თორნიკე შარაშენიძე - ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში გაწვევა სიმბოლური ჟესტია, ამდენი მუქარის და ქვითინის შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ

ყველა ხვდება და კიევშიც ხვდებიან, რომ ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში გაწვევა სიმბოლური ჟესტია. ამდენი მუქარის და ამდენი ქვითინის შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ, - ამის შესახებ GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ელჩის კონსულტაციებისთვის უკან გაწვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული დემარშია და საქართველოს ხელისუფლება ამაზე შორს აღარ წავა.

„ელჩის კონსულტაციებისთვის უკან გაწვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული დემარშია. გასაგებია, რომ ეს სიმბოლური ჟესტია. ამდენი მუქარის და ამდენი ქვითინის შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ. ქვითინში ვგულისხმობ იმას, რომ ახლა უცბათ გაახსენდათ ქართულ-უკრაინული პარტნიორობა. ყველა ძალიან კარგად ხვდება და ბუნებრივია, კიევშიც ხვდებიან, რომ ეს სიმბოლური ჟესტია და რაღაც უნდა მოემოქმედებინათ. რა თქმა უნდა, ამაზე შორს არ წავლენ. ამაზე შორს წასვლა უკვე კომიკური იქნება. რაც იყო გასაკეთებელი, მე მგონი, უკვე გააკეთეს. გამოვიდნენ, გაიბუტნენ, ელჩი გამოიწვიეს და მეტი რა უნდა გააკეთონ. ოფიციალური ვიზიტით კიევში „ქართული ოცნება“ ისედაც არ ჩადიოდა, ბოლო 8 წელიწადში უკრაინაში არანაირი სერიოზული ვიზიტი არ ყოფილა. ამაზე მეტად როგორ უნდა გააციონ ურთიერთობები, რომელიც რეალურად ისედაც გაციებული იყო,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის არა ვიცე-პრემიერად, არამედ რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა გამოწვეულია არა უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გაზიარებით, არამედ უკრაინის შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობით.

„საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან რაღაც გამოხტომები უკრაინისთვის ნაკლებად საინტერესოა. უკრაინა საქართველოსთან არც ვალშია და მითუმეტეს, არც საქართველოსი ეშინია. ასე რომ რატომ უნდა გაეწია ანგარიში საქართველოსთვის?! ბოლო 8 წელია, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს უკრაინასთან ცალმხრივად გაციებული აქვს ურთიერთობები შეგნებულად. ამის მერე რატომ უნდა უწევდეს უკრაინა ანგარიშს მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის გამოსვლებს?!“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელს დაემთხვა, რაც „ქართული ოცნების“ ნერვიულობის მიზეზია.

„სააკაშვილის დანიშვნა ზუსტად დაემთხვა საქართველოში არჩევნების წელს. 3-4 თვეში მას არავინ მოსთხოვს, რომ უკრაინა ააყვავოს, რაღაც დრო ექნება. თუ ააყვავებს, სულაც არ მეწყინება. თუ უკრაინას ეშველება რამე, არანაირად არ უნდა გვეწყინოს. თუ ვერ ააყვავებს, რაღაც დროს მიცემენ, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე ყველა ვარიანტში იქნება სააკაშვილი. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს ანერვიულებთ მათ, ეს არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დანარჩენი მეათეხარისხოვანია მათთვის,“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 მაისს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. დღეს კი საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა