ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “გახარიას გეგმაში მე დადებითად ვაფასებ ეროვნულ წარმოებაზე ორიენტაციას...”

რა ხდება მუშევანში - “უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან, მიდით, ტესტი გაიკეთეთო...”

ბადრი ჯაფარიძე - “ხელისუფლების ნაბიჯები ერთი ერთში ემთხვევა წინასაარჩევნო გრაფიკს”

კრემლის აღიარება - რუსეთში გარდაცვლილთა მესამედი კორონავირუსის სტატისტიკაში არ შეჰყავდათ

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას მოუწევს თეთრი ცხენიდან ჩამოსვლა”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “გახარიას გეგმაში მე დადებითად ვაფასებ ეროვნულ წარმოებაზე ორიენტაციას...”

“გახარია არ არის გამორჩეული ორატორი და, ალბათ, არც მოსამზადებლად ექნებოდა დიდი დრო, რადგან მას ახლა ბევრი საქმის კეთება უწევს. ახლაც ხდება ის, რაც ტრადიციულად ხდება ხოლმე საქართველოში - ყველაფერი ერთი ადამიანის კისერზე გადადის. ოპოზიციას მუდამ აქვს განწყობა, რომ რასაც ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი ცუდია, ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ რასაც ოპოზიცია ამბობს და აკეთებს, მიუღებელია... ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებისთვის საზიანოა და განხეთქილების წარმოშობას უწყობს ხელს“, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ გაიმარჯვა გახარიასა და ოპოზიციის ორრაუნდიან დაპირისპირებაში?! / “არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, უპირობოდ, დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებდა “ქართული ოცნება”, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო, რომ ოპოზიციამ ეს ვითარება შეცვალოს”.

“საქმიან დისკუსიასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ წვრილმან კინკლაობასთან - ხელისუფლება ოპოზიციას მუდმივად აყვედრის 9-წლიან მმართველობას, ოპოზიცია კი ხშირად მეათეხარისხოვან საკითხებს აყენებს წინა პლანზე. ქვეყანაში ძალიან ბევრი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა და მოსახლეობის ინტერესის საგანი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაა. ვინმეს სჯერა, რომ ამომრჩეველი იჯდა და უსმენდა ამ პოლემიკას? მოსახლეობა ახლა სულ სხვა ინტერესებით ცხოვრობს და კარგი იქნება, თუ, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსები ამას დაინახავენ... გახარიას დამსახურება არის ის, რომ მან, ყველა სხვა ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, უპირობოდ დაუჭირა მხარი პროფესიონალებს და მათი მითითებებით იმოქმედა. რომ არა ეს პროფესიონალები და ლუგარის ლაბორატორია, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა. პანდემიის პირველ ტალღას კარგად დავხვდით. ვნახოთ, იქნება თუ არა მეორე ტალღა. მე, ცოტა არ იყოს, მაფიქრებს, უცხოელებისთვის ტურისტული სეზონის გახსნა... რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად წარმოდგენილ გეგმას, ამ ყველაფერში მე დადებითად ვაფასებ ზოგად სტრატეგიას - ეროვნულ წარმოებაზე ორიენტაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“არაერთხელ მითქვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება; არაერთხელ მომიყვანია თურქეთის მაგალითიც - ამ ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მრეწველობა შესაშურად განავითარა, ჩვენ კი ეს 20 წელი დავკარგეთ, რადგან იოლი გზით გადავწყვიტეთ სიარული - გავხდით იმპორტზე დამოკიდებული. “იყიდე, გაყიდე, ჩაიდე ფული ჯიბეში” - ეს გახდა ქართული ბიზნესის კრედო, არადა, თუ მოვინდომებთ და ამას სახელმწიფოც ხელს შეუწყობს, თურმე შეგვძლებია საქმის კეთება -უმოკლეს დროში შევძელით და პირბადეებისა და დამცავი სამედიცინო საშუალებების ექსპორტი დავიწყეთ. ერთი სიტყვით, ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. ძალიან კარგი ინიციატივა იყო “აწარმოე საქართველოში”, მაგრამ მის ფარგლებში უფრო პატარ-პატარა პროექტებს ეხმარებოდნენ, ახლა საჭიროა ქვეყანაში მრეწველობა აღორძინდეს, ამისთვის კი აუცილებელია ბევრი მიმართულების განვითარება. არ შეიძლება ადგილობრივი წარმოების განვითარება მხოლოდ შემოტანილ რესურსებზე დაყრდნობით, ადგილობრივი დარგებია განსავითარებელი. ბოლოს და ბოლოს, მაღაზიაში რომ შეხვიდეთ, ქართული წარმოების ერთჯერად თეფშს ვერ ნახავთ...”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ვიდრე ჩვენ არ მივხვდებით, რომ ამ საქმის ხელშეწყობაა საჭირო, მანამდე არაფერი იქნება. დღეს უკვე გვესმის ამაზე ლაპარაკი, გვაქვს ხელისუფლების ხელშეწყობის რამდენიმე მაგალითიც, მაგრამ მეტია საჭირო და ეს უნდა გაგრძელდეს პანდემიის შემდეგაც... მრეწველობის განსავითარებლად აუცილებელია: პირველი - სახელმწიფოს ხელშეწყობა, მეორე - იაფი ფული და აგიხსნით, რა მაქვს მხედველობაში. მაგალითად, ქვეყანაში ჩამოდის უცხოელი ინვესტორი და ამბობს, რომ ამა თუ იმ დარგის განვითარებაში დებს 100 მილიონ დოლარს. თქვენ გგონიათ, ამ ფულს საკუთარი საბრუნავი საშუალებიდან აიღებს? არა! ის წავა ბანკში, აიღებს იაფ კრედიტს 30 წლით და განახორციელებს ინვესტიციას, ჩვენ კი ასეთ ფულზე ხელი არ მიგვიწვდება, არადა, ეს რომ შეგვეძლოს, ბევრ რამეს თვითონ გავაკეთებდით და ინვესტორები უცხოეთში არ გვეყოლებოდა საძებნი... პრობლემაა, მაგალითად, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობაც, რომელშიც თანამედროვე ინსტრუმენტები არ არის გათვალისწინებული; ასევე - საბითუმო, კაპიტალური ბაზრის არარსებობა, რაც ასევე განსავითარებელია”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“სამშენებლო ბიზნესი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის გაჩერებაც არაერთი სხვა დარგის გაჩერებას გამოიწვევს და მისი ხელშეწყობაც ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ. ასევე უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და დასრულება. რაც შეხება კორუფციის საფრთხეს, ასეთი საფრთხე ყველგან და ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. აქ საჭიროა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების სიფხიზლე და კონტროლი. სამშენებლო მიმართულება კარგია, მაგრამ ვიმეორებ - უმნიშვნელოვანესია მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა. არ არის საკმარისი, რომ საქართველოში “ლაზიკა” და “დიდგორი” ეწყობა და უახლოეს მომავალში ელექტრომობილების წარმოებას ვიწყებთ. არ შეიძლება ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, სოფლის მეურნეობისთვის ტრაქტორებს ჩინეთში ყიდულობდეს. ლოზუნგი “აწარმოე საქართველოში” კარგია, მაგრამ ამ ლოზუნგს არ ახლავს გამართული სტრატეგია. ასე მგონია, მთავრობას არ ჰყავს მცოდნე ხალხი, რომლებიც არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ, არამედ მიკროეკონომიკურ დონეზეც მოახერხებენ სტრატეგიის დაგეგმვას. ჩემი აზრით, მთავრობის ეკონომიკური მრჩევლები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ...”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, უპირობოდ, დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებდა “ქართული ოცნება”, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო, რომ ოპოზიციამ ეს ვითარება შეცვალოს, თუმცა ჩვენს ოპოზიციაში ამ შესაძლებლობას, ვერ ვხედავ. არა და არ გამოჩნდა მესამე ძალა, რომელსაც წარმატების მიღწევის მეტი შანსი ექნებოდა. ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა მამუკა ხაზარაძემ. მან შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა გადაწყვიტა ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირება და დაიწყო “ქართული ოცნების” ლანძღვა, არადა, მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა პოზიტიური დღის წესრიგის შესაქმნელად; ელაპარაკა იმაზე, რის გაკეთებას აპირებდა და როგორ... იმედი მაქვს, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და რამდენიმე პატარა პარტიაც მოხვდება პარლამენტში. იქნებ მოხერხდეს და კოალიციური მთავრობაც შეიქმნას. ეს იქნებოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი... გარდა ამისა, უკვე მოსაბეზრებელია პოლიტიკაში - “ქართულ ოცნებაშიც” და ოპოზიციაშიც - ერთი და იმავე, გაცვეთილი, არაფრის მთქმელი სახეების ყურება. ახალი იდეები, შინაარსი, საინტერესო პოზიცია არსად ჩანს...”, - თვლის ექსპერტი.

“ერთმანეთისთვის გოიმის ძახილი, არა მგონია, წარმატების მომტანი იყოს. კულტურული ადამიანი ამგვარ შეფასებებს არ იყენებს. რადგან თვითონ არ თაკილობენ, მათივე ლექსიკით ვიტყოდი, რომ გოიმს გოიმი მხოლოდ გოიმმა შეიძლება დაუძახოს, ისე კი გოიმებით სავსეა ჩვენი პარლამენტი - ვგულისხმობ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. ასეთი კამათი და დაპირისპირება პარლამენტის პრესტიჟს უსათუოდ დასცემს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რუსეთმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა ლუგარის ლაბორატორიის თემა. რატომ მაინცდამაინც ახლა, როცა პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს?” - პასუხობს:

“სწორედ იმიტომ, რომ ამ პრობლემების გადაფარვა უნდათ. ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება საკუთარი უსუსურობიდან სხვა თემებზე გადაიტანონ. რუსეთის განცხადებები ცინიკური და პოპულისტურია... ჩემი აზრით, რუსეთს ახლა სამხედრო აგრესიისა და ომისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვს. მეტიც - თუ ცნობილ ამერიკელ თუ რუს პოლიტოლოგებს დავუჯერებთ, რუსეთის შეუქცევადი დაშლა უკვე დაწყებულია, რასაც მარტო თქვენ კი არა, მეც მოვესწრები...”

რა ხდება მუშევანში - “უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან, მიდით, ტესტი გაიკეთეთო...”

“ზოგიერთი ტესტის აღებას ემალებოდა, ზოგიერთი არ მოვიდა და ახლა ძალიან ბევრს ავუღეთ. ახლა ერთმანეთში ჩხუბი აქვთ - რატომ არ მიდიხარ, შენი გულისთვის ჩაკეტილები ვართ და ვერსად ვერ გავდივართო. ახლა იძულებული არიან, რომ ყველა მოვიდნენ”, - ასე აღწერს “რეზონანსთან” საუბრისას ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში შექმნილ ვითარებას სოფლის რწმუნებული რობიზონ სელიმაშვილი. 31 მაისის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 18 შემთხვევა სწორედ ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანს უკავშირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ხდება სოფელში, რომელიც დღეს “აფეთქდა” - უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან, მიდით, ტესტი გაიკეთეთო...

“მუშევანის რწმუნებული ამბობს, რომ სოფელში ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას თავს არიდებდა, რამაც, მისი თქმით, სოფლის იზოლაცია გაახანგრძლივა და თავად სოფლის მოსახლეობის გაბრაზებაც გამოიწვია. “დაფიქსირებული შემთხვევების ყველას ვინაობა და სახელი გვარი არ ვიცი, მაგრამ ამის გარდა წუხელ წავიყვანეთ 14 და ახლა კიდევ სამია წასაყვანი. ექიმების მოსვლას ველოდები. 17 იყო და შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ კიდევ ერთი დაემატაო. ინფიცირების წყარო ვინ იყო არ ვიცი, ეს ჩვენმა ჯანდაცვის სფერომ იცის. მე უბრალოდ სოფელში სად ვინ ცხოვრობს, იმათ ბინებს ვაჩვენებ. ექიმები თვითონ შედიან ხოლმე და თვითონ უყურებენ სიტუაციას. შემთხვევების მატების გამო ხალხში პანიკა არაა, პირიქით - თვითონვე მოდიან და ესინჯებიან და უნდათ, რომ ყველა გაესინჯოს. ადრე ცოტა ერიდებოდათ და ეშინოდათ, მაგრამ ახლა უკვე თავისით მოდიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რობიზონ სელიმაშვილი.

“რეკომენდაციებს და ჰიგიენის ნორმებს სოფელში უმეტესობა იცავს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყველა ოჯახი ვერ იცავს - მათ ცხვარი ჰყავთ, ძროხა ჰყავთ, შედიან მათ სადგომში, გამოდიან... მათ როგორ უნდა დაიცვან - დადიან მინდორში, ყანაში. სოფელში ეპიდემიის დაწყებიდან ე.წ. ბირჟები და შეკრებები იყო, მაგრამ ახლა ასეთი რაღაცეები მოისპო, აღარაა. ოჯახებში, ერთმანეთში მისვლა-მოსვლაც აკრძალეს. თვითონაც მიხვდნენ უკვე, რომ არ შეიძლება. ამაზე რამდენი ელაპარაკეს, რომ უკვე გაიგეს ყველაფერი და ძალიან ფრთხილობენ. ზოგიერთი ტესტის აღებას ემალებოდა, ზოგიერთი არ მოვიდა და ახლა ძალიან ბევრს ავუღეთ. ახლა ერთმანეთში ჩხუბი აქვთ - რატომ არ მიდიხარ, შენი გულისთვის ჩაკეტილები ვართ და ვერსად ვერ გავდივართო. ახლა იძულებულები არიან, რომ ყველა მოვიდნენ. ჯერ გუშინ ღამე რომ წავიყვანეთ 14 ადამიანი, ლამის ერთიმეორეში იჩხუბეს - რომ რატომ არ მოდიხართ, რომ ეს ყველაფერი მორჩესო. თვითონვე აგვარებენ უკვე, თვითონვე იციან უკვე ვინ სად ცხოვრობს, ვინ აიღო ტესტი და ვინ - არა”, - დასძენს რწმუნებული და შეკითხვაზე - “იყო თუ არა 18 შემთხვევის გამოვლენა მასობრივი ტესტირებების შედეგი?” - პასუხობს:

„დიახ. აბა, ისე ვინ რა იცის, ვინ როგორ იყო”.

ბადრი ჯაფარიძე - “ხელისუფლების ნაბიჯები ერთი ერთში ემთხვევა წინასაარჩევნო გრაფიკს”

“პრემიერი ვერაფერს გვეუბნება რეალურად გატარებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე. ლაპარაკობს ვითარებაზე, რომელსაც ჩვენმა მედიკოსებმა შესანიშნავად გაართვეს თავი. გახარია ცდილობს მათი წარმატება საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს. უპასუხისმგებლობად მიმაჩნია ისიც, რომ ისეთ კრიზისულ პერიოდში როგორშიც ახლა ვართ, პრემიერი არ ცდილობს მაკონსოლიდირებელი ფუნქცია შეასრულოს პოლიტიკურ ძალებს შორის. პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სურს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გაამძაფროს“, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლების ნაბიჯები ერთი ერთში ემთხვევა წინასაარჩევნო გრაფიკს” / “ახლა საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას”

“ჩემი აზრით, არის კითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დასმულიყო და პასუხებიც მოგვესმინა. ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ხელისუფლება კრიზისის მართვის ცოდნას და უნარებს ვერ ფლობს. მაშინაც კი, როდესაც კრიზისი არ იყო, მმართველი გუნდის “დამსახურებით” 2019 წელს რეიტინგებში, რომლებიც ეკონომიკის მდგრადობას ეხებოდა, ბოლო ადგილზე გავედით. ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბა სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპმა. მე არც ველოდი, რომ ასეთი “მიღწევების” მქონე ხელისუფლება კრიზისულ ვითარებას გაართმევდა თავს. ახლა საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას. აპრილში ყველაფერი გაჩერდა და შესაბამისად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ეკონომიკა 16%-ით შემცირდა. ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო, პრობლემა ის არის, რომ არ დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ამ დარტყმის მაქსიმალურად შესარბილებლად, რათა სწრაფად დაწყებულიყო ეკონომიკური სტიმულირება. სამწუხაროდ, ხელისუფლების ნაბიჯები ფრაგმენტულია, ერთი ერთში ემთხვევა წინასაარჩევნო გრაფიკს და არაფერი აქვს საერთო ეკონომიკის გაჯანსაღებასთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ოცნება" არ არის მაკონსოლიდირებელი ძალა, მას არ სურს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას ოპოზიციასთან ერთად გაუმკლავდეს. გაბედულება არა აქვთ, რომ თქვან, ახლა სიძულვილის დრო არ არის და საქმე ერთად გავაკეთოთო. სინამდვილეში ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი მათ გაიზიარეს, - ვგულისხმობ სახელმწიფო გარანტიების მექანიზმებს. თუმცა განცდა დამრჩა, რომ არ იციან, როგორ მუშაობს სახელმწიფო გარანტიის მექანიზმი. ამიტომ დამახინჯებული ფორმით გადაიღეს... ხელისუფლებაში ბიზნესის სექტორების მთლიანად სისტემურ გაჯანსაღებაზე კი არ ფიქრობენ, რიგ კომპანიებს მიანიჭებენ უპირატესობას. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შემდგომ “ოცნების” დონორებად და შემომწირველებად გვევლინებიან - ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რას უპირისპირებთ ამ მოცემულობას?” - პასუხობს:

“ჩვენ მხარდამჭერების იმედი გვაქვს, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი, რომ გვინდა ვიყოთ ალტერნატივა, რომელიც ჯადოსნურ წრეს გაარღვევს და მოქალაქეებს ორი პოლუსის გარდა, ახალი ძალის არჩევის საშუალება მიეცემათ. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოლიტიკურ ძალებთან, პირებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მსოფლმხედველობას. ეს ერთობა არ ერთიანდება სიძულვილის მოტივით, ჩვენ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ვიკრიბებით. იმ პირების ვინაობას, ვისთანაც კონსულტაციები გვაქვს, მათი თანხმობის გარეშე ვერ გაგიმჟღავნებთ, ცოტა დრო მოგვეცით და ყველაფერს გაგიმხელთ”.

კრემლის აღიარება - რუსეთში გარდაცვლილთა მესამედი კორონავირუსის სტატისტიკაში არ შეჰყავდათ

“რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დათვლის წესი შეცვალეს, რის შედეგადაც ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით მესამედით გაიზარდა. ამას გარდა გაირკვა, რომ ქვეყანაში გარდაცვალების 1 138 ისეთი შემთხვევაა აღრიცხული, როდესაც პაციენტებს კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა ისინი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო სტატისტიკაში არ შეიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კრემლის აღიარება - რუსეთში გარდაცვლილთა მესამედი კორონავირუსის სტატისტიკაში არ შეჰყავდათ.

“რუსეთში ეპიდემიის დროს გარდაცვლილებს სამ ჯგუფად ყოფენ: ადამიანები, ვისაც ოფიციალურად დადასტურებული ჰქონდათ კოვიდ-19 და ამის შედეგად გარდაიცვალნენ; ადამიანები, რომელთაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი და რომელიმე სხვა დაავადების ან პათოლიგიის გამო გარდაიცვალნენ; და ისინი, ვისაც კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდათ, თუმცა სხვა გართულების გამო გარდაიცვალნენ. ბოლო დრომდე კორონავირუსის სტატისტიკის შედგენისას რუსეთში მხოლოდ პირველი ჯგუფის ავადმყოფებს ითვალისწინებდნენ. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, აპრილში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 1 675 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, მათგან გარდაცვალების მიზეზად უშუალოდ კორონავირუსი მხოლოდ 1 136 შემთხვევაში დასახელდა და შესაბამისად, ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ეს რაოდენობა შეიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მესამე ჯგუფს გარდაცვალების განსხვავებული მიზეზი ჰქონდა - დაავადებები, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში აწუხებდა ადამიანს, თუმცა კორონავირუსზე ტესტირებისას პასუხი დადებითი იყო. ამ ჯგუფში 1138 ადამიანია, თუმცა ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19 არ არის. მიზეზი განსხვავებულია, შესაძლოა, მაგალითად, გულის შეტევა იყოს. ცხედრების პათოლოგანატომიური გაკვეთა გრძელდება”, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 374 ადამიანი შეადგინა. 28 მაისიდან კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს რუსეთში უკვე სხვაგვარად ითვლიან და ამ სტატისტიკაში ყველა ის გარდაცვლილი შეჰყავთ, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად, გარდაცვლილთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ნახტომისებურად მოიმატა: 27 მაისს 174 გარდაცვალება იყო დაფიქსირებული, 28 მაისს კი - 232," - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას მოუწევს თეთრი ცხენიდან ჩამოსვლა”

“კორონაკრიზისისგან მიღებული დარტყმის სიმძიმეს ჩვენ ძალიან მალე ვიგრძნობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ძალიან მტკივნეული იქნება. ვნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენი სოციალური გარემო, რასაც თავისთავად პოლიტიკური ცვლილებაც მოჰყვება. ხელისუფლებას მოუწევს თეთრი ცხენიდან ჩამოსვლა - სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ძალიან მალე უფრო მწვავედ იჩენს თავს და ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ხელისუფლებისთვის პანდემიასთან გამკლავებაზე გაცილებით რთული იქნება პოსტ­პანდემიური პერიოდი”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას მოუწევს თეთრი ცხენიდან ჩამოსვლა” / “აშკარაა, რომ დასავლეთი ხელისუფლებისგან კიდევ რაღაც პირობის შესრულებას ითხოვს”.

“პანდემიის დროს ხალხი ხელისუფლებასთან ერთად იდგა. ხვალ ასე აღარ იქნება, უკვე ჩანს, რომ საზოგადოება ბევრ შეკითხვას დასვამს და პასუხსაც მოითხოვს... ხელისუფლება ამბობს, რომ დაეხმარება მათ, ვინც ხვალ იპოთეკურ სესხს აიღებს. კი მაგრამ, რა დააშავეს იმათ, ვისაც უკვე აღებული აქვს? ასევე საინტერესოა, რა პრინციპით იხელმძღვანელეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ სოფლის მეურნეობის ზოგიერთ სექტორს დახმარებოდნენ და ზოგს არა? საინტერესოა, რას ელიან იმ სექტორებიდან, სადაც შერჩევითად აპირებენ ფულის ჩადებას? ხვალ რომ ეპიდემია ისევ განმეორდეს, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, რას აპირებენ? ისევ 9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად გამოყოფენ თანხას და მერე იტყვიან, ჩვენ კი ვეცადეთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოუმატესო? ასეთი თემები დროთა განმავლობაში უფრო გამწვავდება. თუ ხელისუფლება საზოგადოებას ვერ დაანახებს, რომ ერთი თხილის გული ცხრა ძმას გაუყო, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს, არასტაბილურობისთვის ნოყიერ ნიადაგს შექმნის. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლებას რომ ეუბნებიან, ყველა მოქალაქეს 1000-1000 ლარი დაურიგეთო, ისიც თქვან, საიდან მოიტანონ ეს თანხები. რა თქმა უნდა, ვერ იტყვიან, მაგრამ ხვალ-ზეგ ოპოზიცია მაინც ხელისუფლებაზე გაცილებით მომგებიან პოზიციაში იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოპოზიცია ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული დახმარება სწორედ ხალხს უნდა მოხმარდეს. თუმცა ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ დასავლეთის დახმარება, რომლის ოდენობაც 3 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს, ბიუჯეტში ჯერ არ არის ასახული. ხელისუფლება კი ამბობს, რომ 3,5 მილიარდი დოლარის საქართველოსთვის გამოყოფაზე თანხმობა უკვე გაცემულია, მაგრამ რატომ არ ჩანს დღემდე ეს ფული? ხომ არ არის რაღაც პირობა, რაც თანხის მიღების სანაცვლოდ უნდა შესრულდეს? სამი თვის წინ დაიწყო პანდემია და მხოლოდ ახლა დაიწყეს დახმარებების გაცემა. ისიც, ჯერ მხოლოდ 60 თუ 80 ათასი კაცი დააკმაყოფილეს. ამიტომაც სავსებით ლოგიკურია, რომ კულუარებში ამ საკითხზე ეჭვები ჩნდება. შესაძლოა არის საკითხები, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ჯერ გარკვეული არ არის. თუ 3,5 მილიარდი დოლარის საკითხი უკვე გარკვეულია, მსესხებლებთან თანხის გახარჯვის სქემებიც შეთანხმებულია და არანაირ პირობაზე არ არის საუბარი, მაშინ ბიუჯეტში თანხის ასახვას წინ რა უდგას? არსებული მოცემულობა ცუდ ვარაუდებს აჩენს ხელისუფლების მიმართ. აშკარაა, რომ დასავლეთი ხელისუფლებისგან კიდევ რაღაც პირობის შესრულებას ითხოვს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“შევარდნაძისა და სააკაშვილის გაშვებაში დასავლეთიც მონაწილეობდა და რუსეთიც. თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. შევარდნაძესა და სააკაშვილს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერდა, მათ კი ძალაუფლების დაკარგვა არ სურდათ. ამიტომ ჩაერია როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი. მოვლენების სცენარის განვითარება უმთავრესად მაინც ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუ დღეს ქართველი ხალხის უმრავლესობას “ქართული ოცნება” აღარ უნდა, მაშინ ამ ძალას აუცილებლად მოუწევს წასვლა. თუმცა ვფიქრობ, სასწორის პინა 50/50-ზეა და ჯერ კიდევ საკითხავია, საით გადაიწონება არჩევნებზე. ასე რომ, არა მგონია, “ქართული ოცნება” ძალაუფლების გადაბარებისთვის ემზადებოდეს. თუ ხელისუფლება დახმარებისთვის გამოყოფილ რესურსებს სამართლიანად გადაანაწილებს და ხალხს უსამართლობის განცდას არ გაუჩენს, მაშინ გაიმარჯვებს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მედიცინის მუშაკების სახით “ოცნებაში” ახალი კადრი ვიხილოთ წინასაარჩევნოდ?”, - პასუხობს:

“არა მგონია, ექიმებმა მმართველ გუნდს დაკარგული რეიტინგი აღუდგინონ. ამირან გამყრელიძე უკვე იყო პოლიტიკაში, შევარდნაძის მმართველობის დროს მინისტრის პოსტი ეკავა. პირადად მე არ მივესალმები მათ პოლიტიკაში წასვლას. რატომ? იმიტომ, რომ დავკარგავთ პროფესიონალებს მედიცინაში და მივიღებთ დამჯერ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში. “ქართული ოცნების” ახალი და ძველი სახე მხოლოდ ერთი კაცია - ბიძინა ივანიშვილი. შესაძლოა რამდენიმე ადამიანი ფარდის უკან გაიყვანონ და და ახალი დააყენონ სცენაზე, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის”

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო