უცხოეთიდან საქართველოში უკვე 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

ამის შესახებ ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების გამო საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის.

„ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს უკვე 10 ათასს გადააჭარბა COVID-19 -ის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დადგა. ამ მონაცემებით, საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის. ჩვენი მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ ვაპირებთ მომავალში ამ მიმართულებით, ამ გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.

პანდემიის გავრცელებისთანავე ჩვენმა სახელმწიფომ განსაზღვრა ორი ძირთადი მიზანი - უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში. საელჩოების დახმარებით, მოქალაქეების დაბრუნება ხორციელდება სამი გზით - საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. ამ დროისთვის განხორციელდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 სპეციალური ავიარეისი. საანგარიშო პერიოდში სააკოორდინაციო საბჭოზე ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ავიარეისების დაგეგმვა და განხორციელება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სახმელეთო და საზღვაო გზების მეშვეობით საქართველოში 3946 მოქალაქე დაბრუნდა, რაც ურთულეს პროცესთან - დერეფნების უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული.

„გარდა საჰაერო გზისა, ჩვენ აქტიურად ვიყენებდით სახმელეთო და საზღვაო გზებს. ჩაკეტილი საზღვრების და გადაადგილებაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში დავაბრუნეთ 3946 მოქალაქე, რაც ხშირად დაკავშირებული იყო ურთულეს პროცესთან, დერეფნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ჩვენი მეზღვაურებისთვის გაწეული დახმარება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება, ასევე ადგილზე სამედიცინო და ინდივიდუალური სახის ქმედითი დახმარებები. ჯამში ჩვენს ქვეყანაში 18 მეზღვაური დაბრუნდა,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, ჯამში ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 19417 მოქალაქეს.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო მოქალაქეებზე ზრუნვა და სამშობლოში მათ გამომგზავრებასთან ერთად ადგილზე დახმარება. უამრავი ადამიანი დარჩა საცხოვრებლის და პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე. განსაკუთრებით ვიზრუნეთ სტუდენტებზე, რომელთა დიდი ნაწილი საცხოვრებლის და სტიპენდიის გარეშე დარჩა. ამ ეტაპზე სამშობლოში დავაბრუნეთ 682 სტუდენტი. ამ კუთხით განსაკუთრებით მინდა გამოვყო აშშ-სთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ამ კუთხით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით სტუდენტობის დაბრუნების პროცესი და სპეციალური რეისების ორგანიზება,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა