ომბუდსმენი - N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილი 4 კვ.მ. პირადი ფართით, საკნებში ფიზიკური დისტანცირება და სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია

სახალხო დამცველის აპარატმა N17 დაწესებულებაში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში წერია, რომ დაწესებულებაში ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით გამოწვევაა მრავალადგილიანი საკნები, სადაც მსჯავრდებულებს შორის ფიზიკური დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვა შეუძლებელია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა უნდა შემცირდეს და ინფექციის კონტროლის ეფექტიანი ზომები გატარდეს.

„2020 წლის 30 აპრილს, ასევე 1 და 7 მაისს, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე, სახალხო დამცველმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში საგანგებო ვიზიტი განახორციელეს.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულების შიგნით ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით ყველაზე დიდი გამოწვევა დაწესებულების სიდიდე და არსებული მრავალადგილიანი საკნებია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული 4 კვ.მ. პირადი ფართით. ამ საკნებში ფიზიკური დისტანცირება და სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია. ამდენად, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება დიდი დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად გარდაქმნის შესახებ სახალხო დამცველის მიერ წლების წინ გაცემული და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაზიარებული რეკომენდაციის დროული შესრულება.

დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების გამო, სამედიცინო მომსახურების მოცულობაც შეიზღუდა, რაც გამოიხატა ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტების გაუქმებასა და გეგმური სამედიცინო რეფერალის განხორციელების შემცირებაში. ამასთან, ამავე პერიოდში, რეორგანიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო პერსონალის, განსაკუთრებით კი ექთნების რაოდენობა, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

გარე სამყაროსგან დაწესებულების ხანგრძლივი დროით, სრულად იზოლირებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობზე. შესაბამისად, ახალი კორონავირუსისგან დაცულობის უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოსამზადებელია ინფექციის გავრცელების რისკების შეფასების დოკუმენტი და მათი დაძლევის გეგმა. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს პატიმართა რაოდენობის შემცირება და დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ეფექტიანი ზომების გატარება, რაც ხელს შეუწყობს პატიმრების უფლებების დაცვას, თანამშრომელთა ნაკლებ დატვირთვას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის მთავარ ფოკუსს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა წარმოადგენდა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის თვალშისაცემი იყო მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფის აქტიურობა, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან მსჯავრდებულთა კომუნიკაციის პროცესში ჩარევასა და პრობლემურ საკითხებზე მოსაუბრე მსჯავრდებულების გარიდებაში გამოიხატებოდა.

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ზოგადად დადებითად აფასებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილ სიფრთხილეს და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ ზომებს, ასევე იმ ფაქტს, რომ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმ თანამშრომელთა თავდადება, რომლებსაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული დაწესებულებები არ დაუტოვებიათ და სრული იზოლაციის პირობებში აგრძელებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

მონიტორინგის ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში 2020 წლის 28 მაისს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კრიზისის პერიოდშიც, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, აქტიურად განაგრძობდა დახურული დაწესებულების მონიტორინგს, რაც დადებითადაა აღნიშნული ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და წამების პრევენციის ასოციაციის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა