ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივნისის ნომრის (N6) მიმოხილვა

* * *

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივნისის ნომრის N6 (268) მიმოხილვა

ტრამპი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის გამო “ღია ციდან” გამოდის... / რა წვლილი შეაქვს თავდაცვის ძალებს პანდემიასთან ბრძოლაში / სახანძრო-სამაშველო სწავლება “მეტროპოლიტენი 2020” / ქართველმა სამხედროებმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ბათინკები მოირგეს / ზურგჩანთაში დამალული ატომური ბომბი / COVID-19 - ბიოლოგიური ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა? (გაგრძელება) / ქართული ემიგრაციის ფარული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ (გაგრძელება) / ვის ძირავდნენ გერმანული წყალქვეშა ნავები ქართულ სანაპიროსთან / დედისერთა აფხაზეთის ომში / “უცნაური” კალიბრის “რუგერი”

“იმის გამო, რომ რუსეთი “ღია ცის” ხელშეკრულების ფარგლებში ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს სიახლოვეს არ აკარებს, აშშ ტოვებს “ღია ცის” ხელშეკრულებას, რაც ევროპას დიდ პრობლემებს გაუჩენს... საქართველოს უდიდესი პრობლემა - რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ძირითადად, მაინც ჩვენს ტკივილად რჩება, რადგან დასავლეთის მრავალწლიან “შეშფოთება-აღშფოთებაზე” კრემლის ბინადარნი ყურსაც არ იბერტყავენ, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომლის გამო შეიძლება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემამ გავლენა მოახდინოს ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო უსაფრთხოების შესუსტებაზე, ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის თადარიგის გენერლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა თუ საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსები იყვნენ”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N6, ივნისი, 2020) სტატიაში, სათაურით “ტრამპი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის გამო “ღია ციდან” გამოდის...”

“თუკი აშშ გამოვა “ღია ცის” ხელშეკრულებიდან, ამერიკელები რუსეთის თავზე სადამკვირვებლო ფრენას ვეღარ შეძლებენ, სამაგიეროდ, რუსეთი შეინარჩუნებს უფლებას, ევროპაში, ნატოს ქვეყნებისა და იქ დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ბაზების თავზე სადაზვერვო ფრენა განაგრძოს”, - განაცხადეს ამ გენერლებმა ცოტა ხნის წინ და არც შემცდარან – 22 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იწყებს “ღია ცის~ ხელშეკრულებიდან გამოსვლის ექვსთვიან პერიოდს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აზუსტებენ იმ ორ ძირითად მიზეზს, რომელთა გამო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი მიზეზი უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს. 2012 წლის 6 აპრილს საქართველომ ოფიციალურად თქვა უარი ჩვენს საჰაერო სივრცეში რუსეთის სადამკვირვებლო ფრენაზე. მიუხედავად ამისა, მოსკოვი წლების განმავლობაში (2019 წელსაც კი!) დაჟინებით ითხოვდა საქართველოს თავზე საინსპექციო ფრენის ნებართვას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ აკრძალვის მთავარი ქართული არგუმენტი არის ის, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია, “ღია ცის” ხელშეკრულების მონაწილე რომელიმე ქვეყნის სადამკვირვებლო თვითმფრინავი 10 კმ-ზე მეტად მიუახლოვდეს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის ხაზს. ასეთ პოზიციას მოსკოვში იმით ხსნიან, რომ 10 კმ-მდე მიახლოებას იმ ქვეყნების საზღვრებთან, რომლებიც “ღია ცის” ხელშეკრულებაში არ მონაწილეობენ, თვითონ ხელშეკრულება კრძალავს, ანუ კრემლი ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, რაც მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ისე - “ღია ცის” ხელშეკრულების მონაწილე 33 ქვეყნისთვის....”, - განაგრძობს გამოცემა.

“გენერალურმა შტაბმა საწყის ეტაპზევე შეიმუშავა უწყებათშორისი მხარდამჭერი გეგმა. კრიზისზე რეაგირებისათვის შემუშავდა ექვსი ძირითადი დავალება: სამედიცინო დახმარების ჯგუფების დაკომპლექტება; სამედიცინო ავტოტექნიკით მხარდაჭერა; ავადმყოფების ევაკუაცია; საკარანტინო ზონის/სივრცის გამოყოფა; რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური სპეციალისტებით მხარდაჭერა; საგანგებო სიტუაციის (საკარანტინო) ზონის იზოლირება/კონტროლი“, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ჟურნალ “არსენალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა წვლილი შეაქვს თავდაცვის ძალებს პანდემიასთან ბრძოლაში.

“ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში და ცალკეულ სამინისტროებს ეხმარებოდა კრიზისის მართვაში. თავდაცვის ძალები შს სამინისტროსთან ერთად 24-საათიანი საგანგებო რეჟიმით აკონტროლებდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა ქალაქთან მოაწყვეს 85 საკონტროლო-გამშვები პუნქტი და შსს-სთან ერთად მართავდნენ პროცესს. აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში შეიქმნა საგანგებო მართვის ცენტრები, სადაც ყოველდღიურად იგეგმებოდა საჭირო ღონისძიებები. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალები წარმოდგენილი იყო სამი ძირითადი ელემენტით - ქვეითები, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებდნენ პირთა გადაადგილებას, სამედიცინო პერსონალი, რომელიც პირველადად ამოწმებდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საინჟინრო ელემენტი, რომელიც ტრანსპორტის დეზინფექციას ახდენდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ჩხაიძე.

“საკონტროლო პუნქტებზე თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 2 მლნ-ზე მეტ ადამიანს, ხოლო დეზინფექცია - 1, 5 მლნ-ზე მეტ ავტომანქანას. შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების პარალელურად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებმა დაასრულეს საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობა და ქვედანაყოფები დაუბრუნდნენ ძირითად დისლოკაციის ადგილებს. ამჟამად თავდაცვის ძალები საკარანტონო ღონისძიებებს ატარებენ მხოლოდ ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო სწავლება “მეტროპოლიტენი 2020” გამართა. სწავლება თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურის – “სადგურის მოედნის”, “წერეთლისა” და “ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიებზე და გვირაბებში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა შს სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომლებიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არიან ჩართული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სამოქალაქო უსაფრთხოების მართვის ცენტრი `112~, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და დაცვის პოლიცია. სამინისტროს თანამშრომლებმა მეტროპოლიტენში გაჩენილი ხანძრის დროს მოქმედების ყველა ეტაპი მაქსიმალურად რეალურ დროში, პირობებსა და ადგილებზე გაიარეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით “ხანძარი” მეტროს მატარებელში / სახანძრო-სამაშველო სწავლება “მეტროპოლიტენი 2020”.

“დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით ასეთი მასშტაბისა და სცენარის სწავლებას და შევარჩიეთ მეტრო, რადგან ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკვანძო სატრანსპორტო ერთეულია და დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს. რაკი პანდემიის გამო შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, საშუალება მოგვეცა, სწორედ აქ ჩაგვეტარებინა სწავლება, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. სანამ სწავლება დაიწყებოდა, დავგეგმეთ სცენარი რამდენიმე უწყებასთან მჭიდრო ურთიერთობით - ვგულისხმობ მათ, ვისი ჩართვაც ასეთი სიტუაციების დროს აუცილებელია და ყველანი ბოლოს ერთ სცენარზე შევთანხმდით. აქტიურად ვითანამშრომლეთ მერიის წარმომადგენლებთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, შს სამინისტროს დანაყოფებთან - საპატრულო, დაცვისა და კრიმინალურ პოლიციასთან, რასაკვირველია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და “112”-თან, რადგან პირველადი ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება რეაგირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე სცენარი გვქონდა და ყველა მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ სიტუაციებთან. ყველა დანაყოფი რეალური რეჟიმის გათვალისწინებით მოქმედებდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

“ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, თბილისის მეტროპოლიტენში, მეტროსადგურ “სადგურის მოედნიდან” “ნაძალადევის” მიმართულებით გვირაბში მოძრავი სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ხანძარი ჩნდება. ამ დროისთვის მატარებელს სადგურის ბაქნიდან გავლილი აქვს დაახლოებით 60-70 მეტრი. დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია ექსტრემალური კავშირის საშუალებით მემანქანეს მიაწოდა ერთ-ერთმა მგზავრმა. მემანქანემ მატარებელი გააჩერა და მომხდარის შესახებ სადგურის მორიგეს აცნობა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

"ქართველი სამხედროების საველე ფორმისა და ბათინკის ხარისხი გაუმჯობესდა. მაისის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა დაურიგდა. ეს ყოველწლიურად სტანდარტული პროცესია და ამჟამადაც არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი - ამჯერად ქართველ სამხედროებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდელის ბათინკები და ასევე მაღალი ხარისხის ფორმა გადაეცათ. გერმანული კომპანიების - Lowa-ს და Haix-ის წარმოებული თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის წყალგამძლე სამხედრო ბათინკები პირად შემადგენლობას საშუალო და დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს დავალების შესრულებას გაუადვილებს, მით უმეტეს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ზამთრის სეზონზე პირველად დაურიგდებათ სპეციალურად ზამთრის ცივი და ნესტიანი ამინდის შესაფერისი ბათინკიც”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართველმა სამხედროებმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ბათინკები მოირგეს.

“ასეთი ხარისხის ბათინკით ბევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ვერ დაიტრაბახებს. სიმართლე რომ ითქვას, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქართულ ჯარში სამხედრო უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი აქამდე მუდმივად პრობლემა იყო. უმძიმეს 1990-იან წლებში შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ძირითადად, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი და სხვადასხვა ქვეყნის ნაჩუქარი სამხედრო ბათინკებით გადიოდა იოლად. შემდეგ იყო ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომლის ფარგლებში გაწვრთნილ ბატალიონებს აუცილებელი ინდივიდუალური სანივთე ქონებით, მათ შორის - სამხედრო მაღალყელიანი ჩექმით ამერიკული მხარე ამარაგებდა. 2003-2008 წლებში ერაყის სამშვიდობო მისია ქართული ბატალიონებისთვის ახალი გამოცდილების მიღების კარგ საშუალებად იქცა. მისიის მონაწილე ქვედანაყოფები ამერიკული სამფეროვანი ფორმით და უდაბნოს პირობებს მორგებული ამერიკული ბათინკით იყვნენ შემოსილი... 2010 წელს შეიარაღებული ძალები ახალ, მულტიკამის კამუფლირებულ საველე ფორმასა და უდაბნოს პირობებს მორგებულ სამხედრო ბათინკზე გადავიდა. ამ წლების განმავლობაში შეიარაღებული ძალები სხვადასხვა მწარმოებლის რამდენიმე მოდელის ბათინკით მარაგდებოდა. მათ შორის იყო ქართული, ჩინური და თურქული წარმოების ბათინკები, თუმცა არც ერთის, - განსაკუთრებით კი ქართულისა და ჩინურის - ხარისხი და კომფორტულობა მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით შეისყიდეს ორი მწარმოებლის ოთხი მოდელის სამხედრო ბათინკი, თანაც – საბაზრო ღირებულებაზე იაფად, რაც მწარმოებელთან შუამავლის გარეშე, პირდაპირი ურთიერთობით მოხერხდა. ოფიციალური ინფორმაციით, 210-240 ევროს საბაზრო ღირებულების ფეხსაცმელი თავდაცვის სამინისტრომ 80 ევროდ შეიძინა, რაც ასეთი ხარისხის ბათინკისთვის ძალიან იაფია. შესყიდულ ფეხსაცმელს შორის არის Lowa-ს Zephyr GTX Mid-ის, Lowa Zephyr GTXH-ის, Haix Airpower P9-ისა და Haix Nepal Pro-ს მოდელები. ოთხივე Goretex-ის წყალგამძლე ტექნოლოგიით არის შეკერილი. ფეხსაცმლის კონსტრუქცია მაქსიმალურად არის მორგებული მებრძოლის კომფორტზე. სტანდარტული სამხედრო ბათინკის მსგავსად, Lowa-ს ფეხსაცმელს არ სჭირდება მოთელვა. Monowrap-ის ტექნოლოგიით დამზადებული ორიგინალური დიზაინის ლანჩა ფეხს მაქსიმალურად იცავს სხვადასხვა რელიეფზე სიარულისას...” - განაგრძობს გამოცემა.

“ცივი ომის დროს დაპირისპირებული მხარეები ბირთვულ შეიარაღებას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სრულყოფდნენ - ოპერატიულ-ტაქტიკური, საშუალო და საკონტინენტთაშორისო მოქმედების რაკეტების ქობინებთან ერთად საიდუმლო ლაბორატორიებში კომპაქტური, დივერსიული ოპერაციებისთვის განკუთვნილი ატომური მუხტებიც იქმნებოდა. კონკრეტული ტექნოლოგიური და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, ევროპაში ცოცხალი ძალისა და ჩვეულებრივი შეიარაღების მხრივ დასავლეთი სსრკ-თან პოზიციებს თმობდა. ომის დაწყების შემთხვევაში ევროპაში ნატოს ძალებს ვარშავის პაქტის ქვეყნებისა და სსრკ-ის არმიების შეკავება გაუჭირდებოდა. საჭირო იყო ეფექტიანი შემაკავებელი საშუალება, რომელიც ვაშინგტონს ევროპაში დამატებითი ძალების გადასროლისთვის დროის მოგების შესაძლებლობას მისცემდა. 1950 წელს პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის შემუშავებული ახალი სტრატეგია ევროპაში ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებასაც გულისხმობდა. ფრონტის მთელ სიგრძეზე საბჭოური აგრესიის შეკავებისთვის მცირე სიმძლავრის ბირთვული მუხტების გამოყენება იმ დროს გამართლებულ საშუალებად მიიჩნეოდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ზურგჩანთაში დამალული ატომური ბომბი.

“აშშ-ის სახმელეთო ძალების დაკვეთით ასეთ ბირთვულ იარაღზე მუშაობა 1953 წელს დაიწყო. პირველი ნიმუშები ტაქტიკური დანიშნულების კვალობაზე დიდი ზომითა და წონით გამოირჩეოდა. მაგალითად, 1954 წელს შემუშავებული M59 თითქმის 800 კგ-ს იწონიდა. ტრანსპორტირებისთვის მას სატვირთო ავტომობილი და ჯარისკაცების ათეული სჭირდებოდა, შესაბამისად, დანიშნულების ადგილზე სწრაფ და შეუმჩნეველ გადატანაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. დიდი გაბარიტები იმდროინდელი ტექნოლოგიური და ტექნიკური შესაძლებლობებით იყო განპირობებული. სამხედროებს ესმოდათ, რომ მათთვის სასურველ წონასა და ზომამდე შემცირებას წლები დასჭირდებოდა, დრო კი არ ითმენდა. რეალობის გათვალისწინებით შემუშავებულ ტაქტიკაში ვაშინგტონმა რაღაცები შეცვალა. ამიერიდან M59-ის ტიპის ატომური მუხტები ნაღმების სახით უნდა გამოეყენებინათ. დივერსანტების ნაცვლად, განსაზღვრულ ადგილებში მათ სპეციალური დანაყოფები დააყენებდნენ. M59-ებით მოწინააღმდეგის შეტევის სავარაუდო მიმართულებებზე კაშხლების, მსხვილი სარკინიგზო კვანძების, სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდების, ელექტროსადგურების, გვირაბების დანაღმვა და საჭიროების შემთხვევაში აფეთქება იგეგმებოდა. ითვლებოდა, რომ ატომური ნაღმები მოწინააღმდეგეს, შეკავებასთან ერთად, საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას მოუსპობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1957 წელს აშშ-ის არმიამ გამოყენებისთვის T-4 ტიპის ბირთვული ნაღმი მიიღო. მისი ცილინდრული კორპუსის დიამეტრი 28 სმ იყო, სიგრძე კი - 137 სმ. ნაღმი 370-390 კგ-ს იწონიდა, სიმძლავრე კი 20 კილოტონას შეადგენდა. ნაღმების განთავსება სპეციალურ, 6 მ სიღრმის ბეტონის ჭებში იგეგმებოდა და რადიოსიგნალით ან სადენებით ამოქმედდებოდა. პორტატული ბირთვული ბომბი W30 საზღვაო საზენიტო რაკეტა RIM-8 Talos-ის საბრძოლო ნაწილი იყო, ხოლო ნაღმებში ტაქტიკურ ბირთვულ მასალად (TADM – Tactical Atomic Demolition Munition) გამოიყენეს. W30-ის ტიპის ნაღმები აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1961-1966 წლებში იყო. აშშ-ში ატომური ნაღმების სრულყოფა რამდენიმე მიმართულებით გაგრძელდა...”, - განაგრძობს გამოცემა.

“დაცულია თუ არა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად მიმდინარე კვლევები ფატალური შემთხვევითობისაგან? ეს კითხვა აქტუალურია არა მარტო დღეს, არამედ ხუთი ათეული წლის წინაც გადაუჭრელი ამოცანა იყო. 1969 წელს აშშ-ის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიიდან შემთხვევით გამოტანილმა ბაქტერიებმა ახლო მცხოვრები ფერმერის ცხვრის ფარა დაასნეულა და ამოწყვიტა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად აკრძალა ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე მუშაობა, თუმცა რუსეთის ოფიციალური მასმედია დღესაც თავგამოდებით იმეორებს კა-გე-ბეში თითქმის ოცდაათი წლის წინ შექმნილ ერთ დეზინფორმაციას”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით COVID-19 - ბიოლოგიური ტერორიზმი,ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა? (გაგრძელება).

“საბჭოთა-რუსული პროპაგანდის მტკიცებით, 1980 წელს აშშ-მა კუბის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა, რასაც დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვა. ამ ვერსიის თანახმად, ამერიკის დაზვერვას შეუსწავლია რა კუბის ეკონომიკა, დაუდგენია, რომ ძირითად საექსპორტო შემოსავალს ფიდელ კასტროს რეჟიმი შაქრის ლერწმისა და ღორის ხორცის ექსპორტით იღებდა, ამიტომაც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს კუბაზე ფარულად გაუვრცელებია ღორისა და შაქრის ლერწმის ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიები. კა-გე-ბესა და კუბის სპეცსამსახურის მტკიცებით, ამერიკელებმა მომაკვდინებელი ბაქტერიებით დაავადებული კოღოები ჰავანის აეროპორტში გაუშვეს. ამის შედეგად, როგორც ამ ვერსიის აქტიური მხარდამჭერები აცხადებენ, კუბაზე ღორები სულ გაწყვეტილან, ხოლო შაქრის ლერწმის მოსავლის 80% განადგურებულა. მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ მრავალ საიდუმლოს აეხადა ფარდა, მათ შორის – ბიოლოგიური იარაღის კვლევების შესახებაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1992 წლის ბოლოს ამერიკაში გაიქცა საბჭოთა სამხედრო-ბიოლოგიური კვლევების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყაზახი პროფესორი კენატჟან ალიბეკოვი. ალიბეკოვმა ისარგებლა მაშინდელი ქაოსით და 1992 წელს ლეგალურად, თითქოს სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა აშშ-ში, სადაც სამუდამოდ დარჩა. იქ შეიცვალა გვარი და კენ ალიბეკი გახდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მისი გამგზავრება-გაქცევა ამერიკის დაზვერვის ორგანიზებული იყო. წლების მანძილზე ის იყო აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებული აშშ-ის ბიოლოგიური უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1994 წელს აშშ-ის კონგრესმა “მსოფლიოში მშვიდობისათვის ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის” სპეციალური მედლით დააჯილდოვა. ის “ბაქტერიოლოგიური ტერორისტული საფრთხის~ თემაზე ლექციებს კითხულობს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, ჰარვარდისა და პრენსტონის უნივერსიტეტებში... 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, როცა მთელი ამერიკა “ბიოლოგიურ შეტევას” ელოდა, კენ ალიბეკი აშშ-ის კონგრესის წინაშე მოხსენებით გამოვიდა. მისი განცხადებით, დღეისთვის ბიოლოგიურ იარაღად 70-ზე მეტი სასიკვდილო ვირუსის გამოყენება შეიძლება... ” - განაგრძობს გამოცემა.

“უკვე მრავალი ათეული წელია, საქართველოს ისტორიის მკვლევრებისთვის ბუნდოვანია, რატომ დაიწყო აჯანყება ჭიათურაში ერთი დღით ადრე - ეს იყო საბედისწერო შეცდომა თუ დაგეგმილი ღალატი, რომლის შედეგად 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ წარმატების შანსი დაკარგა? ქვემოთ გთავაზობთ “შეფიცულთა რაზმის” წევრის, ალექსანდრე სულხანიშვილის სკანდალურ და, ალბათ, ბევრისთვის მიუღებელ ვერსიას ამასთან დაკავშირებით. ა. სულხანიშვილი შორიდან იწყებს და ვრცლად აღწერს აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1924 წლის შემოდგომაზე, თურქეთში გარიდებული ქ. ჩოლოყაშვილის მებრძოლებისა და აჯანყების სხვა მონაწილეების შეხვედრას (ავტორის სტილი უცვლელია)”, - წერს “ჟურნალი” არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართული ემიგრაციის ფარული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ (გაგრძელება).

“ჩვენ ხოფაში შეგვხვდა ერთი ჯგუფი ქართველებისა, ექვსი თუ შვიდი კაცი მეამბოხეთა იმ რაზმიდან, რომელიც ოცდაოთხი საათით ადრე გამოვიდა ჭიათურაში და, როგორც ზევით მოგახსენეთ. ისედაც წამხდარ პირობებში, მარგანეცის ქალაქმა დამარხა მთლიანად გამოსვლების საქმე. რამდენადაც ჩვენ ვიცოდით, ამ ჯგუფის რწმუნებული იყო გიორგი წერეთელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მხედრების მხრივ, სათავეში ჰყავდათ სვიმონ წერეთელი: ეს ჯგუფი შედგებოდა რვა, თუ ათი კაცისგან. სვიმონის და გიორგის გარდა ყველანი გურულები იყვნენ. სამწუხაროდ, ყველას გვარები და სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ ზოგიერთისა ჯერ კიდევ ნათლად მაქვს აღბეჭდილი გონებაში. ესენი იყვნენ: შალვა ბერიშვილი, ი. სალუქვაძე, პროკოფი ინწკირველი და მელუა. აქვე შეგვხვდა დათიკო ელქუმაიშვილი, ოღონდაც ის წერეთლის ჯგუფს არ ეკუთვნოდა. ამ პირთაგან ყველას ყურადღებას იპყრობდა შალვა ბერიშვილი, რომელიც მუდამ ჩემოდნით დაიარებოდა და ხშირად ცდილობდა განმარტოებას და არცთუ უმიზეზოდ, როგორც შემდგომ გამოირკვა". ზემოთ მოყვანილ ამონარიდში განსაკუთრებით საინტერესოა ნოე რამიშვილის დისშვილის, შალვა ბერიშვილის პიროვნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1993 წელს გაზეთ “თბილისში” დაბეჭდილ მოგონებებში - “შეულამაზებელი ფურცლები”, შ. ბერიშვილი ამბობს, რომ 1924 წლის აჯანყების წინააღმდეგი კი იყო, მაგრამ უნდა დამორჩილებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. შ. ბერიშვილი წერს, რომ მტკიცედ იყო დარწმუნებული აჯანყების დამარცხებაში და ამიტომ წინასწარ მოემზადა საზღვარგარეთ გასაქცევად. ირკვევა, რომ ის კარგად იცნობდა გიორგი წერეთელს. შალვა ბერიშვილი ჭიათურაში აჯანყების დაწყების თარიღის საკითხს ამგვარად აღწერს (ავტორის სტილი უცვლელია – ბ. ა.): “გიორგი წერეთელი იმ დროს თბილისში ყოფილა და მან შეცდომით ჩამოიტანა აჯანყების დრო. მან გვითხრა 28 აგვისტოს გამთენიისას, თურმე კი ყოფილა მეორე დღე - 29 აგვისტო... ეს ერთი დღით ადრე გამოსვლა სასარგებებლო გამოდგა ჩვენთვის. საყვედურიც არავის უთქვამს, თვითონ იმ გიორგიმ არც კი იცოდა, თუ როგორ მოუვიდა ეს შეცდომა”. საინტერესოა, რა იყო აჯანყების ადრე დაწყების სარგებელი? შალვა ბერიშვილს მიაჩნდა, რომ ჭიათურაში გამოსვლების ერთი დღით ადრე დაწყებამ გააფრთხილა ხელისუფლება და მათ მიიღეს სათანადო ზომები, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა...”, - განაგრძობს გამოცემა.

“1915 წლის თებერვალში გერმანიამ ზღვაზე თავის მთავარ მოწინააღმდეგეებს - ბრიტანეთსა და საფრანგეთს შეუზღუდავი წყალქვეშა ომი გამოუცხადა, რაც ნიშნავდა, რომ წყალქვეშა ნავები სამოქალაქო, უიარაღო გემებს ჰააგის კონვენციების ნორმათა იგნორირებით შეუტევდნენ. წყალქვეშა ომი შავ ზღვაში ატლანტის ოკეანის, ჩრდილოეთისა და ხმელთაშუა ზღვების მასშტაბს ვერ შეედრებოდა. ჯერ კიდევ პირველი ომის დაწყებამდე გერმანიის უმაღლესი საზღვაო სარდლობა შავ ზღვას მეორეხარისხოვან საზღვაო თეატრად თვლიდა და ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა - რუსეთის პორტებს შორის ტვირთზიდვის მცირე მოცულობის გამო მისი მოშლისთვის წყალქვეშა ნავების გამოყენება საჭირო არ იყო. თავის მხრივ, რუსეთის ფლოტის სარდლობა შავ ზღვაში გერმანული წყალქვეშა ნავების შემოსვლას მოსალოდნელად არ თვლიდა, რადგან დარდანელის სრუტის მისასვლელებს 1915 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან ინგლის-საფრანგეთის ფლოტი ბლოკავდა”, - წერს “ჟურნალი” არსენალი” სტატიაში, სათაურით ვის ძირავდნენ გერმანული წყალქვეშა ნავები ქართულ სანაპიროსთან.

“1915 წლის ზაფხულიდან, როცა შავ ზღვაში ინიციატივა რუსეთის ხელში გადავიდა, გერმანიის საზღვაო სარდლობა იძულებული გახდა, შავ ზღვაში წყალქვეშა ნავების გამოყენების საკითხს მიჰბრუნებოდა. ამ იდეას მხარს უჭერდა გერმანია-თურქეთის ფლოტის სარდალი, ვიცე-ადმირალი ვილჰელმ სუშონი. შექმნილ სიტუაციას ის რეალურად აფასებდა და კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ წყალზედა ხომალდებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის აქტიურობას ვერ შეაჩერებდა. გერმანიაში, ბრემენის ერთ-ერთ ვერფზე, 1915 წლის ადრიან გაზაფხულზე UB I სერიის პატარა წყალქვეშა ნავ UB-8-ის აგება დასრულდა, მაგრამ საბრძოლველად გამზადებული ხომალდი ისევ დაშალეს, რკინიგზის პლატფორმებზე დატვირთეს და ბერლინის მოკავშირე ავსტრია-უნგრეთის დასახმარებლად ადრიატიკის ზღვაში, პორტ პოლაში გაგზავნეს. ხელმეორედ აწყობისა და საცდელი ცურვის შემდეგ UB-8 მწყობრში ჩადგა და ერთთვიანი ხიფათით აღსავსე ცურვა კონსტანტინოპოლში დაასრულა. იგივე გზა ბრემენიდან კონსტანტინოპოლამდე იმავე სერიის UB-7-მა გამოიარა და უფროსმა ლეიტენანტმა ერნსტ ფონ ფოიგტმა ხომალდი დარდანელის სრუტეში შეიყვანა. 1915 წელს გერმანიიდან შავ ზღვაში გაიგზავნა კიდევ სამი პატარა წყალქვეშა ნავი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შავ ზღვაში პირველი საზღვაო ლაშქრობა UB-7-მა 1915 წლის 22 ივნისს დუნაის შესართავიდან დაიწყო, ოდესა-სევასტოპოლისკენ გააგრძელა და ლაზეთის სანაპიროზე, ზონგულდაქთან დაასრულა, სადაც გერმანელმა მეზღვაურებმა რუსული ხომალდების მიერ პორტის დაბომბვა ვერ აღკვეთეს. სექტემბერში ყირიმთან UB-8 ოპერირებდა და გერმანელმა მეზღვაურებმა ტყვიამფრქვევის ცეცხლით, ფეთქებადი მუხტებით რუსების ოთხი პატარა შხუნა ჩაძირეს. რადგან რუსეთის პორტებს შორის საზღვაო მიმოსვლა უმნიშვნელო ხასიათის იყო, მიზნის მოლოდინში წყალქვეშა ნავი პორტთან ცოტა ხანს რჩებოდა, მერე კი სხვა პორტისკენ მიცურავდა. ამგვარ იძულებით ტაქტიკას რუსული სატრანსპორტო გემების განრიგის შესახებ ინფორმაციის სიმცირე იწვევდა. საქმე იქამდე მივიდა, გერმანელმა მეზღვაურებმა რუსული გაზეთებიდან მოპოვებულ მონაცემთა გამოყენება დაიწყეს...”, - განაგრძობს გამოცემა.

“აფხაზეთიდან დევნილი ციცანა შელია დიღმის მასივში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს - ერთ პატარა ოთახში პატარა სამზარეულოთი, მაგრამ მისთვის ესეც კმარა. მთავარია კედლები და თავზე ჭერი, რომ შვილს ფიქრებში განუწყვეტლად ესაუბროს... 1974 წლის 16 ოქტომბერს სოხუმთან ახლოს, სოფელ იაშთხვაში, დაიბადა ჩვენი ქვეყნის მომავალი გმირი მაცი ქირია. წლინახევრის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ობლობაში გაზარდა დედამ... დედის გეგმები აფხაზეთის ომმა თავდაყირა დააყენა - 18 წლის მაციმ ჯერ ჯარში, შემდეგ კი ომში წასვლა გადაწყვიტა. ციცანა შელია გვიყვება: “ჩვენს სოფელში, ძირითადად, ეთნიკური სომხები ცხოვრობდნენ. გზად რომელიმე მეზობელს თუ წამოეწეოდა, ტვირთს ჩამოართმევდა და ჭიშკრამდე მიუტანდა. ამიტომაც იყო, როცა ჩემი შვილი დაიჭრა, ჩვენმა სომეხმა მეზობლებმა შემოგვთავაზეს, მილიონ მანეთს შევაგროვებთ, ოღონდაც ბავშვი სადმე წაიყვანეთ და გადაარჩინეთო, მაგრამ ისე მძიმედ იყო დაჭრილი, მისი გადაადგილებაც არ შეიძლებოდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით დედისერთა აფხაზეთის ომში / “ოთხი წლის შემდეგ ისევ აფხაზების დახმარებით ჩავედი აფხაზეთში”.

“ჭურვის ნამსხვრევი თავში ჰქონდა მოხვედრილი. უთქვამს, დედას არ უთხრათო. ცხრა დღე იწვა საავადმყოფოში. სანამ სული ამოუვიდოდა, გრძნობაზე მოვიდა. დედაო, დამიძახა, ხელი ხელზე მომიჭირა და უკანასკნელად ამოისუნთქა. იმის მერე აღარაფერი მახსოვს... დაკრძალვის დღეს ამხანაგებმა ჩარჩოში ჩასმული მაცის დიდი პორტრეტი მოიტანეს და კუთხეში დავდგით. სოხუმის დაცემის შემდეგ, როცა მოსახლეობის წმენდას ატარებდნენ, ჩვენს სახლშიც შემოვიდნენ და სურათი დაცხრილეს. ჩემს სახლში ქართველ მეომრებს შტაბი ჰქონდათ. სოხუმი რომ დაეცა, ჩვენმა ბიჭებმა იქაურობა დატოვეს. სამხედრო მანქანით მომადგნენ აფხაზები. მითხრეს, თუ გვეტყვი, ქართველები სად არიან, ცოცხალს დაგტოვებთო. ყველანი წავიდნენ-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ სარდაფში გაგვიძეხი, თუ იქ ქართველი ვნახეთ, შენც დაგხვრეტთ და იმათაც, თუ არადა, სამეგრელომდე გზა ხსნილი გაქვსო. ერთმა იარაღი მომადო და წინო, დამიყვირა. ჩავიყვანე სარდაფში. იქ ვერავინ ნახეს. ამის შემდეგ დაგვიწერეს წერილი სამ ეგზემპლარად - ჩემთვის, ჩემი რძლისა და დედამთილისთვის. წერდნენ, რომ ჩვენთვის ხელი არავის ეხლო და პირიქით, გაყვანაში დაგვხმარებოდნენ. როგორც გვითხრეს, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ჩვენთან მოსვლამდე იქაურ სომხებში გავუკითხივართ და თურმე ყველამ გვაქო”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ციცანა შელია.

“სარდაფის ჩხრეკისას ჩემი შვილის ქურთუკში ლექსი იპოვეს. ერთმა აფხაზმა ქურთუკი იღლიაში ამოიჩარა, ფურცელი მე მომაწოდა, შენი შვილის ნაწერია და გამოგადგებაო. ამ ჯგუფისთვის უთქვამთ მეზობლებს მაციზე, დაბომბვისას დაიღუპაო. დაუმალავთ, რომ იბრძოდა. ამათი გასვლა და ჩემი სომეხი მეზობლების მოსვლა ერთი იყო - აქ არ დაგტოვებთო და წაგვიყვანეს. შვიდი მეტრის სიღრმესა და ხუთი მეტრის სიგანეზე მიწა ჰქონდათ გათხრილი, სადაც 31 კაცი დაგვმალეს, მათ შორის - ორი აფხაზიც, ვინც ქართველებს ეხმარებოდა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“1902 წელს შექმნილი 9X19 მმ კალიბრის პისტოლეტის ვაზნა, რომელსაც “პარაბელუმს” და “ლუგერსაც” უწოდებენ, ერთ საუკუნეზე მეტია, მსოფლიოში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს. მას კონკურენცია ვერ გაუწია ვერც ამერიკულმა 45 კალიბრის და ვერც საბჭოთა 9 მმ-იანი “მაკაროვის” პისტოლეტის ვაზნებმა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით გასამდა! “უცნაური” კალიბრის “რუგერი” / ბოლო შანსი, რომ იშვიათი კალიბრის ამ პისტოლეტის ვაზნამ “პარაბელუმი” ოდნავ მაინც “ჩააჩოჩოს”...

“1985 წლიდან ამერიკულმა არმიამ 45-კალიბრიანი “კოლტები” “პარაბელუმის” ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტებით შეცვალა და “მაკაროვის” შემცვლელი ახალი პისტოლეტების მჭიდებში რუსეთიც “პარაბელუმის” ვაზნებს ითვალისწინებს. ასეთი ერთპიროვნული ლიდერობის მიუხედავად, ცნობილმა ბელგიურმა საიარაღო კონცერნმა Fabrique Nationale-მა (FN) გაბედა და იარაღის მსოფლიო ბაზარზე ახალი კალიბრის პისტოლეტის ვაზნა, მის გამოყენებაზე გათვლილი პისტოლეტი და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოიტანა. ეს არის 5,7X28 FN ტიპის ვაზნა, ახალ პისტოლეტ Five-seveN-ისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ P90-ის მჭიდეებში, რომელიც მართლაც დიდ სიახლედ იქცა მეოცე საუკუნის ბოლოსთვის, რადგან ახალი ვაზნის ტყვიის დიდი საწყისი სიჩქარე, შემცირებული უკუცემის ძალა და სროლის გაზრდილი მანძილი მნიშვნელოვნად განასხვავებდა მას “პარაბელუმის” ვაზნისგან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად ასეთი სიახლეებისა, განვლილმა ოცმა წელმა დაგვანახვა, რომ ახალ ვაზნაზე გათვლილი ბელგიური იარაღი, განსაკუთრებით კი - ორიგინალური დიზაინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი P90, მართალია, არაერთი მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის მუდმივ ატრიბუტად იქცა, მაგრამ იარაღის მაღაზიებში ლიდერობა ვერ მოიპოვა. და აი, ორი ათეული წლის თავზე არანაკლებ ცნობილმა ამერიკულმა საიარაღო კომპანია “რუგერმა” ამავე – 5,7X28 FN კალიბრის ვაზნაზე გათვლილი ახალი პისტოლეტი Ruger-57 შესთავაზა იარაღის მოყვარულებს...”, - განაგრძობს გამოცემა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით