ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020

საშიშ ეტაპზე შევდივართ - ეყოფა თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ რამდენიმე ეპიდკერას ერთდროულად გაუმკლავდეს

ვინ არიან თამაშგარე დარჩენილი უპარტიო და რეიტინგული პოლიტიკოსები

ვინ არიან “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატები

* * *

საშიშ ეტაპზე შევდივართ - ეყოფა თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ რამდენიმე ეპიდკერას ერთდროულად გაუმკლავდეს

“მას შემდეგ რაც მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩაიკეტა, ახალი ეპიდკერა გაჩნდა ყაზბეგშიც, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 11 აგვისტოს კორონავირუსის ხუთი შემთხვევა იყო დადასტურებული. შემდეგ მათი რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ყაზბეგშია და პირადად კურირებს სიტუაციას, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება. ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში რამდენიმე ეპიდკერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საშიშ ეტაპზე შევდივართ - ეყოფა თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ რამდენიმე ეპიდკერას ერთდროულად გაუმკლავდეს.

“ჩვენი ერთი ჯგუფი კიდევ წასულია ყაზბეგის რაიონში. ინფიცირებულთაგან 3 არის ადგილობრივი. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები მათ არ აქვთ, თავიანთ ოჯახებშიც ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები. დღეისათვის ყაზბეგში პოლიციაში დადასტურებული 7 შემთხვევაა. ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა, ძალიან ოპერატიული და მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მაქსიმალურად მომხდარიყო, მაგრამ მინდა ყველამ კარგად იცოდეს, თუ ასეთი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, რადგან არც ერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში ასეთი კვლევები მიმდინარეობდეს”, - ამბობს პაატა იმნაძე. “რეზონანსთან” საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ქყვენას სამედიცინო რესურსი ეყოფა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანაში რამდენიმე ეპიდკერა ერთდროულად იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ერთდროულად რამდენიმე ეპიდკერას გაუმკლავდეს. ასეთ დროს, საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი - პაციენტების რაოდენობაზე და მეორე - მთავარი ესაა სიმძიმე პაციენტებისა. საქართველოში 10 000-ობით გრიპის შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა. მთავარი არის რამდენად დიდია მძიმე პაციენტების რაოდენობა. მაგრამ რაღაც დოზით, ბუნებრივია, იქნება მძიმე პაციენტებიც. იმ შემთხვევაში თუ გრიპის სახით მოიხდის ეს ხალხი კორონავირუსს, ჩვენ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება. ამიტომაა ეს ჩაკეტვები აუცილებელი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი ინფექციის გავრცელებისგან. ჩაკეტვებით ქვეყანა არ დაიქცევა, რა თქმა უნდა, რაიონს პრობლემები ექმნება, მაგრამ ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ გაუმკლავდეს ამას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“რუსეთმა უკვე გამოაცხადა, რომ აქვს ანტივირუსული ვაქცინა. რუსები რამდენად სიმართლეს ლაპარაკობენ, ცოტა საეჭვოა, იმიტომ, რომ ასე მალე ვაქცინის შექმნა ცოტა წარმოუდგენელია. მაგათ უყვართ ჩვენ ყველაფერში პირველები ვართო, რომ იძახიან. მაგრამ რეალურად, თუ მართლა იმუშავა ამ ვაქცინამ, ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სანამ არ შეიქმნება ანტივირუსული არა პრეპარატი, არამედ ვაქცინა, მანამ ჩვენ უძლურები ვიქნებით პანდემიასთან”, - დასძენს ხმალაძე. 12 აგვისტოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით ჩაკეტვის საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, არანაირი რისკი არ არსებობს, ყაზბეგსა და ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ხოლო გავრცელებული ხმები “არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას”, - წერს სტატიის ავტორი.

ვინ არიან თამაშგარე დარჩენილი უპარტიო და რეიტინგული პოლიტიკოსები

“სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადამიანები უფრო მეტი არიან, ვიდრე ის პარტიები, სადაც შეიძლება მათ თავიანთი თავი დაინახონ”, - ამით ხსნის პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ქართულ პოლიტიკაში უპარტიო პოლიტიკოსების რაოდენობას. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია ისეთი პოლიტიკოსების რაოდენობა, რომელიც ბოლო პერიოდში პარტიებიდან წამოვიდნენ და საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავენ. ზაქარეიშვილის თქმით, ამის მთავარი მიზეზი პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობაა. ზაქარეიშვილის განმარტებით, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელ კანდიდატად ყოფნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რისი საშუალებაც პოლიტიკოსებს არ აქვთ. სწორედ ამიტომ არის ჩამოშორებული მათი უმეტესობა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ არიან თამაშგარე დარჩენილი უპარტიო და რეიტინგული პოლიტიკოსები / “ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადამიანები უფრო მეტი არიან, ვიდრე ის პარტიები, სადაც შეიძლება მათ თავიანთი თავი დაინახონ”.

“მე ძალიან გული დამწყდება თუ ჩუგოშვილი, ქაცარავა და ის ახალგაზრდები, რომლებიც წამოვიდნენ 5 ნოემბერს ქართული ოცნების რიგებიდან, დარჩებიან პოლიტიკის მიღმა. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იქნება და ძალიან დააკლდება ქართულ პოლიტიკას მათი გასვლა პოლიტიკიდან. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადამიანები უფრო მეტი არიან, ვიდრე ის პარტიები, სადაც შეიძლება მათ თავიანთი თავი დაინახონ. მიუხედავად ამისა, მათ შეიძლება იპოვნონ საკუთარი თავი. მაგალითად, მე როგორც ვარ, მაქვს ჩემი ხედვები, პოზიციები. მგონია, რომ ვინც პოლიტიკაში ყოფილა, ერთ წელზე მეტი ბოლო წლების განმავლობაში, მათ უკვე უნდა ჰქონდეთ თავის ხედვები, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები კომფორტი. არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ არსებობს კომფორტი. ყოველთვის, როდესაც ადამიანი მიდის პარტიაში, რაღაც გარკვეულ კომფორტს და თავისუფლებას თმობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კიდევ შეიძლება ითქვას პოლიტიკოსები, რომლებიც კარგი იქნებოდნენ პოლიტიკაში. იგივე მარგველაშვილი, იგივე ალასანია აღარ ჩანს პოლიტიკაში და კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო. ასევე კვირიკაშვილი. მეც შემეძლო, რომ ვყოფილიყავი პოლიტიკაში და ვერც მე ვერ ვხედავ ჩემს თავს აქ. მე მესმის ამ ხალხის. ამას წინათ დათო ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის წამოვიდა პარტიიდან. ჩემთვის ეს ნაცნობი სიტუაციაა, რომ პოლიტიკურად აქტიური პირებს სურთ, რომ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხედავენ თუ რა ფორმით უნდა გააკეთონ ეს. ცალკე პოლიტიკოსი არ არსებობს ბუნებაში, პოლიტიკოსი აუცილებლად რაღაც ჯგუფში უნდა იყოს. მეც და ალბათ ეს ხალხიც, ამ ჯგუფს ვერ ვხედავთ. ისინი ვერ ხედავენ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის სახელითაც გაავრცელებენ საკუთარ პოლიტიკურ ხედვებს, რომ ემსახურონ საკუთარ სახელმწიფოს”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“საქართველოში დღესდღეობით არ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, სადაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები, რომელიც არიან ღირსეულნი და უნდა იყვნენ პოლიტიკაში საკუთარ თავს იპოვნიან. ძალიან რთულია იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, რესურსები, სახსრები, ხალხი გჭირდება. სამწუხაროდ, არაა თანასწორი პირობები დამოუკიდებელ კანდიდატსა და პარტიებს შორის. დამოუკიდებელმა კანდიდატმა რაღაც ფინანსური სახსრები და რესურსები თავადაც უნდა გაიღოს. ამ კატეგორიის ადამიანებს პრაქტიკულად ძალიან ცოტას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თანხა ოჯახს მოაკლოს და კამპანიას მოახმაროს. ამიტომ, დამოუკიდებელი კანდიდატობა ძალიან დიდი და ძვირი სიამოვნებაა”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

ვინ არიან “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატები

“პოლიტიკურმა გაერთიანება “ლელომ” საქართველოსთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატები მცხეთაში დაასახელა. როგორც კანდიდატების წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, “ლელო” ქვეყანაში ის ახალი ძალაა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს და პოლიტიკურ ასპარეზზე ორპოლუსიანობას დაამარცხებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არიან “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატები.

“ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც აღარ იქნება არც ერთი მშიერი ბავშვი და მოხუცი, არც ერთი ქვეყნიდან გაქცეული ახალგაზრდა, არც ერთი ადამიანი, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გახდა, გული გაუტყდა და იმედი დაკარგა. “ლელო” იწყებს ბრძოლას საქართველოსთვის, თითოეული თქვენგანისთვის! “ლელო” არის ახალი ფერი, ახალი ძალა! „ლელო" არის თქვენი ძალა! „ლელო" არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს, ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, შემოიტანს ქვეყანაში მილიარდობით ინვესტიციას, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს, გზას გაუხსნის ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს. “ლელო” არის ძალა, რომელიც ჩაატარებს განათლებისა და ჯანდაცვის ფუნდამენტურ რეფორმას. “ლელო” არის ძალა, რომელიც დააბრუნებს ემიგრანტებს საქართველოში და გაამთლიანებს ოჯახებს. „ლელო" არის ძალა, რომელიც საჯარო მოხელეებს შეუქმნის სტაბილურ და მაღალანაზღაურებად სამუშაო გარემოს. „ლელო" არის ძალა, რომელიც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას საქართველოში, შეცვლის მართლმსაჯულების მახინჯ სისტემას! „ლელო" არის ძალა, რომელიც თითოეულ რეგიონს მისცემს ინდივიდუალური და სწორი განვითარების საშუალებას, გააძლიერებს თვითმმართველობას, გლეხს აქცევს მდიდარ ფერმერად, გააცოცხლებს ქართულ სოფელს მთასა და ბარში!”- განაცხადა კანდიდატების წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლელო” არის ძალა, რომელიც ააშენებს ანაკლიის პორტსა და ქალაქს, ქვეყანას აქცევს ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად, ეკონომიკურ, ფინანსურ, კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად! „ლელო" არის ახალი ეროვნული ძალა, რომელიც, თქვენთან ერთად, საქართველოს აქცევს რეგიონის ლიდერ ქვეყნად, აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას! ჩვენ - პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ვართ ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიანობას, დაანგრევს ძველ სისტემას და შექმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას. “ოქტომრის არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის! მხარი დაგვიჭირეთ! მხარი დაუჭირეთ ჩვენს კანდიდატებს. ისინი იქნებიან თქვენი ნამდვილი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, თქვენი ყველა პრობლემის, ტკივილის თუ სიხარულის გამზიარებლები. მხარი დაუჭირეთ „ლელოს", რადგან ასე თქვენ მხარს უჭერთ თქვენს შვილებს, თქვენს მომავალს, თქვენს ქვეყანას!” - დასძენს ხაზარაძე თავის განცხადებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

“ლელოს” მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასეთია: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - ნაძალადევი, ანა ბიბილაშვილი - ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ლანა გალდავა - ისანი, ჯამბულ ხოზრევანიძე - ხელვაჩაური, ზედა, შუახევი და ხულო, ბადრი ჯაფარიძე - საბურთალო, მურად მურადოვი - მარნეული და გარდაბანი, პაატა ცივაძე - ქობულეთი, თორნიკე ართქმელაძე - წყალტუბო, სამტრედია, ხონი და ვანი, სოსო ლიპარტელიანი - ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია, გიორგი სიორიძე - ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური, გიორგი (გია) ბარამია - ფოთი, სენაკი, ხობი, ანა ნაცვლიშვილი - ქუთაისი, გიგლა მიქაუტაძე - გლდანი, ირაკლი კუპრაძე - ბათუმი, ფიქრია ჩიხრაძე - სამგორი, კახა კოჟორიძე - ხაშური და ქარელი, გრიგოლ გეგელია - რუსთავი და გარდაბანი, საბა ბუაძე - მთაწმინდა, კრწანისი, სოსო (მალხაზ) ვახტანგიშვილი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი, ალექსანდრე ახვლედიანი - ზუგდიდი, ეკა ქვლივიძე - გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო, ლევან სამუშია - დიდუბე, ჩუღურეთი, ანი მიროტაძე - ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული, პაპუნა კობერიძე - გორი, კასპი, ლევან კობერიძე - ვაკე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით