ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2020

დიდი რბოლა – რამდენიმე ქვეყანა კოვიდ–19–ის ვაქცინის შექმნის ზღურბლზეა. ვინ იქნება პირველი?

"გადაგდებაცაა და გადაგდებაც... ნაციონალებმა გადაგდებაში ყველას აჯობეს“

***

დიდი რბოლა – რამდენიმე ქვეყანა კოვიდ–19–ის ვაქცინის შექმნის ზღურბლზეა. ვინ იქნება პირველი?

“კორონავირუსი მსოფლიოს ისევ უტევს, პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების შემსუბუქებამ ისევ გარკვეული ლოკალური აფეთქებები გამოიწვია და როგორც აღმოჩნდა ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი გზა ვაქცინა დარჩა. სწორედ ამიტომაც ლიდერი სახელმწიფოები ცდილობენ, რომ საბოლოო რეზულტატი შეძლებისდაგვარად მალე დაიდოს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ვირუსთან ბრძოლაში ეფექტური იქნება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი რბოლა – რამდენიმე ქვეყანა კოვიდ–19–ის ვაქცინის შექმნის ზღურბლზეა. ვინ იქნება პირველი?

"პირველი ორი ფაზის წარმატებით გავლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა უკვე დაიწყო, ვაქცინა mRNA-1273, კომპანია"მოდერნამ" და ამერიკის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ერთობლივად შეიმუშავეს. აშშ-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა მასშტაბურია, ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში ამჯერად 30 000-მდე მოხალისე ჩაერთვება. ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მესამე ფაზის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კოვიდ-19 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა ამ წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისისთვის მზად იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აცხადებს, რომ დღეისთვის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას კიდევ 4 კანდიდატი ვაქცინა გადის. ამათგან ორგანიზაციის თქმით, სამი ჩინურ კომპანიებს ეკუთვნის, მეოთხე კი ბრიტანეთს. კორონავირუსის ვაქცინის წამროება, რომელიც ბრიტანელმა და იტალიელმა მეცნიერებმა ერთობლივად შეიმუშავეს, იტალიაში სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო მომავალი წლის იანვარში კი ვაქცინა გაყიდვაში ჩაეშვება - ამის შესახებ იტალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Irbm-ის ხელმძღვანელმა პიერო დი ლორენცომ გაზეთ "ლიბეროსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები, იტალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია (Irbm) და ფარმაცეფტული ჯგუფი "ასტრა ზენეკა" მუშაობენ, მისივე განცხადებით, პრეპარატი 1000 პაციენტზე წარმატებით იქნა გამოცდილი, ხოლო ამჯერად ვაქინის გამოცდას 10 ათასი ადამიანის მონაწილეობით ატარებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

"დი ლორენცოს თქმით, თუ ვაქცინის გამოცდის მომდევნო ეტაპიც წარმატებით დასრულდება, შესაძლოა მისი მასშტაბური წარმოება სექტემბრის ბოლოს დაიწყოს, გაყიდვაში კი 2021 წლის იანვარში შემოვიდეს. სიენენის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს, რომ მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თვალსაზრისით პირველი ქვეყანა გახდეს და ვაქცინის დამტკიცებას 10 აგვისტოსთვის, ან უფრო ნაკლებ დროში გეგმავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ვაქცინასთან დაკავშირებულ არც კვლევის მონაცემებს და არც უსაფრთხოობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აქვეყნებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ვაქცინის გამოცდა არასრულყოფილადაა ჩატარებული და შესაძლოა ასეთი დაჩქარება კრემლიდან ზეწოლას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ დღეისთვის 200-მდე კანდიდატი ვაქცინაა რეგისტრირებული, რომელთაგან 25 ამ დროისთვის კლინიკურ გამოცდას გადის”,- წერს სტატიის ავტორი.

"გადაგდებაცაა და გადაგდებაც... ნაციონალებმა გადაგდებაში ყველას აჯობეს“

"ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, "ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდოო, მაგრამ თვითონ ისეთი „ჩაუტარეს" თავის უახლოეს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე. გადაგდებაცაა და გადაგდებაც, ყველას აჯობეს გადაგდებაში" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ უთანხმოებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გადაგდებაცაა და გადაგდებაც... ნაციონალებმა გადაგდებაში ყველას აჯობეს“

“ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, 22-ივე ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს და დარწმუნებულნი არიან, ეს არის გამარჯვების მთავარი ფორმულა. „ევროპული საქართველო" საჯაროდ სთავაზობს „ნაციონალურ მოძრაობას", რომ ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ვარიანტები განიხილოს და შეჯერდნენ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე. გიგა ბოკერიას თქმით, "ევროპული საქართველო" "ნაციონალებს" დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობს, სანაცვლოდ კი 4 ოლქში მათ მხარდაჭერას ითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ყველა პარტია ზომავს თავის რეიტინგებს, როგორც ჩანს „ნაციონალებმა" ნახეს, რომ არც ისე ბევრი ხმები აქვთ და არ უნდათ სხვებს გაუნაწილონ. აქედან მოდის მათი სიძუნწე და ხელმომჭირნეობა. ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო, თქვენ არ დააყენოთ, ჩვენ დავაყენებთო, პატარა პარტიებისთვის არის ცუდი, რადგან ბედის ანაბარა რჩებიან. ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, „ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდოო, ამაზე ააგეს მთელი თავისი პოლიტიკა, მაგრამ ახლა ისეთი „ჩაუტარეს" უახლოეს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე. თავიდანაც გვერდში იმიტომ დაიყენეს, რომ საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ოპოზიცია მარტო „ნაციონალური მოძრაობა" არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, დასახულ მიზანს მაინც ვერ გაართვეს თავი, დაუნდობელი ნაბიჯი გადადგეს, არადა სჯობდა პირდაპირ ეთქვათ, არ გვინდა ჩვენი ხმები მოგცეთო. დემოკრატია ხომ საკუთრების უფლებას იცავს, ჰოდა მათი მხრიდან ეს იქნებოდა „დემოკრატიული ნაბიჯი", - განაგრძობს გამოცემა.

"რბილი ფორმულირება რომ შევარჩიოთ, "ნაციონალური მოძრაობა" არარაციონალური პარტია გახდა. მართალია, ვხედავთ მათ უკრაინელ გენერატორს, მაგრამ პიარ გუნდი აღარ ჰყავთ, სწორი ანალიზი რომ გააკეთონ, მარტო სურვილებს იძახიან, რომ ეს მთავრობა უნდა შეცვალონ, მაგრამ როგორ? გეგმა არ აქვთ. მეორე ტურიო რომ გაიძახიან, არა მგონია, რომ მეორე ტური მათთვის მომგებიანი იყოს, რადგან ამ 8 წლის განმავლობაში, ყოველთვის ტარდებოდა მეორე ტურები და "ნაციონალების" ხელისუფლებაში დარუნების ფაქტორით, საზოგადოება ხმას "ოცნებას" აძლევდა. მხარდამჭერებიც იმიტომ არიან გულგატეხილები, რომ ხვდებიან, საყვარელი პარტია არალოგიკურად იქცევა. "ოცნებას" კი გეზი აქვს აღებული, რომ მანდატების საკმარისი რაოდენობა აიღოს და მთავრობაც თვითონ ჩამოაყალიბოს. ჯერ-ჯერობით ამ მიზნის მიღწევის შანსი ნამდვილად აქვს," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა