ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020

მთავრობამ პირდაპირ თქვა, რომ შემოდგომაზე ლარის გაუფასურებას არ დაუშვებს

"ახალ სიაში მოხვედრას 25-30 დეპუტატი იმსახურებს...“ - "ოცნება“ თავის საპარლამენტო შემადგენლობას რადიკალურად ცვლის

***

მთავრობამ პირდაპირ თქვა, რომ შემოდგომაზე ლარის გაუფასურებას არ დაუშვებს

“მთავრობა შემოდგომისათვის ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას ელის, თუმცა რამდენია სტაბილური კურსი და რამდენად გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად მძიმე მდგომარეობას - 3.05-3.10 ნიშნულის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი არაფერს ამბობს. ვიცით მხოლოდ ის, რომ ლარმა ყველა ისტორიული ანტირეკორდი უკვე დაამხო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მთავრობამ პირდაპირ თქვა, რომ შემოდგომაზე ლარის გაუფასურებას არ დაუშვებს / ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ნიშნულად ახლა 3.05 მიიჩნევა

"ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას აზრით, ის, რომ დღეს ეროვნულ ვალუტას მყისიერი რყევა არ ახასიათებს, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის დამსახურებაა. მინისტრი ამბობს, რომ სამომავლოდ ლარის კურსის მოლოდინი პოზიტიურია და არის შანსი, ეროვნული ვალუტა სტაბილურ ნიშნულზე იყოს. ჩვენ მოვახერხეთ და მყისიერი რყევები ლარის კურსთან დაკავშირებით აღარ არის. ამაზე იმუშავა მთლიანად ეკონომიკურმა გუნდმა და ცალკე აღსანიშნავია ეროვნული ბანკის ეფექტური პოლიტიკა. პერიოდულად ისინი ზომიერ ინტერვენციებს მიმართავენ იმისთვის, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა არ იყოს საგრძნობი ბიზნესისთვის და მათ შორის - მოქალაქეებისთვის. ამ ეტაპზე მართლაც დიდი გამოწვევაა სტაბილური კურსი, რადგან ტურიზმიდან ჩვენ დაგვაკლდა სავალუტო შემოსავალი, საგარეო ვაჭრობაც არ არის ისეთი ინტენსიური, როგორიც შარშან იყო და დიდი კლება გვაქვს. ექსპორტიდანაც გვაკლდება სავალუტო შემოსავალი. ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ვატარებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური ვითარება იყოს სტაბილური. ხედავთ, რომ პირველი დღეები პანდემიისა იყო ძალიან ნეგატიურ მოლოდინთან დაკავშირებული, ძალიან აჟიოტაჟური მოთხოვნა გაჩნდა უცხოურ ვალუტაზე, ახლა კი მოსახლეობა მეტად ენდობა იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ. არის შანსი, რომ შემოდგომაზე ლარი იყოს სტაბილური. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოლოდინები არის შედარებით პოზიტიური, მაგრამ არ არის მარტივი მოცემულობა. უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ ერთი ცალკე, ვაკუუმში აღებული ქვეყანა, დიდად ვართ დამოკიდებული რეგიონის ეკონომიკურ პროგნოზებზე", - განაცხადა თურნავამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

”რეზონანსი“ დაინტერესდა, რას ნიშნავს სტაბილური ვალუტა “ოცნების“ გუნდისთვის და რა ნიშნულს გულისხმობენ ისინი, რადგან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 3.0 წარმოუდგენელი ნიშნული იყო, ახლა კი იგი სტაბილურობასთან ასოცირდება. გამყარების მოლოდინი არ აქვთ ფინანსისტებს. მეტიც, საქართველოში „ადმირალ მარკეტსის“ ყოფილი წარმომადგენლის, დავით წიქარიძის თქმით, პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ლარი დღეს ეკონომიკური კი არა, სუბიექტური ფაქტორებით მყარდება და უფასურდება. ამ ეტაპზე, გაუფასურებისაგან თავის ასარიდებლად, ხელისუფლება, რასაკვირველია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებს. “ვერ ვიტყვი, რომ რთულია, უბრალოდ, შეუძლებელია, რამე რაციონალური პროგნოზი გაკეთდეს გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რადგან მთლიანად სუბიექტური ფაქტორები განსაზღრავს მის გაუფასურებასაც და გამყარებასაც. მინისტრის განცხადება, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებამდე ეს კურსი მაინც შეინარჩუნოს - გაყიდიან დოლარს, განახორციელებენ ინტერვენციებს, მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია. ლარს სიმყარე შეიძლება შეუნარჩუნონ, მაგრამ ეს იქნება ყველაზე არაჯანსაღი პროცესი, რადგან მცირდება მოხმარება და ადამიანები ვერ ყიდულობენ პირველადი მოხმარების საგნებსაც კი. სამომავლოდ დეფლაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ და თუ ეს მოხდა, მერწმუნეთ, ცუდი პროცესი დაიწყება“, - უთხრა წიქარიძემ “რეზონანსს“, - განაგრძობს გამოცემა.

"უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1761-დან 3.0552-მდე (3.8 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ 3.5366-დან 3.4466-მდე (2.5 პროცენტით) გამყარდა. ეკონომისტი, საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია “რეზონანსთან“ ამბობს, რომ დღევანდელი კურსი არის ის, რასაც ლარი ნოემბრამდე შეინარჩუნებს. “მიმდინარე თვეში გამყარებას ოდნავ ველოდებით, თუმცა ეს სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის. მონაცემები შეიცვლება ნოემბრის დასაწყისიდან. რადგან ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ვერ შედგა, ეს იმპორტისა და მოხმარების შემცირებას იწვევს. ამას ერთვის ადგილობრივი აგროპროდუქციით ბაზრის გაჯერება და ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ლარი არ უფასურდება. რაც შეეხება გაუფასურებას წლის ბოლოდან, ამას ცხელი პოლიტიკური შემოდგომის გამო, სავარაუდოდ, არ დაუშვებენ. ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსის სტაბილურობა 3,0-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიახლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება“, - განუცხადა “რეზონანსს“ ანალიტიკოსმა, - წერს სტატიის ავტორი.

"ახალ სიაში მოხვედრას 25-30 დეპუტატი იმსახურებს...“ - "ოცნება“ თავის საპარლამენტო შემადგენლობას რადიკალურად ცვლის

“აგვისტოს ბოლოს „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისათვის თავის პროპორციულ სიას დაასახელებს. როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, სიაში ბევრ ახალ სახეს უნდა ველოდოთ. "ოცნების" შიგნით, იმასაც ამბობენ, რომ მოექმედი დეპუტატების დაახლოებით 2/3 განახლებულ სიაში ვერ მოხვდება. ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგთა ნაწილიც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ახალ სიაში მოხვედრას 25-30 დეპუტატი იმსახურებს...“ - "ოცნება“ თავის საპარლამენტო შემადგენლობას რადიკალურად ცვლის

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ მისი შეფასებით, მოქმედი დეპუტატებიდან მხოლოს 25-30 კაცი იმსახურებს განახლებულ სიაში მოხვედრას. აგვისტოში უნდა იყოს პროპორცული სია. ვვარაუდობ, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე დაასახელებს „ქართული ოცნება" განახლებულ სიას. მე პარტიული სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობას არ ვიღებ, არც ვესწრები ამ შეხვედრებს, შესაბამისად, არ ვიცი რამდენად იქნება ახალი სახეებით დაკომპლექტებული სია. ისე, სულ მუდმივად ცხადდება, რომ ახალი სახეები იქნებიან. მოგეხსენებათ, რომ თავიდან „ქართული ოცნების" დეპუტაციის შემადგენლობა იყო 117 კაცი, ე.ი. საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიმაჩნია, რომ ამ 117 კაციდან, ვინც პარლამენტარის ფუნქციას შეასრულებს, შესაძლოა გამოირჩეს მხოლოდ 25-30 კაცი. ზუსტად არ ვიცი ახალ სიაში, რამდენ დეპუტატს დატოვებენ, მაგრამ რასაც დაუკვირდები და ნახავ ვინ როგორ მუშაობდა, 30 დეპუტატზე მეტი არაა ვისაც შეეფერება პარლამენტარის სტატუსი", - ამბობს რევაზ არველაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ მოქმედი დეპუტატების დიდი ნაწილი სიის მიღმა დარჩება. მისი შეფასებით ახალი სია ბევრად მეტი პოლიტოლოგით და ეკონომისტით იქნება დაკომპლექტებული. მეეჭვება, რომ ახალ სიაში ბევრი მოქმედი დეპუტატი დარჩეს. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით ცვლილება არც იქნება და არც არის გამართლებული, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ძალიან ბევრი ახალი სახე იქნება. იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ტენდენციებია ბოლო ხანებში და აშკარად შეინიშნება მეტი ყურადღება პიარ პროცესების მიმართ, ანუ რა ითქმება პოლიტოლოგიური ტიბუნიდან და გაეცემა თუ არა პასუხი ოპონენტებს, ამ ტენდენციით მგონია, რომ პოლიტოლოგების პროცენტი „ქართულ ოცნებაში" მეტი იქნება, ვიდრე ახლაა. ასევე მგონია, რომ ეკონომისტების რაოდენობაც გაიზრდება", - ამბობს საყვარელიძე. მისივე თქმით, პარტია რეგიონულ პოლიტიკოსებს შეიყვანს სიაში, რათა საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეა სერგეენკო და მის გამოჩენას პოზიტიურდ შეხვდა საზოგადეობა, ასევე კახი კახიშვილსაც. თუ ადამიანს დადებითი რეიტინგი აქვს, მისი დაყენება, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება. ველი, რომ სიაში განსაკუთრებული რაოდენობით იქნება ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რაც ხშირად ხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ რეგიონის მხარდაჭერა ჰქონდეს პროპორციულ სიას", - თქვა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან". აღსანიშნავია, რომ „ოცნების" მოქმედ დეპუტატთა უმრავლესობამ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. „სიის დაკომპლექტებამდე არ ვიძლევი ინტერვიუებს, მითუმეტეს სატელეფონოს", - განგვიცხადა რომან კაკულიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო