საქპატენტის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება - „ბარბარე ჯორჯაძე“ წარმოადგენს საზოგადოების კუთვნილებას და მასზე არ ვრცელდება ექსკლუზიური უფლებები

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივარი, სადაც განმცხადებელი მოითხოვდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტიდან აცნობეს, განმცხადებელს უარი ეთქვა კომბინირებული (ლოგო და სახელწოდება) სასაქონლო ნიშნის „ბარბარე ჯორჯაძე“ რეგისტრაციაზე.

„ექსპერტი დაეყრდნო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი შეიცავს საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს და ეს საკითხი არ არის შეთანხმებული ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან, თუკი ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას, აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ვერ დადგინდა ბარბარე დავითის ასული ერისთავ - ჯორჯაძის (1833-1895წ.წ.) მემკვიდრეთა არსებობა, ასევე ვერ დადგინდა, რომ „ბარბარე ჯორჯაძე“ წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას, მაგრამ კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველი ქართული რეცეპტების კრებულის „სრული სამზარეულო“ ავტორი ბარბარე ჯორჯაძე, რომლის წიგნი 100 წლის შემდეგაც პოპულარულია, საქართველოში ცნობილი პიროვნებაა, შესაბამისად, მისი სახელი და გვარი ვერ გახდება ერთი კონკრეტული პირის კუთვნილება. ამიტომ, კოლეგიის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: კომბინირებული სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა სრულად, მაგრამ სიტყვიერი ნაწილი „ბარბარე ჯორჯაძე“ ნიშანში შევიდა, როგორც დაუცველი ნაწილი და მასზე განმცხადებლის ექსკლუზიური უფლება არ გავრცელდა,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა