა გქონდეს ჩატარებული და ამ კვლევებისა და მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეგიძლია პროგნოზის გაკეთება, რომელიც ესეც შეიძლებ იყოს სწორი, ან არა. როდესაც მონაცემები არ გაქვს, რა პროგნოზზეა საუბარი, ორი-სამი კვირა და ამის შემდეგ კიდევ ორი-სამი კვირა და ცუდი ისაა, რომ ამას “პოლიტიკური” არ დასდევდეს, თორემ დანარჩენს კიდევ არაუშავს, ავიტანთ. ვაქცინამდე ასეთ რეჟიმში ცხოვრება არ მოგვიწევს. ზუსტად საქმე იმაშია, რომ რატომღაც ჩვენს მინისტრს მიაჩნია, რომ პიკი აუცილებლად მაღალი რიცხვებით უნდა იყოს. რიცხვი შეიძლება იყოს მაღალი, ან დაბალი - გააჩნია ქვეყანას და სიტუაციას. ჩვენთან უკვე ე.წ. შეკავების ეტაპი დამთავრდა, ახლა კი პირიქით, რაც შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება და ეკონომიკა უნდა გაიხსნას, უბრალოდ ამ ვირუსთან ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ, როგორც წითელას, ღორის გრიპის ვირუსთან ერთად ვარსებობთ” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

“ტრანსპორტიც უნდა ამუშავდეს და რაც შეიძლება სწრაფად, ასევე მაღაზიები, რესტორნები, უბრალოდ სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას, რასაც ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ და ეს ორი-სამი კვირა შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ორ-სამ თვედ გადაიქცეს. ადამიანებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრება, ოღონდ უსაფრთხო გარემოში, სახელმწიფომ სადაც შეუძლია ყველგან უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას - ნიღბების ტარება იქნება, ხელების დაბანა თუ მაღაზიაში ადამიანების რაოდენობის და წესრიგის დაცვა”, - განაგრძობს ექსპერტი.

“რაც მთავარია, უნდა მოიხსნას აბსოლუტურად გაუგებარი საკომენდანტო საათი და მანქანაში სამი კაცის ჯდომა, რომელიც ინფექციის გადაცემასთან არაფერ შუაშია. ესენი უნდა მოიხსნეს რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ, რომ ყოველი დღე საქართველოს ეკონომიკას და ადამიანების მდგომარეობს ურტყამს. არ გამოვრიცხავ, რომ რასაც ეძახიან პიკური პერიოდი, ჩვენ გადავიარეთ. შეიძლება რაღაც პერიოდი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, მაგრამ, ამას მე ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. შეკავების პერიოდი ასე თუ ისე გადავიარეთ და ახლა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, ამის გაკეთება უკვე გუშინდლიდან უნდა დაგვეწყო და არა მოცდები და ორი-სამი კვირა” - დასძენს ვატო სურგულაძე.

როდის გაჩნდა სინამდვილეში კოვიდ-19 საქართველოში - “სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია”

“დღეს აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი საქართველოში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე ამ ინფორმაციას ხელისუფლება ოფიციალურად დაადასტურებდა. დეკემბერსა და იანვარში მიმართვიანობა კლინიკებში ფილტვების ანთებით გაზრდილი იყო. აღნიშნულს მედიკოსების ერთი ნაწილი უარყოფს, მეორე ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19 უფრო ადრე გაჩენილიყო, თუმცა, ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაციას ექიმები პრაქტიკულად არ ფლობდნენ, რადგან მხოლოდ სიმპტომებით ინფექციური დაავადებების გარჩევა რთულია. საფრანგეთში კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ კორონავირუსი დეკემბრის თვეში უკვე იყო დაფიქსირებული. პარიზის გარეუბნის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დეკემბერში პნევმონიით დაავადებული ნაცხების გადამოწმების შედეგად დადგინდა, ახალი კორონავირუსი SARS-COV-2, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს, ქვეყანაში ერთ-ერთ პაციენტს 27 დეკემბერს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როდის გაჩნდა სინამდვილეში კოვიდ-19 საქართველოში - “სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია”.

“ამის ფონზე, საფრანგეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ოფიციალურად მხოლოდ იანვარში დაფიქსირდა. 27 დეკემბერს კი ოფიციალური ცნობები ახალი ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ჩინეთშიც არ იყო გავრცელებული. შემდეგ აშშ-მა ჩინეთი ვირუსის შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების დამალვაში დაადანაშაულა, - ბრალდებების მიხედვით, ჩინეთი კოვიდ-19-ს უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა. მეტიც, ამერიკული მხარე აღნიშნავდა, რომ ჩინეთს მსოფლიო უფრო ადრე რომ გაეფრთხილებინა ახალი ვირუსის შესახებ, პანდემიას მსოფლიო საზოგადოება თავიდან აიცილებდა. საფრანგეთში მეცნიერებმა ხელახალი ტესტი ჩაუტარეს დეკემბერში და იანვარში მიღებულ დაავადებულთა ნაცხებს. 24 პაციენტის გამოკვლეული ნაცხიდან ერთ-ერთ მათგანს სანამ კოვიდ-19 დაუდასტურდებოდა, საავადმყოფოში ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მკურნალობდა. საფრანგეთის მაგალითზე “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” ძველი შესაძლო შემთხვევების გადამოწმებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის სპიკერი კრისტიან ლინდმაიერი აღნიშნავს, გასაკვირი არ არის ცნობები საფრანგეთში ახალი კორონავირუსის დეკემბერში გამოვლენის შესახებ. რაც შეეხება საქართველოს, გავრცელებულ ინფორმაციას მედიკოსები უარყოფენ, რომ ქვეყანაში ვირუსი დეკემბერში უკვე დაფიქსირებული იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე იმ პაციენტების ნიმუშებიც შეამოწმეს, რომელთა კვლევა ჩვეულებრივ გრიპზე მიმდინარეობს და არცერთ შემთხვევაში კოვიდ-19 არ დადასტურებულა. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიმპტომების მსგავსების გამო ახალი კორონავირუსის შემთხვევები გრიპისაში არ ეშლებათ. ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გადაჭრით რაიმეს დადასტურება ან უარყოფა რთულია, იყო თუ არა კორონავირუსი დაფიქსირებული დეკემბრის თვეში. მისივე თქმით, სიმპტომები კოვიდ-19-სა და სხვა ინფექციურ ვირუსს მსგავსი აქვთ. შესაბამისად, მისი გამოვლენა თუნდაც, გასული წლის დეკემბერში მარტივად ვერ მოხდებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“რეალურად ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია. თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, სიმპტომებით ბევრი სხვა ინფექცია ჰგავს კორონავირუსის ინფექციას. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ადრე გრიპი “ა” და “ბ” ტიპის რესპირაციული ვირუსი. სიმპტომების გარჩევა თითქმის შეუძლებელია, - ყველა მათგანს აქვს ხველა, ტემპერატურა, გულმკერდის არეში დისკომფორტი, სუნთქვის გაძნელება. ამიტომ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მსჯელობა, ნამდვილად იყო თუ არა უფრო ადრე შემთხვევები, თუმცა, როდესაც ანტისხეულის ტესტები მასიურად იქნება ხელმისაწვდომი და ფართომსაშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება, გავიგებთ ვირუსი ადამიანების რა ნაწილს აქვს გადატანილი. უნდა ჩატარებულიყო ვირუსის გენეტიკური ანალიზი განსაზღვრულიყო, რომ ეს არ არის სტანდარტული სეზონური ვირუსი. ეს კი, ერთ და ორ შემთხვევაზე არ კეთდება, თუ არ დაგროვდა საეჭვო შემთხვევები, რომლის დროსაც მიხვდებიან ექიმები და მკვლევარები, რომ რაღაც სხვა ინფექციასთან გვაქვს საქმე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ბუწაშვილი

“ასე რუტინულად, ყოველღიურად ხომ არ ხდება ინფექციების გენეტიკური გაშიფვრა კლინიკურ პრაქტიკაში? - ამიტომ, ახალი ინფექციები, როგორც კი აღმოცენდება, მაშინვე მისი შემჩნევა ადვილი არ არის-ხოლმე”, - მიიჩნევს ბუწაშვილი. ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კი ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსი უფრო ადრე არ გაჩენილა საქართველოში. “არ მინახავს, არც დადასტურებულა. როგორც ვიცი, დეკემბერში არ ყოფილა. მე ვიცი ის, რაც დადასტურდა, ვინც შემოვიდა ჩემთან”, - ამბობს ენდელაძე და ვფიქრობს, რომ დეკემბერში არ იყო," - დასძენს გამოცემა.

დიდი “ფეისბუქწმენდა” და ვირტუალური ბრძოლა - ვის ეკუთვნის წაშლილი ყალბი გვერდები და ანგარიშები

“ბრძოლა სოციალურ ქსელსა და ვირტუალურ სამყაროში საქართველოში კვლავ გრძელდება. ფეისბუქზე დაწყებული პოლიტიკური კამპანია და დაპირისპირება ქსელის ადმინისტრაციამ რამდენიმე გვერდის და ანგარიშის წაშლით დაასრულა. თუმცა, ურთიერთბრალდებები გრძელდება და “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთზე ხელის გაშვერით დანაშაულის გადაბრალებას ცდილობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენი გვერდი და ანგარიში ჰქონდა, მთავარი ის არის, რომ ეს არის ყველაზე სახიფათო კამპანია, რომელიც წინასაარჩევნოდ ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებს. ისინი საზოგადოებრივ აზრზე გავლენას აკრძალული მეთოდების გამოყენებით ცდილობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი “ფეისბუქწმენდა” და ვირტუალური ბრძოლა - ვის ეკუთვნის წაშლილი ყალბი გვერდები და ანგარიშები / “მცდელობაა საზოგადოებაზე მოახდინონ გავლენა როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორემ”.

“ქმნიან ყალბ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აჯერებენ. მართალია ორივე მხარე დამნაშავეა, თუმცა ხელისუფლებას უფრო მეტი რესურსი აქვს და ეს საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა “ეს-პერსონასთან” დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ-ანგარიში. ფეისბუქის ინფორმაციით “ეს-პერსონა” კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის და ქსელის უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ. გვერდებზე ქვეყნდებოდა ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ კრიტიკული შინაარსის კონტენტი. მოცემული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში დაახლოებით 30 ათასი დოლარი დაიხარჯა. პარალელურად, Facebook-მა წაშალა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული 23 ფეისბუქ-ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 გვერდი. კომპანიის ინფორმაციით, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტიისა და მთავრობის კრიტიკა პანდემიასთან დაკავშირებით. აღნიშნული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში 23 ათას დოლარზე მეტია დახარჯული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს “ქართულ ოცნებასთან” ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს, ის მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერია და პარტიისგან რაიმე სახის დავალებებს არ იღებს. “ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან “ქართულ ოცნებასთან” აღარ აქვს... მას აქვს და ჰქონდა სააგენტო “ესპერსონა”, მაგრამ “ქართულ ოცნებასთან” მას ოფიციალური კავშირი, ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს ან რაიმე დავალება მის მიმართ “ქართული ოცნებიდან” არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება, ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, “ქართული ოცნება” არიან, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობა” “ფეისბუკის” ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების წაშლას”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ნაციონალური მოძრაობისთვის” მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მათ პარტიაზე თავდასხმისგან. “ფეისბუკის” მიერ ყალბი ქართული ანგარიშების გაუქმებას, რომლებიც ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობებს უკავშირდებოდნენ, გამოეხმაურნენ არასამთავრობო სექტორში. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ საკმაოდ სერიოზული გამოწვევები დგას და ყველაზე საფრთხის შემცველი ის გარემოებაა, რომ საზოგადოებას ტყუილ ამბავს აჯერებენ და ამით მის განწყობას და ემოციებს მართავენ. მისი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა ამას ვინ აკეთებს, ორივე მხარე როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიციაც დამნაშავეა. თუმცა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებას აკისრია, რადგანაც მას ყველაზე დიდი რესურსები და შესაძლებლობა აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“სამწუხარო ის არის, რომ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო მეტი ანგარიში და აქტორია თავად ქვეყანაში ყალბი, ვიდრე ეს რუსეთიდან მართული ანგარიშებია. შიგნით უფრო მეტი ყალბი ანგარიშებია შექმნილი, რომელიც ინფორმაციას იგონებს და შემდეგ ამას საზოგადოებას აჯერებს. უნდა აღინიშნოს, რომ სახელისუფლებოდ მოქმედი აქტორები ამ შემთხვევაში 5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ოპოზიციის სასარგებლოდ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოსთვის არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევები. იმიტომ რომ მცდელობა არის საზოგადოებრივ აზრზე მოახდინონ გავლენა და პოლიტიკური დღის წესრიგის სასარგებლოდ, როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორემ გამოიყენოს საზოგადოებრივი განწყობები, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და საშიში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ბენიძე.

“სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე კი ამბობს, რომ მთავარი ის კი არ არის თუ ვინ რამდენ ყალბ გვერდს იყენებს და ვის რა შესაძლებლობები აქვს, არამედ ის, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას აკრძალული მეთოდებით ცდილობენ. მისი აზრით, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აკრძალული მეთოდებით ცდილობენ, რომ საზოგადოებაზე ზეეგავლენა მოახდინონ. “არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვის 100 გვერდი ექნება და ვის 10. მთავარია რომ ერთიც და მეორეც აკრძალული მეთოდებით ცდილობს გავლენის მოპოვებას საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას. რომელს რამდენი აქვს და რომელს რა შესაძლებლობები აქვს ეს არის უკვე მეორე თემა. ერთიც საშიშია და მეორეც”, დაასკვნის გიორგი გამოძე, რომლის თქმით, “აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდია და ამიტომაც მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს