ევროკომისიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს - საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკომისია მზად არის მომავალში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს

საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკომისია მზად არის მომავალში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის გუნდის ფინანსურ დახმარებებს შეუძლია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება და ისეთი სივრცის შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად და საქართველოსა და მისი მოქალაქეების დასაცავად.

"თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულითადი მოლოცვისთვის, ახალი ევროკომისიის ფორმირებისა და პრეზიდენტის როლში ჩემი მანდატის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკომისია მზად არის მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებამ და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა კარი და ნამდვილად, ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური, დიპლომატიური, კომერციული, საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობა ამ სიღრმისეული კავშირების დასტურია.

მივესალმები თქვენს სურვილს ეწვიოთ ბრიუსელს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება შესაფერისი გარემოება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს შორის ახალი ნაბიჯების განსახილველად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ამ პარტნიორობის მომავლის გათვალისწინებით. უფრო მეტიც, შეხვედრა საშუალებას მოგვცემს განვიხილოთ ევროკავშირის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა გადაიჭრას კორონავირუსის კრიზისის გავლენა ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროზე”, - ნათქვამია წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველო შეძლებს 183 მილიონ ევროზე მეტი გრანტით სარგებლობას, რომელიც მიმართულია მყისიერი და მოკლევადიანი საჭიროებების დასახმარებლად.

“ჩვენ ახლახანს გამოვაქვეყნეთ შეტყობინება COVID-19 ევროკავშირის გლობალური რეაგირების შესახებ. ევროკავშირის ქმედება მოჰყვა „ევროპის გუნდის“ მიდგომას, რომლის მიზანია სიცოცხლის გადარჩენა, სწრაფი და მიზნობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ჩვენი პარტნიორებისათვის, რომლებიც ამ პანდემიას ებრძვიან.

ევროპის გუნდი აერთიანებს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საფინანსო ინსტიტუტების რესურსებს, კერძოდ კი, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქტივებს, რათა პარტნიორ ქვეყნებს დახმარება აღმოუჩინონ, ასევე, დააკმაყოფილონ მათი მოკლევადიანი მოთხოვნილებები, და მოაწესრიგონ გრძელვადიანი სტრუქტურული გავლენები საზოგადოებებზე და ეკონომიკაზე.

სამეზობლოში, ევროპის გუნდის პირველი ფინანსური დახმარება, უკვე ხორციელდება, მათ შორის არის საქართველო. საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტი გრანტით სარგებლობას შეძლებს, რომელიც მიმართულია მყისიერი და მოკლევადიანი საჭიროებების დასახმარებლად. ეს არის არსებითი რეგიონული დაფინანსების დანამატი, რომელიც გამოყოფილია ჯანდაცვის სექტორის, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

ევროპის გუნდის სტრატეგიის გარდა, ევროკომისიამ ახლახანს მიიღო მაკრო ფინანსური დახმარების პაკეტი გაფართოების 10 წევრისა და სამეზობლოს პარტნიორებისათვის. საქართველოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხზე ექნება წვდომა, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, თქვენი ქვეყნის მიერ მყისიერი და გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, აღნიშნულ დახმარებებს შეუძლიათ მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება და ისეთი სივრცის შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად და საქართველოსა და მისი მოქალაქეების დასაცავად.

პირადად ჩემი და ევროკომისიის სახელით მსურს თქვენ და ქართველ ხალხს სიმტკიცე და გამძლეობა გისურვოთ ამ კრიზისის დასაძლევად. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს", - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა