ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020

“ეს ქართული მხარის დამატებითი “რბილი ძალაა” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში” - მაისაია

საქართველო პირველი ვიზიტორის მოლოდინშია - რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა წლის ბოლომდე

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ოპოზიციაში ყველა არ გაერთიანდა, მაშინ ეს აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით”

* * *

“ეს ქართული მხარის დამატებითი “რბილი ძალაა” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში” - მაისაია

“ეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილება, მე ყველანაირად მხარს ვუჭერ. ესა ქართული მხარის დამატებითი “რბილი ძალაა” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავუახლოვდეთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების საქართველოს უმაღლესებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და უფასოდ ისწავლიან. “რეზონანსთან” საუბრისას მან განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვს ქართული განათლება მიცემა არის საქართველოს “რბილი ძალა” რუსული ანექსიის პირობებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ესა ქართული მხარის დამატებითი “რბილი ძალაა” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში” - მაისაია.

“განსაკუთრებით ახლა ამ პირობებში, აფხაზეთის დე ფაქტო მთვრობის 7 ივლისის განცხადების შემდეგ, როდესაც მათ პირდაპირ დაგმეს ის ტენდენციები, რომ აფხაზეთი უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. ამის ფონზე რუსეთში შეიქმნა ახალი პოლიტიკური პარტია “სიმართლისთვის”, რომელის დამაარსებელია ცნობილი ნაციონალისტი ზახარ პრილეპინი. რომელსაც მიმართვაში უწერია, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შემოიერთოს და თავის შემადგენლობაში შეიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოშიც და უკრაინაშიც. “როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პროტესტის საფუძველიც სწორედ ეს განცხადება გახდა. აქედან გამომდინარე, რუსეთი იყენებს ამ “რბილ ძალას”, რომ მოახდინოს ამ ტერიტორიების არა ოკუპაცია არამედ ანექსია და ჩვენც უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი “რბილი ძალა”. ასეთ ძალას წარმოადგენს იგივე განათლების მიმართულება და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია”, - თქვა მაისაიამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს გაუხსნას სპეციალური ინგლისური ენის კურსები, რათა მათ ჰქონდეთ განვითარების მეტი საშუალება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამწუხაროდ ამ ტერიტორიებზე არაა კარგად განვითარებული ინგლისური ენა. საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომლებმაც, სამწუხაროდ, მიიღეს რუსული განათლება. ამ ტერიტორიებზე ძალიან ცოტაა ისეთი პირი, ვინც ინგლისურს ფლობს, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, საერთაშორისო სამუშაო ჯგუფისთვის ძალიან გამიჭირდა აფხაზი ეროვნების ინგლისური ენის მცოდნე პირის პოვნა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ ინგლისური ენა, ბუნებრივია, აქ რუსულ ენას გვერდს ვერ ავუვლით და ეს არაა რაღაც რუსოფილური განცხადება ჩემი მხრიდან. აუცილებელია, რომ ჩვენ შევუქმნათ კომფორტული პირობები, მათ შორის რუსულენოვანი ფაკულტეტიც. იმიტომ, რომ ენის პრობლემა, ბუნებრივია, არსებობს. ვისაც ენდომება ქართულ ენაზე ისწავლის, მაგრამ თუ არსებობს ისეთი ვინც ამას ვერ შეძლებს, მან მიიღოს ქართული განათლება, ოღონდ რუსულ ენაზე. ჩვენ ამითი დავანახებთ ჩვენი ცხოვრების დონეს, დავანახებთ, რომ საქართველო არის ჩართული დასავლური ცივილიზაციის დიდ ნაწილში და ჩვენ გვაქვს მეტი შესაძლებლობა თვითგამოვლენისა. განათლების სამინისტროს ეს ნაბიჯი არის ამის განხორციელების რეალური შანსი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახალგორში მცხოვრებ 5 ახალგაზრდას საქართველოს უნივერიტეტებში სწავლა შეეძლებათ. “გზა მათთვის ღია იქნება”, - ამბობს მეარაყიშვილი. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროებამ აბიტურიეტები გააფრთხილა, რომ არ წასულიყვნენ საქართველოში სასწავლებლად. თუ ისინი აკრძალვას დაარღვევდნენ, მაშინ სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხოკავკაზ” ავრცელებს. 2019-2020 საწავლო წელს ოკუპირებული ახალგორის რაიონში სკოლა 22-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, მათ შორის 11-მა ქართული სკოლა. აქედან ექვსმა მოსწავლემ ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება გადაწყვიტა და ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. ახალგორში მცხოვრები აბიტურიენტები გამშვები პუნქტის გახნსას 5 ივლისს ელოდნენ თუმცა ეს ასე არ მოხდა, ცხინვალის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ საზღვარს 10 ივლისს გახსნიდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურით დაიწყო, ახალგორელმა აბიტურიენტებმა ვერ მოახერხეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და გამოცდის ჩაბარება. ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალში მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს ნებისმიერ მათთვის სასურველ უმაღლეს სასზავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. განათლების სამინისტროს განცხადებით საქართველო მათი სწავლის საფასურს სრულიად დააფინანსებს. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფომ, საქართველოსთან ე.წ. საზღვარი კორონასირუსის პანდემიის გამო 14 მარტიდან სრულიად ჩაკეტა. ამ დროის განმავლობაში საზღვარი მხოლოდ 2-ჯერ ცალმხრივად გაიხსნა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ მოქალაქეებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდათ”, - წერს სტატიის ავტორი.

საქართველო პირველი ვიზიტორის მოლოდინშია - რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა წლის ბოლომდე

“თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველო საზღვრებს ხსნის. გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - ეს ის ქვეყნებია, რომელთათვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ უკვე გახსნა. საქართველო 18 მარტის შემდეგ (რაც ხელისუფლებამ ყველა ქვეყნისთვის საზღვრები ჩაკეტა) პირველ ვიზიტორს და და პირველ სარგებელს ელოდება. ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უკვე შეუძლიათ. ამ ქვეყნების რეზიდენტებს შეუძლიათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველო პირველი ვიზიტორის მოლოდინშია - რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა წლის ბოლომდე / “ეს უფრო პრესტიჟის ამბავია, ვერაფრით ვისაუბრებთ დიდი ოდენობით ტურისტის შემოსვლაზე”.

“მათ საქართველოში გამომგზავრებამდე სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ, სადაც შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა მიუთითონ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია; საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი; საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ პისიარ ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. რადგანაც საზღვრები ნელ-ნელა იხსნება, ახლა გასარკვევია, რამდენად შედეგიანი იქნება ტურიზმისთვის და რაც მთავარია, ქართული ეკონომიკისთვის, რომელიც კორონავირუსმა ძალიან დააზარალა. ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ, საზღვრების გახსნასთან ერთად, აუცილებელია სწორი ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა და პრიორიტეტების დასახვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველო პანდემიის მხრივ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ქვეყანაა. რაც შეეხება ამის ეკონომიკურ ეფექტსა და ტურიზმზე გავლენას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ისურვებს თუ არა ევროპელი ტურისტი, ასეთ ვითარებაში არჩევანი გააკეთოს ქართულ ტურისტულ ობიექტებზე და ჩამოვიდეს საქართველოში. აქ, პირველ რიგში, ტურისტულმა კომპანიებმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან, შესაბამისი აქციებითა და ხელშეწყობით უნდა მოიზიდონ სტუმრები. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს. საქართველოს ჯანდაცვის მობილობა ევროპამ აღიარა და საჰაერო სივრცის გახსნა სწორედ ამის დადასტურებაა. ახლა აუცილებელია მართებული ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში, სწორი პრიორიტეტების დასახვა, იმ მიმართულებების აღდგენა, რომლებიც, პირველ რიგში, სოციალურ მდგომარებას გააუმჯობესებს და შემდეგ ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“კორონავირუსმა ტურიზმი საკმაოდ დააზარალა. პანდემიამ ეს სექტორი მთლიანად გააჩერა. ამ დროს ქვეყანა ძირითად და უდიდეს შემოსავალს სწორედ ამ სექტორისგან იღებდა. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ამ ხუთი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნა იმედის მომცემია და ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს არსებულ მძიმე მდგომარეობას... შარშან, აგვისტოდან დეკემბრამდე, საქართველოში საფრანგეთიდან (14 573), გერმანიიდან (45 251), ლიეტუვიდან (10 653), ლატვიიდან (9 694) და ესტონეთიდან (7 317), სულ 87 488 ვიზიტორი გვეწვია. ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას გაანგარიშებით, თუ ამ რიცხვებს უცვლელად დავტოვებთ და გავითვალისწინებთ მათ დანახარჯებს საშუალოდ 1000 აშშ დოლარის ოდენობით, მივიღებთ, რომ წლის ბოლომდე ამ ქვეყნებიდან საქართველომ შემოსავლის სახით შეიძლება გამოიმუშაოს 87.5 მილიონი აშშ დოლარი, აგვისტო-ოქტომბერში - საშუალოდ 25-25 მილიონი, დანარჩენ თვეებში კი - დაახლოებით 6-6 მილიონი”, - დასძენს გამოცემა.

“ამ ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნა ტურიზმის განვითარებაში რაღაც წვრილს შეიტანს, მაგრამ ეს ის ქვეყნები არ არის, საიდანაც საქართველოში ბევრი ტურისტი შემოდიოდა. ეს უფრო პრესტიჟის ამბავია, ვიდრე - შემოსავლების მიღების საკითხი. ვერაფრით ვისაუბრებთ დიდი ოდენობით ტურისტის შემოსვლაზე და ამ შემთხვევაში, ამაზე ოცნებაც არ შეიძლება, მაგრამ კარგი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრი ქვეყნებისაგან. სანიმუშო და სამაგალითო მოქმედებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, წაადგება საქართველოს სხვა ქვეყნებთან კავშირის დამყარებასა და ტურიზმის აღდგენაში. საქართველოსთვის ტურიმის სექტორის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის ძირითადი შემოსავალი სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.

“ასეთი მოვლენები, როგორებიცაა: ხელოვნურად შექმნილი შეფერხებები, ომი, კატასტროფები და პანდემია, აზარალებს მთლიანად ტურისტულ ურთიერთობებს. საქართველოს სხვა ძირითადი და ფუნდამენტური მეორე დარგი არ აქვს, გარდა ტურიზმისა. თუ ეს სექტორი შიდა ტურიზმით დაიწყებს აღდგენას და შემდგომ ევროპული ქვეყნებიც შეგვეშველებიან, შესაძლებელია, სასიკეთო ნაბიჯები წლის მეორე ნახევარში გამოიკვეთოს, თუ, რა თქმა უნდა, მეორე ტალღა არ იქნა. ამ ხუთი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნა იმედის მომცემია და ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს არსებულ მძიმე მდგომარეობას”, - მიიჩნევს კვარაცხელია.

“2019 წელს, ბოლო 5 თვეში, საქართველომ მიიღო დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რომელთან შედარებითაც ამჟამინდელი მოსალოდნელი შემოსავალი (87.5 მილიონი), დაახლოებით, 6%-ს შეადგენს. სრული გახსნა-დატვირთვის გარეშე, ეს 6% ვერ გადაარჩენს ვერც სასტუმროებსა და ვერც ამ ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს, ამიტომ სასურველია, ქართველმა ვიზიტორებმა წელს პარიზსა და ნიცას ბათუმი, ბორჯომი, მესტია და შოვი ამჯობინონ, ბიზნესსა და სახელმწიფოს კი დიდად კოორდინირებული მუშაობა მართებთ მნიშვნელოვანი თანმდევი გამოწვევების გასანეიტრალებლად. მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის გარეშე ტურიზმის ძველი რეჟიმით ამოქმედება წარმოუდგენელია, ამიტომ ამ მიმართულებით სცენარების განხილვაც უკვე დასაწყებია", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ჭარაია.

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ ოპოზიციაში ყველა არ გაერთიანდა, მაშინ ეს აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით”

“გაერთიანებული ოპოზიცია” ვერ თანხმდება პროპორციული სიის ფორმირების საკითხზე. როგორც პოლიტიკოსთა განცხადებებიდან ჩანს, გაურკვევლობაა საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებითაც. რა შეიძლება მოიმოქმედოს ოპოზიციამ და როგორ მოახერხებენ არჩევნების შემდეგ ისინი კოალიციის ფორმირებას, ამ თემებზე “რეზონანსი” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. ძაბირაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში, არის ისეთი პარტიები, რომლებსაც 1%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. საარჩვენო ბლოკის ჩამოყალიბების შემთხვევაში კი ლიდერ პარტიებს მოუწევთ მათთვის მანდატის დათმობა, რაც შეიძლება მათ ინტრესებში არ შედიოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ ოპოზიციაში ყველა არ გაერთიანდა, მაშინ ეს აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით” - ძაბირაძე.

“1%-იანი ბარიერი როდესაც შემოიღეს მაშინვე გაჩნდა რეალური მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჭიროა კი ამ შემთხვვაში კოალიცების გაკეთება? ვლაპარაკობ საარჩევნო ბლოკებზე. საარჩევნო ბლოკების ჩამოყალიბებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ გარანტირებულია, რომ ეს საარჩევნო ბლოკი გავა პირველ ადგილზე. თუ ამის გარანტიები არ არსებობს, მაშინ, ლიდერი პარტია ამით ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობს. “ძალა ერთობაშიას” რიგებში არის პარტიები, რომლებსაც რეალურად გაუჭირდებათ 1%-იანი ბარიერის გადალახვა, რომ იყრიან კენჭს ვნახავთ კიდეც ამას. რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს „ძალა ერთობაშიადან" ესაა საკითხავი, არა მგონია ყველა მათგანი შევიდეს, ალბათ 3-4 პარტია იქნება. მატყუარაა 1%-იანი ბარიერი, თითქოს მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ამომრჩეველი ასე არ ფიქრობს. შესაბამისად, თუ ბლოკში შედის პარტია, რომელსაც 1%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერმა პარტიამ თავისი ხმები უნდა მიახმაროს, ანუ მანდატი უნდა დათმოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან ობიექტური მიდგომა, ჯერ ერთი მას თავისი პარტიული კადრები ჰყავს და საარჩევნო სისტემაში ამ ხალხს, ბუნებრივია, მოხვედრა უნდა. თუ ბლოკი შეიქმნება ეს იმას ნიშნავს, რომ გამსვლელ სიაში პირველ ეშალონში მოექცევა ბლოკში შემავალი პარტიების ლიდერები შესაბამისად, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც რეალური ლიდერია ამ გაერთიანების მანდატები უნდა დაურიგოს სხვებს. მთლად “სხვები” ესენი არ არიან იმიტომ, რომ თავის დროზე ძირითადი უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობიდანაა” წასული. მაგრამ ამ შემთხვევაში სანდოობის ხარისხია ძალიან დაბალი. ჯერ წავიდნენ, ახლა ისევ ბრუნდებიან, მანდატებს მიიღებენ და მერე რას იზამენ კაცმა არ იცის. მოკლედ, საარჩევნო ბლოკი ბევრ პრობლემებს ქმნის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მეეჭვება, რომ “ძალა ერთობაშიას” რიგებში შემავალმა პოლიტიკოსებმა უარი თქვან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ერთიანი სიის გაკეთებაზე. რთული სათქმელია ვინ რას გადაწყვეტს არჩევნების შემდეგ. ეს შემადგენლობა დღეს რაცაა გაერთიანებული “ძალა ერთობაშიას” გარშემო და ამას კიდევ დაემატება ალბათ “ევროპული საქართველო” და ის პარტიები, რომლებიც თავის დროზე ლაპარაკობდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად უნდოდათ ბლოკის შექმნა, როდესაც ისინი გავლენ პარლამენტში, ბუნებრივია, რომ შეეცდებიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად უმრავლესობის დაკომპლექტებას. “ქართულ ოცნებასთან” უმრავლესობის შექმნაზე ჯერ არ იფიქრებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში გამორიცხული არაფერია. თუ წარსულს გადავხედავთ ვნახავთ, როგორ მოძრაობდა პარლამენტში დეპუტატთა გარკვეული ნაწილი ერთი პარტიიდან მეორეში. ასე, რომ ეს მიმოსვლები დეპუტატებს შორის, რა თქმა უნდა, არის და არ გამოვრიცხავ სხვა კოალიციაში მათი ხილვის შესაძლებლობებს”, - მიიჩნევს ძაბირაძე.

“ნაციონალური მოძრაობა” ფართო კოალიციის შექმნას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი მოახერხებს მთლიანი ოპოზიციის გაერთიანებას, მათ შორის “ევროპული საქართველოსი”. ამავე დროს, “ლელო”, ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძეც უარზეა. შესაბამისად, პოლიტიკურ ფლანგზე რჩება პარტიათა საკმაო ჯგუფი, რომლებიც ამ გაერთიანებაში არ შევლენ. თუ ისინი იქ არ შევიდნენ, მაშინ ეს გაერთიანება აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!