ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2020

ხათუნა ლაგაზიძე - “რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების სკანდალურ წერილს?!”

ნიჰილიზმი და იმედგაცრუება “ოცნების” მხარდამჭერებში - რა დაკარგა მმართველმა პარტიამ

პაატა იმნაძე - “მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება”

გარღვევა კორონავირუსთან ბრძოლაში - ნაპოვნია 100%-იანი ეფექტის მქონე ანტისხეული

ლევან გოგიჩაიშვილი - “ამ პროცესს მამუკა მდინარაძისა და არჩილ თალაკვაძის ამარა ვერ დავტოვებთ”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების სკანდალურ წერილს?!”

“ისმის კითხვა: რატომ გათამამდა საქართველოს ხელისუფლება ასე? ჩემი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახალი კორონავირუსი საარჩევნო პარტნიორად მოევლინა. რაც უნდა ვილაპარაკოთ საგარეო პრობლემებზე, ფაქტია, რომ კორონავირუსთან გამკლავების თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. მიღწეული შედეგები - ნაკლებმასშტაბური გავრცელება და დაბალი სიკვდილიანობა სწორედ ამაზე მეტყველებს, რამაც ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდა განაპირობა. ცნობილია ისიც, რომ ამგვარი გლობალური საფრთხეების დროს საზოგადოება სწორედ ხელისუფლების გარშემო იწყებს მობილიზებას, რადგან პრობლემების გადაჭრის რეალური ბერკეტები სწორედ მის ხელთაა. შესაბამისად, ოპოზიციამ ჩრდილში გადაინაცვლა. ამ ყველაფერმა "ქართულ ოცნებას" გაუჩინა განცდა, რომ ის იოლად მოიგებდა 2020 წლის არჩევნებს”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების სკანდალურ წერილს?!”

“ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კატასტროფის შესამსუბუქებლად უპრეცედენტო დახმარების პაკეტი შესთავაზა საზოგადოებას თითქმის ყველა მიმართულებით, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში წინასაარჩევნო მოსყიდვად ჩაითვლებოდა და, ბუნებრივია, ამას ვერ გააკეთებდა. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებას არ სურდა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნების ციხიდან გამოშვებით საკუთარი ამომრჩევლის განაწყენება... შემდეგი ასპექტი არის ის, რომ ხელისუფლებამ მოიწადინა ოპოზიციის ხელით ნარის გლეჯა - რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, “ქართულ ოცნებაში” იფიქრეს, რომ მოახერხებდნენ სწორედ ოპოზიციის ხელით იმ ცვლილებების ჩაგდებას, რომლის მიღებაც მაინცდამაინც არ სურთ. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რატომაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, ჩრდილში მყოფი ოპოზიცია და მასთან გაფორმებული შეთანხმება დაევიწყებინა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელ შეფასებებში ამერიკელებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს... გასაგებია, რომ ავტორები ლობირებენ “ფრონტერას", მაგრამ სხვა რამ ხელჩასაჭიდი რომ არ ჰქონოდათ, ვერ გაბედავდნენ თუნდაც ერთი კომპანიის დაჩაგვრისთვის - რაც, თავის მხრივ, საეჭვო ჩანს - ამგვარი ბრალდებების წამოყენებას. ვერ გაბედავდნენ, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილზე, პარტნიორი ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, სანქციების დაწესების მოთხოვნას. ამ წერილში არის გამაოგნებელი ფრაგმენტი, როდესაც წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ ამერიკის სანქციების გვერდის ავლით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ირანული ფული თეთრდებოდა და ირანის ინტერესების სასარგებლოდ ქართული პორტები გამოიყენებოდა, რაც ბევრ კითხვას წარმოშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელი კანონმდებლები ამას წერენ. წერილში ასევე ლაპარაკია ანაკლიის პორტის პროექტზე და დაუფარავად არის ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის მტრულ რეჟიმებთან თანამშრომლობს როგორც გეოპოლიტიკური, ისე _ ბიზნესის თვალსაზრისითო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აღნიშნულია ასევე რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების კავშირი და ეს ყველაფერი დაგვირგვინებულია სანქციების დაწესების მოწოდებით. ზუსტად 26 წელია, რაც პოლიტიკას ვაანალიზებ და მსგავსი ანათემას გადაცემა არ მინახავს, მით უფრო - იმ ქვეყნის ხელისუფლების, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯით სარგებლობს. აქვე გავიხსენოთ ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის განცხადება, სადაც პირდაპირ იყო ლაპარაკი პოლიტპატიმრებზე... ასეთი რიტორიკით ამერიკელები, ჩვეულებრივ, ელაპარაკებიან ხოლმე ირანს, კუბას... და ეს არ არის მხოლოდ ამერიკელების განწყობა _ ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტართა არანაკლებ მწვავე შეფასებებიც... არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ მართლაც ბრიყვული საქციელი იქნება, თუ ხელისუფლება თავს დაიმშვიდებს იმით, რომ ესენი თურმე “ფრონტერას” ლობისტები არიან. მესმის, ეს წერილი რა განწყობას შექმნიდა სახელისუფლო წრეებში და როგორ პანიკას - მათ მომხრეებში. მესმის ისიც, რომ ხელისუფლების პიარი ამ წერილს სწორედ “ფრონტერას” უკავშირებს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება რეალურად შეაფასებს ამ განწყობის სერიოზულობას და დაფიქრდება იმაზე, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ წერილს, თუ საკუთარ მოქმედებაში არაფერს შეცვლის”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ხომ აღმოჩნდა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის საკითხის გადაწყვეტისას იძულებული გახდნენ, ანგარიში გაეწიათ დასავლელი პარტნიორებისთვის. კარგად დაინახეს, როგორი მძაფრი იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პირობა შეესრულებინა. ამ უკიდურესად ნეგატიური განწყობის ფონზე ისმის კითხვა: დასთანხმდება თუ არა დასავლეთი “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენას კოალიციური ფორმატით მაინც? თუ დასავლეთისთვის უკვე კატეგორიულად მიუღებელია მათი მესამე ვადა? ამ საბედისწერო წერილის შემდეგ ვფიქრობ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად არ შეცვალა მოქმედება (თუმცა ისიც არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ ამ ექვს თვეში, რომ აშშ-სა და დასავლეთს განწყობა შეუცვალონ), მათი ხელისუფლებაში დარჩენა სათუო იქნება. ერთადერთი, რასაც “ქართული ოცნება” შეიძლება ჩაეჭიდოს, საზოგადოების მხარდაჭერაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოახერხა ისეთი მხარდაჭერის შენარჩუნება, როგორიც დღეს კორონავირუსთან ბრძოლის გამო აქვს. თუ “ოცნებამ” სამართლიან არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაშინ ვერავინ ვერაფერს იზამს, მაგრამ ძალიან რთული იქნება ამ მხარდაჭერის შენარჩუნება. მით უფრო, თუ ქვედა და საშუალო რგოლის პარტიულ თუ სახელისუფლო სტრუქტურებში იგრძნეს, რომ აშშ-მა “ოცნების” განაჩენი უკვე დაწერა, აუცილებლად დაშლის პროცესი დაიწყება და მივიღებთ იმ სურათს, რაც 2003 წლის არჩევნებისას მივიღეთ, როდესაც შევარდნაძემ 3 ნოემბერს არჩევნები ჩაატარა, 5 ნოემბერს კი გარეთ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ მისი ხელისუფლების 97% კარგა ხნის გადასული იყო ოპოზიციის მხარეს”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“თუ წარმოვიდგენთ, რომ დასავლეთი დასთანხმდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენას კოალიციური მთავრობის ფორმატით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიციამ ვერ შეძლო წელში გამართვა, რეიტინგის ამოქაჩვა და გამარჯვების სტრატეგიის შემუშავება. თანაც კოალიციის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ გამოკვეთილად პროდასავლურ ძალასთან, ამ თვალსაზრისით კი “ოცნებას” ძალიან მწირი არჩევანი აქვს. “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიცია გამორიცხულია. რჩება ორი პროდასავლური ძალა - ხაზარაძის “ლელო” და “ევროპული საქართველო”. ხაზარაძის პლუსი ის არის, რომ მისი დასავლური იმიჯი ანაკლიის პორტთან არის მიბმული. ის არ არის უცნობი ამერიკელებისთვის და არასანდო პარტნიორად არ მიიჩნევა, მაგრამ ამ თვალსაზრისით გიგა ბოკერია მასზე ასი თავით მაღლა დგას. რეალურად რომ შევხედოთ სურათს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასავლეთის განცხადებები, პროპორციული არჩევნებისა თუ სამართლიანი სასამართლოს აქტიური მხარდაჭერა, დიდწილად სწორედ გიგა ბოკერიას დამსახურებაა. დღეს მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთად აღებულს არ აქვს ისეთი პოლიტიკური კავშირები და საგარეო დივიდენდები, როგორიც აქვს ბოკერიას”, - თვლის რესპონდენტი.

“დასავლეთში “ქართული ოცნების” პოლიტიკური იმიჯის გადარჩენისთვის “ევროპულ საქართველოსთან” კოალიცია შეიძლება ყველაზე სწორი ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ ეს “ოცნების” ამომრჩევლისთვის იქნება მიუღებელი. რატომ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ეს აქტიურობა ქართული დემოკრატიის განვითარებას მხოლოდ წაადგება?! ვინ გამოვიდა ციხიდან, ანუ გვარ-სახელებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ აშშ-მა და ევროპამ არ დაუშვეს ქართული დემოკრატიის ჭაობში გადაშვება, მით უფრო მაშინ, როცა სასამართლო სისტემა, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი რგოლი, აღარ არსებობს. ეს ერთხელ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა “ნაციონალების” მმართველობაში ყოფნისას უკვე ნახეს, რის შემდეგაც 2012 წელს მოხერხდა ვითარების შემოტრიალება და პირველად ურევოლუციოდ ხელისუფლების გადაბარება. ამერიკის დემოკრატიული ექსპერიმენტებიდან პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ საქართველომ გაამართლა და ამის დახურდავება და წყალში ჩაყრა არავის სურს, გარდა იმისა, რომ ამერიკელებს საქართველოში სტრატეგიული ინტერესები აქვთ - მარტო ირანთან მეზობლობა რად უღირთ”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში გამოჩენა საქართველოსა და უკრაინაში გასატარებელი საერთო პოლიტიკის ნაწილი შეიძლება იყოს?” - პასუხობს:

“სააკაშვილის ახალი ოფიციალური სტატუსი მას ფართო საერთაშორისო ურთიერთობების საშუალებას აძლევს და ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ სააკაშვილი ამას “ოცნების” ხელისუფლების ისედაც დანგრეული იმიჯის გასანადგურებლად გამოიყენებს! რით შეიძლება საქართველოში ოპოზიციამ რეიტინგი აიმაღლოს? ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება იქცეს სააკაშვილის ეფექტიანი ნაბიჯები უკრაინაში, თუ, რა თქმა უნდა, ეს გამოუვიდა. აქ გადამწყვეტი იქნება არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ იმ დაპირების შესრულება, რაც ჩინეთიდან გამოსული მეგაკორპორაციების ფილიალების უკრაინაში შეყვანას ეხებოდა. ოქტომბრამდე თუნდაც ერთი-ორი ასეთი ფილიალის შეყვანა რომ მოახერხოს, ეს იქნება ძალიან ეფექტიანი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან გამოსული კომპანიების სანახევროდ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში შეყვანა ძალიან რთული იქნება, თუ სააკაშვილმა ეს მოახერხა, ეს იქნება “ნაციონალების” პიარის მთავარი ხაზი საქართველოშიც”.

“თუ საქართველოს ხელისუფლების დელეგიტიმაციის პროცესი საზღვარგარეთ ასეთი სისწრაფით გაგრძელდა, ეს პირდაპირ აისახება საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს ნიშნავს იმას, რაც ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თქვა ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე... მოკლედ, ხელისუფლების დელეგიტიმაცია ნიშნავს საქართველოსთვის პირდაპირი დასავლური დახმარების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს და ბოლოს მოსახლეობის სოციალურ აფეთქებას. საქართველოს ხელისუფლებამ ან შეუძლებელი უნდა შეძლოს და დასავლეთის თვალში მტრის იმიჯი გამოისწოროს, ან უნდა იცოდეს - არჩევნები რომც მოიგოს, ის არალეგიტიმურად გამოცხადდება და არჩევნების შემდეგ ძალიან მალე მშიერი ხალხის ბუნტს მიიღებს”, - დასძენს ლაგაზიძე.

ნიჰილიზმი და იმედგაცრუება “ოცნების” მხარდამჭერებში - რა დაკარგა მმართველმა პარტიამ

“15 მაისს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილში სერიოზული უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა. მათ, შესაძლოა, იმით “იძიონ შური” “ქართულ ოცნებაზე”, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადონ. დაკარგა თუ არა ამომრჩეველი “ოცნებამ” და როგორ შეძლებს მათ დაბრუნებას მმართველი გუნდი?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნიჰილიზმი და იმედგაცრუება “ოცნების” მხარდამჭერებში - რა დაკარგა მმართველმა პარტიამ.

“ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ლადო კახაძის აზრით, “ოცნებას” ამომრჩეველი არ დაუკარგავს, ის დღეს განაწყენებულია, თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ “ოცნების” ამომრჩეველი სწორად შეაფასებს ვითარებას - ვინ იბრძვის ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ვის უნდა რევოლუცია და შიდა არეულობა. პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, ძნელი სათქმელია, როდემდე გაჰყვება ქართველ ამომრჩეველს ეს ნიჰილიზმი, თუმცა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვის შემთხვევაში ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ხოლო ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, რა გავლენას იქონიებს “ოცნების” დათმობა მის ამომრჩეველზე, ამას მხოლოდ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა დაადგენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე ექიმი ვარ და ხშირად მიჩვენებია ოპერაციის შემდეგ პაციენტისთვის მისი სხეულიდან ამოჭრილი დაავადებული ნაღველი, მაგრამ არ დაუჯერებია და უთქვამს, რომ ეს მისი არ არის. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ოპერაციაზე არ გთანხმდება, მაგრამ როდესაც მიხვდება, რომ ეს ოპერაცია ანგარებასთან არ არის დაკავშირებული, მოგყვება. ასე რომ, ძნელია ურწმუნო ადამიანების დაჯერება. ასეა პოლიტიკაშიც და პირადად მე სწორად არ მიმაჩნია, რაიმე ზეგავლენა მოვახდინო ამომრჩეველზე ან თავის მართლება დავიწყო, ამას თავად განსჯის ამომრჩეველი - ვის უნდა ქვეყნის კეთილდღეობა და ვის - რევოლუცია და შიდა არეულობა... ჩვენ ამომრჩეველი არ დაგვიკარგავს. ის შეიძლება დღეს განაწყენებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო ყუთთან მისასვლელად ემზადება, სწორ არჩევანს გააკეთებს. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში აყალიბებდა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩეულ გზას არ გადაუხვიოს. ამ დღეებში ალბათ გვექნება უმრავლესობის შეხვედრა, სადაც გადაწყვეტილება არა ერთპიროვნულად, არამედ კონსენსუსის შედეგად მიიღწევა. ხელისუფლებას რაც ევალება, ის იმ პროცესს თანმიმდევრულად, მშვიდობიანად ბოლომდე მიიყვანს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“დღეს საზოგადოებას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას - განაწყენებულია პოლიტიკურ სპექტრზე, თავის ცხოვრებაზე, არსებობაზე, მსოფლიოზე..., რაც ბუნებრივი და სწორია, მაგრამ რამდენად გაჰყვება ეს ნიჰილიზმი არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია და დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წავა პოლიტიკური პროცესები, შევა თუ არა ცვლილება კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი, ვინ ვისთან გადაჯგუფდება და იქნება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია. შემდეგ, როგორ საარჩევნო კამპანიას წარმართავენ პოლიტიკური ძალები, ვინ რას შეჰპირდება ამომრჩეველს, გამოჩნდება თუ არა საერთოდ ივანიშვილი არჩევნებამდე და ა.შ. არჩევნებამდე ჯერ 6 თვეა დრჩენილი და შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. თუმცა, ქართველი ამომრჩევლის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ის არჩევანის წინაშე დგება, წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ის წავა - ასე იყო ყოველთვის. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა იქნება, ამომრჩევლის 50%-ზე მეტი მაინც მივა არჩევნებზე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კარგავს თუ არა ამომრჩეველს “ოცნება” ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ან რამდენი აპირებს სახლში დარჩენას, ამას დაადგენს მხოლოდ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. ჩემ მიერ თუ სხვა ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ამ საკითხზე იქნება მხოლოდ ვერსიები და ვარაუდები”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

პაატა იმნაძე - “მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება”

“სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები - 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა. ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები - ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! ისევ და ისევ მოსახლეობასთან დიალოგია საჭირო - კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ? თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება” - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა იმნაძე: “მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება” / “შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით - ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება” / “ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა”.

“ეს ის სოფელია, სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ. ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. ამ სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, იქ ხშირად უსმენენ რუსული მედიას, რომელიც, სამწუხაროდ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია (სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია), თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება... ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს. რა თქმა უნდა, ბოლნისში შემთხვევათა მატებას ველოდებით - ასეულობით არა, მაგრამ რამდენიმე ათეული იქნება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა საკარანტინო ზონებიდან არის და კარგია, რომ ამ ხალხის აღმოჩენით თავიდან ავიცილეთ დაავადების უფრო გავრცელება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა იმნაძე.

“აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან იქნება ერთი წელი მაინც. შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით - ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. უნდა ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება. ზამთარში, რა თქმა უნდა, სხვა ვირუსებიც აქტიურდება და ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება რეგულაციების შემსუბუქებას, ამას ჰქვია ჰიბრიდული პოლიტიკა - ანუ ერთი ხელით ვირუსს ებრძვი, მეორე ხელით კი შეზღუდვებს ამსუბუქებ. ამ ფონზე შეიძლება შემთხვევებმა იმატოს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მატება, რომლის მართვაც შეუძლებელია. ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რომ პიკი მძიმე არ ყოფილიყო. ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ... მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში ზღვაზე დამსვენებელთა ოჯახები კი იქნებიან ერთად, მაგრამ სანაპიროზე ერთი ოჯახი მეორისგან ორი მეტრით უნდა იყოს დაშორებული - ან სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ, ან ღია სივრცეში პირბადე გვეკეთოს... ვირუსის არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან - ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი”, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

“გვეშინოდა პირველი ტალღის, რომ როგორმე დაგვეცვა ადამიანების სიცოცხლე და დავლოდებოდით მსოფლიო გამოცდილებას. ჩვენ მოვიგეთ დაახლოებით ერთი თვე, დაველოდეთ მსოფლიოს გამოცდილებას და ვისწავლეთ სიტუაციის მართვა: მოვამზადეთ ჯანდაცვის სისტემა ავადმყოფების მისაღებად; ტესტებით დაწყებული, პირადი დაცვის საშუალებებით დამთავრებული, ყველაფერი ვიშოვეთ; შევაჩერეთ ავადობის კატასტროფული მატება; ქვეყანაში პირადი დაცვის საშუალებების წარმოებაც კი დაიწყო; შემოვიდა ვალიდური ტესტები... ეს ყველაფერი კი შევძელით დროული აკრძალვებით. თითქმის არც ერთი შეცდომა არ დაგვიშვია და შედეგიც აშკარაა, თუმცა, იყო მძიმე პროგნოზი, მაგალითად, ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ქართულმა საერთაშორისო ფონდმა (“კურაციომ”) გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად 1500-დან 1700-მდე ადამიანი უნდა გარდაცვლილიყო. ჩვენ განვიხილავდით ქვეყანაში ინფექციის განვითარების სამ მოდელს. მოქალაქეების ფსიქიკა დავზოგეთ, ამიტომ არ გამოვაცხადეთ, თორემ ჩვენც გვქონდა გათვლები და ჩვენი პროგნოზი ზემოთ მოყვანილ მაჩვენებელს ემთხვეოდა. არ მიყვარს წინასწარ რამის თქმა. ჩვენგან ინფორმაცია მოდის მაშინ, როცა საჭიროა. მედია ადამიანების დათრგუნვას არ უნდა ემსახურებოდეს. ეს მხოლოდ ერთხელ გავაკეთე, ისიც - კრიტიკულ სიტუაციაში”, - განმარტავს პაატა იმნაძე და შეკითხვაზე - “და ამის გამო გაგაკრიტიკეს კიდეც: აბა, სად არის ეკლესიის კლასტერიო...” - პასუხობს:

“იმიტომაც არ იყო! ეს იყო კრიტიკული სიტუაცია არა მარტო იმიტომ, რომ ამას შეეძლო ავადმყოფების რაოდენობის მატება გამოეწვია, არამედ იმიტომაც, რომ უპირველესად ეკლესიისთვის იქნებოდა საზიანო”.

“მაგრამ, როდესაც მედიამ “გმირობაზე” დაიწყო ლაპარაკი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო - ეს ძალიან გულწრფელი აღფრთოვანება ასევე მალე გაივლის ხოლმე, ვიღაცას აამაღლებენ და მერე უცებ დაანარცხებენ, ამიტომ არც ამაზე უნდა გქონდეს განსაკუთრებული რეაქცია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა გულწრფელად გაქებენ, თუმცა გულწრფელობის გარდა იყო მეორე, აშკარად მართული ტალღაც - მეტს არაფერს ვიტყვი, გამგები გაიგებს... ჩემი საქმე არის ის, რასაც ვაკეთებ. ასე ვართ მთელი გუნდი და სხვა არაფერი გვაინტერესებს, თუმცა ერთი რამ მწყინს - ვერ გავიგე, ამ ქვეყანაში ვინ ანიჭებს ექსპერტის წოდებას: მე და ამირანს მედიაში მოგვიხსენიებენ, როგორც ჩინოვნიკებს, ჩვენ შემდეგ კი ექსპერტები ლაპარაკობენ ხოლმე... ჩემი და ამირანის მეცნიერული საქმიანობითაც რომ დაინტერესდნენ ჟურნალისტები, კარგი იქნება. გაარკვიონ, ვინ ვართ, რა გაგვიკეთებია, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, პრეზიდენტები თუ ვიცე-პრეზიდენტები ვართ... ჰოდა, მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება”, - დასძენს იმნაძე.

გარღვევა კორონავირუსთან ბრძოლაში - ნაპოვნია 100%-იანი ეფექტის მქონე ანტისხეული

“ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელსაც COVID-19-ის 100%-ით ბლოკირების უნარი აქვს. ბიოფარმაცევტული კომპანია "Sorrento Therapeutics"-ის მკვლევარების აღმოჩენის შესახებ “ფოქს ნიუსი” იუწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დიდი გარღვევა კორონავირუსთან ბრძოლაში - ნაპოვნია 100%-იანი ეფექტის მქონე ანტისხეული.

“ხანგრძლივი ექსპერიმენტის საფუძველზე მეცნიერებმა მილიარდობით ანტისხეული გააანალიზეს და მათგან გამოყვეს რამდენიმე ასეული, რომელთაც კოვიდ-19 ვირუსზე ზეგავლენის მოხდენად შეუძლიათ. შემდეგ მათ შორის გამოყვეს რამდენიმე ათეული, რომლთა ზემოქმედებაც შედარებით ძლიერი იყო. საბოლოოდ კი კვლევებით დაადგინეს, რომე ამ რამდენიმე ათეული ანტისხეულიდან ერთ-ერთი, რომლსაც STI-1499 დაარქვეს, კოვიდ-19-ის სრულ ბლოკირებას იწვევს და 100%-ით იცავს ადამიანის უჯრედებს ინფიცირებისაგან. მეცნიერების მტკიცებით, ეს ანტისხეული ვირუსს გარშემორ ეტყმის და ოთხი დღის განმავლობაში ორგანიზმიდან განდევნის მას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს არის წამალი. ჩვენ მივაგენით პრობლების გადაწყვეტას, რომელიც ნამდვილად მუშაობს”, - განმარტა „Sorrento Therapeutics-ის დამაარსებელმა ჰენრი ჯიმ. აღსანიშნავია, რომ ტესტირებები ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიაში ტარდებოდა, რის გამოც კომპანიას პრეპარატის გამოშვების უფლება ჯერ არ მიუღია. ჰენრი ჯიმ განაცხადა, რომ მისი ბიოფარმაცევტული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიღებული პრეპარატის მეშვეობით კარანტინის გაუქმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელი გახდება - ექიმი ჯის განცხადებით, “თუ ორგანიზმში ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეული გვექნება, სოციალური დისტანცირებაა საერთოდ აღარ არის საჭირო”, - დასძენს გამოცემა.

ლევან გოგიჩაიშვილი - “ამ პროცესს მამუკა მდინარაძისა და არჩილ თალაკვაძის ამარა ვერ დავტოვებთ”

საქართველოს პარლამენტის წევრის, თავისუფალი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, მცდარია მოსაზრება, თითქოს პრეზიდენტმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის გამოცემით რთული პოლიტიკური ვითარება განმუხტა. მისი თქმით, ჩვენი ბევრი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილზე ნაწყენია, რაც “ქართულ ოცნებას” ძალიან ძვირად დაუჯდება. მისი თქმით, “ჯალათი და მექრთამე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტპატიმრებად აქცია. დღეს მათზე, როგორც ვითომდა სიმართლისთვის დევნილებზე, მთელი ევროპა და ამერიკა ლაპარაკობს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “დაიწყო პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ მალე გამოჩნდება” / “ჩვენი ამოცანა-მინიმუმია “ნაციონალური მოძრაობის” გაუვნებლება, მაქსიმუმი კი “ქართული ოცნების“ გაჩერება”.

“ქართული ოცნება” უპასუხისმგებლო, მოღალატე ძალაა. ამ გუნდმა ბოლო ორ წელიწადში ყველა ინსტიტუციას ლეგიტიმაცია გამოაცალა და ბიძინა ივანიშვილის პირადი მოხმარების სივრცედ აქცია. მართლმსაჯულებაში დააბრუნეს ყველა ჯალათი პროკურორი და მოსამართლე. “ნაციონალური მოძრაობა” ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს და ლეგიტიმაცია შეუნარჩუნეს. ბიძინა ივანიშვილმა უღალატა ყველას, ვინც თავისუფლებისა და უფლებების დასაცავად სისხლი დაღვარა. ევროპარლამენტარები, კონგრესმენები, სენატორები მკვლელ, დამნაშავე და ბიუჯეტის ქურდებს საერთაშორისო ტრიბუნიდან რომ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ, “ოცნების” უხერხემლობისა და უვიცობის ლუსტრაციაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თავისუფალი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

“ხელისუფლებაში ჩვეულებრივი მექრთამე, უვიცი და უპასუხისმგებლო პირები არიან, რომლებმაც მოსახლეობას არასტაბილურობის განცდა გაუჩინეს. ამ ყველაფრისთვის ხელისუფლება პასუხს აგებს. ხვალ ძალიან ბევრი ისეთი რამ მოხდება, რასაც გუშინ ვერავინ წარმოიდგენდა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ ადამიანს გული გაუტეხა და მიახვედრა, რომ “ქართული ოცნება” პროცესს ვეღარ მართავს, ის არ არის ძალა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” შეკავებას შეძლებს. “ოცნება” დარჩება პოლიტიკაში, მაგრამ აღარ იქნება ხელისუფლებაში. დღევანდელი ხელისუფლება ვერ გვაძლევს იმის იმედს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რესტავრაცია არ მოხდება. ამ ძალამ დაამთავრა სამართლიანობის აღდგენა, რომელიც სინამდვილეში არც დაუწყია”, - დასძენს ლევან გოგიჩაიშვილი და შეკითხვაზე - “თქვენი გუნდის გეგმა როგორია?” პასუხობს:

“გარწმუნებთ, ამ პროცესს ასე არ დავტოვებთ. გუშინ სხვაგვარად ვფიქრობდით, მაგრამ დღეს უკვე მივიჩნევთ, რომ პროცესს მამუკა მდინარაძისა და არჩილ თალაკვაძის ამარა ვერ დავტოვებთ. ჩვენი ამოცანა-მინიმუმია “ნაციონალური მოძრაობის” გაუვნებლება, მაქსიმუმი კი “ქართული ოცნების” გაჩერება. ჩვენ ამ მოღალატეების ყველა გარიგებას, სისხლის სამართლის დანაშაულს და უპასუხისმგებლო ქმედებას გამოვააშკარავებთ და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. უკვე დაიწყო პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ მალე გამოჩნდება”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა