ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020

“მაჟორიტარების ომი” ოპოზიციაში - რატომ ვერ შეთანხმდნენ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”

იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

დავით ზურაბიშვილი - “ბიძინა ივანიშვილი ეცდება პროპორციული სისტემის საკითხი პირველივე ტურში “გააიასნოს”

“პუტინის “აგვისტოს სიურპრიზი” - რუსეთი უახლოეს დღეებში შესაძლოა ბელარუსში შეიჭრას

* * *

“მაჟორიტარების ომი” ოპოზიციაში - რატომ ვერ შეთანხმდნენ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”

“ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე ვერც თბილისში ახერხებს და ვერც რეგიონებში. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონების 22-ვე საარჩევნო ოლქშიც დააყენებს თავის კანდიდატებს და თბილისის ორ “ვაკანტურ” ოლქშიც. “ევროპულმა საქართველომ” კი რეგიონებში მხოლოდ 14 ოლქში დააყენა თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი და დანარჩენ 8 ოლქში შიდაოპოზიციური შეთანხმების იმედი ჰქონდა. “ევროპულმა საქართველომ” 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში უკვე დაასახელა საკუთარი კანდიდატები. მათი თქმით, რეგიონებში დარჩენილ 8 ოლქზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, კვირის ბოლომდე წარადგენენ რეგიონების 22 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მაჟორიტარების ომი” ოპოზიციაში - რატომ ვერ შეთანხმდნენ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ რეგიონებში წარსადგენი მაჟორიტარობის 22 კანდიდატიდან ყველასთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და პარტია თავისი მაჟორიტარების სრულ სიას კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს. “რეგიონების 22-ივე ოლქში “ნაციონალური მოძრაობა” საუკთარ კანდიდატებს დააყენებს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში დავასახელებთ უკვე სიას. სხდომა გვაქვს ჩანიშნული. ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე გვქენება სია. რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციები არაა ჯერ დასრულებული და გვინდა, რომ ერთიანად წარმოვადგინოთ. შესაძლებელია რეგიონალური სიაც დავასახელოთ, ვნახოთ. ჩემი კანდიდატურაც განიხილება რამდენიმე ოლქში. ვნახოთ, შევჯერდებით და წარმოვადგენთ სიას, მათ შორის შესაძლებელია ზესტაფონი-თერჯოლის ოლქში ვიყარო კენჭი”, - თქვა დეკანოიძემ. “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ მათ “ნაციონალურ მოძრაობას” შესთავაზეს წინადადება რეგიონში ოლქების განაწილების შესახებ, რაზეც უარი მიიღეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” უფლებაა დაასახელონ საკუთარი კანდიდატები ყველა ოლქში, თუმცა შეთანხმება იყო და როგორც ჩანს, ფორმალური ლიდერები ვერაფერს წყვეტენ, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას სხვა ღებულობს. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება, რომელიც იყო, არ შედგა”, - თქვა ბობოხიძემ. ხატია დეკანოიძის განცხადებით, თბილისის გარდა არც ერთ ოლქში მოლაპარაკებები არ ყოფილა. “თბილისის გარდა არაფერზე მოლაპარაკებები “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” შორის არ ყოფილა. მათ ჰქონდათ წინადადება რეგიონების 4 ოლქში მხოლოდ საკუთარი კანდიდატები დაეყენებინათ და ამ 4 ოლქიდან 2 “ნაციონალურ მოძრაობას” მოგებული აქვს, ამიტომ არ განვიხილეთ ეს წინადადება”, - ამბობს დეკანოიძე. ბობოხიძის თქმით, “ევროპული საქართველო” რეგიონებში დარჩენილ 8 ოლქში განიხილავს შეთანხმებას სხვადასხვა პარტიებთან და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება არ შედგება, საკუთარ კანდიატებს დაასახელებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ პარტნიორ პარტიებს ენდომებათ მხარდაჭერა და მოხერხდება, ჩვენ მზად ვართ. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ დავასახელეთ კანდიდატები, თუმცა ჩვენ კანდიდატები გვყავს და როგორც კი განიხილება უერთიერთშეთანხმების საკითხები, იმისდა მიხედვით დავასახელებთ მათ, ან საერთო შეთანხმებით დასახელებულ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს. ამ ეტაპზე დარჩენილ 8 ოლქში შეთანხმება განიხილება იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც მონაწილეობდნენ თბილისის შეთანხმებაში. მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მზადაა საერთო ფრონტით, შეთანხმებულად ვიმუშაოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ თბილისში ბოლომდე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, თუ არადა სხვა რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს დარჩენილ ორ ოლქში. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ჩვენს კანდიდატს არ დავასახებთ, ჩვენ გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალფეროვნებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე.

“ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ექსპერტი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციურ ერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი ერთი-ერთზე დარჩებოდნენ ხელისუფლებასთან და “შუა გაიკრიფებოდა” - “იმის პროგნოზირება რთული არ იყო, რომ ოპოზიციური ერთობა დაიშლებოდა იმ დროს, როდესაც კვოტების გადანაწილება დაიწყებოდა საარჩევნო სუბიექტების კუთხით. საქმე ისაა, რომ ე.წ. “ოპოზიციურ ერთობაში” ბევრად მეტი სუბიექტია, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საერთო ულუფა, რაც შეიძლება მიიღონ არჩევნების შედეგად, არ არის იმდენი, რომ ამგვარი შეთანხმება მოახდინონ. შესაბამისად, სუბიექტები, რომლებიც უფრო მეტ-ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, ან უფრო მეტი ამბიციები აქვთ, თავისთავად ცდილობენ, რომ უფრო მეტი საკუთარი ხალხი “გაიყვანონ”, - ამბობს გამზარდია, რომლის განმარტებით, “საარჩევნო კონტექსტში ასეთი ერთობა არ ამართლებს”, - დასძენს გამოცემა.

“გაერთიანებული ოპოზიციის” არსებობის შემთხვევაშიც კი ხელისუფლებას ერთი ოპოზიციური კანდიდატი არ ეყოლებოდა. ოპოზიციის წარმატებაზე ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ერთი-ერთზე დაუპირისპირდება მთელი ოპოზიცია ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში კი “გაერთიანებული ოპოზიციის” იქით იყვნენ სხვა სუბიექტებიც, მაგალითად “ლელო”, “პატრიოტთა ალიანსი” და სხვა დამწყები პარტიები. ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციას ერთსახოვანი პაექრობა ხელისუფლებასთან ვერ ექნებოდა, შესაბისად, მივიღეთ ის მოცემულობა, რომელიც არსებობს ახლა... პარტიებისთვის საერთო კანდიდატები წამგებიანი იქნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს რამდენიმე რეგიონში გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსები ექნებოდა. მაგრამ, მაჟორიტარების თვალსაზრისით არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა ჰქონდეს ოპოზიციას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“რომ ვთქვათ, ცალ-ცალკე დასახელებული კანდიდატები წამგებიანი იქნება, არ გამოვა სწორი. ისედაც არ არის ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიატები მომგებიან რეჟიმში და ეს გადანაწილება, რაც ხელისუფლებასთან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა, სწორედ იმ 30 ადგილს გულისხმობს, რომელიც ძირითადად ისედაც ხელისუფლების აქტივში წავა და არა ოპოზიციის. ამიტომ დაისვა ეს პროპორცია. ძალიან დიდია ადმინისტრაციული რესურსი. მეორე მხრივ, ოპოზიცია ჩვენთან არ სარგებლობს ელექტორატის დიდი მხარდაჭერით. თავ-თავიანთი პატარ-პატარა ჯგუფები ჰყავთ და სულ ესაა მათი საარჩევნო ბაზარი. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ამ ფაქტორმა მათი წამგებიანობა გაზარდა, ისედაც არ აქვს ოპოზიციას ეფექტური პერსპექტიები და შესაბამიად, დიდად არც არაფერი იცვლება ამით”, - დაასკვნის გამზარდია.

იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

“პრემიერ-მინისტრობის თავის კანდიდატს უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტია “ლელოც”დაასახელებს. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ აღნიშნა, “დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე”, ამას საზოგადოება სექტემბერში გაიგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

“ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რა თქმა უნდა ეყოლება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ჩვენ ასე საჯაროდ არ ვასახელებთ, იმიტომ, რომ მაგის დროც მოვა. სექტემბრისთვის ვფიქრობთ და უფრო მეტსაც გეტყვით - არა მხოლოდ პრემოერ-მინისტრობის კანდიდატეს, არამედ მინისტრობის რამდენიმე კანდიდატებსაც დავასახელებთ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ იცოდნენ ამა თუ იმ რეიტინგული პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, რათა წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, ჩვენ ხალხის ამ ინტერესს აუცილებლად დავაკმაყოფილებთ”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას კახა კოჟორიძე და შეკითხვაზე - “განიხილება თუ არა გუნდში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი”? - პასუხობს:

“კონკრეტულად დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე ამას ჯერ, ცხადია, ვერ გეტყვით. ამის დრო როცა მოვა, მაშინ ვიტყვით. მაღალი ალბათობით, ეს სექტემბერში მოხდება”.

დავით ზურაბიშვილი - “ბიძინა ივანიშვილი ეცდება პროპორციული სისტემის საკითხი პირველივე ტურში “გააიასნოს”

“არ მგონია პატარა პარტიებმა ამ არჩევნებში სურათი თავის სასარგებლოდ შეცვალონ, რადგან არც ერთს არ აქვს გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისთვის. ეს არჩევნები იქნება ისევ ორპოლუსიანი, “ნაციონალებსა” და “ოცნებას” შორის” - ასე აფასებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი პატარა პარტიების შანსებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლელომ” შეიძლება მაქსიმუმ 5% აიღოს, ელისაშვილმა - 1%” - დავით ზურაბიშვილი.

“როცა სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მისი გზავნილი იყო, რომ დაიჭერდა ყველა კორუმპირებულს და მართლაც ყველა დაიჭირა. ივანიშვილი რომ მოდიოდა, ჰქონდა იმიჯი, რომ ბევრ ფულს ხარჯავდა. ანუ სააკაშვილს და ივანიშვილს ჰქონდათ სერიოზული გზავნილი და ორივეს შემთხვევაში იმუშავა. ამ პატარა პარტიებს კი არა აქვთ გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისთვის. თანაც ის ამომრჩეველი, რომელმაც შეიძლება პატარა პარტიებს ხმა მისცეს, ძალიან ჭრელი სეგმენტია - იქ არიან მემარცხენეებიც, მემარჯვენეებიც, კონსერვატრებიც და სხვა. ამ ჭრელი სეგმენტის შემკვრელი პირიც არ ჩანს. ამიტომ არ მგონია, რომ პატარა პარტიებმა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს. “ლელომ” შეიძლება მაქსიმუმ 5% აიღოს, ელისაშვილი გადავიდეს 1%-ს, ისიც თბილისის ხარჯზე და ა.შ.”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“ეს არჩევნები მაინც იქნება ორპუოლუსიანი, “ნაციონალებსა” და “ოცნებას” შორის. მაგრამ, თუ ჯამში ოპოზიციამ პროპორციული სისტემით ხმების უმეტესობა აიღო, მაშინ ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება იცვლება, რადგან არჩევნებს იგებს პროპორციული სისტემა და არა მაჟორიტარული სისტემა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ეცდება პროპორციული სისტემის საკითხი პირველივე ტურში “გააიასნოს”, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ზურაბიშვილმა.

“პუტინის “აგვისტოს სიურპრიზი” - რუსეთი უახლოეს დღეებში შესაძლოა ბელარუსში შეიჭრას

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შიდა კრიზისის ფონზე, შესაძლოა გარკვეული მოქმედებები განახორციელოს და ამისთვის დასავლეთის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ. ასეთი რამ მას სხვა დროსაც გაუკეთებია საკუთარი რეიტინგის გადასარჩენად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამერიკული ტელეკომპანია “სიენბისის” შეფასებით, რუსეთის ლიდერს კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე გარკვეული სირთულეები შეექმნა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს რუსეთის მშპ 6%-ით შემცირდება. ამავე დროს, დღეისათვის, დაახლოებით 18 მილიონი რუსი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ასეთი მოქალაქეების რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია მოაწყოს სიურპრიზი დასავლეთისთვის და განახორციელოს მოულოდნელი მოქმედებები იმ იმედით, რომ დაიბრუნებს გავლენას ქვეყნის შიგნით, და ამავე დროს გააძლიერებს რუსეთის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პუტინის “აგვისტოს სიურპრიზი” - რუსეთი უახლოეს დღეებში შესაძლოა ბელარუსში შეიჭრას.

“მოსკოვმა ასეთი სიურპრიზები უკვე გააკეთა 2008 წელს, როდესაც თავისი არმიით საქართველოში შემოიჭრა, 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა და 2015 წელს, როდესაც ღიად და აქტიურად ჩაერია სირიის სამოქალაქო ომში. “სიენბისის” შეფასებით, პუტინისგან მსგავსი “სიურპრიზის” ალბათობა კიდევ უფრო იზრდება იმის გამო, რომ რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე - აშშ ახლა სერიოზულ სირთულეებს განიცდის ფართოდ გავრცელებული კოროვირუსის ეპიდემიის, ეკონომიკური ვარდნისა და პროტესტის ტალღის გამო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია უთანხმოება, რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, ისევე როგორც ევროპულ სახელმწიფოებს შორის, შეიძლება პუტინმა ამ ყველაფრით ისარგებლოს და კიდევ ერთხელ სცადოს მოსკოვის გავლენის გაზრდა მსოფლიოში. ამ მიზნით ოფიციალური მოსკოვი ამჯერადაც კიდევ ერთი თავისი მეზობლის წინააღმდეგ განახორციელებს აგრესიას და დიდი ალბათობით, პუტინის ახალ მსხვერპლი ბელარუსი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას რუსეთი ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში ახორციელებს. ახლანდელი კრიზისის ფონზე კი მას გაუჭირდება მნიშვნელოვანი სამხედრო ქმედებების გახორციელება, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ატარებს სამხედრო წვრთნებს. “2020 წლის აგვისტო განსხვავდება 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის მარტისგან. წინა ორივე შემთხვევაში, როდესაც რუსეთმა განახორციელა გარკვეული ტიპის სამხედრო ინტერვენცია საქართველოსა და უკრაინის მიმართ, მას ჰქონდა ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, გარდა ამისა, საკმაოდ მაღალი იყო ნავთობის ფასიც. ამიტომაც, რუსეთმა თავისი აგრესიული სამხედრო ქმედებები განახორციელა სწორედ მაშინ, როდესაც ეკონომიკა ჰქონდა ძლიერი, რასაც ახლანდელ პერიოდზე ვერ ვიტყვით. გარდა ამისა, წინა ორივე შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერდა რუსეთს და ამან გაუადვილა მას ტერიტორიების ანექსირება”, - ამბობს ჩიტაძე, რომლის აზრით, “დღევანდელ ეტაპზე რუსეთი ფლობს ნაკლებ რესურსს თავისი აგრესიული პოლიტიკის გასატარებლად”, - დასძენს გამოცემა.

“მაგრამ რუსეთი ასევე აქტიურად ახორციელებს სამხედრო წვრთნებს, მაგალითად, მიმდინარეობს “კავკაზ 2020”, გარდა ამისა პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ექნება ახალი ფრთოსანი ზებგერითი რაკეტები, რომლის ანალოგი მსოფლიოში არაა. მაგრამ მიმდინარე წელს, ჩემი აზრით, რუსეთის რესურსები არის შეზღუდული”, - ამბობს ნიკა ჩიტაძე. “სიენბისი” აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ ბელარუსის წინააღმდეგ იმოქმედებს. პუტინს შეუძლია გამოიყენოს, “მზარდი არეულობა ბელარუსში და საკამათო საპრეზიდენტო არჩევნები", როგორც საბაბი, რომ „ეროვნული გამათავისუფლებლის” სტატუსით მოახდინოს ბელარუსის ანექსია. ჩიტაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსები და რუსები მოძმე ერები არიან და ახლო ურთიერთობა აქვთ, ბელარუსი ხალხი დამოუკიდებლობის დაკარგვას არ შეეგეუება. ამის გამო, ჩიტაძის ვარაუდით, რუსეთი ბელარუსისთვის მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით დაკმაყოფილდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბელარუსი ისედაც ეთნიკურად, რელიგიურად, ლიგვისტურად რუსეთთანაა დაახლოებული. ამიტომაც ის მუდმივად იქნება რუსეთის სტარტეგიული პარტნიორი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, აღნიშნულის შესახებ ისაუბრა კიდეც გუშინ ლუკაშენკომ. თუმცა, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ ჯარებით შეიჭრას ბელარუსში, ქვეყნის შიგნით გაიზრდება ანტირუსული განწყობები. ახლა იქ საკმაოდ დიდია პრორუსული განწყობები. ამიტომაც სამხედრო ინეტრვენცია გამორიცხულია. იმ შემთხვევაში, თუ ლუკაშენკო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით გაუძალიანდება რუსეთს, პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტები, მაგალითად, აწიოს ბუნებრივი აირის საფასური, შემოიღოს გარკვეული ემბარგო და ა.შ. ამიტომაც, მე პირადად მგონია, რომ რუსეთი უფრო ეკონომიკურ ბერკეტს აამოქმედებს. გარდა ამისა, პუტინი იმასაც აცნობიერებს, რომ ნატო ზრდის საკუთარ კონტინგენტს აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მეეჭვება მან ბელარუსის მიერთება შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონათესავე და მოძმე ერები არიან, მაინც ცალკე სახელმწიფო და ცალკე ერია, რის გაუქმებასაც ასე მარტივად არ დათანხმდებიან თავად ბელარუსები”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა