მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია.

"ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის. საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები.

"ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები. გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ. ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს