ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020

რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო კვლავ თავს ესხმის - რას პასუხობენ თბილისში

გახარიას ერთსაათიანი მოხსენება - როგორ აპირებს ქვეყნის აღდგენას და რა ფორმით გაგრძელდება კორონავირუსთან ბრძოლა

* * *

რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო კვლავ თავს ესხმის - რას პასუხობენ თბილისში

“რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო თავს კიდევ ერთხელ ესხმის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან დააყენა ორი პირობა, ერთი - ლუგარში რუსი ექსპერტების დაშვება და მეორე - რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონაში სადამკვირვებლო მისია დაუშვას, თუ თბილისი მოსკოვს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს. საუბარია სადამკვირვებლო ფრენებზე. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს “ღია ცის” შეთანხმების დარღვევაშიც ადანაშაულებს და საქართველოს პოზიციას დესტრუქციულს უწოდებს. 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი “კითხვებს ბადებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო კვლავ თავს ესხმის - რას პასუხობენ თბილისში.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი “არ განმარტავენ, თუ რა საქმიანობას ეწევა ლაბორატორია რუსეთის საზღვრებთან ახლოს”. ოფიციალური მოსკოვი ლუგარის ცენტრში - რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მართავს - რუსი სპეციალისტების დაშვებას მოითხოვს. მოსკოვის განცხადებით, ლუგარის ცენტრს რუსი ექსპერტები მხოლოდ იმ პირობით ესტუმრებიან, თუ მათ წვდომა ლაბორატორიის ყველა შენობაზე, “მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ სივრცეებზეც” ექნებათ. ოფიციალური მოსკოვი ასევე განმარტავს, რომ რუსეთი “ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად” აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას კვლავაც განაგრძობს. უწყებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს “ღია ცის” ხელშეკრულებას და ცდილობს ის გამოიყენოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარებისთვის. ლუგარის ლაბორატორიას რაც შეეხება, რუსეთის ბრალდებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ უარყო. ცენტრის წინააღმდეგ განცხადებებს 1 მაისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ლაბორატორიაზე თავდასხმა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2018 წელს აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრი, რომელსაც სრულად საქართველოს მთავრობა მართავს და აფინანსებს, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციების შესაბამისად ასრულებს. ბიოლოგიური იარაღის კონვენციის შესაბამისად (რომელსაც საქართველო 1996 წელს შეუერთდა) საქართველოს ხელისუფლებამ ლაბორატორიაში საერთაშორისო შემოწმება 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა, რომელსაც 17 ქვეყნიდან მოწვეულ ექსპერტთა და დამკვირვებელთა 22-კაციანი ჯგუფი დაესწრო. მაშინ რუსეთმა ამ პროცესს “პროპაგანდისტული” უწოდა და შემოწმებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. “ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ, - ეს კი ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მოწოდებაა, რომელიც მან რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა, ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით ხომ რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია, დამალული არაფერია. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე”, - აღნიშნა გამყრელიძემ. “ლუგარის ლაბორატორიაზე ეს ახალი და პირველი არ არის. მოგეხსენებათ, რომ პერიოდულად ახსენდებათ ხოლმე ეს თემა და რაღაც თემების გადასაფარად იყენებენ ხოლმე. ასე რომ, ჩვენ მიჩვეული ვართ ამას. როცა მოვიწვიეთ, მაშინ არ მოვიდნენ. შემდეგშიც იყო ამაზე საუბარი. რამდენი ხანი შეიძლება ერთი და იგივეს ლაპარაკი?” - განაცხადა პაატა იმნაძემ. კითხვაზე, თანახმა არიან თუ არა რუსი ექსპერტების ჩამოსვლაზე იმისთვის, რომ ესტუმრონ ლუგარის ლაბორატორიას, იმნაძე ამბობს, რომ “ყველაფერი მოლაპარაკების საგანია”, - დასძენს გამოცემა.

“ახლა მითუმეტეს, როცა ძალიან ბევრმა სკეპტიკოსმა ჩვენს ქვეყანაშიც დაინახა ლაბორატორიის როლი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, უცებ გააქტიურდა ეს თემა”, - თქვა პაატა იმნაძემ. რუსეთის განცხადებას ასევე პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს საქართველოს წარმატებით გამოწვეული რეაქციაა, რაც “ოკუპანტ ქვეყანას ხშირად ჩვევია”. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძის თქმით კი რუსეთი კორონავირუსთან ბრძოლას თავს ვეღარ ართმევს, ამიტომაც მტრის ხატის შექმნას ცდილობს. “ეს არის კლასიკური, მავნებლური კრემლის პროპაგანდა... რუსეთში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და როგორც ჩანს, დაიწყეს მტრების ძებნა. ბევრჯერ მიგვიღია სტუმრები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ისინი ყველანი კარგად არიან ინფორმირებული იმაზე, რეალურად რა ხდება ლუგარში”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. იმავე აზრზეა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილიც. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოზიციების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. “ვერანაირ დათმობაზე საქართველო ვერ წავა, რადგან ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე, მათზე ჩვენი სუვერენული უფლების დათმობას. ასევე, არღვევს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გაფორმდა 2008 წელს”, - ამბობს სალომე სამადაშვილი, რომლის თქმით, ეს არის პრინციპული საკითხი და რუსეთმა ძალიან კარგად იცის ეს”, - წერს სტატიის ავტორი.

გახარიას ერთსაათიანი მოხსენება - როგორ აპირებს ქვეყნის აღდგენას და რა ფორმით გაგრძელდება კორონავირუსთან ბრძოლა

“პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა საათისა და ოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მისი მოხსენება თავიდან ბოლომდე ეხებოდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მოქმედებებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შემდეგ კი ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. გახარიამ როგორც დეპუტატებს, ასევე საზოგადოებას აცნობა, როგორ და როფორმით გაგრძელდება პანდემიასთან ბრძოლა. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები შეაფასა. გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ერთდროულად რამდენიმე ასეული ინფიცირებულის ეფექტურად მართვა შეუძლია. პრემიერის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია როგრც საზოგადოების ინფექციისგან გადასარჩენად, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნისათვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარიას ერთსაათიანი მოხსენება - როგორ აპირებს ქვეყნის აღდგენას და რა ფორმით გაგრძელდება კორონავირუსთან ბრძოლა.

“ჯანდაცვის სისტემა ჩვენ რომ შევადაროთ როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ, იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაში არის დღეს - ეს არის ცა და დედამიწა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვისაც, როგორ ეფექტურად ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გახსნას. საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია სწორად ამ სივრცეში განვითარდება, ეკონომიკურ სივრცეში და გამარჯვებულები პანდემიასთან ბრძოლაში იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჯანმრთელობის დაცვას თავიანთი მოქალაქეების, ასევე ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ ჩვენთვის უკიდურესი მნიშვნელობა აქვს როგორ იფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ის ამბობს, რომ საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ან ეჭვქვეშ იყო და არ მიეღო სტაციონარული მკურნალობა. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ ეს გახდა იმის საწინდარი, რომ ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების ასეთი დაბალი მაჩვენებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრემიერმა ასევე ეკონომიკის გახსნის შემდეგ, მასთან ადაპტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ თუკი გახსნას არ მოჰყვა კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, ქვეყნისთვის რისკის შემცველი იქნება. “გახსნა ყველაფრის შეიძლება ერთ დღეში, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის... თუ გახსნას არ მოჰყვება კონტროლის შესაბამისი მექანიზმები ეს არის უაღრესად რისკის შემცველი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. და აქ პასუხისმგელობა არის ყველასი კიდევ უფრო დიდი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების, პარლამენტის, ბიზნესის და ა.შ.” - აღნიშნა პრემიერმა, რომლის თქმით, როდესაც ქვეყანა ამბობს, რომ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, აქ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე, ლაბორატორიული ქსელების მზაობა. არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ეს არის სწორედ ყველაზე დიდი გამოწვევა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებაში არის მძაფრი შეგრძნება - რა იქნება ხვალ და ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს არათუ რამე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც. გახარია აცხადებს, რომ ქვეყანას კრიზისის გამოყენება შეუძლია როგორც შესაძლებლობა იმაზე უფრო განვითარებული გამოვიდეს კრიზისიდან ვიდრე პანდემიამდე იყო. ის მიიჩნევს, რომ ეფექტური სახელმწიფოები სწორედ მსგავსი გამოწვევებს დროს ყალიბდებიან, რამდენად ერთიანად და ეფექტურად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს”, - დასძენს გამოცემა.

“ეს კრიზისი ეკონომიკისთვისაც და მოქალაქისთვისაც იყო უაღრესად მოულოდნელი. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ოპოზიციას მათ შორის, შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. რეალურად, ამისთვის ყველაფერია მზად, ჩვენ შეგვიძლია, რომ ის მეთოდები, მენეჯმენტი, სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი... ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში, როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის, აბა, ვინ რა შედეგებით გამოვიდა ამ კრიზისიდან, საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო როდესაც შევედით კრიზისში, რამდენიმე საფეხურით ვიყოთ უფრო წინ. ეს ჩვენი შესაძლებლობა არ არის მხოლოდ, ეს არის ჩვენი ვალდებულება”, - თქვა გახარიამ, რომლის საბოლოო სიტყვით “ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, არანაირი აზრი არ ექნება, გარკვეული დროის შემდგომ ადამიანები შეაფასებენ რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან ბრძოლაში, შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგოს არც პოლიციელს და არც მინისტრს, შეაფასებენ ქვეყანას”, - წერს სტატიის ავტორი.

“პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ დასვა კითხვები, მათი თქმით ვერ მოისმინეს ბევრ მნიშვნელოვან თემაზე პასუხი და ამას არც შემდეგში ელოდებიან. მთავრობის წარმომადგენლები კი პრემიერის პასუხებამდე ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრობენ. გიორგი ვოლსკი ოპონენტების ზოგიერთ შეკითხვას საინტერესოს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ბევრი “უზნეო გამოხტომაც” დაფიქსირდა. “როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც ბევრი საინტერესო შეკითხვა იყო. თუმცა, ამავდროულად სამწუხაროდ, ყოვლად უზნეო გამოხტომაც დაფიქსირდა. ეს კი არის იმ ინფორმაციის გადაფარვისთვის, რაც ჩვენ მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზისას, სადაც იმ საშინელ დანაშაულებებზეა საუბარი, რაზეც სახელმწიფო ვალდებულია გარკვეული კომპენსაციები გადაიხადოს. ეს არის პოლიტიკური ძალა, ვისი სიმბოლოც გახდა ის ყავარჯნიანი კაცი თუ როგორ აუპატიურებს ადამიანს... ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ორი თემა - შემოდგომისთვის როგორ ვემზადებით და მეორე - სიღარიბის პრობლემა, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნება დაზუსტებები პრემიერს”, - ამბობს გიორგი ვოლსკი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინათინ ბოკუჩავას შეფასებით კი მთავრობის მეთაურის პარლამენტში გამოსვლა და მისი სიტყვები მოულოდნელი არ ყოფილა და პრემიერი დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა პოლიტიკური ქულების დაწერას”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერი ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს იმ შრომის ხარჯზე, რომელიც ჩვენმა ექიმებმა გასწიეს და ასევე იმ უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ადამიანებმა, რომელთა გამოც გვაქვს ეპიდემიოლოგიურად ეს შედეგი. ჩვენი ძირითადი კითხვები იყო ეკონომიკაზე, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, მათ შორის, გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში - ბავშვებში და პენსიონერებში. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ვკითხეთ და მართლა მაინტერესებს რა პასუხს გაგვცემს ამაზე - 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია საქართველოს არც ერთ მოქალაქეს. ეს გამოიწვია მათმა უუნარობამ და იმან, რომ ასეთი გამოწვევის დროსაც კი, საკუთარი ჯიბის გასქელებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, კომპანია “ჯიბეს”, რომელიც მართლაც პირდაპირი გაგებით ჯიბის გასქელებას ემსახურებოდა, მონოპოლია ჰქონდა აგროპროდუქტების გამოტანაზე. მაშინ, როდესაც 100 000-ობით ადამიანი გაჩერებული ეკონომიკის გამო სახლში იყო გამოკეტილი და შიმშილს ებრძოდა, მათ ისევ და ისევ საკუთარი ბიზნესის გამდიდრებისთვის გამოიყენეს”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ, რომლის თქმით “რეალურად არანაირი გეგმა არ აქვთ იმისათვის, რომ სიღარიბე დაამარცხონ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა დღეს გიორგი გახარიამ...” - დასძენს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით