"ლელოს" ლიდერები ვაკის მოსახლეობას შეხვდნენ

“ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრა დაიწყო. ვაკეში გამართულ შეხვედრას "ლელოს” ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსახლეობას დედაქალაქში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, “ლელოს” ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.

“ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას თუ შევხედავთ, უმძიმესი ვითარება გვაქვს. ამ სისტემას აუცილებლად გავარღვევთ და შეკეთებას კი არ დავიწყებთ, არამედ რადიკალურად გამოვცვლით. მე და ბადრიმ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის წინსვლისთვის, იქნება ეს ინვესტიციის მოზიდვა თუ სამუშაო ადგილის შექმნა. არ დარჩენილა სფერო, სადაც მონაწილეობა არ გვქონია მიღებული. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, იქნება ანაკლია, რადგან მისი მშენებლობა თუ არ განახლდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მსოფლიო სატრანსპორტო რუკაზე და ვერ დავიწყებთ დიალოგს აფხაზებთან. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო დონეზე მივხედავთ,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაკეში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრი და არა კაზინოების ქვეყანა.

“ჩვენი გუნდისგან უნდა ელოდეთ რადიკალურ ინოვაციურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. საქართველო უნდა გახდეს მიზიდულობის ცენტრი, პირველი ჩვენი ძალა არის ინტელექტი - იურისტები, ექიმები, ფინანსისტები, რომლებსაც თავი უნდა მოვუყაროთ. საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი აიტი სპეციალისტები, თუ მათ შევუქმნით შესაბამის პირობებს და ეცოდინებათ, რომ აიტი ტექნოლოგია, ინოვაცია და სტარტაპები დაიბეგრება 0%-ით, რადგან ხუთ წელში საქართველო ინოვაციების ქვეყნად მინდა გადაიქცეს. სწორედ ამიტომ ვირჩევთ პროფესიონალ ადამიანებს ჩვენს გუნდში,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, უნდა გაუქმდეს ფინანსური პოლიცია, რომელიც არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ ბიზნესმენები დასაჯონ და დაემუქრონ. სამართალდამცავი ორგანოების ნდობა აღარ აქვს ხალხს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ცალკე მდგომი საგამოძიებო ბიურო, რომელსაც ექნება მაღალი ხარისხის ნდობა.

“ცვლილებები იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები იბრუნებენ იმედს”, - ამ სიტყვებით ვაკის მცხოვრებლებს ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.

“აუცილებლად უნდა გვქონდეს იმედი, რომ ქვეყანა არ დარჩება ასეთ ჭაობში, სადაც ახლა ვიმყოფებით. ამ ჭაობიდან კი მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გამოვა. ყველას ერთი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს სამართლიანობა. როდესაც ხედავ, რომ ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში თავიანთი თავისთვის და არა ქვეყნისთვის. ეს არის სასწრაფოდ შესაცვლელი. ხელისუფლება უნდა იხარჯებოდეს მოსახლეობისთვის, რათა ყველამ იგრძნოს სახელმწიფოს გვერდით დგომა. “ლელო” სწორედ ამ სტანდარტს დაამკვიდრებს ქვეყანაში, რომ ხელისუფლების მიზანი გამდიდრება კი არა, მოსახლეობისთვის დახარჯვაა”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვაკეში გამართული შეხვედრის დროს “ლელოს”ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ქვეყანაში „კრიმინალის გამძაფრებაზე, ფინანსურ პრობლემებსა და მასობრივ ემიგრაციაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ვაკის მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება იმ ცვლილებებს, რაც ხდება ქვეყანაში.

“უამრავი ადამიანი მიდის ემიგრაციაში რადგან ხვალინდელ უკეთეს დღეს ვეღარ ხედავენ ამ ქვეყანაში. “ლელო” კი შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს დავუბრუნოთ ხვალინდელი დღის იმედი. შეუძლებელია, არ გვინდოდეს ცვლილებები, რადგან ქვეყანაში გამძაფრებულია კრიმინალი, რომელსაც უამრავი ახალგაზრდა ეწირება. ფინანსური გასაჭირი არის მთავარი მტერი, რომელიც უნდა დავამარცხოთ. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ მოვდივართ, მაგრამ აუცილებლად გავწევთ ყველას გვერდზე, ვინც მოსახლეობასა და კეთილდღეობას შორის ჩადგება,” - აცხადებს საბა ბუაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა