აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს იტალიის ხელისუფლების მხრიდან იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
,,რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება, მათ შორის იქ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტები და სხვა მიმდინარე მოვლენები. ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროებში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები", - ნათქვამია ინფორმაციაში.