ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2020

ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2020

პანდემიის შესუსტების პარალელურად პოლიტიკური ბრძოლა აქტიურდება – ოპოზიცია აქციებს დისტანციის დაცვით ჩაატარებს

ორი ფაქტორი, რასაც მაისაია დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს

ნებისმიერი ახალი ტალღის წარმოქმნისას ზომების ისევ გამკაცრება იქნება საჭირო – ირაკლი ხმალაძე

* * *

პანდემიის შესუსტების პარალელურად პოლიტიკური ბრძოლა აქტიურდება – ოპოზიცია აქციებს დისტანციის დაცვით ჩაატარებს

“ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო და ერთობლივი შეთანხმების შედეგად გადაწყვიტა, რომ თუ მმართველი გუნდი პატიმრებს არ გაათავისუფლებს, ისინი საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ და მთელი პასუხისმგებლობა საარჩევნო სისტემის ვერშეცვლაზე ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა შეთანხმება შედგეს და ყველა ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში, მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეიცვალოს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეთანხმების პირობის დარღვევა ივანიშვილს 2020 წლის არჩევნებზე დამარცხებისგან ვერ იხსნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პანდემიის შესუსტების პარალელურად პოლიტიკური ბრძოლა აქტიურდება - ოპოზიცია აქციებს დისტანციის დაცვით ჩაატარებს.

„პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს. ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო იმ დროს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის. ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმება შედგეს, რომ ყველა ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს”, - ნათქვამია ოპოზიციის ერთიან განცხადებაში. გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ კი “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ერთსულოვანი და სანახევროდ განხორციელებული შეთანხმება არ განიხილება. მისი თქმით, მათი სამოქმედო გეგმაა, რომ ნებისმიერი სისტემის პირობებში, მათ შორის - დღევანდელი სისტემის პირობებშიც, ხელისუფლება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, ოღონდ მობილიზება იმისთვის, რომ აიძულონ ხელისუფლება, 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. არ გვინდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ჩავარდეს, ქვეყანა შევიდეს კიდევ ერთხელ კრიზისში და დარჩეს დღევანდელი საარჩევნო სისტემა. გვინდა, რომ შესრულდეს ეს შეთანხმება. ამიტომ საზოგადოებირივი აზრის მობილიზებას მოვახდენთ იმიტომ, რომ შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების მისი ნაწილი”, - განაცხადა ბაქრაძემ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავას თქმით, “ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ, მათ შორის - სოციალური დისტანციის დაცვით, საპროტესტო სხვადასხვა ტიპის მოქმედებები იმისთვის, რომ წნეხი, საერთაშორისო წნეხთან ერთად მათ შორის იყოს ქვეყნის შიგნით, რომ ივანიშვილს ვაიძულოთ 8 მარტის შეთანხმების შესრულება”. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული „ქართული ოცნება“ 2019 წელს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული სცენარის გათამაშებას კვლავ აპირებდეს. თუკი მოხდა ისე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ ხელისუფლებას კარგი საშუალება ეძლევა იმისთვის, ხელი პირდაპირ მათკენ გაიშვიროს და, საერთოდ, მიღწეული შეთანხმება ჩავარდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს, რომელთა გამოც „ოცნებამ“ შესაძლოა, ასე ვერც გარისკოს.”, - განაგრძობს გამოცემა.

“არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია დათმობაზე არ მიდის, მაგრამ მაინც მგონია, რომ კანონში ცვლილებები მაინც განხორციელდება. შესაძლოა, “ოცნებას” წინა სცენარის გათამაშება უნდა, მაგრამ ვეღარ გაბედავს. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობიდან საკმაოდ დიდი ზეწოლა წამოვიდა. ამიტომაც ხელისუფლების მოქმედება უფრო ფრთხილი იქნება. ოპოზიციის მხადაჭერის მიუხედავად, მათ ხმების რაოდენობა მაინც ეყოფათ, რომ ეს ცვლილებები კანონში განახორციელონ, თუმცა ორივე მხარეს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, ამ ცვლილებების გატანა აუცილებლად სჭირდება. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, აქაც ორივე თამაშობს და ცდილობს, საკუთარი პოზიციები გაიტანოს. თუ ხელისუფლება პატიმრებს გაათვისუფლებს, მაშინ გამოდის, რომ ოქრუაშვილს, უგულავასა და რურუას პოლიტპატიმრებად აღიარებს. მეორეც, გამოვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უგულებელყოფს და მის კომპეტენციაში ერევა. ამას, რა თქმა უნდა, არ იზამს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამ პატიმრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართონ. თავის მხრივ, ეს ადამიანები ამას არ გააკეთებენ, რადგანაც მაშინ გამოვა, რომ დანაშაულს აღიარებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაც შუალედი მაინც მოიძებნება, რადგანაც ორივეს, როგორც აღვნიშნე, ამ ცვლილებების გატანა უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სჯობს, ოპოზიცია საპროტესტო აქციების მაგივრად წავიდეს იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორთან იმუშაოს, რათა მათი ზეწოლა ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდეს. ფიქრობს, რომ აქციების ჩატარების უფლება ოპოზიციას აქვს, მით უმეტეს, თუ სოციალურ დისტანციას დაიცავენ. არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გააგრძელოს და ოპოზიციას ამ მიმართულებით აქტივობა ჩაეშალოს. რადგანაც საზოგადოება პანდემიის შოკის ქვეშაა, საზოგადოებრივი აქტივობა და რეზონანსი ნაკლებად მოსალოდნელია”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიციამ მუშაობა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთნ, საელჩოებთან აქტიურად უნდა გააგრძელოს და შესაძლოა, ამ ფონზე, ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ მიმართულებით მუშაობა უფრო მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე - აქციები ან პროტესტი, რომელიც ნაკლებად რეზონანსული იქნება. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება წავა იმ ვარიანტზე, რომ პარლამენტში კანონში შესატანი ცვლილებები გაიტანოს და მხარდასაჭერად ხმების რაოდენობაც საკმარისი ჰქონდეს, თუმცა პატიმრები მაინც არ გაათავისუფლოს. ეს სცენარი ყველაზე რეალურად იმიტომ მეჩვენება, რომ ხელისუფლებას, უნდა თუ არა, დასავლეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რაღაც პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ეს საპროტესტო მუხტს შეანელებს და დასავლეთის თვალში ქულებს დაიწერენ. თუმცა მხოლოდ განცხადებებით ევროპარლამენტარები და სენატორები ხელისუფლებას ვერ შეაშინებენ“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მისივე თქმით, თუ მმართველმა გუნდმა, განცხადებებთან ერთად, ქმედითი ნაბიჯებიც დაინახა და, მაგალითად, დაფინანსება შეუწყვიტეს ან კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმაცია დადგება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, ამ დათმობაზე წავიდეს და პატიმრებიც გაათავისუფლოს. თუმცა თუ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება, დარჩება მხოლოდ მეორე, ფინანსური მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტარებზე დამოკიდეებული არ არის”, - წერს სტატიის ავტორი.

ორი ფაქტორი, რასაც მაისაია დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს

“ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეროვნული ინტერესების ერთ-ერთ მიმართულებას ამერიკული ბიზნესინტერესების დაცვა წარმოდგენს (მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში) და არ გამოვრიცხავ, რომ ჯიმ რიშის განცხადების უკან ამერიკული ბიზნესინტერესებიც იყოს. გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადება კი შესაძლოა, პარტიული სოლიდარობისთვის იყოს გაკეთებული”, - ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების მხრიდან “ქართული ოცნების” მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ორი ფაქტორი, რასაც მაისაია დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს.

“ევროპარლამენტარმა გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა მაიკლ გელერმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, მანამდე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება. მაისაიას აზრით, გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადება შესაძლოა, პარტიული სოლიდარობის გამო იყოს გაკეთებული, ხოლო სენატორის განცხადება აშშ-ის ბიზნესინტერესების დაცვაზე მიგვანიშნებდეს. “ადრე რამდენიმე ევროპარლამენტარმა და ამერიკის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა პირიქით, ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომ, მაგალითად, საქართველო პროგრესისკენ მიდისო, ეს ორ პოლიტიკურ ძალას შორის კლასიკური იდეოლოგიური დაპირისპირებაა”, - ამბობს მაისია, რომლის განმარტებით, “ბუნებრივია, ისინი არსებულ ბერკეტებს იყენებენ, რომ ამ ბრძოლაში თავიანთი მომგებიანი პოზიციები დააფიქსირონ, რაც ლოგიკურიცაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამაზე კიდევ ერთხელ პასუხი გაეცა, პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ არავითარი პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ადრეც იყო ნათქვამი, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები იმ პროცესთანაა დაკავშირებული, რომ ოპოზიციური ძალების მიერ გადაცემული ინფორმაცია არასწორია. არიან ნეოკონსერვატორები და სხვა ჯგუფები, რომლებიც საქართველში ოპოზიციურ გარკვეულ ჯგუფს უჭერენ მხარს, უფრო მეტად “ევროპულ საქართველოზე” მაქვს საუბარი, “ნაცმოძრაობას” ცოტა სხვა მიმართულება გააჩნია. აქედან გამომდინარე, ისინი ყველა საშუალებასა და ლობისტურ დაჯგუფებას იყენებენ, რათა ხმა მიაწვდინონ. ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეროვნული ინტერსების ერთ-ერთ მიმართულებას ამერიკული ბიზნესინტერესების დაცვა წარმოადგენს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და არ გამოვრიცხავ, რომ ჯიმ რიშის განცხადების უკან ამერიკული ბიზნესინტერესებიც იყოს, გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადება კი შესაძლოა, პარტიული სოლიდარობისთვის იყოს გაკეთებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში ამერიკული კომპანია მართალია თუ არა, როგორც ჩანს, ამერიკელებმა ეს აღიქვეს, როგორც მათი ინტერესების შელახვა, ეს განცხადება კი საქართველოს ხელისუფლების მისამართით არაპირდაპირი სიგნალური დიპლომატიაა. როგორც ჩანს, “ევროპულ საქართველოს” იმ ნეოკონსერვატორებთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის შიგნით საკმაოდ გავლენიან წრეს წარმოადგენენ და რომლებსაც დასაყრდენი აქვთ უმრავლესობის სახით სენატში. ტრამპმა ამერიკული ბიზნესინტერესების დასაცავად ჩინეთთანაც ახალი ცივი ომი დაიწყო, ანუ ეს თემა ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ღერძი გახდა, თუმცა რიშის მოსაზრებას ტრამპის ადმინისტრაცია რამდენად იზიარებს, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება”, - განაგრძობს ექსპერტი.

“საქართველოში იყო ამერიკული ბიზნესინტერესების სხვადასხვა ქეისი, “ფრონტერა” “ფილიპ ტობაკოს” და ანაკლიის პორტთან არსებული სერიოზული საკითხები, ანაკლიის პორტი - ეს იყო ჩინეთის საწინააღმდეგო ქმედება, ასევე - ფიქალის გაზის ტექნოლოგიების დამკვიდრება და ევრაზიულ ბაზარზე გატანა, ღრმაწყლოვანი პორტის არსიც ზუსტად ამაში გამოიხატებოდა, ეს საქართველოსაც წაადგებოდა იმიტომ, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთზე არ ვიქნებოდით დამოკიდებული. ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია, ეს სამი ქვეყანა კი რამდენად პროდასავლურია, ყველასთვის ნათელია. ჯიმ რიში რიგითი წარმომადგენელი არაა, ეს გავლენით დაახლოებით მეხუთე პირია აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურებში და მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. მე ვთვლი, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან, პიროვნებები, ვისზეც საუბარია, მსჯავრს მართლა იმსახურებენ, თუმცაღა მათი დაპატიმრება დროული იყო თუ არა, ეს ცალკე საუბრის თემაა”, - დასძენს მაისაია.

ნებისმიერი ახალი ტალღის წარმოქმნისას ზომების ისევ გამკაცრება იქნება საჭირო – ირაკლი ხმალაძე

“ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული შეზღუდვები იმაზე ადრე მოიხსნას, ვიდრე მთავრობის გეგმის მიხედვით არის გაწერილი. ამის შესახებ “რეზონანსთან” ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. მისივე თქმით, საქართველოში გამოსწორებული ეპიდვითარება ამის რეალური საფუძველს გვაძლევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნებისმიერი ახალი ტალღის წარმოქმნისას ზომების ისევ გამკაცრება იქნება საჭირო – რას ამბობს ინფექციონისტი შეზღუდვების მოხსნაზე.

“ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, თუკი ეს დინამიკა გაგრძელდა, შესაძლოა შეზღუდვების მოხსნის პროცესი დაჩქარდეს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აჩქარება არცერთ საქმეში არ არის პოზიტიური შედეგის მომტანი, თუმცა ამ შემთხვევაში დროზე ადრე შეზღუდვების შემსუბუქება აუცილებელია, რადგან ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზოგადად, სიჩქარე მართალია კარგი არ არის, მაგრამ დინამიკა თუ იქნება დადებითი, ხელს არ შეუშლის. ძალიან მეშინოდა ეკლესიებში სააღდგომოდ ხალხის შეკრების, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისე არ არის მოდებული და ინფიცირებულთა რაოდენობამ დიდად არ მოიმატა. თუ დინამიკა გვექნება დადებითი და შემცირდება შიდა კლასტერებიდან გადადების მომენტი, ამასთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზრდება (შეზღუდვების ადრეულ მოხსნას) მივესალმები, რადგან ქვეყანა ისეთ მდგომარებაშია, რომ ადამიანს შიმშილი მოკლავს თუ კორონავირუსი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს სპონტანურად და კონტროლის გარეშე. ნებისმიერი პატარა ტალღის წარმოქმნის შემთხვევაში, ისევ ისეთი გამკაცრებული ზომების შემოღება იქნება საჭირო”, - თქვა ხმალაძემ.

“ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ 13 მაისს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ეს იმის ფონზე, როდესაც პანდემია გრძელდება. მისივე თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, ეს მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დააჩქარონ”, - წერს სტატიის ავტორი.