ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს მათი საერთო სულისკვეთებაა, ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა ოპოზიციას აწყობს.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გამოძიების კუთხით და ვფიქრობ, ამას არაფერი არ უდგას წინ, დანარჩენი არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ის, რაც ხდება ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ, ეს ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას. დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ზის პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ასევე ქვეყნის შიგნით არიან ძალები. ცოტა ხნის წინ ციხიდან საპრეზიდენტო აქტით "გრუ"-ს აგენტი, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა ე.წ. დასავლურ ძალებთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაში ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ იქ არის ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რომლებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები. დღეს ეს პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი აქვთ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ანუ პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. აქედან გამომდინარე ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია და ამაზე მსჯელობა აუცილებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე: თუკი უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, ეს ხელს აძლევდა ამ ოპოზიციურ ძალებს? კობახიძემ უპასუხა: „თქვენ წარმოიდგინეთ თუნდაც წარუმატებელი მცდელობა ასეთი რამის, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ბუნებრივია ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი არასტაბილურობისთვის“.

„ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს არის მათი საერთო სულისკვეთება. ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა ნებისმიერი ისეთი განვითარება მოვლენების, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, გამოძიება რასაც დაადგენს, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩვენ განცხადებები. ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება და არ გვაქვს უფლება ნებისმიერი განცხადება გავაკეთოთ პასუხისმგებლობის გარეშე. ბუნებრივია, ნებისმიერი პირდაპირი მინიშნება და პირდაპირ ბრალის წაყენება ვინმესთვის არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ვერც გარე და ვერც შიდა სუბიექტის მიმართ. მთავარია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ კონკრეტულ შედეგზე გავა საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.

"გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ "ტელეგრამში".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა