„ლელოს“ წევრი დეა მეტრეველი ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალურად გაამახვილოს ყურადღება ქართველი ხელოვანების წინაშე არსებულ პრობლემებზე

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრი დეა მეტრეველი ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალურად გაამახვილოს ყურადღება ქართველი ხელოვანების წინაშე არსებულ პრობლემებზე. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებულ პირობებში ბიუჯეტის კორექტირება აღნიშნულ სექტორს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის.

„ზუსტად ერთი თვის წინ, 12 მაისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართველ ხელოვანებს, კულტურის მენეჯერებს მისცეს პირობა, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, შემუშავებინათ ეფექტიანი ანტიკრიზისული გეგმა და ამ დარგის წარმომადგენლების საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი. სამწუხაროდ, ეს დაპირება, როგორც კულტურის სამინისტროს არაერთი სხვა დაპირება, სიცრუე აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ახალი, შემცირებული ბიუჯეტი, სადაც ძალიან უსამართლოდ არის შემცირებული კულტურის მიმართულებისთვის განკუთვნილი სახსრები. 20 მილიონი ლარი ჩამოაჭრეს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტის გამცემი კონკურსებისთვის მუშაობდნენ. იმ შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც ამ კონკურსებს, ამ დახმარებას ძალიან ელოდნენ. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში ბიუჯეტის კორექტირება ამ სექტორს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის. თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამავე ბიუჯეტში კულტურის სამინისტრო ვერ შეელია Check in Georgia-ს პროექტს და მისთვის კვალინდებურად ბიუჯეტში ასახულია 20 მილიონი ლარი. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ერთი მხრივ, ძალიან ობიექტურად აწესებს რიგ რეგულაციებს დიდი თავშეყრის ადგილებში ადამიანებთან მიმართებით, შეზღუდვებია ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიებებისთვის, ამ ფონზე, მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია Check in Georgia-სთვის ამხელა სახსრების, 20 მილიონი ლარის მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში“,-განაცხადა მეტრეველმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და კულტურის სამინისტროს მოუწოდებს, შემოქმედებითი ინდუსტრიების გასაძლიერებლად და კულტურის სფეროს მუშაკების ხელშესაწყობად სახსრები გამოყონ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად ყურადღება გაამახვილონ ქართველი ხელოვანების წინაშე არსებულ პრობლემებზე, გაანალიზონ ის პეტიციები, რომელიც არაერთხელ გავრცელდა და შესაბამისი ზომები მიიღონ. ასევე დაასაბუთონ Check in Georgia-ს პროექტის მიზანშეწონილობა, გასაჯაროვონ ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და კულტურის სამინისტროს, რომ ეს სახსრები მიმართონ შემოქმედებითი ინდუსტრიების გასაძლიერებლად და კულტურის სფეროს მუშაკების ხელშესაწყობად. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად დგამს ამ ნაბიჯს, თუმცა გასაკვირი არ არის ისეთი ხელისუფლებისგან, რომელსაც ქვეყანაში კულტურის განვითარების არავითარი ხედვა არ გააჩნია, რომელმაც ააფეთქა საყდრისის უნიკალური ოქროს მაღარო და რომელმაც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი სტრიპტიზ კლუბად აქცია“,-განაცხადა მეტრეველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა