ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2020

რამაზ საყვარელიძე - “საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია”

მასობრივი პანდემიური ფსიქოზი - ვინ ავრცელებს მითებს ვაქცინით დაჩიპვაზე და რატომ წვავენ 5G ანტენებს

მამუკა ხაზარაძე - “შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ”

სად აპირებენ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გადასროლას

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია”

“საკადრო პოლიტიკა დღემდე “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია. მგონი, ერთადერთი გამონაკლისი გახარიაა. ის, რომ საკადრო პოლიტიკა სუსტი წერტილია, ეს ივანიშვილისგანაც არაერთხელ მოგვისმენია. სად შეიძლება მოძებნონ ახალი კადრები? ვფიქრობ, რეგიონებში არის ამის პოტენციალი და კარგი იქნება, თუ მეტ ასპარეზს მისცემენ წარმატებულ რეგიონულ ფიგურებს, ვისაც ხალხთან ლაპარაკი მათთვის გასაგები ენით შეუძლია”, - აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საკადრო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ყველაზე სუსტი წერტილია” / “საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა” და მას მიმატებული სხვა ოპოზიციური ძალებიც. ამიტომაც მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ / “კრემლს, როგორც ჩანს, მოსახლეობის ყურადღების რაღაც სხვა საფრთხეზე გადატანა სურს და ასეთად დასახა ლუგარის ლაბორატორია”.

“ქართული ოცნებისთვის” აქილევსის ქუსლად იქცა დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი, რომელთა შენარჩუნებასაც ეს პოლიტიკური ძალა დიდწილად ვერ ახერხებს. არადა, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა იყოს მისაღები მათი სია, მას დიდი ინტერესით დააკვირდებიან დასავლეთიდანაც. დღესდღეობით პარლამენტში დასავლეთთან მოლაპარაკე ორიოდე დეპუტატი თუ შერჩა “ოცნებას”, რაც პრობლემაა. შესაბამისად, სიის შედგენისას მოუწევთ ამაზე დაფიქრება. ახალი სახეების­ საზოგადოებისთვის გასაცნობად, მით უფრო, თუ სექტემბრამდე არ აპირებენ სიის გახმაურებას, ძალიან ცოტა დრო ექნებათ და ესეც უნდა გაითვალისწინონ... გახარიას, როგორც პრემიერს, თავისი გუნდი არა ჰყავს - მიღებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს თავისი კვოტა სიაში. არ ვიცი, თავად გახარია რამდენად მოიკლავს თავს, რომ ეს კვოტა დიდი იყოს. მას მთავრობის გადახალისებაც არ უცდია საკუთარი ინტერესებით. რაც შეეხება კალაძეს, მას ნამდვილად აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი ხალხი პარლამენტში. ვნახოთ, იმედია, ეს კვოტების ჭიდილი მათთვის მშვიდობიანად დასრულდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, რისთვის აპირებს ეს ერთობა ბრძოლას? მათი განცხადებების თანახმად, ერთმანეთთან თანამშრომლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოიშორონ. არ უთქვამთ, ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ უკეთესი ეკონომიკა გვქონდეს, უფრო მეტი ჯანმრთელი მოქალაქე გვყავდეს, უცხოეთთან უკეთესად დავალაგოთ ურთიერთობაო და ა.შ. მხოლოდ ერთი კაცის მოშორება აქვთ მიზნად. ხანდახან ეს მიდგომა ამართლებს... ამათ არანაირი პოზიტიური ლოზუნგი არა აქვთ, თანაც დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა - ჯერ ერთი, ეს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ხელისუფლებასავით მორყეული, მეორეც, საზოგადოების პოლიტიკური გემოვნებაც დაიხვეწა - ვეღარ დაარწმუნებ ხალხს ივანიშვილის გადადგომისთვის შექმნილი ერთიანობის სიკეთეში, როდესაც ამ ერთობის მთავარი მოთამაშე “ნაციონალური მოძრაობაა”, რომლისგანაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საფრთხეს ელის. საზოგადოების ამ განწყობას პოზიტიური დღის წესრიგით უნდა დაუპირისპირდნენ, რაც არ ჩანს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობა” და მას მიმატებული სხვა ოპოზიციური ძალებიც. ამიტომაც მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ. გარდა ამისა, ოპოზიციური ხმები შეთანხმების შემთხვევაშიც კი გაიყოფა, რადგან “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი” დამოუკიდებლად აპირებენ მაჟორიტარების წარდგენას... რას მოუტანდა “ლელოს” ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში ყოფნა? არც არაფერს, რადგან ეს რევანშის ოპოზიციაა. “ლელო” პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს. ვნახოთ, არჩევნებამდე შეძლებენ თუ არა ამ ყველაფრის ამომრჩევლამდე მიტანას და დარწმუნებას. მე მაინც მგონია, რომ “ლელოს” მომავალ პარლამენტში ვიხილავთ... დღევანდელი ვითარებით, “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, განწირულია გამარჯვებისთვის, რადგან მისი ალტერნატივა ქვეყანაში მასზე უარესია. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილებები, რისთვისაც ასე იბრძოდა ოპოზიცია, სავარაუდოდ, ისევ მმართველ ძალაზე იმუშავებს.”, - დაასკვნის პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “რატომ გადაწყვიტა რუსეთმა მორიგი კამპანიის წამოწყება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის...” - პასუხობს:

“რუსეთისთვის დიდი დარტყმაა, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მსხვერპლის მიხედვით მძიმე ვითარებაა რუსეთში, საქართველოში კი, არა. თანაც კრემლს, როგორც ჩანს, მოსახლეობის ყურადღების რაღაც სხვა საფრთხეზე გადატანა სურს და ასეთად დასახა ლუგარის ლაბორატორია. ამასთან, ლუგარზე დარტყმით ცდილობენ აშშ-საც მიაყენონ ზიანი, მაგალითად, ამ ქვეყანას დაუკავშირონ ხელოვნურად შექმნილი ვირუსების საფრთხე და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლაა, რაც კვლავაც გაგრძელდება, ალბათ, თუმცა მეეჭვება ამას უახლოეს მომავალში სერიოზული გართულება მოჰყვეს”.

მასობრივი პანდემიური ფსიქოზი - ვინ ავრცელებს მითებს ვაქცინით დაჩიპვაზე და რატომ წვავენ 5G ანტენებს

“პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც გაჩნდა მითი, რომ 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას იწვევდა, რაც ისედაც პანიკაში მყოფ მოსახლეობას ძალადობისკენ უბიძგებდა, მაგალითად, ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში მოქალაქეებმა 5G ანძები გადაწვეს. სოციალურ ქსელებში მომხმარებლებს ეგზავნებოდათ ვრცელი ტექსტი, სადაც მოსახლეობას 5G -სა და კოვიდ-ის ურთიერთკავშირზე აფრთხილებდა, ტექსტში ასევე დართული იყო, რომ ეს ინფორმაცია სხვებისთვისაც გადაეცათ...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მასობრივი პანდემიური ფსიქოზი - ვინ ავრცელებს მითებს ვაქცინით დაჩიპვაზე და რატომ წვავენ 5G ანტენებს / “ადამიანების დიდი ხნით იზოლაციაში ყოფნამ ხელი შეუწყო შეთქმულების თეორიების გავრცელებას.”

“სოციალურ ქსელში ასევე ვირუსულად გავრცელდა რამდენიმე რუსულენოვანი ვიდეოც, რომელზეც ასახული იყო სხვადასხვა ქვეყანაში ხანძრის ალში გახვეული ანძები, რომელსაც თან ახლდა ტექსტი შინაარსით, რომ ანძებს წვავენ და ანგრევენ მსოფლიოს ქალაქებში, რადგან ისინი კორონავირუსის გავრცელებას იწვევენ. გარდა ამისა, დაიწყეს თუ არა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ფიქრი, უმალვე გავრცელდა ჭორები, რომ ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი კორონავირუსის ჯერ არშექმნილი ვაქცინით მსოფლიოს მოსახლეობის დაჩიპვას და პლანეტის მოსახლეობის შვიდი მილიარდიდან ერთ მილიარდამდე დაყვანას აპირებს. ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ჭორის მექანიზმი ყველა დროში კარგად მუშაობს და სანამ ადამიანი რაღაცის გადაიჯერებს, ჭორი მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას უკვე ახდენს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ მსგავსი უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელების უკან შეთქმულების თეორიების მომხრე ძალები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ადამიანები ყოველთვის იწყებენ რაიმე მოვლენების ახსნას და ეს ძალიან ადამიანურია, ამასთან (კორონავირუსთან) დაკავშირებით უამრავი თეორია და ჭორი არსებობს, იზოლაციამ კი თავისთავად წყალი დაუსხა ამ ტიპის ინფორმაციებს, რადგან ადამიანები სახლში იყვნენ და უფრო მეტ დროს ატარებდნენ ინტერნეტში - ადამიანი კი ნატურაა, რომ უნდა რაღაცის ახსნა და შესაბამისად რაღაცას უნდა დაუკავშიროს, აქ გასაოცარს ვერ ვხედავ. ჭორის მექანიზმის ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებდა და იყენებს, არსებობს უამრავი ჯგუფი, ვისთვისაც მედია იარაღია იმიტომ, რომ ესაა ინფორმაციის გავრცელების წყარო. ესაა ძალიან მარტივი უტყუარი ფსიქოლოგიური კანონი - მაგალითად წინა მთავრობა გააჟღერებდა ხოლმე ყოვლად არამართებულ ჭორს, მაგრამ ეს ჭორი მუშაობდა - სანამ ამის გადაჯერება მოხდება, ამან რაღაცა ემოციური ზეგავლენა ჩემზე უკვე მოახდინა - ამიტომ ამას იარაღად კარგად იყენებენ. რისთვისაც სოციალურ ქსელებს და მედიას იყენებენ, ეს ოდითგან იყო, არის და იქნება, ეს ადამიანის ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელია” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფსიქოლოგი მამულაშვილი.

“5G ტექნოლოგიების წინააღმდეგ ასეთი ქმედებები შეთქმულების თეორიის ვარიანტია, ასევე იყო ნათქვამი, რომ კორონავირუსი თურმე ხელოვნურადაა გავრცელებული, თავისთავად ცხადია ამის უკან დგას რაღაცა ძალა. მე არ მინდა ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ როგორც ჩანს ეს შეთქმულების თეორიის მომხრე ძალები არიან, რომლებიც ფანატიკური ინფორმაციებს გავრცელებით ამას ახორციელებენ. მეორე ვარიანტია ის, რომ არაა გამორიცხული აქ კონკურენციის ვარიანტიც იყოს, 5G ტექნოლოგია ჩინური გამოგონებაა და არაა გამორიცხული, რომ ეს ქმედება ჩინეთის წინააღმდეგაცაა მიმართული - იმის გათვალისწინებით, რომ იგი საკმაოდ ეკონომიკურად მძლავრი სახელმწიფო გახდა. მესამე ვარიანტად არ მინდა წარმოვაჩინო, რომ შესაძლოა ანტიჩინური ძალების გაკეთებული ქმედებაა, მაგრამ ეს საკითხიც შესაძლოა რაღაც დონეზეც განხილულ იქნას. ვინ დგას ამ ძალების უკან, ასე ხელის დადება რთულია. არაა გამორიცხული, რომ ეს შესაძლოა რუსეთის თემაც იყოს და შესაძლოა ისინი ჩინეთს ფარულად ებრძვიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“დღეს სამპოლუსიანი მსოფლიო წესრიგია - ეს უცნაური სისტემაა, სადაც რეალური აქტორები აშშ და ჩინეთია,რუსეთი კი ერთგვარი დანამატია. კი გასაგებია, დიდი სახელმწიფოა და სამხედრო ტექნოლოგიების საკმაოდ მძლავრი ელემენტი და ასევე გეოპოლიტიკური ამბიციები გააჩნია, მაგრამ, ის მაინც სუსტია - ეკონომიკური პოტენციალით ჩინეთთან და ამერიკასთან შედარებლად დაბლა დგას. ვისაც შეთქმულების თეორიების და ფანტაზიების სჯერა ან უნდა რომ დაიჯეროს, ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ვაქცინაციაზეც და ამის საშუალებით დაჩიპვაზეც არის გარკვეული მითები. იმის ახსნა რომ არ შეუძლიათ, თუ კორონავირუსი საიდან წამოვიდა და რა არის, შემდეგ რაღაც ფანტასტიკურ სცენარებს უკავშირებენ. არა მხოლოდ ბილ გეითზე, არამედ სოროსზეც იყო საუბარი - დამოუკიდებელ მილიარდერებს თითქოს უნდათ, რომ ფარულად მართონ მსოფლიო ხალხები, ესაა ფარული მართვის თეორია, რომელიც შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. მე შეთქმულების თეორიების არ მჯერა”, - დასძენს მაისაია.

“მე ეს პოზიცია მაქვს - სხვებს საპირისპირო პოზიცია აქვთ, ყველას თავისი აზრი აქვს. ეს უფრო ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, პანდემიამ უკვე ფსიქოზი მოახდინა, პანდემიის პერიოდში ფსიქოლოგიურ მომენტებს კარგად იყენებენ” - თვლის მაისაია. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მსგავსი პროპაგანდის გავრცელებას ხელს კონკრეტული სახელმწიფოები უწყობენ. “სამწუხაროდ ესეთი ინფორმაციები დასავლეთის რაღაც ნაწილშიც ვრცელდება ხოლმე, ეს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და პოსტ-სოციალისტურ ქვეყებშია პოპულარული, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კონსპირაციული თეორიები საკმაოდ მოდაშია”, - მიიჩნევს კაკაჩია, რომლის აზრით, “სამწუხაროდ, ჩვენც ამ ქვეყნების რიგში შევდივართ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბუნებრივია, რომ ასეთი თეორიების გავრცელება კონკრეტული სახელმწიფოების მიერ ხდება, მრავალი კვლევა არსებობს, რომ ამ პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი ხელს უწყობს, რომ ამითი როგორღაც შექმნას საპირწონე იდეოლოგია, დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგ, ამისი რეალურად აშინებთ განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასეთი ტიპის ინფორმაციებზე საკმაოდ მოწყვლადია - რომელთა შორის რელიგიური თემი და უამრავი სხვა ადამიანია. ამით ბუნებრივია ისინი სარგებლობენ რომლის შემდეგაც პოლიტიკური მიზნებისთვის ამის ინსტრუმენტალიზაცია ხდება. ასეთი რამ ძირითადად ისეთ საზოგადოებაში ჩნდება, სადაც კრიტიკული აზროვნების დაბალი დონეა, ამითი სხვადასხვა ჯგუფები მათ შორის პოლიტიკური ჯგუფებიც სარგებლობენ, კონსერვაციული, რელიგიური თუ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ” - დაასკვნისგამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

მამუკა ხაზარაძე - “შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ”

“ჩვენ დაფუძნების დღიდან ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი ძალა ვართ და დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებზე. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის მოვედით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ორპოლუსიანობა და ქართველ ამომრჩეველს შევუქმნათ ალტერნატივა. ჩვენ ქართულ პოლიტიკურ რუკაზე გავაჩინეთ ახალი ფერი - ყვითელი. ჩვენი მიზანია შევქმნათ ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ახალი თაობის ფორმირებას“, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ” / “ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მოლაპარაკებები, ერთმანეთის სიყვარული და შემდეგ მტრად მოკიდება - ეს კინო ბევრჯერ მინახავს”.

“შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ. იმ დიდ იდეას, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია, ჩვენი კონტრიბუცია თუ დასჭირდება, მზად ვართ. თუმცა ვრჩებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად დამოუკიდებელი საარჩევნო სიებით, სტრატეგიით... ჩემი და ბადრის მიზანი პარლამენტის მანდატი არასდროს ყოფილა. ათი წლის წინაც შეგვეძლო დეპუტატები გავმხდარიყავით, მაგრამ არც გვიფიქრია. პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ვართ, რომ ადამიანი პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის დასაცავად მოვიდეს. როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტეთ, გადავჭერით ყველა ხაზი, რაც ბიზნესთან გვაკავშირებდა. არც ერთი კომპანიის მართვაში აღარ ვერევით. მთელი ჩვენი აქციები ახლა საერთაშორისო ტრანსში გადადის, რათა კავშირი აღარ გვქონდეს ბიზნესთან... ზოგიერთისგან განსხვავებით, ჰაერზე არ ვლაპარაკობთ. უკვე გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება. საკითხავი ის უფროა, ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს რა უნდათ პოლიტიკაში? ქვეყანა ძილში რაც შეიძლება დიდხანს უნდა ამყოფონ?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მოლაპარაკებები, ერთმანეთის სიყვარული და შემდეგ მტრად მოკიდება - ეს კინო ბევრჯერ მინახავს. 30 წელია ამას ვუყურებ. ჩვენ აღარ გვინდა ერთ წრეზე სიარული. არავის გულის მოგებას არ ვაპირებთ. ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც სამართლიან პოლიტიკურ გარემოს შექმნის. სწორედ ამ მიზნით მივუსხედით ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდას. შერეულ პროპორციულ სისტემაზე, 2024 წელს კი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამის ერთ-ერთი გარანტიაა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ განსაკუთრებული ვართ, ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა უნდა შევცვალოთ და ხელისუფლებაში მოსული ძალა ცდუნებაში არ ჩავაგდოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება. “ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმების გარეშე გაიტანოს კანონი. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას არა მარტო შიდაპოლიტიკურ ბაზარზე, არამედ ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალშიც... ამომრჩეველს შევახსენებთ, რას დაგვპირდა “ოცნება” და რა გაგვიკეთა... მთელი 8 წლის განმავლობაში არ გაზრდილა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. სამაგიეროდ, სამჯერ გაიზარდა საგარეო ვალი, სოფლის მეურნეობა საშინელ დღეშია, მიწების მხოლოდ 20%-ია დამუშავებული, ტურისტული ინდუსტრია ჩამოშალა... ამ ხელისუფლებამ კრიზისულ ვითარებას თავი ვერ გაართვა. ანტიკრიზისულ გეგმად შემოგვასაღეს სოციალური დახმარება. ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს მათ, ვინც უკვე არაერთხელ გააცურა”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში შექმნილ კრიზისს, დანაპირების შესრულება თქვენც ხომ არ გაგიჭირდებათ?” - პასუხობს:

“ჩვენ არ გავცემთ ისეთ დაპირებას, რომლის შესრულების თავი არა გვაქვს. მე და ბადრი ისეთი სამყაროდან მოვედით, სადაც სიტყვას დიდი ფასი აქვს... ერთ კაცსაც ვერსად ნახავთ, ვინც იტყვის, რომ სიტყვა პირობისა და ხარისხის შესაბამისად არ შემესრულებინოს. ბიზნესში გაცილებით მკაცრი პასუხისმგებლობაა, ვიდრე პოლიტიკაში. ჩვენ გვინდა სიტყვას ფასი დავუბრუნოთ, ხარისხი სტანდარტად ვაქციოთ. გვინდა ქვეყანას სწორი დიაგნოზი დავუსვათ და შესაბამისად ვუმკურნალოთ”.

სად აპირებენ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გადასროლას

“უფრო რეალური იქნებოდა ის, რომ ტრამპს გერმანიაში განლაგებული ამერიკული და ევროპული სარდლობის ძირითადი დანაყოფები აღმოსავლეთით უფრო ადრე განეთავსებინა” - “რეზონანსთან” საუბრისას ასე აფასებს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გერმანიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის საგრძნობლად შემცირებასთან დაკავშირებით. ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც გერმანიაში დისლოცირებული 34,5 ათასი ამერიკელი სამხედროდან 9,5 ათასამდე ჯარისკაცი დატოვებს ტერიტორიას და ან სხვა ობიექტებზე გადანაწილდება ან სამშობლოში დაბრუნდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სად აპირებენ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გადასროლას / ტრამპი გერმანიაში ამერიკულ კონტინგენტს მნიშვნელოვნად ამცირებს.

“თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოთქვა ვარაუდი, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რომ გერმანიიდან გამოწვეული ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი პოლონეთში გადავა, ხოლო ვინც სამშობლოში არ დაბრუნდება, გადანაწილდებიან აშშ-ის სხვა პარტნიორ ქვეყნებში. “გერმანიაში ამერიკული დიდი სამხედრო კონტინგეტის აუცილობლობა აღარ არის, რადგან ნატო-ში თავდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსები გაიზარდა სხვა ქვეყნების მიერ”, - განაცხადეს თეთრ სახლში. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკელმა დემოკრატებმა, თუმცა შემდეგ ითქვა ისიც, რომ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირება შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლის, მარკ მილის სამუშაოს შედეგი გახდა და არა ტრამპსა და გერმანიის ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა. ევროპული პროექტები, რომელზეც უარის თქმა გახდება საჭირო ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. კერძოდ, საუბარია სამხედრო ავიაციის განლაგებისთვის საჭირო აეროდრომებზე, საწვავის, საბრძოლო და სხვა მასალის შესანახად საჭირო საწყობებზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთის შეკავების ფარგლებში შექმნილი ევროპული ინიციატივისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2020 წლის აპრილში ცნობილი გახდა ისიც, რომ პენტაგონი გერმანიაში განთავსებული ამერიკული ბირთვული არსენალის მოდერნიზებას გეგმავს. ჯერ კიდევ “ცივი ომის” პერიოდში გერმანიის ტერიტორიაზე დარჩენილი ამერიკის სამხედრო - საჰაერო ძალების ბირთვული იარაღი ამჟამად “ლუფტვაფეს” ავიაბაზაზე, ბიუხელშია. ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია და აქამდეც იყო საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა რიგი მიზეზების გამო. “ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ისაა, რომ მოცემულ ეტაპზე გერმანიაში ამერიკული ჯარების ყოფნას ძალიან დიდი მნივნელობა არ აქვს, რადგან “ცივი ომის” შემდგომ შეიცვალა სიტუაცია, ანუ საზღვარმა რუსეთსა და ნატო-ს შორის გადმოინაცვლა გერმანიის დასავლეთ და აღმოსავლეთიდან ბალტიისპირეთზე, პოლონეთსა და ა.შ. უფრო რეალური იქნებოდა ის, რომ ტრამპს გერმანიაში განლაგებული ამერიკული და ევროპული სარდლობის ძირითადი დანაყოფები აღმოსავლეთით უფრო ადრე განეთავსებინა - პოლონეთისა და ბალიტიისპირეთის მხარეს მათი განლაგება უფრო ლოგიკურია”, - მიიჩნევს ალადაშვილი და იმედოვნებს, რომ “ასეც გაკეთდება”, - დასძენს გამოცემა.

“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მუდმივად ითხოვს, რომ ნატო-ს წევრმა სხვა ქვეყნებმა თავიანთი დაფინანსება 2%-მდე მაინც გაზარდონ. აქამდეც იყო ამაზე საუბარი. თუმცა თავად ხედავთ, აშშ-ში რამხელა პრობლემებია, თან კიდევ კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი რამ მსოფლიოში გაურკვეველია. ფაქტია, რომ ამ პანდემიამ გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა ნატო-ს შემდგომ გაფართოებასა და გაძლიერებაზე, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიისკენ. შესაბამისად, მსოფლიოში რთული სიტუაციია შემნილი და წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო”

“არა მგონია, ოპოზიციამ მაჟორიტარი კანდიდატების­ შესახებ საქართველოს მასშტაბით მიაღწიოს შეთანხმებას რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - პოლიტიკური ლიდერების ამბიციები, როგორც ყოველთვის, განსხვავებულია; მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - მაჟორიტარული და პროპორციული სიის ხმები ერთმანეთზეა მიბმული. მაგალითად, თუ სამგორის ოლქში “ნაცმოძრაობა” “ლელოს” მაჟორიტარს დაუჭერს მხარს, შესაძლოა “ნაცმოძრაობამ” პროპორციული სიით ხმები დაკარგოს. როგორ? შეიძლება­ ამომრჩეველი დაიბნეს, გაბრაზდეს, როდესაც მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა სხვა პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღარ მივიდეს საარჩევნო უბანში...” - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო” / “მმართველ გუნდს ეკონომიკური კრიზისის სახით კლდიდან დაგორებული ქვა მოსდევს” / “მცირერიცხოვანი პარტიები პოლიტიკაში ფულის საკეთებლად არიან”.

“ამასთან, მაჟორიტარის აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე დიდად არის დამოკიდებული პარტიული ხმების მოგროვებაც მის მაჟორიტარულ ოლქში. ვთქვათ, მთაწმინდაზე “ევროპული საქართველოს” კანდიდატია ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი. ხომ ლოგიკურია კამპანიის დროს მან ამომრჩეველს “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერისკენ მოუწოდოს? დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ამ ოლქში შედარებით ნაკლებ ხმებს აიღებენ, ვიდრე მაჟორიტარის ყოლის შემთხვევაში. ამიტომაც ეს ყველაზე წონიანი არგუმენტია, რის გამოც ოპოზიცია უარს ამბობს გაერთიანებულ კანდიდატებზე; და მესამე - პარტიების ნაწილს ეშინია, რომ ამომრჩეველმა “ნაციონალებთან” გარიგებაში არ დაადანაშაულოს. ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ფაქტორიც. მმართველ გუნდს ხელს არ აძლევს გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატები და ყველაფერს გააკეთებს მათი გაერთიანების ჩასაშლელად. შეეცდებიან, რაც შეიძლება ბევრმა წვრილმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და რაც შეიძლება ბევრი მაჟორიტარი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი ოლქებში. ამ ფორმით ოპოზიციური ხმები დაიქსაქსება და ხელისუფლებას მიეცემა ფორა, პირველივე ტურში გაიყვანოს საკუთარი კანდიდატები სატელიტი პოლიტიკური პარტიების საშუალებით. ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოვლენ ასპარეზზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი. წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ ამ მოკლე პერიოდში შეძლებს საარჩევნო სტრუქტურებისა და ფინანსების იმგვარად მობილიზებასა და ხალხის მხარდაჭერას, რომ არჩევნებზე შედეგი მიიღოს ხელისუფლების ირიბი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე... ახალი პერსონები არა, მაგრამ ახალი დაჯგუფებები კი შეიძლება ვიხილოთ. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერის სახით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო. ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის ეს ე.წ. ბარიერი სულაც არ იქნება იოლად გადასალახავი. თითქოს 15 000 ხმის მოგროვება მარტივია, მაგრამ თავად განსაჯეთ, როგორ ჩაიშლება ხმები, თუ არჩევნებში 100 პარტია იბრძოლებს. არ დაგვავიწყდეს, რომ “ოცნებას” თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, ისევე როგორც "ნაცმოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსს", ლეიბორისტულ პარტიას თუ ბურჯანაძეს... ახლა `ლელოც~ გამოვიდა ასპარეზზე. წვრილ-წვრილი პარტიებისთვის საიდანღა უნდა დარჩეს ხმები?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“არჩევნებში ბევრი წვრილ-წვრილი პარტიის მონაწილეობა მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. რაც ბევრი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, მით ნაკლებ დეპუტატს გაიყვანენ ისინი ცალ-ცალკე და მით უფრო იაფი დაუჯდება მათი ყიდვა ხელისუფლებას. მიკვირს, რატომ აპუტავენ ბუმბულს ერთმანეთს ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარების გამო. რამდენი პარტია გეგულებათ საქართველოში ისეთი, რომელსაც 30 ოლქში კი არა, 6-7 ოლქში, კონკურენტუნარიანზე აღარაფერს ვიტყვი, მეტ-ნაკლებად ცნობილი პირის წამოყენება შეეძლოს? დიდი-დიდი, 3 ან 4-ის. რისი იმედი აქვთ პარტიებს, რომელთა კანდიდატებს მხოლოდ საკუთარი ლიდერშიპი­ და ოჯახი იცნობს? ვფიქრობ, აქ ქვედინებები უნდა ვეძებოთ - თუ შენ აპრიორი წაგებისთვის განწირული კანდიდატების დასახელებას ცდილობ, ესე იგი, ვაჭრობ. ვაჭრობის თემა ძალიან აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირერიცხოვანი პარტიები პოლიტიკაში ფულის საკეთებლად არიან”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ისინი ივაჭრებენ 500, თუნდაც 1000 ხმით, რომელთაც ეს უცნობი კანდიდატები საკუთარი საარჩევნო ოლქის მასშტაბით აიღებენ. ვინაიდან არჩევნებში ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას, მომგებიანი კანდიდატისთვის შეიძლება 100 ხმაც გადამწყვეტი გახდეს. ასე რომ, იმთავითვე წაგებისთვის განწირული კანდიდატები ვაჭრობის ერთ-ერთი­ საგანია: ან ვაჭრობის შედეგად პირველ ტურშივე აღარ წამოაყენებენ კანდიდატებს, ან მეორე ტურში აღუთქვამენ მხარდაჭერას ფავორიტ პოლიტიკურ ძალებს, სანაცვლოდ კი ბენეფიტებს მოსთხოვენ... “ლელო" ის პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც არ სურს “ნაციონალებთან” თამაში დაჰბრალდეს და ამიტომ ემიჯნება ასე მკვეთრად საერთო-მაჟორიტარული კანდიდატების იდეას. თუმცა მგონია, რომ “ლელოს” ლიდერებს შორის გაურკვევლობაა. ზოგი ამბობს, ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატი გვეყოლებაო, ზოგი კომპრომისზე წასვლას შესაძლებლად მიიჩნევს თბილისში. მთელ ამ ამბავში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაფი­ქრებს: პოლიტიკური სპექტრის მთელი ყურადღება გადატანილია მაჟორიტარ კანდიდატებზე, თანამდებობების გადანაწილებაზე, ამბიციების მოთოკვა-ვერმოთოკვაზე, ამ დროს კი უყურადღებოდ რჩება ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, ეკონომიკა, სიდუხჭირე, განათლება...” - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

“ოპოზიცია დღევანდელი სახით ვერა, მაგრამ “ოცნებას” ეკონომიკური კრიზისი მართლაც დიდ პრობლემას შეუქმნის. მმართველ გუნდს ეკონომიკური კრიზისის სახით კლდიდან დაგორებული ქვა მოსდევს. მშიერი ზამთარი და კიდევ უფრო მშიერი გაზაფხული გველის. ერთადერთი ხსნა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ამუშავებაშია. დღეს ქობულეთი და ურეკი “მკვდარია”, ტურისტების იმედზე იყვნენ კახეთი, საირმე, ბორჯომი... მთელი საქართველო. თუ ამ სექტორში დასაქმებულები სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში შიმშილის საფრთხის წინაშე დადგნენ, შესაბამისად, ხელისუფლების პოტენციური მოწინააღმდეგეები გახდებიან. ძალიან გართულდება მდგომარეობა, თუ ექსპორტზე ვერ გავა ქართული ხილი და ღვინო: ღვინის ქარხნებს ჯერ ისევ სავსე აქვთ მარაგები, შესაბამისად, ყურძენს ვეღარ შეისყიდიან, რაც კახელი გლეხისთვის დიდი დარტყმა იქნება... ვთქვათ, გაიმარჯვა “ოცნებამ”, სად წავა მშიერი და აგრესიული ხალხი? ალბათ, 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე - “ოცნებამ” ოქტომბრის არჩევნები რომც მოიგოს, კორონას გამო ეკონომიკის ჩამოშლას თუ ვერ გაუმკლავდა, მალევე შეიძლება ისეთი მასშტაბური პროტესტი მივიღოთ, რომ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის წინაშე დავდგეთ”, - დასძენს ლაგაზიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა