რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

"ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს.

გოცირიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები პოტენციურ ინვესტორებს ენერგეტიკის სფეროში შემოსვლის ინტერესებს დაუკარგავს.

"ისე დაჩქარებულად მოინდომა მთავრობამ ამის გატანა, რომ უნდა ერთ დღეში ყველაფერი მორჩეს და სამშაბათს პლენარულ სხდომაზე გაიტანონ. ენერგეტიკის სექტორში გადაცემისა და განაწილების კომპანიებს ეკრძალებათ 5 პროცენტზე მეტი წილის გაყიდვა, ხელისუფლებისაგან დაუკითხავად. არა მხოლოდ წილის, არამედ ქონების ხუთ პროცენტზე მეტის გაყიდვაც მხოლოდ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ნებართვით უნდა მოხდეს. აკრძალვის მიზეზი შეიძლება იყოს „სხვა გარემოებებთან ერთად, მომსახურების ხარისხის გაუარესება”. ანუ, უკვე იციან, რომ ახალი მეწილე ხარისხს გააუარესებს? ნონსენსია. წილის გაყიდვაზე შეზღუდვის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, თანაც კომერციული ბანკის ათ პროცენზე მეტის გაყიდვის შემთხვევაში ხდება თანხმობის მიღება საჭირო. ეს ძირითადად, გამოწვეულია ფულის გათეთრებისა და არასაიმედო აქციონერის ბანკის მართვაში შესვლის საფრთხეების გამო. ენერგეტიკის სექტორში კი უფრო მკაცრი რეგულაციები შემოაქვთ, რაც პოტენციურ ინვესტორებს ამ სფეროში შემოსვლის ინტერესებს დაუკარგავს. ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებები რაღაც საეჭვო ინტერესებს რომ ემსახურება, ეს ფაქტია,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ-ი) უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა