ნინო ლომჯარიას განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, შესაძლოა, დაკავებულის შესახებ ინფორმაცია „წითელმა ჯვარმა“ გაავრცელოს.

„ძალიან რთულ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია ოჯახი, არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. პირველ რიგში, ველოდებით „წითელი ჯვრის“ ინფორმაციას, რომელიც ოჯახს მიაწოდებს ცნობებს, როდესაც ზაზას მოინახულებს. როგორც ვიცი, „წითელმა ჯვარმა“ გააკეთა განცხადება, რომ ის მონახულებას აპირებს. იმედი გვაქვს, რომ სარწმუნო ინფორმაცია გვექნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. რა თქმა უნდა, ოჯახის მთავარი ამოცანა არის, რომ დროულად დაბრუნდეს თავის სახლში.

სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ მაქსიმალურად გავავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია და მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალაზე და დე ფაქტო ხელისუფლებაზე. სამწუხრაოდ, დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რა ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, როგორიც საოკუპაციო ხაზთან ადამიანის გატაცებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება, რა დროსაც სწრაფი და დროული რეაგირება არის საჭირო“,-განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა იფიქროს არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე ან ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ალტერნატიული მექანიზმების შექმნაზე.

„დე ფაქტო ხელისუფლების და საოკუპაციო ძალის ინტრესებში არ შედის არც მოლაპარაკებები და არც სამართლებრივ ჭრილში ამ მოლაპარაკებების გადატანა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ყოველდღიურად ადამიანებს იტაცებენ. ვფიქრობ, ქართულმა მხარემ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს მუშაობა და ფიქრი იმაზე, თუ რა ალტერნატიური ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები შეიძლება შევქმნათ ასეთ ვითარებაში“,-განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა