ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2020

„პარტნიორების გადაგდება ევროპულ დიპლომატიაში გაუგონარი ამბავია... “ქართულმა ოცნებამ” წითელი ხაზი გადაკვეთა” - ზაქარეიშვილი
აკრძალვები, რომლებიც სასწრაფოდ გასაუქმებელია - რას ურჩევს ჯანდაცვის ექსპერტი პრემიერს
* * *
„პარტნიორების გადაგდება ევროპულ დიპლომატიაში გაუგონარი ამბავია... “ქართულმა ოცნებამ” წითელი ხაზი გადაკვეთა” - ზაქარეიშვილი
“ევროპელებისთვის გამაოგნებელია ის, რომ რაზეც შეთანხმდნენ ახლა მასზე უარის თქმა ასე სპეკულატიურად ხდება, ეს არ გვიგულისხმიაო. იქ (შეთანხმებაში) პირდაპირ პრეზიდენტი წერია, ანუ პრეზიდენტი რას აკეთებს, მხოლოდ იწყალებს ხომ?”- ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერების შეწყალება-არშეწყალების გარშემო ატეხილ აურზაურს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან გადაგდებების მთელი კასკადია, ამჯერად კი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები “გადააგდეს”... ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის კანონის უზენაესობის კუთხით, რაზედაც ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება მიგვანიშნებს იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” წითელი ხაზი გადაკვეთა, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „პარტნიორების გადაგდება ევროპულ დიპლომატიაში გაუგონარი ამბავია“.
„სულ მინდა, რომ ქართული ოცნება დავიცვა ხოლმე, მაგრამ ისინი ჩემნაირ ადამიანებს, რომლებსაც ოპოზიციის მიმართ არავითარი სიმპატიები არა აქვთ, არავითარ შანსებს არ უტოვებენ, რომ მათი დაცვა მოვახერხო. უცნაურად იქცევიან. 14 ნოემბერს ჩაითვალა, რომ “ოცნებამ” საკუთარი ხალხი გადააგდო, მოატყუა, რამაც დასავლეთში აღშფოთება გამოიწვია, შემდეგ დიალოგში მესამე ძალა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები შემოვიდნენ, რათა ჩავარდნილი საქმე მოეგვარებინათ, ახლა კი უარესი გააკეთეს, პარტნიორები გადააგდეს, ანუ გადაგდებების მთელი კასკადი წამოვიდა, რაც ძალინ შემაშფოთებელია. ევროპულ დიპლომატიაში მოსულა ბევრი რამ - არაგულწრფელობა, ბოლომდე სიმართლის ართქმა, მაგრამ არ მოსულა გადაგდება, ტყუილი, შავზე თეთრის თქმა. ის ტექსტი, რაც 8 მარტს შედგა, უაღრესად დიპლომატიურ ენაზეა დაწერილი, რა თქმა უნდა იქ სიტყვა პოლიტპატიმარი ვერ ჩაიწერებოდა, რადგან “ოცნება” ამას არ დათანხმდებოდა, ამიტომ დიპლომატიურ ენაზე იმდენად კარგადაა დაწერილი, რომ ყველფერი ნათქვამია და ამ დროს ნაგულისხმებია და არა პირდაპირ დაწერილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
„ევროპელებისთვის გამაოგნებელია ის, რომ რაზეც შეთანხმდნენ ახლა მასზე უარის თქმა ასე სპეკულატიურად ხდება, რომ ეს არ გვიგულისხმიაო. იქ პირდაპირ პრეზიდენტი წერია ანუ პრეზიდენტი რას აკეთებ, მხოლოდ იწყალებს ხომ? აბა სხვა რა შეუძლია მას გააკეთოს, აბა რატომ ჩაიწერა იქ პრეზიდენტი? ამიტომ ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში" არავინაა, ვინც მაზე იმსჯელებს და ეტყვის, რომ ხალხნო ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ყველა წესს არღვევსო. უგულავა და ოქრუაშვილი ჩემთვის სრულიდ მიუღებელი ფიგურები არიან, მაგრამ რაკი ითქვა, უნდა გაკეთდეს, მით უმეტეს უგულავა როცა ციხეში შეაბრუნეს, აქ უკვე პოლიტიკური ნიშნები გამოჩნდა, მეც არ მიყვარს ტერმინი პოლიტიკური პატიმრების გამოყენება, მაგრამ ისე იქცევიან, რომ იძულებული ხარ სათქმელი პირდაპირ უთხრა” - მიიჩნევს რესპონდენტი.
“კუბილიუსის განცხადება რომ წავიკითხე, გულზე მეცა... აქამდე საქმე რატომ მიიყვანეს? ესაა ის მომენტი, როცა “ქართულმა ოცნებამ” წითელი ხაზები გადალახა, ესაა პასუხი გადაგდებაზე. არა მგონია, რომ საქმე აქამდე უნდა მისულიყო, მაგრამ ეს მათ მიიყვანეს. ეს განცხადება ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ჩვენ ისეთი ყოვლად უპატიებელი საქციელი ჩავიდინეთ, რომ მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ასე გველაპარაკონ, ანუ გადაგდება არ მოსულა რა. ჩვენი პარტნიორები ჩვენივე დასახმარებლად და საკითხის მოსაგვარებლად ჩამოვიდნენ, საქმეშიც ამიტომ შემოვიდნენ, ისინი თავისთვის კი არა, დიალოგში ჩვენთვის შემოვიდნენ, მათ ვარიანტები შემოგვთავაზეს, ჩვენ ამ ვარიანტებს დავთანხმდით, რაც მაშინ იმ მოლაპარაკებებიდან ინფორმაცია გამოვიდა, ზუსტად ის იყო, რაზეც დღეს “ქართული ოცნება” უარს ამბობს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
აკრძალვები, რომლებიც სასწრაფოდ გასაუქმებელია - რას ურჩევს ჯანდაცვის ექსპერტი პრემიერს
“საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული აკრძალვების ნაწილი კიდევ მოიხსნა, თუმცა მსუბუქ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ჯდომა კვლავ აკრძალულია. ასევე ძალაში რჩება კომენდატის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მუშაობს. ჯანდაცვის ექსპერტები კი ამბობენ, რომ მართალია, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნამდვილად კარგია, თუმცა მათთვის სრულიად გაუგებარია რა შუაშია კომენდატის საათი და ასევე მსუბუქ ავტომობილზე დაწესებული შეზღუდვების კვლავ ძალაში დატოვება კორონავირუსთან. მათი აზრით, ასევე სასწრაფოდ უნდა აღსდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვაგვარად სალონების და მაღაზიების გახსნას აზრი არა აქვს. მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაადგილების პრობლემა აქვს და სამსახურში ყოველ დღე ტაქსით ვერ ივლის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აკრძალვები, რომლებიც სასწრაფოდ გასაუქმებელია - რას ურჩევს ჯანდაცვის ექსპერტი პრემიერს.
“პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით კი ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპის დაჩქარებაა შესაძლებელი. 18 მაისიდან იხსნება შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვაზე, ასევე 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა არ ეხება ავტომობილებით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვას. “ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები, გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტო სატრანსპორტო შესაძლებლობებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა”, - აცხადებს გიორგი გახარია. პრემიერის თქმით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც უსაფრთხო მწვანე კორიდორი გაიხსნება, ისრაელი იქნება...”, - აღნიშნავს გამოცემა.
„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც სულ მალე ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება. გარდა ამისა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთანაც. ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში დასასრულამდე მიყვანილი”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი აცხადებს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რომელმა ჯანდაცვის ექსპერტმა ან ეპიდემიოლოგმა უთხრა გახარიას, რომ ავტომობილში სამი კაცის მეტი არ უნდა იჯდეს და მით უმეტეს მძღოლის გვერდით დაჯდომა აკრძალული რატომ უნდა იყოს. ასევე მისთვის გაუგებარია სალონების და მაღაზიების გახსნის მიზანი, თუკი ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება. მაღაზიის და სალონის თანამშრომლებმა, რომელთა შემოსავალი ისედაც დაბალია, გაძვირებული ტაქსით ყოველ დღე სამსახურში როგორ უნდა იარონ. მით უფრო გაუგებარია რაში გვჭირდება კომენდატის საათი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წარმოიდგინეთ პატარა ორკარიანი ავტომობილი, რომელშიც უკან ორი კაცი ჯდება და წინ მძღოლის გვერდით, რომ ადამიანი ჯდება. სად უფრო მეტი დისტანციაა. მძღოლის გვერდით თუ უკან პატარა ავტომობილში? მინიკუპერში, მაგალითად, სადაც უკან ადამიანები ერთმანეთზე მიხუტებულები სხდებიან. ერთი დაცემინება და თუ კორონავირუსისი მატარებელია ადამიანი, მნიშვნელობა აღარ აქვს წინ ზიხარ თუ უკან. აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. ავტომობილში ყველას თუკი პირბადე ეკეთება, გადადების რისკი უფრო ნაკლები იქნება. არ ვიცი ეს სამ კაცზე მეტის ავტომობილში ჩაჯდომა საიდან მოიტანეს. კომენდატის საათის არსებობა ხომ საერთოდ ამ ხნის განმავლობაში სრულიად გაუგებარია. მსოფლიოში ეს გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ინფექციის გავრცელებასთან ან შეჩერებასთან არაფერ შუში არ არის. მართალია ქვეყნის გახსნას ეტაპები სჭირდება, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გარეშე ხალხმა სამსახუში რით იაროს? კარგია, რომ სალონები და მაღაზიები გაიხსნა, მაგრამ ყოველდღე ეს ხალხი ტაქსით ხომ ვერ ივლის? მაშინ მომსახურების საფასური უნდა გაიზარდოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.
მისივე თქმით, ტრანსპორტი უნდა იყოს უსაფრთხო, სადაც მხოლოდ დაჯდება ხალხი და ისიც დისტანცირებულად. ამისთვის კი ტრანსპორტის დამატებაა საჭირო. ასევე სამარშუტო ტაქსებში 5 ან 7 კაცზე მეტი არ უნდა ჩაჯდეს. ამ ყველაფერს კი მკაცრი კონტროლი და ყურადღება სჭირდება. სწორედ ამ რესურსის არქონის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა არ ხდება. ეს კი ისედაც ფინანსურად ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის”, - დასძენს გამოცემა.

























