ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2020

რა კავშირი აქვს გაბუნიასთან და საქართველოსთან უკრაინის უშიშროების გენერალს, რომელიც რუსეთის აგენტი აღმოჩნდა

“ლელო” მზადაა “გართიანებულ ოპოზიციას” ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი “დაუთმოს”

ერევანში სტიქიური გამოსვლები დაიწყო - დაპირისპირება პოლიციასთან და ასზე მეტი დაკავებული

* * *

რა კავშირი აქვს გაბუნიასთან და საქართველოსთან უკრაინის უშიშროების გენერალს, რომელიც რუსეთის აგენტი აღმოჩნდა

“სუს-ის მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც ერთ ვერსიით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, შესაძლოა დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და მისი ჯგუფის სხვა წევრები ამჟამადაც საქართველოში იმყოფებიან. ანალიტიკოსები ამას არ გამორიცხავენ და ახლო მომავალში გამოძიებისაგან საქმის ახალ დეტალებს ელიან. პარალელურად კი იმაზე მიდის მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს საქმე უკრაინის უშიშროების ყოფილ გენერალ ვალერი შაიტანოვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა კავშირი აქვს გაბუნიასთან და საქართველოსთან უკრაინის უშიშროების გენერალს, რომელიც რუსეთის აგენტი აღმოჩნდა.

“როგორც გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, ჟურნალისტს რამდენიმე ხნის განმავლობაში სხვადასხვა პირები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სურათებს უღებდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. გვარამიამ აღნიშნა, რომ მათ თავდაპირველად ეჭვი გაუჩნდათ, ხომ არ იყო ეს საქართველოს სპეცსამსახური. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამის შემდეგ კი უკრაინიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია პირი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მტრების ლიკვიდაციას გეგმავდა. სწორედ ამ დროს ამოტივტივდა გაბუნიას გვარიც. გიორგი გაბუნია “ტვ პირველთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მის ლიკვიდაციას არა ერთი ადამიანი, არამედ კონკრეტული ჯგუფი ამზადებდა. შესაბამისად, გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს უშუალოდ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოევია თუ არა დაქირავებული ქილერი, რომელსაც გაბუნიას მკვლელობა უნდა შეესრულებინა. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავს საქმეებს მხოლოდ ერთი პირი არ გეგმავს და არ ასრულებს. მით უმეტეს, თუ ეს კადიროვის შეკვეთილი საქმეა, მისი ხელწერა ზუსტადაც რომ ჯგუფის მოქმედებას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამიტომაც ახლა ჩვენმა სპეცსამსახურებმა ოპერატიულად ამ პირის კონტაქტების და კავშირების დადგენა უნდა შეძლოს, რადგანაც არ არის გამორიცხული, რომ მათ სხვა გეგმაც ჰქონდეთ. როგორ ჩავარდა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადება - ამის დეტალებზე “მთავარ არხთან” უკრაინაში მოღვაწე ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე ყვება. მისი ინფორმაციით, გვარამიას საქმე გაზაფხულზე უკრაინაში მომხდარ სკანდალურ დაკავებას უკავშირდება, როდესაც უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი რუსულ “ეფ-ეს-ბესთან” კავშირში ამხილეს. საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, გენერალი შაიტანოვი რუსულმა დაზვერვამ 2014 წელს გადაიბირა. მისი ფსევდონიმი გახლდათ “ბობილი” მისი უშუალო კურატორი კი - რუსული “ეფ-ეს-ბეს” პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი. ეგოროვი და შაიტანოვი დასავლეთ ევროპაში კონსპირაციულად ხვდებოდნენ ერთმანეთს - საფრანგეთში, გერმანიასა და ხორვატიაში. გამოძიების მასალებით, ამ შეხვედრებისას შაიტანოვი თავის კურატორს გადასცემდა საიდუმლო მასალებს და აქვე ხდებოდა სხვადასხვა აქტივობების, მათ შორის ტერორისტული აქტებისა და კრემლისთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციის დაგეგმვა”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინული კონტრდაზვერვა ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრების აუდიო ჩანაწერები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამთავრობო ძალების მხარეს მებრძოლი მოხალისის, ადამ ოსმაევის ლიკვიდაციის შესაძლებლობა. ამ ოპერაციისათვის გენერალმა შაიტანოვმა უკრაინული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაიქირავა, რომელიც საბოლოოდ უკრაინის კონტრდაზვერვის აგენტი აღმოჩნდა. მას ოსმაევის მკვლელობაში 200 ათას დოლარს, რუსეთის მოქალაქეობას და სრულ უსაფრთხოებას სთავაზობდნენ. ამჟამად უკრაინაში გენერალ შაიტანოვის სასამართლო მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს - სამშობლოს ღალატში მხილებული გენერლის ინტერესებს სასამართლოში ქართველი ადვოკატი იცავს - გიორგი ტიგიშვილი. გენერალი შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს. ნადირაძის ცნობით, სწორედ ამ სპეცოპერაციების შედეგად გახდა ცნობილი უკრაინელი სამართალდამცავებისთვის რუსული “ეფ-ეს-ბეს” სხვადასხვა გეგმებისა და მათ შორის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ, რაც მოგვიანებით ქართველ კოლეგებს აცნობეს”, - დასძენს გამოცემა.

“უშიშროების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში მხოლოდ ეს ერთი დაკავებული პირი ფიგურირებდეს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც ფიგურირებდნენ, რომლებიც დაკავებულები არ არიან და ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. მისივე თქმით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით უნდა წავიდეს. პირველი ამოსავალი წერტილი გიორგი გაბუნიას უასფრთხოების დაცვა უნდა იყოს, რადგანაც არ ვიცით რა სახის და რა ხარისხის თავდასხმა მზადდებოდა. რუხაძე ამბობს, რომ ეს ისტორია შესაძლოა კი არ დასრულდა, არამედ დაიწყო. შესაძლოა საფრთხე სხვა ადამიანებისგანაც მოდიოდეს, რომლების გამოვლენაზე უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიულად უნდა იმუშავოს. თუკი ერთი ჩავარდა, შესაძლოა ამ გეგმის შესრულების სხვა ვარიანტებიც ჰქონდეთ და ეს მიზანი სხვადასხვაგვარად აღასრულონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვარაუდის დონეზე შეიძლება ისიც ითქვას, რომ შესაძლოა ვინც გაბუნიას უთვალთვალებდნენ, ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ. თვალთვალი ორ მხრივ შესაძლებელია ყოფილიყო. თუ ჩვენს სპესამსახურებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გაბუნიაზე თავდასხმა იგეგმებოდა, მასზე თვალთვალს, რა თქმა უნდა, დაიწყებდნენ. თუმცა, დიდი ალბათობით, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დაკავებული მარტო არ მოქმედებდა. მას შესაძლოა წინასწარ ნიადაგი მოუმზადეს და გაბუნიას გადაადგილების და მოქმედების სქემას სხვები ადგენდნენ. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უამრავი კითხვა არსებობს ასევე, იმ ადამიანთან, რომელიც დააკავეს - არის თუ არა ეს პირი რეალურად ე.წ. ქილერი, რომელიც უკვე დაკვეთის შესასრულებლად იყო ჩამოსული, თუ იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც გაბუნიას უთვალთვალებდა. ამ ხნის განმავლობაში დაკავებულს ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, სახელი და გვარები უნდა გადამოწმდეს. ასევე ვინ არის ეს პირი და ამ ხნის განმავლობაში ვისგან და რა სახის დირექტივებს იღებდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი რუხაძე.

“შემდეგი ისტორიაა, რომ დადგინდეს დაკავებული პირი როდის, როგორ და რა ფორმით აპირებდა გაბუნიაზე თავდასხმას. ხოლო ყველაზე მთავარია - თუკი გამოძიება ადგენს, რომ ეს რეალობაა, მაშინ ეს ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა კი აღარ არის, არამედ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს მიმართ გადადგმული მტრული ნაბიჯია. ამას კი სახელმწიფოს დონეზე პასუხი სჭირდება. განცხადებაა საჭირო, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ კონტექსტში თანამშრომლობა მოვთხოვოთ. იქიდან გამომდინარე, რომ საფუძვლიანი ეჭვია ეს იყოს მინიმუმ რუსეთის მაღალჩინოსნის დონეზე გადაწყვეტილი დაკვეთა ან კიდევ თავად რუსეთის პრეზიდენტის, ამიტომაც ამ ყველაფერზე პასუხებია საჭირო. კადიროვისთვის ეს რთული გასაკეთებელი არ არის, რადგანაც არაერთი ჟურნალისტი, ბლოგერი და სხა სამოქალაქო აქტივისტი მოუკლავთ“, - დაასკვნის რუხაძე.

“კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულის გარდა საქმეში ჩართული სხვა პირებიც იყვნენ. მისი თქმით, მსგავს საქმეებს მხოლოდ ერთი ადამიანი არ გეგმავს და არ ახორციელებს და მინიმუმ რამდენიმე კაციანი ჯგუფია საჭირო. მით უმეტეს, რომ კადიროვის და პუტინის დაკვეთილი მკვლელობის ხელწერა ასეთია. თუნდაც საქართველოს მოქალაქის ხანგოშვილის ბერლინში მომხდარი მკვლელობა რომ ავიღოთ, სადაც, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე კაცი ფიგურირებს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“ასეთი დანაშაული ძირითადად მხოლოდ ერთი კაცის მიერ არ ხორციელდება. იგივე ხანგოშვილის ამბავი როდესაც მოხდა, იქაც რაღაც ჯგუფზე იყო საუბარი. ზოგადად არ არის გამორიცხული, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში რამდენიმე კაცი იყოს ჩარეული. ამიტომაც პირველ რიგში იმ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, რეალურად ამ ერთი კაცის დაკავებით საფრთხემ გადაიარა თუ არა. აშკარად ამ ყველაფერს კი პოლიტიკური განზომილება აქვს. ამიტომაც სახელმწიფოს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ღია იყოს. მესმის, ასეთ საქმეებზე ყველაფერი არ ითქმის, მაგრამ სხვა კონტექსტი რომ არ მიეცეს, გამჭვირვალობა ბევრად სჯობს. საქართველოს ხელისუფლებამ იგივე ზემილხან ხანგოშვილის მკვლელობის დროსაც წაყრუების პოლიტიკა აირჩია. არადა აქ საუბარი ჩვენს მოქალაქეზეა. აქაც აშკარა კვალი კადიროვამდე მიდის. ზოგადად ამ ამბავში გასაკვირი არაფერია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

“საქართველოში კი არა, მთლიანად ევროპაში და აზიაში მსგავსი არაერთი შეკვეთილი მკვლელობა მომხდარა. ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ან რაიმე მიმართულებით მათ ინტერესებს გადაეღობებიან, მათთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. რამდენიმე თვის წინ ბლოგერი იპოვეს ბელგიაში ყელგამოჭრილი. ნორვეგიაში იპოვეს ასევე ბლოგერი მოკლული, რომელსაც ქილერი თავს ჩაქუჩით დაესხა. მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო და დაცვითაც სარგებლობდა, მაგრამ ამანაც არ უშველა. ამიტომაც კადიროვისგან გასაკვირი არაფერი არ არის და ასეთი შეკვეთილი მკვლელობები მისი ხელწერაა“, - განმარტავს კანაშვილი.

“მისივე თქმით, გაბუნია საფრთხეში მანამდე იქნება, სანამ პუტინი და კადიროვი ცოცხლები იქნებიან. კანაშვილი ამბობს, რომ როდესაც გაბუნიას მონოლოგი მოისმინა, როგორც ადამიანი ძალიან შეეცოდა, რადგანაც ის მთელი თავისი ცხოვრება შიშში იქნება. კანაშვილის თქმით, რუსეთში გინებაზე კი არა, ელემენტარულ კრიტიკაზეც სასტიკად სჯიან. სატელევიზიო ეთერებში ბოდიშს საჯაროდ ახდევინებენ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მისი ლიკვიდაცია ზუსტადაც ამ ფორმით ეცადათ. მისივე თქმით, ამ ყველაფერში ასევე პოლიტიკური კონტექსტი ჩნდება, რადგანაც ყველაფერი შესაძლოა 20 ივნისს დამთხვეოდა და ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ისევ დაწყებულიყო”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ლელო” მზადაა “გართიანებულ ოპოზიციას” ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი “დაუთმოს”

“პოლიტიკური მოძღაობა “ლელო საქართველოსთვის” 2020 წლის არჩევნებზე ყველა ოლქში აპირებს თავისი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას, თუმცა, თუკი რომელიმე ოლქში ოპოზიციის კანდიდატი მოეწონებათ, ამ ოლქს მას დაუთმობენ. ამის შესახებ “რეზონანსს” ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, რომელსაც თავად სურს მაჟორიტარად იყაროს კენჭი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლელო” მზადაა “გართიანებულ ოპოზიციას” ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი “დაუთმოს”.

“ლელოს” დღესაც ის პოზიცია აქვს, რაც თავიდანვე ჰქონდა, მაგრამ ოპოზიციური ერთობის მხარდაჭეირს მიზნით შეიძლება თბილისის რამდენიმე ოლქში ჩვენ კანდიდატი შეიძლება არ დავაყენოთ, თუ კონკრეტული კანდიდატი მოგვეწონება... აუცილებლობიდან გამომდინარე, მე პირადად მაქვს სურვილი მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო. მე მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს ვუჭერ მხარს, მაგრამ ვინაიდან ასეთი მოცემულობა გვაქვს და “ლელო” იმ ფეოდალური სისტემას უცხადებს ბრძოლას, რა თქმა უნდა, მე პირადად ასე მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ სად ვიქნები კონკრეტულად, ეს გუნდური გადაწყვეტილება იქნება... სავარაუდოდ, ბატონი დავით უსუფაშვილიც ასევე მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.

“ჩვენ არა მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას, არამედ პრემიერ მინისტრის კანდიდატის დასახელებასაც ვაპირებთ და უფრო მეტიც - ასევე ვაპირებთ მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე მომავალი მინისტრობის კანდიდატების დასახელებასც. მაგრამ ივნისსა და ივლისში ეს ალბათ არ მოხდება, ეს უფრო სექტემბერში იქნება.. ჩვენთან მაჟორიტარ კანდიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ჩვენთან ჯანსაღი შიდა კონკურენციაა იმ მიზნით, რომ კონკრეტულ ოლქებში პარტიამ საუკეთესო კანდიდატები დაასახელოს”, - ამბობს კოჟორიძე.

“ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, “ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ” გამოაცხადებენ. თუმცა, რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, თბილისში მაჟორიტარობის ერთი კანდიდატი „ლეობირისტებსაც" ეყოლებათ, თუმცა არ აკონკრეტებს ეს პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იქნება, თუ პარტიის რომელიმე სხვა წევრი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ იქნებიან თბილისში ოპოზოციის საერთო კანდიდატები - უკვე მიღწეული შეთანხმების დეტალები.

“ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტულ გვარებსაც სამწუხაროდ პრეზენტაციამდე ვერ გაცნობებთ იმიტომ, რომ შეთანხმება ასეთია. დარწმუნებული ვარ, თბილისზე შეთანხმება მოხდება და ისეთი კანდიდატები გამოცხადდებიან, რომლებიც ოპოზიციის მაქსიმალურ კოორდინაციას, თანამშრომლობას და ხელისუფლების დამარცხებას უზრუნველყოფენ. ერთი შემიძლია ის გითხრათ, რომ თბილისის მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს შორის “ლეიბორისტული პარტია” ნამდვილად იქნება. დანარჩენზე მაინც თხოვნა და შეთანხმება იყო ასეთი, რომ საბოლოო შეთანხმებამდე კანდიდატების დასახელებისგან თავს ვიკავებთ”, - ამბობს ჩხარტიშვილი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თბილისში ოპოზიციის 8 მაჟორიტარ კანდიდატიდან ისინი მხოლოდ ორს დაასახელებენ. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება ისევ ძალაშია: “დიახ, ჩვენ ასე ვიცით”. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის რვა მაჟორიტარ კანდიდატიდან ერთი “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე იქნება - ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის”ეთერში თავად განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება. “ქართული ოცნება” ალბათ ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება... “ლელოს” თავისი არჩევანი აქვს და კი, ბატონო, მიხედოს. მე არ ვეთანხმები მათ საარჩევნო სტრატეგიას, ცოტა ილუზიებში არიან, მაგრამ ახალგაზრდა პარტიაა, ისწავლის და გამოცდილებას მიიღებს. როგორც მე არ მაქვს ბიზნესში გამოცდილება, ისე მათ არ აქვთ პოლიტიკაში გამოცდილება და ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებენ. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე ამაში ვერ ჩავერები. მაინც მინდა, რომ ვითანამშრომლო ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ ეს უბედურება”, - განაცხადა ვაშაძემ... საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, რომლის განხილვაც პარლამენტში 19 ივლისს დაიწყება, თბილისში 22-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

ერევანში სტიქიური გამოსვლები დაიწყო - დაპირისპირება პოლიციასთან და ასზე მეტი დაკავებული

“16 ივნისს, სომხეთის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციური პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერისა და ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაგიკ ცარუკიანისათვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი. ამან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბა. ოპოზიციის მომხრეები სტიქიურად იკრიბებიან ქალაქის ცენტრში, პოლიცია კი მათ აპატიმრებს. პარლამტნტში გამართულ კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტიის “ჩემი ნაბიჯის” 87-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და ყველამ ცარუკიანისთვის იმუნიტეტის მოხსნას მისცა ხმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ერევანში სტიქიური გამოსვლები დაიწყო - დაპირისპირება პოლიციასთან და ასზე მეტი დაკავებული.

“პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური ფრაქციების “აყვავებული სომხეთისა” და “ნათელი სომხეთის” დეპუტატებმა. კენჭისყრამდე პარლამენტში სიტყვით თავად გაგიკ ცარუკიანი გამოვიდა. ამის პარალელურად პარლამენტის შენობასთან მისმა მომხრეებმა დაიწყეს შეკრება, პოლიციამ კი მათი დაპატიმრება დაიწყო იმ მიზეზით, რომ ისინი სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გამო სომხეთში მასობრივი თავყრილობები აკრძალულია. ცარუკიანს 2017 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვა ედება ბრალად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროკურორმა დავთიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა ამისათვის ჯგუფიც კი შექმნა, რომლებიც თითოეულ ამომრჩეველს ხმის სანაცვლოდ 10 ათას სომხურ დრამს (დაახლოებით 63 ლარი) უხდიდნენ. ამ დანაშაულისათვის სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ცარუკიანი ამ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. პარლამენტში გამოსვლის შემდეგ იგი კენჭისყრას არ დალოდებია და ეროვნული უშიშროების სამსახურში გაემართა, სადაც დაკითხვაზე იყო დაბარებული. პარლამენტის წინ კი პოლიციამ მისი ასამდე მომხრე დააკავა. ამის შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერებმა უკვე ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ცარუკიანის დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. პოლიცია კი ისევ აგრძელებდა მათ დაკავებას”. - დასძენს გამოცემა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა