ქეთევან ციხელაშვილმა კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები იყო.

როგორც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების სიახლოვეს. მხარეებმა განიხილეს გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში COVID-19-ის ფონზე მოსახლეობის დახმარების სამომავლო შესაძლებლობები.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ასევე რუსეთის უკანონო ქმედებებსა და პროპაგანდაზე, რომელიც მათ შორის მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წინააღმდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული მშვიდობის ფონდის საქმიანობის თაობაზე.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების დახმარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“ , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა