მამუკა არეშიძე - “ისე ჩანს, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ”
სად გაუჩინარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქე 4 ქალი
ლევან ბოძაშვილი - “საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა”
“ოცნების” გადამწყვეტი სვლა - 1%-იანი ბარიერი: “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეკვრას აღარ შეეცდებიან”.
ხათუნა ლაგაზიძე - “სამუდამო“ პუტინი და საქართველოს არჩევნები
* * *
მამუკა არეშიძე - “ისე ჩანს, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ”
“ხანგრძლივი და რთული პროცესი, როგორც იქნა, დასრულდა. შარშან დადებული პირობის შემოდგომაზე გადათქმა “ქართულ ოცნებას” ძალიან ძვირად დაუჯდა - მისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე შეილახა. ამ საკითხმა ისეთი ოპოზიციური ძალები დასხა ერთ მაგიდასთან, რომლებიც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი საზოგადოების ფართო ფენებისთვის, სამწუხაროდ, აბსოლუტურად სულერთი იყო, როგორი სისტემით ჩატარდებოდა არჩევნები. ეს იმის ნიშანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ აუხსნეს საზოგადოებას ამ ცვლილებების მნიშვნელობა. არადა, საქართველოში საარჩევნო სისტემა განახლებას ითხოვდა და მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური მოდელი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება საჭირო, რაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეფასებებშიც გამოჩნდა...”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ისე ჩანს, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ” / “საჭიროა შესაბამისი რეგულაციების შემოღება. საზოგადოებას ენგრევა ფსიქიკა, მომავალი თაობა ირყვნება და ამ ფეიკნიუსებსა და ლანძღვა-გინებას კიდევ ათასი უბედურება მოაქვს”.
“მთელ ამ პროცესს ფონად გასდევდა ქართველი საზოგადოების აპათიური დამოკიდებულება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობა, რამაც დიდი როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღებაში... პარადოქსული ვითარება შეიქმნა - ოპოზიცია მთელი წელი ითხოვდა ამ ცვლილებების მიღებას და არ დაესწრო სხდომებს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთი მოთხოვნა არ შესრულდა, აქტუალურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა - იმდენი ქნა ოპოზიციამ, ინიციატივა ისევ მმართველი პარტიის ხელში დატოვა. ოპოზიციაშიც დაიწყო ინტერესთა ჭიდილი და არეულობა, მოვისმინეთ, გიგა ბოკერიამ და ალეკო ელისაშვილმა რა არაკორექტულ ეპითეტებით შეამკეს ერთმანეთი. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ის თანხმობის მომენტი, რაც ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში აშკარად დადებითად აღიქმებოდა, ვერ გამოიყენეს და ინიციატივაც ისევ ხელისუფლების ხელშია. აშკარაა, რომ საარჩევნოდ ოპოზიციაში თანამშრომლობა ძალიან გაჭირდება, მით უფრო, რომ წვრილ პარტიებს პარლამენტში შესასვლელად უნიკალური შანსი ეძლევათ - სულ ცოტა, 22 000 ხმა სჭირდებათ, რომ ერთი კაცი მაინც გაიყვანონ დეპუტატად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ვფიქრობ, დღეს “ქართულ ოცნებას” გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა, ვერ მოახერხა სამართლიანობის, ღირსების აღდგენა და ა.შ. თუმცა ვიმეორებ, უპირატესობა ისევ მის ხელშია, რადგან ოპოზიციაში დომინანტი ისევ ის ძალაა, რომელიც სწორედ სამართლიანობის ყველაზე დიდ დამრღვევად მიიჩნევა. საბოლოოდ ისევ მივიღეთ დაპირისპირება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს შორის. მესამე ძლიერი ძალა, რომელიც ამ ორი დომინანტის დაპირისპირებაში ჩაერეოდა, არ ჩანს და ვეჭვობ, არჩევნებამდე გამოჩნდეს. რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, აშკარაა, ლობისტები უაღრესად აქტიურად მუშაობენ და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ნეგატიური იმიჯის განმტკიცება და მისი რუსეთთან მიბმის ცდა გრძელდება. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას იმის გამო, რომ თავის დროზე ლობისტებთან მუშაობაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი პარტნიორებისგან საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა, მაინც ჩნდება უცხოურ გამოცემებში სტატიები, სადაც უკიდურესად მწვავედ არის გაკრიტიკებული “ქართული ოცნების” ხელისუფლება. მაგალითად, გასულ კვირას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მარკუეინ მალინმა გამოცემა “ჰილისთვის” დაწერილ სტატიაში საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს “რუსეთში გაწვრთნილი ოლიგარქი” უწოდა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აი, ანაკლიის პორტის შესახებ ნამდვილად შეიძლება არსებობდეს კითხვები, თუმცა არა მგონია, ეს ხელჩასაჭიდი იყოს იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას დააბრალო კრემლისთვის მუშაობა. მოკლედ, აშკარაა, რომ საქართველოდან ინფორმაცია ცალმხრივად, მიკერძოებულად მიდის. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, როგორ იქმნება წარმოდგენა ივანიშვილსა და ხელისუფლებაზე, რაც ნაწილობრივ თავად ხელისუფლების ბრალია. ის ვერ მუშაობს ეფექტიანად დასავლელ პარტნიორებთან, ვერ უხსნის ძალიან ბევრ ისეთ თემას, რისი ახსნაც, წესით, რთული არ უნდა იყოს. სხვათა შორის, ახლახან ამერიკულმა კომპანიამ ბათუმის პორტში სიმძლავრეები შეიძინა, ყაზახებისგან ტერმინალი იყიდა და 50-წლიანი იჯარა გადაიბარა, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს. არადა, მთავარ ბრალდებად გვესმის, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ ინვესტიციებს ავიწროებსო”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “პანდემიასთან შედეგიანმა ბრძოლამ “ქართულ ოცნებას” საკმაოდ კარგი რეიტინგი შეუქმნა... მოახერხებს “ქართული ოცნება” არჩევნებამდე რეიტინგის შენარჩუნებას?” - პასუხობს:
“თქვენი კითხვის ლოგიკიდან გამომდინარეც კარგად ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას~ არჩევნების გადადება არ აწყობს. შესაბამისად, არ ველი პანდემიის მომიზეზებით საპარლამენტო არჩევნების გადავადებას. თუ რამ უბედურება არ მოხდა და არ იფეთქა ისევ ეპიდემიამ, ხელისუფლება მოწადინებული იქნება, დროულად ჩაატაროს არჩევნები. რაც შეეხება ქვეყანაში ვითარებას, ისე ჩანს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ რადგან საქართველოში პანდემიის საფრთხე არ არის ძალიან აქტუალური, საზოგადოება ვერც აღიქვამს ამ საშიშროებას, არადა, ურთულესი ვითარებაა ჩვენს სამეზობლოში. ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას, რა საშინელი ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში...”
“ჩვენთან ეკონომიკური ვითარება მძიმეა, კიდევ დამძიმდება და ვფიქრობ, არ იყო სწორი ამხელა აქცენტის გაკეთება კრიზისული ვითარების დაძლევის გეგმაში ტურიზმზე. მეტიც, ბოლო წლებში ტურიზმზე დადებული ფსონით ბევრი დრო დავკარგეთ. არ ვიზრუნეთ ინდუსტრიული დარგების განვითარებაზე, შედეგად კი ვნახეთ, რომ დღეს ტურიზმი გაჩერდა და, ფაქტობრივად, გაჩერდა ჩვენი ეკონომიკაც. ჩვენ დღეს გვყავს დაუსაქმებელთა დიდი არმია და ეს, გარდა იმისა, რომ სოციალურ ვითარებას ამძიმებს, ფსიქოლოგიურადაც ურთულეს ფონს ქმნის. ფაქტია, უცებ წარმოება ვერ შეიქმნება, მაგრამ სწორედ ამისკენ უნდა ავიღოთ გეზი. კარგი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების სურვილი გაჩნდა, რაც ამ ვითარებაში ნამდვილად პატარა პლუსია. ძალიან ბევრი მოქალაქე დაუბრუნდა სოფელს და მიწების დამუშავება დაიწყო. ამას ხელის შეწყობა, სტიმულირება სჭირდება”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
“საზღვრების გახსნას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამას პანდემიის აფეთქება რომ მოჰყვეს, ეს საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანას. მესმის, რომ ეს შეზღუდვები ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია და ზოგიერთი ოპოზიციონერის ამ თემაზე ქილიკიც აბსოლუტურად უადგილოა. თუ გავხსენით საზღვრები, შემოვიდა ტურისტთა ნაკადები, ჩვენც წავედით და ამის შედეგად იფეთქა პანდემიამ, მაშინ ხომ ოპოზიცია ისევ ხელისუფლებას დაუწყებს გინებას. ერთიც უნდა ვთქვა - ქვეყანაში არსებობს რეგულაციები, მაგრამ არის დარღვევის შემთხვევებიც და ამაზე მკაცრი პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, არა მარტო დარგობრივ, არამედ რეგიონულ ხელმძღვანელებსაც. ამას წინათ ერთ-ერთ რეგიონში ისე იყო გაძეძგილი ავტობუსი, ნემსს ვერ ჩააგდებდი. რომელ დისტანცირებაზეა ლაპარაკი?! თუ ვიცავთ სიფრთხილეს, ბოლომდე დავიცვათ დაასკვნის რესპონდენტი. “ჩვენ რუსეთში პუტინის ძალაუფლების გამყარებისა და გახანგრძლივების მომსწრე ვართ. ამ ქვეყანამ, ფაქტობრივად, მუდმივი პრეზიდენტი მიიღო. რუსული ოლიგარქიის ერთმა ნაწილმა სცადა ამ გადაწყვეტილებით თავის გადარჩენა. 7-8 ოლიგარქია, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ რეფერენდუმის შედეგი ასეთი ყოფილიყო. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მაგრამ არის ოლიგარქიის მეორე ნაწილი, რომელსაც პოლიტიკური სურათის შეცვლა სურდა და მას რეფერენდუმის ეს შედეგი ნამდვილად არ გააჩერებს. კარგად რომ დავაკვირდეთ, პუტინი ოლიგარქიული სისტემის მძევლად გადაიქცა. ვნახოთ, ოლიგარქიული ჯგუფების დაპირისპირება რა შედეგს მოიტანს. საქართველოსთვის კი, ვფიქრობ, არსებითად არაფერი შეიცვლება. რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, არამედ ჩვენი ქვეყნის მტრადაც ჩამოყალიბდა, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია. ის პოლიტიკა, რასაც რუსეთთან ვაწარმოებთ, საჩვენოდ ეფექტიანი არ არის, თუმცა შეცვლის გზაც არ ჩანს”, - დასძენს არეშიძე.
სად გაუჩინარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქე 4 ქალი
“ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 4 საქართველოს მოქალაქე ქალი გაუჩინარდა. მათ ამ დრომდე ეძებენ, ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთიდან ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის დროს ისინი მდინარეში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ. ადგილობრივები “რეზონანსთან” ჰყვებიან, რომ ისინი მაშინ დაიკარგნენ, როცა ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობდნენ, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია. შემთხვევა სოფელ თაგილონთან მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ნაპოვნია ორი ქალის ცხედარი, ორს კი ჯერ კიდევ ეძებენ. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით თითქოს აფხაზეთიდან ერთი გაუჩინარებული ქალის ოჯახს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის ცოცხალია და კარანტინში იმყოფება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სად გაუჩინარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქე 4 ქალი / “აფხაზეთიდან სიგარეტი გადმოჰქონდა - იქ იაფად ყიდულობდა და მერე აქ ყიდდა”.
“ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალბატონები კონტრაბანდული საქონლის გადმოსატანად გაუქმებული ტურბინის კედელს იყენებდნენ, რომლის ქვეშაც რიონი გადის, ეს არის ადგილი, სადაც მდინარე შედარებით ღრმაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას დაუცდათ ფეხი ქალბატონებს და წყალში გადავარდნენ. იმის გამო, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის, ცხედრების საძიებო სამაშველო სამუშაოებს ქართული მხარე ვერ ახორციელებს. ერთ-ერთი გარდაცვლილის, 60 წლის ქალის ლუარა ლემინჯავას მეზობლები ადასტურებენ, რომ იგი კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობისას დაიხრჩო. “ერთი კვირაა რაც წავიდა და მისი კვალი დილას დაიკარგა. ის აფხაზია და იქ ნათესავებთან გადადიოდა ხოლმე. ძმა და რძალი ჰყავს. სწორედ ძმის მეშვეობით გავიგეთ, რომ დაიკარგა. სახლში დარეკეს და იკითხეს მოვიდა თუ არა. როდესაც უთხრეს, რომ არა, მისი ძებნა დაიწყეს. აფხაზეთშიც ეძებენ, მაგრამ ახლა ხმა გავრცელდა, რომ მდინარეში ჩაცვენილან და დამხრჩვალანო. აფხაზეთიდან სიგარეტი გადმოჰქონდა. იქ იაფად ყიდულობდა და მერე აქ ყიდიდა.. ძალიან მძიმე სიტუაციაში ცხოვრობს ხალხი და ეს ამის გამო ხდება. სამეგრელოში რომ კონტრაბანდული სიგარეტი იყიდება ეს ვინმესთვის ახალი ამბავია?”, - ამბობს ქალის მეზობელი, რომლის თქმით, “დალხინებული ცხოვრება რომ ჰქონდეთ”, სიცოცხლით ასე არ გავრისკავდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ლუარა ლემინჯავას ახლობელი მაია ქუხილავა “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ლემინჯავა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირის წინ გადავიდა და დღეს დილით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით გეგმავდა. მისი ინფორმაციით, ის დილით ადრე წამოსულა, თუმცა მას შემდეგ აღარ ჩანს. მის კვალს ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს. “ძმისთვის უთქვამს, რომ მდინარით უნდა გადავიდე, რადგან აფხაზებმა არ გამიშვაო. ამბობენ დაიხრჩოო, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით. ძმა გალის პოლიციაშიც მივიდა, მაგრამ არც ცოცხალი ჩანს და არც მკვდარი. როგორც გავიგეთ მასთან ერთად სამი სხვა ქალიც იყო, ისინიც არ ჩანან. გავრცელდა თითქო ინფორმაცია, რომ ორი ქალის ცხედარი მდინარემ გამორიყაო. თუმცა დაზუსტებით არავინ არაფერი არ იცის”, - ამბობს ქუხილავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს”, - წერს სტატიის ავტორი.
ლევან ბოძაშვილი - “საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა”
“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, პროპაგანდისტული მითი, რომ რუსეთთან ურთიერთობის `დალაგებით~ საქართველოს ეშველება, კვლავაც ბევრია. ეს ე.წ. ყალბ საინფორმაციო მასალებშიც აისახება. აქ მთავარია შემდეგი განმსაზღვრელი ფაქტორი - არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების ბერკეტი მხოლოდ დასავლურ ინსტიტუციებს აქვთ - ეუთოს, ევროკავშირსა და აშშ-ს. ამიტომ ოპოზიციური ძალების ნაწილი ცდილობს პრორუსულობის იარლიყი ხელისუფლებას მიაკეროს, რაც შეიძლება დამაჯერებელი სწორედ დასავლეთისთვის იყოს. მეორე მხრივ, ბოლო წლის განმავლობაში ხელისუფლების ნაბიჯებმა ასეთი არაერთი ეჭვის საფუძველი გააჩინა”, - აცხადებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან ბოძაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომელ პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა კრემლი საქართველოში?! / “უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი”.
“თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიცაა - რა ფაქტორებს აქვთ გავლენა ანტიდასავლური განწყობის ზრდაზე? უპირველესად იმ პოლიტიკური პარტიების ნეგატიურ აღქმადობას საზოგადოების თვალში, რომლებიც, ერთი მხრივ, ულტრაპროდასავლურ ძალად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, დასავლეთისთვის მუდმივად “ჩვენი ბიჭის” როლის მტკიცებაში არიან და ამავე დროს სწორედ ანტიდასავლურ პროპაგანდას უწყობენ ხელს. ზოგიერთი პარტიის მიერ საკუთარი თავის შეთავაზება იმდენად ინტენსიურია, რომ ეროვნული სუვერენიტეტის ფარგლებსაც ივიწყებენ. ბუნებრივია, ამას ხედავს მოსახლეობა და ანტაგონიზმიც უჩნდება. ამიტომ უნდათ თუ არა, პარტიები ირიბად სწორედ ანტიდასავლურ განწყობას აღვივებენ. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა. ისინი ცდილობენ ამომრჩევლის კონცენტრაცია პარტიების პოლიტიკური შესაძლებლობებიდან ორიენტაციაზე გადაიტანონ. ეს ამომრჩევლის მოტყუებაა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებზე სათანადოდ ვერ რეაგირებს, მუდმივად თავს იმართლებს და იმისთვის, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს ბრალდებები არ დაიჯერონ, ცდილობს “რომის პაპზე უფრო კათოლიკე” გამოჩნდეს. საშინაო პოლიტიკა საგარეო პოლიტიკისა და ფაქტორების უფრო დიდი მძევალი ხდება, რის გამოც საქართველოს მოქალაქეს სრულფასოვანი არჩევნის საშუალება ეზღუდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.
“პირობითად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა სტაბილურად 70%-ია. თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ამდენივე უჭერს მხარს, მაგალითად, “ნაცმოძრაობას” ან “ევროპულ საქართველოს”. აი, სწორედ აქ ცდება ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, თუმცა სხვა გამოსავალი არც აქვთ, ვინაიდან პროდასავლურობის ხაზგასმის გარეშე ბევრს არაფერს წარმოადგენენ საარჩევნო წონის თვალსაზრისით. ასეთ ვითარებაში ამომრჩეველმა სიმართლე უნდა იპოვოს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური არჩევნით. ის, ვინც ცდილობს ეს განწყობა შეცვალოს და გამოიყენოს, ის ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და რეალურად პოლიტიკური სოციოპათია, რომელიც დიდად არ დაგიდევს ამომრჩევლისა და სახელმწიფოს მდგომარეობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველი ინტერნეტ და ციფრული მედიის ეპოქაში დაუცველია მანიპულაციებისგან. ფეიკნიუსების გამავრცელებელიც ამ დაუცველობით სარგებლობს. თუმცა ეს დიდწილად ამომრჩევლის ბრალიცაა, რადგან სიღრმისეულად და კრიტიკულად არ უყურებს ბევრ რამეს. ამის კარგი მაგალითია ე.წ. 5G-ის საკითხი. ცოტა მეტი დაინტერესებითა და ლოგიკითაც შესაძლებელია ადამიანმა დაინახოს, რომ ეს ტექნოლოგიები კორონავირუსთან კავშირში არ არის. მაგალითად, სომხეთში, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, 5G არ ამოქმედებულა. დასავლეთმა ჩინურ “ჰუავეის” დაუბლოკა 5G-ის დაყენების შესაძლებლობა. ხალხს ჰგონია, დასავლეთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ 5G მავნებელია, სინამდვილეში კი “ჰუავეი” ჩინეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს. უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ამ ამბავს, როგორც ბევრ სხვას, ნეგატიური განწყობის დასანერგად იყენებს. ამ პროპაგანდის მიზანი მხოლოდ ანტიდასავლური მიზნები კი არა, ხელისუფლების წნეხში მოქცევა და დასუსტებაა”, - განმარტავს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.
“ძალიან მომრავლდნენ პრორუსული განწყობის პარტიები და ინდივიდები. ისინი, ვინც ხან პირდაპირ, ხანაც ირიბად ცდილობენ ათასგვარი სიყალბის გავრცელებით, განსაკუთრებით ღირებულებებზე დარტყმითა და ამ საკითხის მანიპულირებით, გააღვივონ ანტიდასავლური განწყობა, რუსული სპეცსამსახურის დასაყრდენი ძალები არიან. ეს ის ძალებია, რომლებიც ქუჩაში მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც ვინმე ულტრალიბერალური ტენდენციების მატარებელი ფილმის ჩვენებას აპირებს, და ამით სწორედ ასეთი განწყობის გაღვივებას უწყობენ ხელს. ქმნიან მითებს და მეორე უკიდურესი პროპაგანდის მესვეურებს სწორედ იმ წისქვილზე უსხამენ წყალს, რომელსაც სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება სურს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ორი ტიპის დასაყრდენი - დასავლური ღირებულებებით შენიღბული საზოგადოებრივი ჯგუფები და ეროვნული ფასეულობებით შენიღბული მეხუთე კოლონისტური ჯგუფები. საბოლოოდ, ორივე ერთ ამოცანას ემსახურება - ანტიდასავლური განწყობის ზრდას. ამას რუსული სპეცსამსახურების ენაზე “აქტიური მოქმედებების ტაქტიკა” ჰქვია და ეს ბოლო წლის განმავლობაში არაერთხელ დავინახეთ. რუსეთი კარგა ხანია ცდილობს განწყობის ფორმირების გზით არჩევნებამდე განსაზღვროს არჩევნების ბედი”, - დაასკვნის ლევან ბოძაშვილი.
“ამ ყველაფრის გამკლავებას ადეკვატური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება სჭირდება. უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი. დასავლური დახმარება მოსახლეობამდე არ მიდის, ის მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ისმენს. შესაბამისად, ესეც მოქმედებს მის განწყობაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თავს არიდებს საფრთხეების იდენტიფიცირებას, დოქტრინალიზაციას და მათ დასახელებას მთავარ დოკუმენტებში”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თავის არიდების მიზეზი რა უნდა იყოს?” - პასუხობს:
“ძალიან კარგი, ეს შეკითხვა რომ დასვით, მაგრამ ვერ გიპასუხებთ. მე მაქვს ჩემი ვერსიები, თუმცა ამაზე საუბარი დასაბუთების გარეშე ბრალდებად ჩამეთვლება. ახლა მხოლოდ ამას ვიტყვი - გვიპასუხონ, 2018 წლის შემდეგ უსაფრთხოების საბჭომ რატომ ვერ განაახლა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი?"
“არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად უფრო გახშირდება ფეიკნიუსები, განსაკუთრებით სექტემბერში, ოქტომბერში კი უფრო ინტენსიური გახდება. ამას სჭირდება არა მარტო პოლიტიკური ფეიკნიუსების წინააღმდეგ, არამედ განწყობითი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაც. მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ფეიკნიუსებთან გამკლავების ერთეული, რაც კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში ტექნოლოგიები ძალიან დაგვეხმარება. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები დღეს ფართოდ გამოიყენება ფეიკნიუსების დასადგენად და გავრცელების ხელის შეშლისთვის. ვნახოთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება”, - დასძენს ბოძაშვილი.
“ოცნების” გადამწყვეტი სვლა - 1%-იანი ბარიერი: “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეკვრას აღარ შეეცდებიან”.
“ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა იყო, რომ დროზე ადრეა ჩამოაწიკწიკა თავისი გეგმები. ამიტომ გასაკვირი არ არის. რომ ხელისუფლება არ ჩქარობს თავისი საარჩევნო გეგმის გამხელას როგორც პარტიულ სიასთან, ისე მაჟორიტარებთან დაკავშირებით” - ასე ეხმაურება ოპოზიციის და ხელისუფლების საარჩევნო გეგმებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. “ოცნებაში აცხადებს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს რამდენიმე კვირაში, ხოლო ახალ პარტიულ სიას სექტემბერში წარადგენენ. ოპოზიცია კი ბლოკებსა და ერთიან პარტიულ სიაზე უარს ამბობს და ფიქრობენ, რომ ყველა პარტია დამოუკიდებლად უნდა გავიდეს არჩევნებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” გადამწყვეტი სვლა - 1%-იანი ბარიერი: “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეკვრას აღარ შეეცდებიან.
“აი, მაგალითი, ოპოზიციის ინტელექტი რომ ადეკვატურად შეაფასო - მთაწმინდაზე და ვაკეში მაჟორიტარებად ისეთი ფიგურები დაასახელა, რომლებსაც ეს უბნები უკვე წაგებული აქვთ და გამორიცხული არ არის, რომ ისევ წააგებენ. რა არის ეს ჩანაფიქრი? მე მიმაჩნია, რომ შეცდომაა. წესით, ან საერთოდ გამოჰყავთ ასეთი ფიგურები ან სხვა ფიგურებით ანაცვლებენ. ოპოზიცია ბოლო დროს ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, ასეთი დაბნეული ოპოზიცია მე არ მახსოვს... რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური ბლოკის თუ სიის შექმნას, 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეკვრას აღარ შეეცდებიან, რადგან თითოეულს აქვს საკმაოდ სერიოზული შანსი, დამოუკიდებლად მოხვდეს პარლამენტში. ალბათ 1%-იანი ბარიერი იყო ოცნების ის სვლა, რომელიც გულისხმობდა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან არ გაერთიანდებოდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს თავისი მყარი ამომრჩეველი ანუ სტაბილური ელექტორატი, რომელიც არც ერთ პარტიას არ ჰყავს. რასაც ზომიერი ამომრჩეველი მათ საყვედურობს, რომ უხეში განცხადებებით გამოირჩევიან, ეტყობა, ეს არის მათი სტრატეგია. მათ ამომრჩეველს ეს აგრესია მოსწონს და ამიტომ რჩებიან მათთან. “ევროპულ საქართველოს” მუდმივი ამომრჩეველი არ ჰყავს. ამ ხნის განმავლობაში მათ ვერ მოასწრეს საკუთარი ამომრჩევლის ჩამოყალიბება, ვერც ერთიანი ხაზის გატარება, ამიტომაც მათმა ამომრჩეველმა არ იცის, რაც უჭერს მხარს, თანაც არც ქარიზმატული ლიდერი ჰყავთ. რაც შეეხება “ლელოს”, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გაერთიანდა, მაგრამ მოსახლეობაში ეს პარტია მაინც “ბანკირების პარტიად” აღიქმება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება მომავალ პარლამენტში კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხს, ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი იქნება. კოალიციის შექმნა პარტიათა სიმრავლეზე ყოველთვის არ არის დამოკიდებული. მთავარია, რა პროცენტებით შევა ოპოზიცია პარლამენტში. მე ვფიქრობ, მთავრობის დაკომპლექტების მხრივ “ოცნებას” პრობლებები არ ექნება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეს. თუ დააკლდება ხმები, პარტნიორების მოძებნა არ გაუჭირდება”, - დასძენს საყვარელიძე.
ხათუნა ლაგაზიძე - “სამუდამო“ პუტინი და საქართველოს არჩევნები
“ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტიდან 2019 წელს გამოუშვეს ოპოზიციური შეხედულებების გამო, ბოლო პერიოდში თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ 2022 წლამდე პუტინი აუცილებლად გადადგებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სხვა მიზეზთა გამო. ნიშანდობლივია, რომ სოლოვეი დაკავშირებულია კრემლის ერთ-ერთ გავლენიან დაჯგუფებასთან და ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც არგუმენტების გარეშე საუბარი არ სჩვევია. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი - ვფიქრობ, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში პუტინის ჩანაცვლების მიზნით მოძრაობა დაიწყო. რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ გავლენიანი პოლიტიკური და ბიზნესჯგუფები დააზარალა, რომლებმაც სანქციებისგან თავდახსნის სანაცვლოდ პუტინის ალტერნატივაზე დაიწყეს ფიქრი და სოლოვეი სწორედ მათ ფიქრებს თუ სურვილებს ტესტავდა”, - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამუდამო“ პუტინი და საქართველოს არჩევნები.
“მეორე ფაქტორი არის რუსეთში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ამძაფრებს, ერთი მხრივ, დასავლეთის სანქციები, მეორე მხრივ კი კორონავირუსით გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი. ამასთან, რუსეთის სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, პუტინის რეიტინგი ისეთი დაბალია, როგორიც არასდროს ყოფილა. შესაბამისად, პუტინმა ამ საკონსტიტუციო რეფორმის სახით პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების განწყობისგან თავდაცვის მექანიზმი შექმნა. რა თქმა უნდა, კრიტიკული განწყობები უფრო იმძლავრებს. სანამ პუტინის გადადგომაზე დაიწყებდა საუბარს, სოლოვეი სოციალურ ბუნტს წინასწარმეტყველებდა. თუმცა ამ ეტაპზე რადიკალური ცვლილებებისთვის მზადყოფნა რუსეთში არ ჩანს. ოპოზიციური განწყობა რევოლუციურ ცვლილებას ყოველთვის არ მოასწავებს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისეთი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ, რომლებიც ამ განწყობის გენერირებას შეძლებენ, ხელისუფლების ცვლილებას არ ველი. “ხელმწიფის კარის გადატრიალება” ანუ შიდასახელისუფლებო ცვლილებები უფრო რეალური იყო, მაგრამ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებით ყველა შესაძლო სცენარი ჯერჯერობით დაბლოკა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“პუტინმა მმართველობის ახალი და უვადო ფაზა ძალიან საინტერესო განცხადებით დაიწყო. კერძოდ, თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა თან წაიღეს ტერიტორიები, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს საჩუქრად ერგოთ რუსეთისგან, და ეს საკითხი დღეს ისევ ღიაა. ეს რიტორიკა ავის მომასწავებლად მეჩვენება. 2008 წლის მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, როდესაც პუტინის იმპერიული რეინკარნაცია ვიხილეთ, მან ახალი დოქტრინა წამოაყენა - რომ რუსეთი ყველგან, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაიცავს საბჭოთა ეპოქაში დაბადებულ ადამიანებს და მით უფრო, ეთნიკურ რუსებს, რასაც ძალიან მალე მოჰყვა დაპყრობითი ომები ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში. დღეს პუტინის ახალი რიტორიკა და რუსულ სამხედრო ბაზებზე გაჩენილი ბანერები, წარწერით “რუსეთის საზღვრები უსასრულოა”, ერთმანეთთან თანხვედრაშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ნახეთ, რა ხდება აშშ-ში. შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ პროცესები შეუქცევადი გახდა. შეიძლება ითქვას, ამერიკას პოლიტიკური ცუნამი დაატყდა თავს - პირველ ტალღად კორონა მოევლინა, მეორე ტალღად კი ფლოიდის მკვლელობის თანმდევი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დღეს უკვე, შეიძლება ითქვას, ნამდვილ “სოციალისტურ” მოძრაობაში გადაიზარდა. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, პროცესები გარედან არის მართული. ამერიკული პრესა წერს, რომ რუსულმა დეზინფორმაციულმა პოლიტიკამ რასობრივი შუღლი წინმსწრებად გააღვივა, რასაც ახლა აქტიურად იყენებს. რუსული დეზინფორმაციის გენერალური ხაზი ყველა სამიზნე ქვეყანაში ერთია და მოიცავს: 1. საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფას, ანუ საზოგადოების დაქუცმაცებას, რათა მას აღმშენებლობითი ენერგია გამოაცალოს; 2. მტკივნეული თემების გაღვივებას, მაგალითად, ამერიკისთვის რასიზმი; საქართველოსთვის _ სექსუალური უმცირესობები და ა.შ.; 3. პოლიტიკური სპექტრისა და იმ ავტორიტეტების დისკრედიტაციას, რომელთაც შეუძლიათ ერი გაამთლიანონ; 4. სახელისუფლებო ძალის იმიჯის შერყევას. რუსეთი მიხვდა, რომ მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ის სასურველი პარტნიორის იმიჯის შექმნას ვერ შეძლებს და მიზნად დაისახა ამ ქვეყნებში დესტაბილიზაციის შექმნა. ფორმულა მარტივია: მე არა ვარ კარგი, მაგრამ არც თქვენი ხელისუფლებაა ჩემზე უკეთესი”, - განმარტავს პოლიტოლოგი.
“რიტორიკა, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი რუსეთს ემსახურება, წმინდა წყლის რუსული პროპაგანდაა. კრემლი, ერთი მხრივ, ცდილობს ამერიკელ ამომრჩეველს საკუთარი ხელისუფლების ნდობა შეურყიოს, მეორე მხრივ, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებში გააჩინოს ეჭვი ამერიკის ძლიერებაზე. თუ საქართველოს მსგავსი ქვეყნის მოქალაქეები იფიქრებენ, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტაც კი ევაჭრება რუსეთს, თავად განსაჯეთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. მე გამოვრიცხავ, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტის ანგარიშგასაწევი ნაწილი რუსეთთან იყოს გარიგებული. უბრალოდ, რუსეთი ძალიან კარგად მანიპულირებს სხვადასხვა ქვეყნის სუსტი წერტილებით. ამერიკაში რასიზმთან დაკავშირებული პრობლემები ისევე კარგად გამოიყენა, როგორც ჩვენთან სექსუალური უმცირესობის თემა. რუსული დეზინფორმაციით თავბრუდახვეული ამერიკის მოსახლეობის ერთი ნაწილი კარგი სამიზნე აღმოჩნდა რადიკალური მემარცხენეებისა თუ გლობალისტებისთვის. ისევე როგორც რუსული დეზინფორმაციით თავბრუდახვეული ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების სამიზნე აღმოჩნდა საქართველოშიც. მაგალითად, კრემლი აქტიურად ცდილობს ჩვენს ქვეყანაში შექმნას განწყობა, რომ დასავლეთი და ამერიკა მართლმადიდებლობას ებრძვიან”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
“ჩვენს ქვეყანაში საინფორმაციო უსაფრთხოების საზღვრები აბსოლუტურად მორღვეულია. შეიძლება ითქვას, რუსეთთან საინფორმაციო ომში კაპიტულაცია უბრძოლველად გამოვაცხადეთ. ამიტომაც სრულიად ღია ვართ რუსული დეზინფორმაციისთვის, ისევე როგორც ფულისთვის, რომელიც გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდასაჭერად და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის დაფინანსებისთვის შემოდის. ჩვენ ვიცით, რომ რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღრმავებაა და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? მაქსიმალურად უწყობს ხელს საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირების გაღვივებას. “ქართული ოცნება” ისე ასრულებს მმართველობის მეორე ვადას, დღემდე არ დაუსახავს სახელმწიფოებრივი მიზანი. უფრო მეტიც, გვეუბნება, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ამბიციები არ უნდა გვქონდეს. არადა, სტრატეგიულად და გლობალურად მოაზროვნე ლიდერებმა - შევარდნაძემ, ალიევმა და დემირელმა ჩვენი რეგიონისთვის ახალი პერსპექტივა შექმნეს...”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამკუთხედმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს ხელახლა აღმოაჩენინა გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონი და გავხდით რუსეთის ალტერნატივა ენერგორესურსების მიმწოდებლის თვალსაზრისით. რაც მაშინ ნავთობისა და გაზის სადენებმა გააკეთა, ის უნდა გაეკეთებინა დღეს ანაკლიას, ამ ხელისუფლებამ კი პროექტი დაბლოკა. ამასობაში, როგორც ანაკლიის სავაჭრო (და არა სამხედრო) ალტერნატივა, რუსეთში ტამანის პორტი აშენდა. სანამ ანაკლიას ახალი ინვესტორი გამოუჩნდება, ტამანის პორტი იმ ტვირთების უმრავლესობას წაიღებს, რომელთაც შეიძლება ანაკლიის პორტი მომსახურებოდა. ესეც ერთი დიდი დარტყმაა სახელმწიფო ინტერესებზე”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენც ფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” რუსულ ინტერესებს ემსახურება?” - პასუხობს:
“ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში ძალიან ბევრჯერ დაზიანდა სახელმწიფო ინტერესები. ხშირ შემთხვევაში ზიანი მიზანმიმართულად მიადგა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, ანაკლიის პროექტის ჩავარდნა იყო სახელმწიფო ინტერესების და არა მარტო კერძო, ბიზნესჯგუფის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამასთან, ვხედავთ რუსული ფულით დაფინანსებულ ტელევიზიებს, ვისმენთ რუსულ პროპაგანდას იმ ტელევიზიებიდან, რომელთაც მაუწყებლობა მთელ საქართველოში აქვთ. აღარაფერს ვამბობ სოციალურ ქსელებზე, რომელზეც ხელისუფლება კი ამბობს, ვერ ვაკონტროლებო, მაგრამ სამაგიეროდ “ფეისბუკის” ადმინისტრაცია ბლოკავს ქართულ ფეისბუკგვერდებს იმ მოტივით, რომ ისინი ანტიამერიკულ განწყობას აღვივებენ და ამ გვერდებს პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებასთან აკავშირებენ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით წერენ ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების რუსულ კავშირებზე”.
“ნაციონალების” შეცდომები არ ამართლებს “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ხოლო 2008 წლის ომის შესახებ მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეარყევს - ომი რუსეთმა დაიწყო. საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში საკუთარ მოქალაქეებს და ტერიტორიულ მთლიანობას სრულიად ლეგიტიმურად იცავდა. იმისთვის, რომ 2008 წლის ომის შესახებ სრული სიმართლე გავიგოთ, ათეული წლები უნდა გავიდეს. გეთანხმებით, ბევრ საკითხს კითხვის ნიშანი აქვს, თუნდაც ომის წინ ამერიკისა თუ რუსეთის რეალური განწყობის თაობაზე. თუმცა სიმართლე ერთია - ომი დაიწყო რუსეთმა და ყველა ის ქართველი, ვინც ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ჩემთვის ქვეყნის მოღალატეა, მიუხედავად მისი სტატუსისა...”, - მიიჩნევს ლაგაზიძე.
“კრემლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი მიღწეულია - მას საქართველოს პარლამენტში ჰყავს თავისი ხალხი “პატრიოტთა ალიანსისა” თუ “ქართულ ოცნებაში” შეგზავნილი დეპუტაციის სახით და შეეცდება მომავალ პარლამენტში ეს დეპუტაცია უფრო გაზარდოს იმავე “მარშელების” ხარჯზე. რაც შეეხება მეორე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მზად უნდა ვიყოთ კიბერტერორიზმისთვის. თუ რუსეთმა დაინახა, რომ არჩევნები მისთვის არასასურველი შედეგით მთავრდება, შესაძლოა კიბერშეტევა განახორციელოს ცენტრალური კომისიის მონაცემთა ბაზებზე, სერვერებსა და მასთან ჩაბმული საოლქო და საუბნო კომისიების მთელ ქსელზე. ეს გამოიწვევს ბაზების პარალიზებას ან უკვე დათვლილი ოქმების გაქრობას, რასაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც მოჰყვეს. მერწმუნეთ, რუსეთს ნამდვილად აქვს ამის რესურსი. თუ “ოცნებას” უნდა არჩევნებისას რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი არ დაჰბრალდეს, აშშ-ის შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერებისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დახმარების მიზნით. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტის თხოვნით დააფინანსა უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, რომლებიც ქართველებთან ერთად საარჩევნო რეფორმაზე მუშაობდნენ. გარწმუნებთ, ამერიკა არც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების გამოგზავნაზე იტყვის უარს”, - აღნიშნავს ლაგაზიძე.
“ამერიკის საელჩოს განცხადებაში ორი ისეთი მნიშვნელოვანი ფრაზა მომხვდა თვალში, როგორიც არასდროს მინახავს ელჩების განცხადებებში: პირდაპირ წერენ, რომ უნდა შეიქმნას დამატებითი მექანიზმები, რათა გამოირიცხოს ამომრჩევლის დაშინება, და საარჩევნო კომისიები გამჭვირვალედ უნდა დაკომპლექტდეს. დიპლომატიურიდან სახალხო ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ელჩებმა იციან, საქართველოში წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაშინება მართლაც ხდებოდა და მოახლოებულ არჩევნებზეც შეიძლება იგივე მოხდეს. ისიც იციან, ხელისუფლებები საარჩევნო კომისიებს ისე აკომპლექტებდნენ, რომ მათ ხელი შეეწყოთ არჩევნების გაყალბებაში. დიპლომატები ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებშიც იგივეა მოსალოდნელი. როდესაც ასეთ რამეს გიწერს ამერიკის საელჩო, ძალიან უნდა გეშინოდეს, რომ ვაშინგტონმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ოცნება” ძალიან მძიმე დღეშია. ერთი მხრივ, სტრატეგიული პარტნიორი გვთხოვს არჩევნებზე არ გადავუხვიოთ დემოკრატიის ჩარჩოებს, მეორე მხრივ კი ამერიკაში მიმდინარე პროცესებით შეგულიანებული რუსეთი აძლიერებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.