„ლიდერ-ფუდის" დამფუძნებლის ადვოკატი არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება

შპს „ლიდერ-ფუდის" დამფუძნებლის ადვოკატი, ავთანდილ თეთრაშვილი, არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის ყოვლად მიუღებელია მისი კლიენტის, ირაკლი დუმბაძის პირდაპირ თუ ირიბად კორუფციულ გარიგებაში დადანაშაულება.

ავთანდილ თეთრაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, სამართლებრივ დავებს იურისტები სასამართლოში უნდა ვიხილავდეთ, ვფიქრობ, "ლიდერ-ფუდთან" დაკავშირებული დავა გაცდენილია ჩვეულებრივი სამართალურთიერთობის ფარგლებს და მის მიმართ საზოგადოების ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია.

მე, როგორც შპს "ლიდერ-ფუდის" დამფუძნებლის, ირაკლი დუმბაძის ადვოკატი, იძულებული ვარ გამოვეხმაურო ამავე დავის მეორე მხარის, დავით ზეიკიძის ადვოკატს, ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ თურმე, მისმა კლიენტმა ორ ინსტანციაში დავა იმიტომ წააგო, რომ სასამართლო გადაწყვეტილება კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დავის წარმოშობისას, ჩვენი, როგორც ადვოკატების პროფესიული ვალდებულებაა ისეთი სამართლებრივი ნორმის, საფუძვლისა და გზის მონახვა, რომელიც ჩვენი მარწმუნებლის კანონიერ ინტერესებს შეესაბამება და მისთვის სასურველ შედეგზეა ორიენტირებული. ეს სრულიად ნორმალურია და ამ მხრივ, მე პატივს ვცემ თითოეული ჩემი კოლეგის თავდაუზოგავ შრომას.

ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი სულ სხვა რამაა. ბატონი არჩილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები კორუფციის ნიშნებს იმიტომ შეიცავს, რომ მათ არ გაითვალისწინეს ის გარემოებები, რომელიც ბატონი კბილაშვილის კლიენტის ინტერესებს შეესაბამებოდა და ამ კუთხით რამოდენიმე „გაუთვალისწინებელ“ გარემოებას საკუთარი ინტერპრეტაციით გვთავაზობს. ასე, მაგალითად: ბატონი არჩილი ამბობს, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ადვოკატის ოფისმენეჯერის ჩვენება, სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა მოპასუხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ჩვენება, სარჩელის მიუღებლობასთან დაკავშირებითო. ბატონო არჩილ, მოდით კარგად გავიხსენოთ, 11.07.2019 წელს, როდესაც პირველივე სასამართლო სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მ. ბაღათურიას დაკითხვის საკითხი განიხილებოდა, ეს ბატონი სასამართლოში იმყოფებოდა და სხდომის დარბაზის კართან გვიცდიდა. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, რომ იმავე დღეს დაგვეკითხა ბატონი მ.ბაღათურია, თქვენ და დავით ზეიკიძე პრინციპულ უარზე იყავით, ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ მ. ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად დრო გჭირდებოდათ. გარდა ამისა, ბატონმა დავით ზეიკიძემ, პირდაპირ, პროცესზევე განგვიცხადა, რომ მისი უსაფრთხოების უფროსი სწორედ იმას ეტყვის სასამართლოს, რასაც თვითონ გვეუბნება და ამისგან განსხვავებული მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. ეს ხომ სასამართლოს სხდომის ოქმის ჩანაწერებით დასტურდება, ამას ხომ ვერაფერს დავამატებთ ან მოვაკლებთ?!

ახლა, მე რომ დავდგე და ყველა არგუმენტის გაბათილება და ჩემი მარწმუნებლის სასარგებლო მტკიცებულებების წერა ამ სივრცეში დავიწყო, რამდენად გასაგები იქნება ეს ჩვეულებრივი მკითხველისათვის?! ალბათ, ნაკლებად. ასევე გაუგებარია თქვენს მიერ არაკონტექსტუალურად მოყვანილი ე.წ. პოზიციის გამამართლებელი გარემოებები და საზოგადოებას რეალური სურათის აღქმის საშუალებას უზღუდავს ბატონო არჩილ. ასეთ საკითხებზე პასუხს, სასამართლოში სიამოვნებით მოგახსენებთ დაწვრილებით. თუმცა, მეორე მხრივ, უკიდურესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამავე საკითხზე საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა და მზად ვარ, ნებისმიერ საეთერო სივრცეში, თქვენთან ერთად განვიხილო ყველა ის არგუმენტი, რომელზეც მხარეები, საკუთარ პოზიციას ვაყრდნობთ.

ყველა ადვოკატისთვის ცნობილია, რომ სასამართლო, საკუთარ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ გარემოებებზე აფუძნებს და სწორედ ამ დროს ხდება გარკვეული ფაქტების თუ მოსაზრებების გათვალისწინება ან გაუთვალისწინებლობა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასამართლომ არგუმენტირებულად მოახდინოს ასეთი გარემოებების გათვალისწინება, რაც განსახილველ დავაში, ამომწურავადაა დასაბუთებული.

შესაბამისად, მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ არ დაიჯერა დავით ზეიკიძის არგუმენტები, რომელიც თავისი შინაარსით გაცდენილია ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს და არც რაიმე მტკიცებულებითაა გამყარებული, ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია ჩემი კლიენტის - ბატონი ირაკლი დუმბაძის პირდაპირ თუ ირიბად კორუფციულ გარიგებაში დადანაშაულება.

თქვენ ბრძანებთ, რომ ბატონმა დ. ზეიკიძემ, ირაკლი დუმბაძის და სხვა პირთა, მათ შორის საქმის განმხილველ მოსამართლეთა მიერ, მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო პროკურატურას მიმართაო. მაშინ, იქნებ აგვიხსნათ, რა რეაგირებას ახდენს აღნიშნულზე პროკურატურა, რატომ არ დაუბარებიათ ირაკლი დუმბაძე და არაფერი უკითხავთ მისთვის (იმედია, პროკურატურასთან კორუფციულ გარიგებაშიც არ დაგვადანაშაულებთ!)? იმიტომ ხომ არა, რომ ბატონი დ. ზეიკიძის ამ აბსურდულ ბრალდებას არანაირი ლოგიკური და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია?! მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეა!

მე იმასაც ვფიქრობ, რომ პროკურატურისთვის მიმართვა ერთგვარი იურიდიული ხრიკია, რათა თქვენი მარწმუნებლის მიერ შეკვეთილი, სრულაიდ გაუგებარი და ცინიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც რატომღაც სრული ერთი წლის შემდეგ გაგახსენდათ (არადა იმავე მასალაზე ექსპერტიზა უკვე ჩატარებული გაქვთ), თავს მოგვახვიოთ ჩვენც, სასამართლოსაც და საზოგადოებასაც.

მე ასევე, იმასაც ვფიქრობ, რომ თქვენ, როგორც ადვოკატს, გულის სიღრმეში გესმით, თუ რა დონის აბსურდია ბატონი დ. ზეიკიძის ის ვერსია, რომელსაც სარჩელის ნაცვლად სხვა დოკუმენტის მიღების დასაჯერებლად გვთავაზობს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად თქვენი კლიენტის, ბატონი დავით ზეიკიძის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისა, რომ იგი, ირაკლი დუმბაძის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა ფორმით ზეგავლენის მოხდენას ცდილობს სასამართლოზე, პროკურატურაზე და სხვა გავლენიან სუბიექტებზე, რომლის შედეგებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, უაპელაციოდ და მტკიცებულებების გარეშე არასოდეს მისაუბრია საჯარო სივრცეში, რაც პირადი მორალით, კანონით და პროფესიული ეთიკითაა ნაკარნახევი. შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საქმიანობა დარჩება პროფესიული ეთიკის ფარგლებში და მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ვიმოქმედებთ ჯენტლმენური პრინციპების დაცვით”,-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ლიდერ ფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა „ლიდერ ფუდის“ 50%-იან წილთან დაკავშირებით მიმდინარე დავაში გამოვლენილ ახალ გარემოებაზე განცხადება გაავრცელა.

კბილაშვილის განცხადებით, მისთვის მუდამ ნაკლებად საინტერესო იყო და ამ ეტაპზეც ასეა, თუ რა კონტრბრალდებებს უყენებს მას მოსარჩელე ირაკლი დუმბაძე. კბილაშვილის თქმით, „ლიდერფუდის“ საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოება ძირეულად ცვლის საქმის არსს და კიდევ უფრო ნათელს ხდის ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უსაფუძვლობას და შესაბამისად, უკანონობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა