პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა საჭიროა, რომ რეგლამენტი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობაში მოვიდეს იმისათვის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე ჰქონდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი რეგლამენტი, ვინაიდან იცვლება ფრაქციათა დაკომპლექტების წესი, საპარლამენტო ოპოზიციის ცნება და ა. შ.“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განსახილველად ირაკლი კობახიძემ გამოიტანა.

კანონპროექტი პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ათეულობით შინაარსობრივ და ტექნიკურ შესწორებას პარლამენტის რეგლამენტის ფაქტობრივად ყველა თავში.

პარლამენტის ცნობით, კობახიძემ მუხლობრივად წარმოადგინა პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებიც პირველი მოსმენის შემდეგ დოკუმენტში შევიდა.

„მაგალითად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელი იქნება.

იცვლება ფრაქციის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრის სტატუსის აღმნიშვნელი ტერმინი - ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრი, ნაცვლად დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისა.

ფრაქციის შესაქმნელად საჭირო პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობა 6-დან 7-მდე იზრდება.

იცვლება პოლიტიკურ დებატებში (მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში გასამართ დებატებში) გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი, რომლის მიხედვითაც ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა.

უფრაქციო (დამოუკიდებელ) პარლამენტის წევრებს მიეცემათ 3-3 წუთი. ფრაქციაზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის პროცედურაზეც. ასევე, კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამოაცხადებს პლენარული სხდომის გახსნისთანავე (ნაცვლად ნახევარი საათით ადრე გამოცხადებისა). გამოცხადებულ სავარაუდო დრომდე შესაბამისი კენჭისყრის პროცედურის დაწყება დაუშვებელი იქნება. ამის გარდა, წარმოდგენილია რიგი ტექნიკური ცვლილებები, რომელთა შესახებაც მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობახიძემ ასევე წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა დეპუტატების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

თავისი გამოსვლის დასასრულს კი, უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მიღება, რაც გააუმჯობესებს მომდევნო მოწვევის პარლამენტის სტრუქტურას და მის მუშაობას.

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის, რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

რომან კაკულიას განმარტებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვით, თუმცა, კანონი შეიცავს არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში.

მისი თქმით, ცვლილების პროექტი, ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.

„კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების გარეშე სააგენტოს საქმიანობა იქნება არაეფექტური - ვერ აღსრულდება კანონი სათანადოდ და ბევრი საკითხი დარჩება ღია, განსაკუთრებით, ეკონომიკის რეგულირებად სექტორში კონკურენციის კანონის აღსრულების კუთხით“, - განაცხადა მომხსენებელმა და დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის არსზე. ასევე წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტების პაკეტი.

რომან კაკულიამ უპასუხა განხილვის პროცესში დასმულ შეკითხვებს. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს ჩართულობისთვის და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით პროგრესს განიცდის კონკურენტული გარემო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკის განვითარებისათვის.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსმა, ლევან რაზმაძემ გამოიტანა კომიტეტზე განსახილველად.

მისი განმარტებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, საქართველოში შეიქმნა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, დავების განმხილველი საბჭო.

შემუშავებული ცვლილებებით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის დღეს არსებული დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა, რაც უზრუნველყოფს დავების განხილვის საბჭოს მეტ დამოუკიდებლობას.

ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოებთან და გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებით.

წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად საბჭოს წევრები შეირჩევიან გამჭვირვალე პროცესის შედეგად – საჯარო კონკურსის საფუძველზე. განისაზღვრება საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამოუკიდებლობის გარანტიები.

„ცვლილების შედეგად, დადგინდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები.

გაიზრდება გასაჩივრების ვადები. ამასთან, გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და თამარ ხულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტზე განსახილველად დიმიტრი ცქიტიშვილმა გამოიტანა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონპროექტის მიღება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

„არსებული გამოწვევების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გათვალისწინებით საქართველოს შრომის კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროპული კავშირის დირექტივით და ILO-ს კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით, საქართველო შეასრულებს „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს.

კანონპროექტი თავის მხრივ ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას.

კანონპროექტით რეგულირდება აქამდე დაურეგულირებელი ან არასრულყოფილად რეგულირებული შრომითსამართლებრივი საკითხები“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი დათხოვნა; საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია; ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო