სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშიააღნიშნული, შესაბამის უწყებებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში დასაბრუნებლად, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს აწარმოებს.

“დაკავების მომენტიდან დღემდე, სხვადასხვა არხებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან ერთად, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი აწარმოებს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე კონფლიქტის მიმართულებით მომუშავე შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გაგრძელდება სახელმწიფო მინისტრის უშუალო ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები და სრული ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

IPRM-ს მორიგი შეხვედრა ერგნეთში ჩანიშნულია 24 სექტემბერს, სადაც ეს საკითხი უმწვავესად იქნება დაყენებული ჩვენი მხრიდან. თუმცა გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ყველა იმ ძალისხმევის შედეგად, რასაც ჩვენი სახელმწიფო ატარებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.