ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2020

რატომ ვრცელდება ტრანსპორტის ამუშავებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები?

“ადამიანების გარკვეული რაოდენობა კვლავ დაინფიცირდება” - რატომ იცვლება რეკომენდაციები პირბადესთან დაკავშირებით

კოვიდ-ტესტი, ჯანმრთელობის ცნობა, თერმოსკრინინგი - როგორ გააკონტროლებენ საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს

* * *

რატომ ვრცელდება ტრანსპორტის ამუშავებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები?

“როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - დედაქალაქის მერიასა და მთავრობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. იქამდე კი, სანამ საკოორდინაციო საბჭოს წევრთა განცხადებები თანხვედრაში მოვა და ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს, მოქალაქეები, რომელთა სამსახურიც აღდგა, ხელფასის უდიდეს ნაწილს ტაქსით გადაადგილებაში ხარჯავენ. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ იხსნება ეკონომიკა გადაადგილების გარეშე. ზუსტად ერთ დღეში, საქართველოში ორთვიანი საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი დასრულდება, ეტაპობრივად ხდება ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა და მეტიც, ხელისუფლებაში ზუსტად იციან როდიდან შესრულდება ავიარეისები საქართველოში, თუმცა ვერ თანხმდებიან, ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილებისათვის როდის აღადგენენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაბეჯითებით ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ ვრცელდება ტრანსპორტის ამუშავებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები? / “ისევ კერძო მანქანებზე აპირებენ ჩამოკიდებას, თუ ხალხმა პენდემიის პირობებში მთელი ხელფასი ტაქსში უნდა დახარჯოს?”

“ტრანსპორტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა. ეკონომიკის გახსნის გეგმაში არც ერთ ცალკეულ ეტაპს არ დაუკავშირა ეს კონკრეტული მოქმედება, ვინაიდან ეს ღონისძიება დაკავშირებულია ქვეყანაში ეპიდმდგომარეობასთან და ჩვენს ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ასეა მთელ მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული ინფექციის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ესაა ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. სრულიად განსხვავებულია დედაქალაქის მერის პოზიცია, რომელიც ირაკლი ჩიქოვანის მსგავსად, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს ესწრება.

“ტრანსპორტის ამოქმედების სავარაუდო თარიღის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით კახა კალაძემ დაადასტურა, რომ მერიაში ტრანსპორტის ამოქმედებისთვის სრული მზადყოფნა არსებობს და ელოდებიან ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებას. “კონკრეტულ თარიღზე გამიჭირდება საუბარი, ალბათ, უნდა ვკითხოთ ეპიდემიოლოგებს, დარგის პეციალისტებს და როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს როგორც მეტროს მიმართულებით, ასევე ავტობუსების და მიკროავტობუსების მიმართულებითაც”, - განაცხადა კალაძემ. როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი,”- დასძენს გამოცემა.

“სპეციალისტები კი საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობენ. ირკვევა, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში სადაც საგანგებო რეჟიმის მოქმედებდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც მუშაობდა. საავტომობილო სფეროს სპეციალისტის, გელა კვაშილავას აზრით, საუბარი უნდა იყოს იმაზე როგორ და რა რეკომენდაციებით აღდგება საზოგადეობრივი ტრანსპორტი და არა იმაზე, რომ მერია ვინმესაგან რეკომენდაციას ელოდება და შედეგ დაიწყებს მიმოსვლას მუნიციპალური ავტობუსები. მერიამ რომ ლოდინის ნაცვლად გეგმა უნდა წარადგინოს, ამ მოსაზრებას იზიარებს “ტრანსპორტისა და გზების” ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც. საქართველო რჩება მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად, სადაც კვლავ არ აღდგენილა მუნიციპალური ტრანსპორტი”, - წერს სტატიის ავტორი.

“როგორც ვიცით, ქვეყანაში მოქალაქეების ნახევარზე მეტს ავტომობილი არ ჰყავს. გაუგებარია, როგორ შეიძლება გაიხსნას ეკონომიკა და არ ამოქმედდეს ტრანსპორტი? გაუჭირდებათ მოქალაქეებს და ბიზნესსაც. საუბარი უნდა მიმდინარეობდეს არა იმაზე, რომ ჯერ დღის წერიგში არ დგას გახსნის საკითხი ან მზად არიან და ვინმეს გადაწყვეტილებას ელოდებიან, არამედ იმაზე, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვთ, რა რეკომენდაციებით გაიხსნება და როდის. ყველა ქვეყანაში, სადაც პანდემიამ იყო, ტრანსპორტი ამოქმედდა ოღონდ მარტივი წესების დაცვით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, უნდა იყოს ფიზიკური დისტანცირებისათვის აუცილებელი წესები, “სანიტაიზერები” და შესაძლოა, თერმოსკრინინგიც. ეს ყველაფერი ნამდვილად არ ჯდება ძვირი. ასევე საჭიროა ავტობუსში ჩასასვლელი და ასასვლელი კარების გამიჯვნა. ეს არ ითხოვს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა კვაშილავა.

“ძალიან მიკვირს, როცა ყველა სფეროს ხვდებიან და ყველასთვის ცალ-ცალკე გაიმართა პრეზენტაციები, რატომ არ ხდება იგივე ტრანსპორტის სექტორში? ან როგორ ხსნიან ეკონომიკას ტრანსპორტი გარეშე, როგორ მიიღებენ ტურისტებს ან როგორ მივა ხალხი სამსახურამდე, როგორ იმუშავებს სოფლის მეურნეობა? რა არის მთავრობის გეგმა ვერ გავიგეთ, აპირებენ ისევ კერძო მანქანებზე ჩამოკიდებას, თუ ხალხმა პენდემიის პირობებში მთელი ხელფასი ტაქსში უნდა დახარჯოს? ქალაქის მერმა მყისიერად უნდა წარადგინოს გეგმა, როგორ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა წესები უნდა დაიცვან მოქალაქეებმა. საჭიროა უფრო სერიოზული ნაბიჯები”, - დაასკვნის გელა კვაშილავა.

“ძალიან რთულ ვითარებაში აგდებენ ეპიდემიოლოგები მოსახლეობას, რომელიც დაიყო პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ - მანქანიან და უმანქანო - ჯგუფებად. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც კვლავ არ აღდგენილა მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის არაჰუმანური აქტი. ვისაც არც ავტომობილი ჰყავს და გადაადგილების აუცილებლობა უდგას, რას აკეთებს ის ხალხი, მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს. ქვეყნის მასშტაბით 23 000 ავტობუსია რეგისტირირებული და ისინი უნდა გამოვიყენოთ შიდა გადაადგილებისათვის მუნიციპალიტეტებში. ვინმე ზრუნავს ამაზე, ვინმე აწარმოებს მოლაპარაკებას რომ ვიქირაოთ? 500 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი ტაქსით უნდა იაროს სამსახურში ან? მაინცდამაინც მოწყვლადი ჯგუფების ხარჯზე უნდა შემცირდეს გადაადგილება?” - ამბობს გამოცემასთან საუბრისას დავით მესხიშვილი.

“ადამიანების გარკვეული რაოდენობა კვლავ დაინფიცირდება” - რატომ იცვლება რეკომენდაციები პირბადესთან დაკავშირებით

“მიუხედავად იმისა, რომ ეპიდვითარება დღეს მედიკოსების შეფასებით, სტაბილურია, თანაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული აკრძალვებიც ეტაპობრივად იხსნება, გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება, როგორიცაა - პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა იმისათვის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს მორიგი, მეორე ტალღის აფეთქება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ თქვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ძირითადი და აუცილებელი მოთხოვნა ნიღბების ტარება იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ადამიანების გარკვეული რაოდენობა კვლავ დაინფიცირდება” - რატომ იცვლება რეკომენდაციები პირბადესთან დაკავშირებით.

“ნიღბების ტარება იქნება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცია. არ არის ადვილი, დაიცვა ტრანსპორტში, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა” - აღნიშნა მან “პალიტრანიუსის” ეთერში. პაატა იმნაძემ “ფეისბუქის” პირდაპირი ჩართვისას თქვა, რომ როდესაც კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით როგორც ჯანმრთელ, ისე დაავადებულ ადამიანს უკეთია პირბადე, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 95%-ით ამცირებს. მისივე თქმით, როდესაც ნიღაბს ყოველ ორწუთში გარედან ხელით ეხება ადამიანი, შემდეგ კი შესაძლოა იგივე ხელი სხეულზე მიიდოს, ამ დროს ინფიცირების რისკი შესაძლოა გაიზარდოს. ამიტომ, როგორც იმნაძემ განმარტა, ნიღაბი შესაბამისი წესების დაცვით უნდა გვეკეთოს. ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრობს, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ იქნება ისეთივე მასშტაბის, როგორიც პირველი. ამასთან, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ადამიანებს ინფიცირებისგან დაიცავს, რადგან შესაძლოა ჩვენში იყოს ისეთი პირი, რომელიც დაინფიცირებულია, თუმცა, კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უნდა მოხდება მოსახლეობის სრულად გამოკვლევა, შეიძლება ადამიანი უსიმპტომო ფორმებით იყოს ვირუსის მატარებელი და იმის გამო, რომ მას არ უკეთია პირბადე, შეიძლება ის აღმოჩნდეს ვირუსის გადამცემი. როდესაც მეორე ტალღაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს მათი ტესტირება. გარკვეული რაოდენობის ადამიანები სამწუხაროდ კვლავ ინფიცირდებიან, დარჩენილი ან დამალული კლასტერებიდან. ვირუსულ ინფექციას ახასიათებს მეორე ტალღა; ამაში იგულისხმება ის, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა კვლავ დაინფიცირდებიან, რაც ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოსთვის ეს ვირუსი გარკვეულწილად აღმოჩნდა ისეთი, რომ არ ჰქონდა ის გართულებები, რაც ზოგადად მოჰყვება ხოლმე. აბსოლუტურად ადეკვატურად უმკლავდება ჩვენი სამედიცინო პერსონალი ამ ყველაფერს. მოიხდის დამიანი ვირუსს და აღარ დაემართება. მთავარია, რომ არ იყოს სიკვდილიანობა და ისეთი რაოდენობა, რომ ვერ გავუმკლავდეთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს რაოდენობა არ იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

კოვიდ-ტესტი, ჯანმრთელობის ცნობა, თერმოსკრინინგი - როგორ გააკონტროლებენ საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს

“საქართველო პირველი ივლისიდან უცხოეთიდან ტურისტებს მიიღებს, რაც უსაფრთხობის წესების სრული დაცვით უნდა მოხდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი კორონავირუსით ინფიცირებილი პირის შემოსვლა. ამისათვის კი საჭირო იქნება გარკვეული შეზღუდვების დაწესება. პირს საზღვარზე მოუწევს კოვიდ-ტესტისა და თერმოსკრინინგის გავლა, ან ცნობის წარდგენა, რომ შემომსვლელმა უკვე ჩაიტარა ტესტირება და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს და საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი ერთ საათამდე შემცირდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კოვიდ-ტესტი, ჯანმრთელობის ცნობა, თერმოსკრინინგი - როგორ გააკონტროლებენ საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს.

“ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და ა.შ. ანალიტიკოსმა ხათუნა ლაგაზიძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების გამკაცრება, როგორც აეროპორტში, ასევე სახმელეთო საზღვარზეც, იმისათვის, რომ საქართველოში კოვიდ ინფიცირებული პირის შემოსვლის შანსი მინიმუმამდე შემცირდეს. ამასთან, ლაგაზიძე იმ უსაფრთხოების სტანდარტებზე საუბრობს, რისი დაცვაც სასტუმრეობს მოუწევთ, რაც ასევე საკმაოდ სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აუცილებელია, მაქსიმალური ზომები იყოს მიღებული იმისათვის, რომ დავიზღვიოთ თავი კორონავირუსით ინფიცირებული ტურისტების შემოსვლისაგან. თუკი ტურისტების გამარტივებული წესით შემოშვება იქნება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ინფიცირებულთა ზრდას და როგორც თანმდევი პროცესი გამოიწვევს შემდეგ უკვე შეზღუვების მთელ კასკადს. გამოვა, რომ ერთი-ორი კვირით გაიხნება ტურისტული ბიზნესი და ისევ მოუწევს დახურვა. უსაფრთხოების ზომების მისაღებად მხოლოდ თერმოსკრინინგი საკმარისი არ არის. საზღვრებზევე უნდა ჩატარდეს ტესტირება და პარალელურ რეჟიმში მოთხოვნა იყოს, რომ 72 საათის მანძილზე აღებული ტესტირების შედეგი იქნას წარმოდგენილი ტურისტების მხრიდან. თუ ასეთი საბუთი არ აქვთ, საზღვარზე უნდა მოხდეს ტესტირების ჩატარება. ამ ყველაფერს აეროპორტი შეიძლება უფრო იოლად აუვიდეს, ვიდრე სახმელეთო საზღრები, სადაც შესაძლოა რამდენიმე კილომეტრიანი რიგები დადგეს საზღრებთან ტესტირებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს გასაკეთებელია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“წელს ისეთი სეზონი, რა თქმა უნდა, არ იქნება, როგორიც იყო შანშან და შარშანწინ. ყველაზე მაქსიმუმი 40% დატვირთვა შეიძლება იყოს. ამ 40%-ში არ ვგულისხმობ მხოლოდ უცხოელ ტურისტებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც. ამიტომაც, წელს საზღვრებზე დატვირთვა ისეთი არ იქნება, რომ გამკლავება ვერ შევძლოთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა რეგულაციებია. ბევრი ევროკავშირის ქვეყანა ამ სამიდან ერთ-ერთს მაინც ითხოვს, რაც უკვე აღვნიშნე, ზოგი კი მხოლოდ თერმოსკრინინგით შემოიფარგლება, რასაც არ ვემხრობი, რადგან ეს არაფრის მომცემია. სასტუმროებისთვის შემოღებული რეგულაციების დაცვა უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული, - წელს სასტუმროები არა მოგებაზე, არამედ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ კატასტროფულ წაგებაზე არ წავიდნენ. სასტუმროებს საშუალოდ თვეში 50 ათასი მხოლოდ ამისთვის დასჭირდებათ, თუმცა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტურისტული ბიზნესი გადარჩეს”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო