რომელი პოლიტიკური ძალა სთავაზობს ამომრჩეველს ყველაზე მეტ ახალ სახეს
“თუ ვაქცინა არ გვექნება, კორონავირუსი ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით” - რა რისკებს შეიცავს საზღვრების გახსნა
ჯანმოს სენსაციური აღიარება - “ვლინდება მტკიცებულებები,” რომ კორონავირუსის ჰაერიდან გადადება შესაძლებელია
* * *
რომელი პოლიტიკური ძალა სთავაზობს ამომრჩეველს ყველაზე მეტ ახალ სახეს
“პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ახალ სახეებს ვერ შესთავაზებენ - “ვინც არ უნდა ილაპარაკოს ახალი სახები გვეყოლებაო, არადამაჯერებელი იქნება. იმიტომ, რომ ნეგატიური კონტექსტი და განწყობა უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური”. მისივე თქმით, ეს არჩევნები არა პოლიტიკური სახეების, არამედ პარტიების სახელების არჩევნებია, ხოლო საზოგადოების საპროტესტო ხმები მიმართული იქნება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ და არა მხარდასაჭერად. ზაქარეიშვილის აზრით, “ლელო” სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით ცდილობს, რომ ახალი სახეებით და ახალგაზრდებით დაკომპლექტდეს. პოლიტოლოგი დადებითად აფასებს 1%-იან ბარიერს და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამოჩნდება რეალური ახალი სახეები, "თუ ისინი იქნებიან, რა თქმა უნდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რომელი პოლიტიკური ძალა სთავაზობს ამომრჩეველს ყველაზე მეტ ახალ სახეს / “არჩევნები იქნება არა პარტიებისთვის ხმის მიცემის არჩევნები, არამედ რომელიმე პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემის არჩევნები”.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ახალი სახეები არ იმუშავებს. იმიტომ, რომ ზეგავლენას ახდენს პარტიის სახელი. რაც არ უნდა ახალი იქსი და იგრეკი დააყენონ პოლიტიკურმა პარტიებმა, იქსი სახელით და იგრეკი გვარით, საზოგადოებას არაფერს არ ეტყვის. ხალხი ხმას მისცემს არა ამ ახალ სახეს, არამედ, პარტიას - მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ მოსწონს, მისცემს ხმას თუ არ მოსწონს შესაბამისად არ მისცემს. როგორც ჩანს, არჩევნები იქნება არა პარტიებისთვის ხმის მიცემის არჩევნები, არამედ რომელიმე პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემის არჩევნები. ძირითადად, ვისაც არ უყვარს “ქართული ოცნება” მივა არჩევნებზე და ვინმე სხვას მისცემს ხმას, ოღონდ “ქართული ოცნება” არ გავიდეს, არ გაიმარჯვოს, ხოლო ვისაც არ უყვარს “ნაციონალური მოძრაობა” და ეშინია მისი დაბრუნება ხმას მისცემს, რათა არ დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა”. მთელი ხმები საპროტესტო იქნება. არ იქნება პოზიტიური ხმები, იქნება ნეგატიური ხმები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ამ ფონზე არავის არ აინტერესებს ახალი სახეები. ყველას აინტერესებს ძველი სახეები არ გავიდეს და როგორმე მოაშორონ ისინი. ამიტომ, დააკვირდებიან პარტიებს და არა სახეებს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში კი გამოჩნდებიან უკვე ახალი სახეები. მაგრამ, დღეს არსებულ პარლამენტში ყველა პოლიტიკოსი ძველი სახეა და საზოგადოებას მობეზრებული ჰყავს ისინი. “ლელოში” მეტად არიან ახალგაზრდები, მაგრამ ისინიც ცნობილები არიან. “ლელო” ცდილობს მეტად წარმოაჩინოს ახალი სახეები. “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა მთლიანად ვინც კი ჰყავდა გუნდში ახალი სახე და ახალგაზრდა, როდესაც 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ, მთელი ახალგაზრდობა წამოვიდა მისგან. პრაქტიკულად ახლა “ქართულ ოცნებაში” არავინაა ახალი სახე. ამბობენ, რომ ეყოლებათ და ვნახავთ ამას კიდეც როდესაც სიები გამოქვეყნდება, ჯერჯერობით უბრალოდ ლაპარაკობენ, რომ ეყოლებათ ახალი ხალხი და ამას ამბობს როგორც “ქართული ოცნება”, ისე - ოპოზიცია. გულწრფელად გეტყვით, მე ვერ ვხედავ ამ ახალ სახეებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ველოდები სიების გამოქვეყნებას და ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ მოხვდება საარჩევნო სიების პირველ 40 კაცში. იმიტომ, რომ პირველი 40-ეული იქნება რეალურად გამსვლელი. ვინც არ უნდა ილაპარაკოს ახალი სახები გვეყოლებაო, არადამაჯერებელი იქნება. იმიტომ, რომ ნეგატიური კონტექსტი და განწყობა უფრო მაღალია ვიდრე პოზიტიური. არანაირ პოზიტივს არ ელოდებიან ახლა, საზოგადოება ელოდება, რომ ვიღაც არ გავიდეს. მაინც ორი პოლუსია, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაადგინა. ესაა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” და “შუა უნდა გაკრეფილიყო”, გაიკრიფა კიდეც. სხვათა შორის 1%-იანი ბარიერი ძალიან კარგია. ამით “ქართული ოცნება” აღიარებს თავის შეცდომას, რომ “შუა გაკრიფეს”. ამ 1%-იანი ბარიერით სხვა პარტიებს ისევ შემოიყვანენ პარლამენტში. ამიტომ, ეს ახალი პარლამენტი იქნება სადაც საზოგადოება დაინახავს რეალურ ახალ სახეებს, თუ ისინი იქნებიან, რა თქმა უნდა”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
“თუ ვაქცინა არ გვექნება, კორონავირუსი ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით” - რა რისკებს შეიცავს საზღვრების გახსნა
“რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკები იქნება მანამ, სანამ იქნება კორონავირუსი”, - ასე ეხმიანება საქართველოს მიერ 5 ქვეყანასთან საზღვრების გახნას და ტურისტული მიმოსვლის აღდგენას “რეზონანსთან” საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომლის თქმით, ქვეყანაში ტურისტების შემოშვება გარკვეულწილად რისკის შემცველია, მაგრამ აუცილებელია აღდგეს ტურიზმი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახლა საქართველოში ამისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უპირობოდ ევროკავშირის 5 სახელმწიფოსთვის გაიხნა. თავის მხრივ, საფრანგეთი, გერმანია, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთიც საქართველოს მოქალაქეებს უპირობოდ მიიღებენ. რაც შეეხება მოგზაურობიდან დაბრუნებულ ქართველებს, მათთვის ორ კვირიანი კარანტინი სავალდებულო იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ ვაქცინა არ გვექნება, კორონავირუსი ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით” - რა რისკებს შეიცავს საზღვრების გახსნა.
“საზღვრები იხსნება იმ ქვეყნებთან, სადაც ამ ეტაპზე სტაბილური ეპიდსიტუაციაა. ზუსტად არ ვიცნობ ამ რეგულაციას, მაგრამ მე როგორც ვიცი, იქ ნახულობენ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორიას. თუ სად იმოგზაურა ამ პერიოდში იმ ადამიანმა, ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. თან მხოლოდ საჰაერო საზღვარი იხსნება და არა სახმელეთოც. ამიტომ, თუ ადამიანები თავისი ქვეყნიდან, სადაც დაბალი გავრცელებაა, გამოფრინდებიან საქართველოში და შემდეგ აქ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და მათ არ ექნებათ არანაირი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები თეორიულად, რა თქმა უნდა, რისკის შემცველები არიან. მაგრამ, ეს რისკი არის ძალიან დაბალი. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ნელ-ნელა უნდა მოხდეს ტურისტული ხიდების ისევ აღდგენა და უნდა დავიწყოთ იმ ქვეყნებთან სადაც მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოა, უნდა დავიწყოთ მიმოსვლა და ტურისტული გზები უნდა აღდგეს. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
“რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკები იქნება მანამ, სანამ იქნება კორონავირუსი. თუ ჩვენ ვაქცინა არ გვექნება კორონავირუსული ინფექცია ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით, ხან უფრო აგრესიულად ხან ნაკლებად. ამიტომ, ჩვენ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და სულ ასე ჩაკეტილი ვერ ვიქნებით. კარგი დროა ახლა ჩვენს ქვეყანაში ამისთვის, კარგი ეპიდსიტუაციაა, და ნელ-ნელა შესაძლებელია, რომ გარკვეული სიფრთხილით აღვადგინოთ სხვადასხვა ტურისტული მიმოსვლები და სხვა ღონისძიებები. ჩვენ ჩვენი შიდა რეგულაცია გვაქვს, მაგრამ ტურისტს იგივე რეგულაციას ვერ შესთავაზებ, რასაც შენ მოქალაქეს. ის ადამიანები ხომ ვერ ჩამოვლენ თვეობთ, ჩამოდიან ორი კვირით, ჩვენ თუ მათ კარანტინში გავაჩერებთ, ფაქტობრივად, არავინ არ ჩამოვა საქართველოში. ამიტომ არის ეს შედარებით მსუბუქი დამოკიდებულება ტურისტებისადმი, რომელიც ცოტათი რისკებს ზრდის, მაგრამ გამოწვეულია, იმით, რომ ტურიზმი სპეციფიკური სფეროა”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ჩვენი მოქალაქე როდესაც ბრუნდება ქვეყანაში, კი მისთვის დისკომფორტულია, მაგრამ ორი კვირა კარანტინში რჩება იმიტომ, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა, ტურისტს იგივენაირად ვერ მოექცევი, ორი კვირით თუ გააჩერე, ფაქტიურად ნიშნავს, რომ ვერ აღადგენ ტურისტულ სეზონს, იმიტომ რომ ორ კვირაზე დიდი ხნით ტურისტი იშვიათად ჩამოდის. სწრაფი ტესტი შედეგს იძლევა, დაავადების განვითარებიდან 4-5 დღეში. ამიტომ, სწრაფი ტესტით ვირუსი როდესაც მისი პირველი დღეები ან ინკუბაციის პერიოდია, ვერ დადგინდება. სწრაფი ტესტი რეალურად არ მოგცემს არანაირ მნიშვნელოვან შედეგს. უფრო მნიშვნელოვანია თერმოსკრინინგი და კლინიკურად შეფასება. ხო არ აქვს ადამიანს, იმ მომენტში როდესაც საქართველოში ჩამოდის გარკვეული სიმპტომები. ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი, მოგეხსენებათ, არის ტემპერატურა. თუ მომატებული ტემპერატურა დაფიქსირდა, შემდეგ უკვე ჩაუტარდებათ მათ PCR კვლევა, დააკვირდებიან და იმის მიხედვით გადაწყდება შემდეგ მათი ბედი. ამიტომ სწრაფი ტესტი არ დაგვეხმარება დიდად. იმიტომ, რომ ის დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეშია დადებითი და არაა დაავადების დაწყების პირველ დღეებში”, - დასძენს გოგინავა.
ჯანმოს სენსაციური აღიარება - “ვლინდება მტკიცებულებები,” რომ კორონავირუსის ჰაერიდან გადადება შესაძლებელია
“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მეცნიერებმა ახალი ფაქტი აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ “ვლინდება მტკიცებულებები” ახალი კორონავირუსის ჰაერიდან ანუ აეროზოლურ გავრცელებაზე. კვირის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფმა ორგანიზაციას ღია წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციების განახლების თხოვნით მიმართა, რის შესახებაც ისაუბრა მარია ვან კარხოვმა, რომელიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯანმოს ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჯანმოს სენსაციური აღიარება: “ვლინდება მტკიცებულებები,” რომ კორონავირუსის ჰაერიდან გადადება შესაძლებელია / ამირან გამყრელიძე: “მას აქვს ასევე ე.წ. პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ სხვადასხვა ორგანოს აზიანებს.
“გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაცია აქამდე აცხადებდა, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი, ძირითადად, აირწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების გადადება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით ხდებოდა, რომლებიც შედარებით მძიმეა და ძირს სწრაფად ვარდება. ორშაბათს კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნიდან 239 მეცნიერი აწერდა ხელს, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია. ჯანმო კი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ვლინდება, ვირუსის ჰაერიდან გადადება ბოლომდე დადასტურებული არ არის. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რისკის გადაფასება მოახდინა, აქამდე გამოცემული ზოგიერთი რეკომენდაცია შესაცვლელი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფიზიკური დისტანციის 2 მეტრიანი მანძილის გადახედვა იქნება. ჯანმოს მიერ რეკომენდაციის შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნებს, რომლებიც ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, საკუთარი პროტოკოლების შეცვლაც მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების ჯანმრთელობის ხანგრძლივი მონიტორინგის პროგრამაზე”, - განაგრძობს გამოცემა.
“დიახ, გამოჩნდა რიგი კვლევები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ მას აქვს ასევე ე.წ. პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ ის სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ტვინის ქსოვილს, გულის კუნთის ქსოვილს და ა.შ. რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს, მნიშვნელოვანი გართულებები ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი რეკომენდაციაა და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელიც მისი აზრით, “ალბათ განხორციელდება”, - დასძენს გამოცემა.