ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2020

ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2020

ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციისათვის უმჯობესია საკონსტიტუციო ცვლილებები და პატიმართა საკითხი ერთმანეთს არ დაუკავშიროს”

სადაც შეზღუდვები მოხსნეს, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მოიმატა - რა მოხდება საქართველოში

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიციისათვის უმჯობესია საკონსტიტუციო ცვლილებები და პატიმართა საკითხი ერთმანეთს არ დაუკავშიროს”

“მგონია, რომ საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საკონსტიტუციო ცვლილებები და პატიმართა საკითხი. ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იძულებული გახდა და რაღაც დათმობებზე წავიდა და პატიმართა საკითხი გადაწყვიტა”, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შესაძლო სამოქმედო გეგმას, რომელიც 8 მარტს მმართველ პარტიასთან გაფორმებულ შეთანხმებასა და ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლების უარს უკავშირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციისათვის უმჯობესია საკონსტიტუციო ცვლილებები და პატიმართა საკითხი ერთმანეთს არ დაუკავშიროს - ძაბირაძე.

“ორთვიანი პაუზის შემდეგ, ოთხშაბათს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრება იგეგმება, სადაც მათი მომავალი მოქმედების სტრატეგიაზე გაიმართება მსჯელობა. ძაბირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ბოიკოტი გამოუცხადა, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, რადგან, მისივე თქმით, ხელისუფლებამ თუ მოინდომა, საკონსტიტუციო ცვლილებას მაინც გაიტანს და შემდეგ ოპოზიციაზე სალაპარაკო ექნება, რაც შემდგომში არჩევნებზე ოპოზიციისათვის ცუდად აისახება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროცესი, ასე ვთქვათ, დაიწყო და საკმაოდ რთულად ვითარდება. მასში უკვე ჩაერთო ადამიანთა ის ნაწილი, რომლებიც ასე თუ ისე ამ მოლაპარაკების თანაავტორები იყვნენ და ერთგვარად შუამავლის როლსაც ასრულებდნენ. ასე რომ, ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაგრძელდება და თუ ხელისუფლებს იმის განცდა ჰქონდა, რომ პანდემიის გამო ამ პროცესისთვის ვერ მოიცლიდნენ, როგორც ჩანს ეს სწორი გათვლა არ იყო. ოპოზიცია რა თქმა უნდა ამ პროცესს გააგრძელებს და შეეცდება, რომ ახალი რეალობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ, მე მაინც მგონია, რომ საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს: ერთი - საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე - პატიმართა საკითხი. ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იძულებული გახდა და რაღაც დათმობებზე წავიდა და პატიმართა საკითხი გადაწყვიტა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ჩემი აზრით, ოპოზიცია პროცესში უნდა ჩაერთოს. ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს და მან უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს ცვლილებები იქნეს განხორციელებული. პარალელურად კი, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს. თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს და პატიმრებს არ გაათავისუფლებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი თემა უნდა გახდეს საარჩევნო პერიოდში ოპოზიციისთვის. ოპოზიცია ალბათ გარკვეულწილად პრინციპული დარჩება და ხელისუფლებისგან დათმობაზე წასვლას მოითხოვს, ოთხშაბათის შეკრება მგონია, რომ ამაზე უფრო შორს არ წავა. ხელისუფლებას ამ შემთხვევში პლუსი აქვს ის, რომ, თუ მოინდომებს, რამდენადაც მე მახსოვს, ოპოზიციის გარეშეც მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ანუ, თუ “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ, ხელისუფლება ამას მაინც მიიღებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება უფრო მომგებიან პოზიციაში იქნება და ოპოზიციაზე სალაპარაკო ექნება, ანუ არჩევნებისადმი ბოიკოტი არაფრის მომტანი არაა”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“ერთი რამ ფაქტია - რომ ხელისუფლება ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას ანგარიშს არ უწევს. ხელისუფლება ანგარიშს დასავლეთს და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს გაუწევს, როგორც ეს 8 მარტის შეთანხმების დროს მოხდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ოპოზიციამ რამდენად სწორად და ზუსტად შეაფასებს, თუ დასავლეთთან ერთად რა გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რომ ამის მიხედვით დასახოს თავისი გეგმა, თორემ შესაძლოა დასავლეთმა კატეგორიულ ჩარევაზე საერთოდ უარი თქვას, მაშინ ოპოზიციის მხრიდან ეს იქნება ფუჭი გასროლა და არა მხოლოდ ფუჭი გასროლა, ეს არჩევნებზე ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ძალიან ცუდად იმოქმედებს” - დასძენს ძაბირაძე.

სადაც შეზღუდვები მოხსნეს, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მოიმატა - რა მოხდება საქართველოში

“ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში გატარებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ შესაძლოა კოვიდ-19-ის მორიგი აფეთქება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება, მედიკოსების ნაწილი საზოგადოებას მოუწოდებს, გაცემული რეკომენდაციები დაიცვან, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები თავიდან იქნას არიდებული. მსგავს საფრთხეზე პროგნოზი სხვა ქვეყნების მაგალითზე კეთდება. მაგალითად, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, გერმანიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება საქართველოს, გატარებული ზომების თანდათან მოხსნის ფონზე, კორონავირუსით დაინფირებულთა რაოდენობის მომატებას მედიკოსთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პიკის ფაზა უკვე გაიარა და თუკი იქნება მატება, მხოლოდ უმნიშვნელო, რაც სერიოზულ პრობლემას, ვირუსის გარცელების კუთხით, არ შექმნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სადაც შეზღუდვები მოხსნეს, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მოიმატა - რა მოხდება საქართველოში.

“უცხოური მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის დედაქალაქში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა და სხვადასხვა დაწესებულბები თავიდან გაიხსნა, სეულის ღამის კლუბებსა და ბარებში კორონავირუსით 94 ადამიანი დაინფიცირდა. მეტიც, როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, დაინფირებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყო, რადგან კლუბებსა და ბარებში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებული არაა. მათი ვარაუდით, 1-2 მაისს აღნიშნულ დაწესებულებებს 5 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა, რომელთაგანაც ტესტი ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარს ჩაუტარდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა გერმანიაშიც გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. “სქაი ნიუსის” ინფორმაციით, გერმანელმა მედიკოსებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც შემთხვევების აშკარა მატებაზე მიუთითებს. გერმანიაში მაღაზიები, პარკები, სკოლების ნაწილი გაიხსნა. საუბარია “ბუნდესლიგის” მომავალი კვირიდან დაწყებაზეც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებას არ გამორიცხავს და საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს: თუკი არ დავიცავთ რეკომენდაციებს, “მოსალოდნელია და გამორიცხული არ არის, რომ მატება აქაც იყოს. თუმცა, შეზღუდვები ისე ეტაპობრივად იხსენება, წესით, არ უნდა მოხდეს. რეკომენდაციები მართლა უნდა შესრულდეს და იქნებ გადავრჩეთ”, - აღნიშნა ენდელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყო, ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებას არ ელოდება და აღნიშნავს, რომ შეინიშნება დადებითი დინამიკა, რაც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნაკლებად ვვარაუდობ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ახალმა შემთხვევებმა მოიმატოს. გერმანიასა და სამხრეთ კორეაში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო, მაგრამ მაინც ფიქსირდებოდა რამდენიმე ასეული, ხანდახან ათასი შემთხვევაც. ჩვენთან დღევანდელი მონაცემებით, ბოლო ექვს დღეზე მეტია, ათზე ნაკლები შემთხვევა დასტურდება, დღეს კი სულ ერთი დადასტურებული შემთხვევა იყო 24 საათის განმავლობაში. ეს იმის ფონზე, როდესაც დღის განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანის ტესტირება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად მოხდება შეზღუდვების მოხსნა, რაც აუცილებელიც არის, არ ვვარაუდობ, რომ ჩვენთანაც მოხდება ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა”, - თქვა გოგინავამ. ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე კი ვარაუდობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შესაძლოა იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება, თუმცა, ეს იმდენაც მცირე იქნება, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით პრობლემას ვერ შექმნის”, - დასძენს გამოცემა.

“იმ ქვეყნებში მაინც “ლაითად” იყო გატარებული შეზღუდვები და შესაძლოა ძალიან ბევრი უსიმპტომო ფორმებით ყოფილიყო, აკრძალვების გახსნამ კი წინა პლანზე წამოიწია. ჩვენთან შეიძლება მოიმატოს, მაგრამ ასეთი რაოდენობით არა, რადგან ჩვენთან პრევენცია ძალიან მაღალ დონეზე იყო. მალევე ჩავკეტეთ საზღვრები და გავრცელების პრობლემები მოიხსნა. სხვაგან ძალიან ბევრი ადამიანი იყო ინფიცირებული. არ არის გასაკვირი, რომ გახსნის შემდეგ მოხდა ფარული გზებით გავრცელება. შეიძლება ერთ-ორი შემთხვევა ჩვენთანაც დაფიქსირდეს, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფა და საშინელება. მთავარი პრობლემა გადავლახეთ, რაც ეხებოდა შიდა კლასტერებით გავრცელებას. მოხდა იმ ადამიანების იზოლირება, რომელთაც შეიძლება შემთხვევითი კონტაქტები ჰქონოდათ ინფიცირებულებთან. სწორედ ამიტომ გვაქვს დადებითი დინამიკა. პიკი უკვე გადავლახეთ და საშიშოება იმისა, რომ შეიძლება დიდი აფეთქება მოხდეს, პრაქტიკულად აღარ არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ინფექციური საავადმყოფოს სამედიციო დირექტორი მარინა ეზუგბაია საზოგადოებას თვითშეზღუდვის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოსახლეობის ცხოვრების წესი არ უნდა შეიცვალოს. “შეზღუდვების თანდათან მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა, მიუხედავად თავიანთი განსხვავებული ხასიათისა, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, აქედან გამომდინარე, შედეგებიც ვნახეთ, რომ ძალიან კარგი გვაქვს. მოსახლეობასაც მივმართავ - ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს თვითონ და აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, როცა შენ იცი, რომ ქვეყანას სჭირდება, როცა შენს გვერდზე მყოფს სჭირდება და ყველას სჭირდება, შენს თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად და ვეცდები, რომ არაფერი არ გავაფუჭო სამომავლოდ”, - განაცხადა ეზუგბაიამ, რომლის თქმით, “თუ ჩვენ ყველანი, თქვენ, მე და ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი”, - წერს სტატიის ავტორი.