მსოფლიო ბანკი საქართველოს  დამატებით 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

საქართველოს ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შესარბილებლად, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მსოფლიო ბანკიდან აცნობეს, დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტი-კრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება,” - აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ეს დამატებითი ფინანსური სახსრები, ქვეყნისთვის კრიტიკულად დროული და აუცილებელი დახმარებაა „მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაკავეს, ქვეყანას სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, ფისკალური და ეკონომიკური ხარჯების გაღება მოუწია. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ეს დამატებითი ფინანსური სახსრები, ქვეყნისთვის კრიტიკულად დროული და აუცილებელი დახმარებაა“.

დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა. საერთო მიზანი კი იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და შედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე; და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან პარტნიორებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კონკრეტულად COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ საქართველოში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისთვის და ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესის შენარჩუნებისთვის,” - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

„აღნიშნული ფინანსური დახმარება „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების“ ფარგლებში გათვალისწინებული სამ-ეტაპიანი საკრედიტო ოპერაციების რიგით მეორე ტრანშია. ის მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხისთვის გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. პირველი საკრედიტო ოპერაცია - 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით „სწრაფი დახმარების მექანიზმის“ საშუალებით გაიცა. მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია. გლობალურ დონეზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ფართო და სწრაფი ზომები მიიღო, რათა ქვეყნებს COVID-19 პანდემიის გავრცელების შეჩერებაში შუწყოს ხელი. მომავალი 15 თვის განმავლობაში, ბანკი დაახლოებით 160 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რომ 100–ზე მეტ ქვეყანას (სადაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 70%–ზე მეტი ცხოვრობს) ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დაცვაში, კომპანიების ხელშეწყობასა და ეკონომიკის აღდგენაში დაეხმაროს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ