ამირან გამყრელიძე - ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება, რადგან პირადად ვიცნობ არსენ ტოროსიანს, ცოტა მიკვირს, მეუცხოვა მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება"

ჯერ დასადასტურებელია იყო თუ არა ნამდვილად ასეთი განცხადება, ცოტა მეუცხოვა არსენ ტოროსიანისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი მსგავსი შემთხვევა იყო, რაზეც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლს სომხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ უნდა ეცნობებინათ ამის შესახებ საქართველოსთვის და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, რადგან საქართველოც და სომხეთიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები არიან.

"ეს ინფორმაცია ვნახე, რამდენიმე საინფორმაციო წყაროთი გავრცელდა. ჯერ დასადასტურებელია, იყო თუ არა ნამდვილად ასეთი განცხადება, რადგან მე პირადად ვიცნობ ბატონ არსენ ტოროსიანს, მისგან ცოტა მიკვირს თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის ასე ვიტყოდი- "არადიპლომატიური განცხადება", რადგან თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა-სომხეთის მოქალაქის, ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის. ამ შემთხვევაში უნდა აცნობო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ასევე იმ ქვეყანას. ჩვენ ეს გავაკეთეთ რამდენიმე მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომ მან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს, როცა მის მოქალაქეს შენს ტერიტორიაზე უდგენ ინფიცირებას. ასე რომ ჩვენ, თუ გვქონდა ასეთი შემთხვევები, მაშინ, ბატონ არსენს ჯანმო-სთვის უნდა ეცნობებინა და ასევე ჩვენთვისაც", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, რომლის მიმართაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ეჭვებს გამოთქვამს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ იცის, რა სტატისტიკას ეყრდნობა არსენ ტოროსიანი.

" მას შეუძლია, ნახოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც ინგლისურადაც ქვეყნდება, მათ შორის ჩვენს ვებგვერდზეც არის და ჩვენს ყოველწლიურ სტატისტიკურ კრებულებში არის პნევმონიის შემთხვევების დინამიკა, რაც შესწავლილი გვაქვს. ჩვენთან არ არსებობს, პანდემიის დროს ე.წ ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ჰქონდა იტალიას და ბევრ ქვეყანას, სადაც სიკვდილიანობა მაღალი იყო. ჩვენ ამას ვუყურებთ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ანუ 2018-2019 წელთან შედარებით გვაქვს თუ არა 2020-ში ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის პნევმონიით და არა, არ გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში პნევმონიის დიანგოზით ყველა პაციენტი იტესტება. ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტესტირებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებასაც უპასუხა. ამირან გამყრელიძის თქმით, რა რაოდენობის ტესტირებაც არის დღეს ქვეყანაში ჩატარებული, რომელთა რიცხვიც 48 ათასს აჭარბებს, ყველა არის PCR მეთოდით და აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის სწრაფი ტესტები, რომელიც კლინიკებში ტარდება.

როგორც გამყრელიძემ დასძინა, მას ძალიან გაუკვირდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება.

"მიკვირს ცოტა. არ ვარ დარწმუნებული მართლა გააკეთა, თუ არა მან ასეთი განცხადება",- აღნიშნა გამყრელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

ამასთან, მინისტრის აზრით, საქართველოში არსებულ დადებით ციფრებზე გავლენა შესაძლოა, მეთოდოლოგიაში არსებულ განსხვავებას და ჩატარებული ტესტების რაოდენობას მოეხდინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა