ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან, რომლის მიზანი 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი საარჩევნო სისტემის იმპლემენტაციაა, რაზეც მმართველმა უმრავლესობამ და ოპოზიციამ, საერთაშორისო მედიატორების დახმარებით, შეთანხმებას მარტში მიაღწიეს, - ამის შესახებ თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად, მომდევნო მოწვევის პარლამენტი უფრო პლურალისტური და წარმომადგენლობითი იქნება, რაც მისასალმებელია.
„ასამბლეა მუდმივად აკეთებდა მოწოდებას საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შესახებ, რაც ასეც იქნება 2024 წლის არჩევნებიდან. გარდა ამისა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად, მომავალი 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სისტემა ბევრად უფრო პროპორციული იქნება, ვიდრე ეს წინათ იყო, რაც პოტენციურად ხელს შეუწყობს უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი პარლამენტის შექმნას. ჩვენ მტკიცედ მივესალმებით ამას ”, - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
ამავე დროს, მომხსენებლების აზრით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა შეთანხმებამ არ უზრუნველყო ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნას. ისინი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რამაც შესაძლოა დაძაბულობა გაზარდოს.
„ჩვენ ყველა მხარეს ვთხოვთ, შეეცადონ თანამშრომლობას დაპირისპირების საკითხზე და კონსტრუქციულად იმოქმედონ 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების დარჩენილი ნაწილის შესრულებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებისა და მოქმედებისგან, რამაც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა და პოლარიზაცია, ანუ უარყოფითად იმოქმედოს გარემოზე, რომელიც საჭიროა ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
როგორც ვთქვით, პოლიტიკური შეთანხმება და მისგან გამომდინარე საარჩევნო სისტემა, საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარას სთავაზობს. ჩვენ ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ”- აცხადებენ თანამომხსენებლები.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს შესახებ თავიანთი ანგარიშის დასრულების მიზნით, ნოემბერში ქვეყანაში ვიზიტს გეგმავენ. მოხსენება ასამბლეას 2021 წლის იანვარში წარედგინება.