პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე რამდენიმე უწყების ანგარიშზე იმსჯელეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლელა აქიაშვილის მიერ წარდგენილ ანგარიშებს შორის იყო: ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშები, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები.

„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა აგრძელებდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირებას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და კანონშემოქმედებით პროცესში და ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებასა და უწყებათა შორის კოორდინაციას. ამისთვის, ერთი მხრივ, გრძელდებოდა 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამთავრობო სტრატეგიისა და გეგმის აღსრულება, ხოლო მეორე მხრივ, დაიწყო ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავება. 2014 წლის 30 აპრილს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ქვეყნის ისტორიაში პირველი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რასაც მოჰყვა სამოქმედო გეგმების შემუშავება, 2016 წელს კი შეიქმნა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო და დამტკიცდა მისი დებულება. პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას სწორედ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო უძღვება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან დეტალურად მიმოიხილა სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებები და ქმედითი ნაბიჯები. ისაუბრა საბჭოს მიღწევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიშიდან გამომდინარე, ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და უფლებას, ვთქვათ, რომ ჩვენ დავასრულეთ ამაზე მუშაობა. პირიქით, ძალიან ბევრი მიმართულებაა გასავითარებელი, ძალიან ბევრი ადამიანია კიდევ დასაცავი, ამიტომ ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტმა განიხილა ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებლის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელსაც მოჰყვა 2015-2020 წლებისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. მისივე თქმით, აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების გაძლიერებას და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას.

„მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ახალგაზრდების წინაშე კვლავ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განათლებასა და დასაქმებას, რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი, რომელიც მომზადდა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 28 მარტს დამტკიცებული დოკუმენტისგან „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“ განსხვავებით, პარლამენტის კონცეფციის დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ 2030 წლამდე შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს და მოსალოდნელ შედეგებს. კონცეფცია ითვალისწინებს 2030 წლამდე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, მთელი რიგი ამოცანების გადაჭრასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კონცეფციის პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

დღესვე, კომიტეტმა მოისმინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა მთელი საქმიანობა გადავიდა ელექტრონულ სისტემებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე.

„საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ყველანი დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასული. მოსახლეობასთან საკომუნიკაციო საშუალება კარანტინის პირობებში სწორედ სატელეკომუნიკაციო საშუალებები გახლავთ. ეს სფერო საკმაოდ მომზადებული შეხვდა ამ დაუგეგმავ პრობლემას და მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნებისა და მოხმარებისა, არ ყოფილა არცერთი სერიოზული ჩავარდნა კომპანიების მუშაობაში“, - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მან ისაუბრა შესრულებულ და განსახორციელებელ, ასევე განხორციელების პროცესში მყოფ პროექტებზე. ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა უწყების გაწეული სამუშაო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა