ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020

"თუ არსებობს სპეციალური სივრცე, მის გამოცდაზე დაშვებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს” - რატომ უცდება წელი ინფიცირებულ აბიტურიენტს

“შეტაკებები გასცდა მთიან ყარაბაღს” - კავკასია ახალი ომის ზღვარზეა

ელის თუ არა კაცობრიობას შიმშილი თუ პანდემია ამ ტემპით გაგრძელდება

* * *

“თუ არსებობს სპეციალური სივრცე, მის გამოცდაზე დაშვებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს” - რატომ უცდება წელი ინფიცირებულ აბიტურიენტს

“7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. “თუ მისი ჯანმრთელობა სტაბილურია, არ არსებობს რაიმე ფაქტორი, რომლის გამოც ის გამოცდაზე არ უნდა გავიდეს”, - ამბობს ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სპეციალური სივრცეები არსებობს, კარგი იქნებოდა თუ აბიტურიენტს გამოცდის ცალკე დაწერის უფლებას მისცემდნენ. როგორც გოგინავა განმარტავს, ის აბიტურიენტები, რომლებიც ინფიცირებულ ახალგაზრდასთან ერთ სექტორში წერდნენ გამოცდას, სარეზერვო სივრცეში რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად რჩებიან, ხოლო სხვა აბიტურიენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ არსებობს სპეციალური სივრცე, მის გამოცდაზე დაშვებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს” - რატომ უცდება წელი ინფიცირებულ აბიტურიენტს.

“თუ არსებობს სპეციალური სივრცე, სადაც შესაძლებელია ადამიანი მოთავსდეს და თან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ აქვს რაიმე პრობლემა, არ არსებობს რაიმე ფაქტორი რაც მის გამოცდაზე დაშვებას ხელს შეუშლის. PCR ტესტს აქვს მაღალი მგრძნობელობა დაახლოებით 90%-ამდე შეიძლება უფრო მეტიც მაგრამ არა 100%, ამიტომ იმისათვის, რომ ყველანაირი რისკი მათ შორის თეორიულიც გამორიცხული იყოს, მაინც სჯობს ცალკე სივრცეში იყვნენ. ის ბავშვები, ვისთანაც ახლო კონტაქტი ჰქონდა, ყველა გამოკვლეულია და არავისთან არ დასტურდება. თუ ახლო კონტაქტში მყოფ პირებს არ აქვთ, შესაბამისად სხვების ინფიცირების რისკი ძალიან დაბალია. თეორიულად რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე ძლებს კორონავირუსი არაცოცხალ ზედაპირებზე. თუმცა, ქაღალდზე არ ძლებს დიდხანს. მხოლოდ რამდენიმე საათი მაქსიმუმ 1 დღე დარჩეს”, - გვითხრა გოგინავამ. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პასუხების ფურცლების ორი კვირით კარანტინში განთავსებას, გოგინავას განცხადებით ქაღალდზე ვირუსი მაქსიმუმ ერთი დღის მანძილზე რჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. “ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხება იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს”, - ამბობს გორგოძე. გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოებაში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან სტუნდენტური ომბუდსმენის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ ახალგაზრდას წელი არ გაუცდეს, გამონაკლისი დაუშვან და გამოცდებში მონაწილეობის უფლება გამოჯანმრთელების შემდეგ მისცენ. რაც შეეხება იმ 9 აბიტურიენტს, რომელიც ინფიცირებულ ახალგაზრდასთან ერთად წერდა გამოცდას, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ და გამოცდებში მონაწილეობას სპეციალური სარეზერვო სივრციდან შეძლებენ”, - დასძენს გამოცემა.

“შეტაკებები გასცდა მთიან ყარაბაღს” - კავკასია ახალი ომის ზღვარზეა

“უკვე ლოკალური ომის ზღვარზე არის რეგიონი, სადაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს” - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ სამხედრო შეტაკებებს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირება გუშინ დაიწყო. მაისაიას თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შემცირებული დიალოგი, რუსეთის ჩარევა და დასავლეთის მხრიდან ნაკლები ჩართულობა, რაც კორონავირუსის კრიზისით არის გამოწვეული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “შეტაკებები გასცდა მთიან ყარაბაღს” - კავკასია ახალი ომის ზღვარზეა / აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება.

“მთავარი მიზეზები არის ის “შეიარაღების რბოლა” და უსაფრთხოების გეგმა, რომელიც ორივე ქვეყანამ ერთმანეთს გაუმართეს რეგიონში. როდესაც ინტენსიურად ხდებოდა შეიარაღების და მათ შორის დამრტყმელი შეიარაღების შეძენა, შესაბამისად ეს რიტორიკა ორივე მხრიდან საკმაოდ აგრესიულ ფორმებში იყო წარმართული, რაც საკმაოდ თვალსაჩინო იყო. მეორე მხრივ, მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული მოლაპარაკებების ინტენსივობა შემცირდა და ბოლო დროს არც დაფიქსირებულა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარე სამშვიდობო ფორმატით ერთმანეთს შეხვედროდნენ. ისე ინტენსიურად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, დავუშვათ სომხეთის წინა ხელისუფლების პირობებში. რუსეთის ფედერაციამ, როგორც აიღო თავის თავზე მშვიდობის დამცველი სამშვიდობო მომლაპარაკებლის ფუნქცია და როგორც ასრულებს ის ამას, ყველას ძალიან კარგად მოეხსენება... არსებობს კიდევ ერთი მომენტი - კორონავირუსისგან გამოწვეული თუ სხვა ეკონომიკური კრიზისია დასავლეთ ევროპაში და ჯეროვან ყურადღებას ვერ აქცევენ რეგიონს. საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც მთიან ყარაბაღთან მიმართებაში ჩართულნი არიან მინსკის ფორმატში. შესაბამისად, ამერიკაში არსებულმა სირთულეებმა და დასავლეთის ნაკლებ ჩართულობამ ყარაბაღის საკითებში ერთგვარად ხელი შეუწყო ამ ესკალაციის განვითარებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“პოლიტოლოგის აზრით, ეს დაპირისპირება განსხვავდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისგან იმის გამო, რომ შეტაკებები უშუალოდ სახელმწიფო საზღვართან მიმდინარეობს და შესაძლებელია ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მაიასაია არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებამ რეგიონული ხასიათი მიიღოს და მასში რუსული და თურქული მხარეც იყოს ჩართული. რაც შეეხება საქართველოს, მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე უნდა მოეწვიათ უსაფრთხოების საბჭო და ექსპერტებთანაც გარკვეული კონსულტაციები ყოფილიყო...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გუშინ თითქოს უნდა ყოფილიყო ეპიზოდური შეტაკებები, მაგრამ დღესაც გაგრძელდა. ყველაზე საინტერესოა ის საკითხი, რომ შეტაკებები ხორციელდება არა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, არამედ, უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. 2016 წელს როდესაც იყო 4-დღიანი ომი იქ კონკრეტული ობიექტი იყო მთიანი ყარაბაღი. ეს იყო სეპარატისტული რეგიონი და იქ გარემოებები არსებოდა. ახლა ეს გადაიზარდა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტში, როცა უკვე ორივე მხარე უშუალოდ მათ სახელმწიფო საზღვარზე ახორციელებენ შეტევას. ეს გაცილებით რთული სიტუაციაა. უკვე ლოკალური ომის ზღვარზე არის რეგიონი, სადაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს. როგორ გაგრძელდება სიტუაცია, ვერ ვიტყვი, მაგალითად 4-დღიანი ომი, რომელიც გადაიზარდა ფართო მასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში, იგივე სომხურეროვან და აზორბაიჯანულეროვან არმიას შორის, რომლეთა ნაწილიც არის დისლოცირებული სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მეორე მომენტი არის ის, რომ რთული სიტუაციაა თავად შეიარაღებასათან მიმართებაშიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს აზერბაიჯანმა გამოიყენა დამრტყმელი დრონები და მოახდინა სომხური პუნქტების განადგურება. აზერბაიჯანი უკვე იყენებს თანამედროვე შეიარაღების ელემენტებს. შესაძლებელია, მხარეებმა გამოსცადონ ახალი ტიპის შეიარაღება და ეს ესკალაცია მივიდეს საკმაოდ სერიოზულ დონემდე. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება. ესაა ორმხრივი თავდაცვითი კავშირი, რომლის საშუალებითაც თურქეთი ვალდებულია აღმოუჩინოს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება. ამავე დროს, სომხეთი არის პრორუსული კოალიციური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი და თუ მოხდა სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. იქნება ძალიან რთული, იმიტომ, რომ თუ სომხეთი ოფიციალურად მიმართავს ამოქმედდეს ე.წ. მოსკოვის ხელშეკრულების მე-20 მუხლი, რომელიც ამავდროულად არის ვაშინგტონის მე-5 მუხლი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი იძულებული იქნება აამოქმედოს სომხეთში დისლოცირებული გიუმრის სამხედრო ბაზა და იქ არსებული სხვა შენაერთებიც. უკვე ამან შეიძლება მიიღოს რეგიონალური ომის პარამეტრები”, - დაასკვნის მაისაია.

“ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან. თუ დაიწყო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი ომი, ცხადია, ეს კარგს არაფერს არ მოგვიტანს. მე არ დავიწყებ ჩვენს შესაძლო სამოქმედო გეგმაზე ლაპარაკს, მაგრამ წესით ახლა უკვე უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა იყოს მოწვეული, ან თუნდაც მთავრობასთან არსებული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს შეკრებილი. უნდა გაკეთდეს შეხვედრები საექსპერტო ან სხვა ტიპის წარმომადგენლებთან და ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ერთობლივი ძალისხმევით”, - მიიჩნევს მაისაია.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, გუშინ შუადღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირების შესახებ გააკეთა განცხადება. “12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას”, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსტროს განცხადებაში. რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის პრესმდივანი შუშან სტეპანიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები 12:30 საათზე, მათთვის გაუგებარი მიზეზებით, “უაზ”-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით”, - დასძენს გამოცემა.

“სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის”, - წერს სტეპანიანი. დღეს დილით, ასევე სტეპანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები კვლავ განაახლა. რაც შეეხება დანაკარგს, აზერბაიჯანი ადასტურებს სამი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების და ხუთის დაჭრის ფაქტს და ამბობს, რომ სომხეთი დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს. სომხური მხარის განცხადებით მათ დანაკარგი არ აქვთ. რაც შეეხება გამოხმაურებას, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც გმობენ სომხეთის მოქმედებებს და მხარდაჭერას უცხადებენ აზერბაიჯანს”, - წერს სტატიის ავტორი.

“თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას და დაღუპულების გამო თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ აზერბაიჯანს, თურქეთი, მთელი თავისი შესაძლებლობებით, გააგრძელებს აზერბაიჯანის გვერდში დგომას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში”, - ვკითხულობთ განცხადებაში. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხდა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისიოს საკითხებში ტოივო კლაარმა... სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მსგავი დამოკიდებულება “შემაშფოთებელია”. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი უშიშროების საბჭოზე განაცხდა, რომ “გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ელის თუ არა კაცობრიობას შიმშილი თუ პანდემია ამ ტემპით გაგრძელდება

“აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც მიუხედავად ვირუსისა, ყველა იმუშავებს, ოღონდ გარკვეული დაცვის საშუალებებით” - ასე ეხმიანება ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას კორონავირუსის შესაძლო მძიმე ზემოქმედებას მსოფლიო ეკონომიკაზე, რამაც შესაძლებელია მასობრივი შიმშილობა გამოიწვიოს. ხმალაძის თქმით, მსოფლიო მუშაობს ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შექმნაზე, რაც პანიკის საშუალებას არ გვაძლევს. მისი აზრით ვაქცინა უფრო ადრე შეიქმნება, ვიდრე კაცობრიობა შიმშილის გამოწვევის წინაშე დადგება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ელის თუ არა კაცობრიობას შიმშილი თუ პანდემია ამ ტემპით გაგრძელდება / “მიუხედავად ვირუსისა, ყველა იმუშავებს, ოღონდ გარკვეული დაცვის საშუალებებით”.

“ნებისმიერი ეპიდემია ნიშნავს ეკონომიკურ პრობლემებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკვე ორი აქტიური პრეპარატი გამოაქვეყნა, რომელსაც იყენებენ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, პანიკა არ არის საჭირო, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ რეკომენდაციები დავიცვათ. ამერიკა არ დარჩება ისე, რომ ვაქცინა არ შექმნას, ვაქცინას თუ არა სამკურნალო პრეპარატს მაინც აუცილებლად შექმნის. მეორე მომენტია კიდევ, აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც მიუხედავად ვირუსისა, ყველა იმუშავებს, ოღონდ გარკვეული დაცვის საშუალებებით. ერთადერთი შესაძლებელია ყველაზე მეტად ჩავარდეს ტურისტული ბიზნესი და ეს შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად დამოკიდებულია ტურისტულ სექტორზე. მაგრამ ქვეყნებს, რომელიც რაღაცას აწარმოებენ, ეკონომიკურად ძლიერი არიან და ტურისტული ბიზნესის გარდა აქვთ სხვა შემოსავალი, პრობლემა მათთვისაც აუცილებლად შეიქმნება მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ რაიმე განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დადგნენ. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებშიც კორონავირუსამდეც საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. შეიძლება ძალიან ცუდად ვამბობ, მაგრამ აქ პრობლემები კორონავირუსამდე დაიწყო. კი, პანდემიამ მათ დიდი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ყველაფრის კორონავირუსზე დაბრალება არა მგონია სწორი. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“რაც შეეხება ჩვენს სკოლებს და სასწავლო პროცესის აღდგენას, საქართველოს არ აქვს იმხელა პრობლემა, რომ სკოლებში ბავშვებმა არ იარონ. ოღონდ, აუცილებელია მათთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება და შემდეგ, მისი მკაცრად დაცვა. არ შეიძლება განათლების გარეშე დარჩეს ახალგაზრდობა, მით უმეტეს ეს დაავადება ბავშვებში ყველაზე ნაკლებად ვრცელდება. პრაქტიკულად საქართველოში ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები არ გვაქვს და გამოსავალიც უფრო მეტია ვიდრე დიდებში. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ მაქსიმალური თავდაცვით უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, როგორც სასწავლო პროცესის თვალსაზრისით, ასევე სხვა მხრივ”, - დაასკვნის ირაკლი ხმალაძე.

“ცნობისთვის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, “ოქსფამმა” ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კორონაკრიზისის გამო გამოწვეული შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა უშუალოდ პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბებს - თუ კორონავირუსის გავრცელების ასეთი ტემპი შენარჩუნდება, წლის ბოლოს შიმშილისგან ყოველდღიურად 12 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება. “კოვიდ-19 ბოლო წვეთია მილიონობით ისეთი ადამიანისთვის, რომელზეც უკვე დიდი გავლენა აქვს კონფლიქტს, კლიმატურ ცვლილებებს, უთანასწორობას და სურსათით მომარაგების ჩავარდნილ სისტემას, რომელმაც მილიონობით სურსათის მწარმოებელი და მათი მუშები გააღატაკა. ამ ფონზე, მსოფლიოს რვა უმსხვილესმა საკვებისა და სასმელების კომპანიამ საკუთარ აქციონერებს 18 მილიარდი დოლარი გადაუხადა იანვარის შემდეგ, მაშინაც კი, როცა პანდემია მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა - ათჯერ იმაზე მეტი, ვიდრე გაეროს თქმით, ადამიანების შიმშილობის დასამთავრებლადაა საჭირო” - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჩემა ვერამ. ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია - ინფორმაციას ამის შესახებ “ამერიკის ხმა” ავრცელებს”, - დასძენს გამოცემა.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!