ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2020

ჩაანაცვლებს თუ არა სკოლებში ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებს ელექტრონული წიგნები

რამდენ ოლქს დაუთმობს “ლელო” დანარჩენ ოპოზიციას - სავარაუდო გადაწყვეტილების დეტალები

ძაბირაძე: 8 მარტის შეთანხმებიდან ყველა გავიდა - “ოცნებაც” და ოპოზიციაც

სახელმწიფოს დახმარება მოქალაქეებამდე ვერ აღწევს - უმუშევრობის კომპენსაციაზე გათვლილი თანხის ნახევარიც არ არის ათვისებული

* * *

ჩაანაცვლებს თუ არა სკოლებში ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებს ელექტრონული წიგნები

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განმარტებით, სამინისტრო ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა ელექტრონული რესურსების განვითარებაზე. აღნიშნული ცვლილება “ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მიზნად სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი სკოლებში ტექნოლოგიების შეტანა და ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაანაცვლებს თუ არა სკოლებში ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებს ელექტრონული წიგნები - სამინისტროს განმარტება.

“ელექტრონული რესურსების განვითარებაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო მუშაობა. პამდემიის პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ დიალოგი გამომცემლებთან. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ”, - განაცხადა დგებუაძემ. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ნაბეჭდი წიგნების პარალელურად PDF ფაილის ხელმისაწვდომობას, და ის არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს. “უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით”, - თქვა დგებუაძემ, რომლის განმარტებით, “იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ რესურსები”, გამომცემლებს ესაუბრნენ, რომ “სახელმძღვანელოები, რომლიბიც იბეჭდება, არსებობდეს ელექტრონული - PDF ფაილის სახით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სექტემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სწავლება ჩვეულებრივ დაიწყონ, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დისტანციურად, ამას განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ. მათი განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და ამ ეტაპზე სწავლის დაწყების მსგავს ფორმას არ განიხილავენ. “ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, ახლანდელი მონაცემები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ სკოლებში სწავლება ყველა საფეხურის მოსწავლეებისთვის 15 სექტემბრიდან განახლდება. თუმცა, წინასწარ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ სწავლების მსგავსი მოდელი საჯარო სკოლებისთვის ამ ეტაპზე არ განიხილება”, - ამბობენ განათლების სამინისტროში”, - წერს სტატიის ავტორი.

რამდენ ოლქს დაუთმობს “ლელო” დანარჩენ ოპოზიციას - სავარაუდო გადაწყვეტილების დეტალები

“მოძრაობა “ლელო” 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს თავისი კანდიდატის დაყენებას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. ამის შესახებ “რეზონანსთან” საუბრისას “ლელოს” წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა და სხვა ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, რომელთაც, სავარაუდოდ, “ლელო” თავის კანდიდატს არ დაუპირისპირებს. კოჟორიძე ამბობს, რომ პარტიაში ამ თემზე იმსჯელებენ და უახლოს მომავალში ოფიციალურად გააკეთებენ გაცხადებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენ ოლქს დაუთმობს “ლელო” დანარჩენ ოპოზიციას - პარტიის სავარაუდო გადაწყვეტილების დეტალები.

“რომელი იქნება ის კონკრეტული ოლქი, სადაც “ლელო” არ დააყენებს თავის კანდიდატურას, ან ერთი იქნება ეს ოლქი თუ ორი, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. პარტიაში ამ კონკრეტულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემაზე მსჯელობა გვექნება და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას”, - ამბობს კოჟორიძე. თბილისში “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ დასახელებული მაჟორიტარობის ექვსი კანდიდატიდან შესაძლებელია “ლელომ” კონკურენტი კანდიდატურა არ დაუყენოს “ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ შალვა შავგულიძეს. კოჟორიძის განცხადებით, ამაზე პარტიის სახელით ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს. თუმცა, იგი თავის პირად სიმპათიების სწორედ ამ კანდიდატების მიმართ გამოხატავს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საბურთალოს ოლქში შესაძლო კენჭისყრასთან დაკავშირებით, კოჟორიძის თქმით, ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ “ლელომ” თავისი კონკურენტული კანდიდატი ვინმეს არ დაუყენოს, სწორედ ალეკო ელისაშვილს უკავშირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარტიას ჯერჯერობით არ აქვს გაკეთებული ისეთი განცხადება, რომ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე ეთქვა, რომ “ლელო” მას არ დაუყენებს კონკურენტ კანდიდატურას. შესაბამისად, მე შეიძლება მომწონს რომელიმე კანდიდატურა, მაგალითად, პირდაპირ ვიტყვი, რომ პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ შალვა შავგულიძეს და ელენე ხოშტარიას, თუმცა, პოლიტიკური პარტიის სახელით ვერ გავაკეთებ მსგავს განცხადებას. ესაა ჩემი პირადი პატივისცემა და პარტია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს უკვე გაცხადდება არცთუ ისე შორეულ მომავალში. ამ ნაწილში ჩვენ პარტიის გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, თუმცა, ფაქტია და ითქვა კიდეც რამდენჯერმე ორივე მხარის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს ერთმანეთს შორის შეხვედრები და არაერთხელ დაგვიფიქსირებია პატივისცემა. ვფიქრობთ, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ ვიქნებით პარტნიორები და ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ალბათობა იმ გადაწყვეტილების, რომ ჩვენ შეიძლება ვინმეს არ დავუყენოთ კანდიდატურა, სწორედ ალეკოსთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.

ძაბირაძე: 8 მარტის შეთანხმებიდან ყველა გავიდა - “ოცნებაც” და ოპოზიციაც

“8 მარტის შეთანხმებას, როგორც ჩანს, ორივე მხარე არღვევს. ასეთია როგორც მესამე მხარის - ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია, ისე ჩემი პოზიცია და დაარღვევენ მანამ, სანამ ან ერთი, ან მეორე მხარე, ან ორივე ერთად ისევ ჩვენი მეგობრების მხრიდან არ დაიტუქსება”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებს 8 მარტის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ძაბირაძე: 8 მარტის შეთანხმებიდან ყველა გავიდა - “ოცნებაც” და ოპოზიციაც.

“საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ბოიკოტზე მდინარაძე ამბობს, რომ: „ნაციონალური მოძრაობა, ყველა თავისი დანაყოფით, 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა”. მისივე შეფასებით, თუ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა, მასში მონაწილე ყველა მხარის წინაშე პასუხისმგებელი “ნაციონალური მოძრაობაა”. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დიალოგში მონაწილე ნეიტრალური მხარის ანუ საერთაშორისო პარტნიორების მინიშნებებებით ჩანს, რომ 8 მარტის შეთანხმებას არღვევს როგორც ხელისუფლება, ისე მასში მონაწილე ოპოზიციური ფრთა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან - ეს პოლიტიკური განცხადებაა. გავიდა თუ არ გავიდა, ყოველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნა და როგორც ჩანს, როგორც მესამე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებით და მინიშნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, 8 მარტის შეთანხმებას, როგორც ჩანს, ორივე მხარე არღვევს. ასეთია როგორც მესამე მხარის - ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია, ისე ჩემი პოზიცია და დაარღვევენ მანამ, სანამ ან ერთი, ან მეორე მხარე, ან ორივე ერთად, ისევ ჩვენი მეგობრების მხრიდან არ დაიტუქსება. მესამე მხარე თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანაში მონაწილეობა ორივე მხარეს უნდა მიეღო. იქ არაა, რომ “ჯერ ეს მივიღოთ და მერე ის გავაკეთოთო” და ასევე თვლის, რომ ხელისუფლებას შეთანხმება ბოლომდე არ შეუსრულებია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რურუას საქმესაც, უგულავას საქმესაც, საკონსტიტუციო შესწორებებსაც, ყველაფერს თავიდან აირიდებდნენ და სამწუხაროდ, ჩვენი ქართული საზოგადოება არც ერთ, არც მეორე მხარეს არავის არ აინტერესებს, ამიტომ ყველაფერს აირიდებდნენ თავიდან ერთიც და მეორეც, რომ არა ის მესამე მხარე, რომელიც გაცილებით პრინციპულია და რომელზეც ბევრადაა დამოკიდებული ამ ქვეყანაში არსებული ვითარება - სოციალურიც ეკონომიკურიც და პოლიტიკურიც. აი, ამას უფრთხილდებიან, თორე ჩვენი საზოგადოება რომ არ აინტერესებთ, ეს გასაგებია და დიდი ხანია ვიცით. ასე რომ, მარტო “ნაციონალები” არ გასულან, “ქართული ოცნებაც” გავიდა ამ შეთანხმებიდან”, ასე ჩანს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

სახელმწიფოს დახმარება მოქალაქეებამდე ვერ აღწევს - უმუშევრობის კომპენსაციაზე გათვლილი თანხის ნახევარიც არ არის ათვისებული

“სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაფართოვდება. მიზეზი ნაკლები მიმართვიანობაა, რის გამოც ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად უცნაურია იმ პირობებში, როცა სამუშაო ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა. ეს ან გაზრდილი ბიუროკრატიის, ან ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრალია, რის გამოც, დასაქმებულები ვერ ადასტურებენ, რომ სამსახურში მუშაობდნენ და შემოსავალი დაკარგეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფოს კომპენსაციის თხოვნით მოსალოდნელზე ნაკლებმა ადამიანმა მიმართა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უმუშევრობის კომპენსაციაზე გათვლილი თანხის ნახევარიც არ არის ათვისებული / ხალხი მძიმე დღეშია და ამ დროს სახელმწიფოს დახმარება მოქალაქეებამდე ვერ აღწევს.

“შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა, ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის - სპეციალური სამთავრობო ფონდიდან”, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. მისივე განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. “როგორც იცით, 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ვალის მოცულობა და დეფიციტი საგრძნობლად იცვლება. ბიუჯეტის პროექტით, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 54.4%-ს, ხოლო დეფიციტი 8.5%-ია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით არ შეცვლილა. ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება მინუს 4 %. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის”, - თქვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამით 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მიმდინარე კვირაში სესიაზე დაამტკიცებენ. იმას, რომ უმუშევრობის კომპენსაციების გაცემის საკითხში დიდი ხარვეზებია, ადასტურებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მისი ინფორმაციით, რეალურად, დაგეგმილი ბიუჯეტის ნახევარიც არ არის ათვისებული გასაცემი კომპენსაციების კუთხით. კრიტერიუმებს არ ეთანხმება კიდევ ერთი, დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე. მისი შეხედულებით, პრობლემა დასაქმებულთა სწორედ ასე დაყოფაა და დახმარება უნდა მიეღო ყველას, გარდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა”, - დასძენს გამოცემა.

“მიზეზი იყო თვითდასაქმებულთა მიმართ ბიუროკრატიული ბარიერები. ერთ-ერთი საზოგადოებამ იხილა კიდეც დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებთან მიმართებით, როცა ბაზრის დირექცია არ აძლევდა მოწმობას, რომ ისინი მართლაც არიან დასაქმებულნი. მოწმის ინსტიტუტი მუშაობს სასამართლოშიც კი და გაუგებარია, რატომ არ მუშაობს ამ ნაწილში. ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს კომპენსაციის მიმღებ პირთა წრის გაფართოებისას კრიტერიუმების ცვლილების კომპონენტი. ასევე უამრავი ადამიანია, ვინც საერთოდ არ იცის, როგორ უნდა აიღოს კომპენსაცია და ჩვენც არაერთი მათგანი მოგვმართავდა მსგავსი თხოვნით. ადამიანი ინდმეწარმედ თუ არ იყო რეგისტირებული, მისთვის დიდი სირთულე გახლდათ კომპენსაციის მიღება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი პეტრიაშვილი.

“საქართველოში თავისთავად არ არის განსაზღვრული, თვითდასაქმებულთა კატეგორია ვის მოიცავს , შესაბამისად, შემდგომში რთულდება ამ ადამიანებისათვის ნებისმიერი თანხის მიღება. ეს არის ძირითადი პრობლემა, რაც ჰქონდა კომპენსაციის გაცემის დაგეგმვას. შეიძლებოდა, ყველაფერი განხორციელებულიყო ძალიან მარტივად - დახმარება მიეღო ყველას, გარდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა. ჩვენ არაერთი ადამიანი მოგვმართავდა კითხვებით, თუ როგორ შეეძლოთ დახმარების მიღება, რადგან ბიუროკრატიულ აპარატში გარკვევა მოქალაქეებისათვის არ არის მარტივი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფო ჯაფარიძე.

“დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისის მდგომარეობით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია 84 564-მა თვითდასაქმებულმა მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 144 674 პირი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 775 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 155 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება”, - წერს სტატიის ავტორი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა