ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ მხარეს მათი ე.წ. მოქალაქეების პროექტებში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ მხარეს მათი ე.წ. მოქალაქეების პროექტებში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მთავრობას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მოქალაქეებს თავის პროექტებში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს.

„საქართველოს მოქალაქე ურუზმაგ ქარქუსოვი - ორგანიზაცია „გლობალ ეკონომიკის“ ხელმძღვანელი ოსური საზოგადოების აქტივისტის ზ. გაზაევას მეშვეობით დაუკავშირდა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს, „სახალხო პარტიის“ წევრს ტ. გაგლოევას ქართული გეგმების ლობირების მიზნით სამხრეთ ოსეთში თითქოსდა მინი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ცხინვალის მახლობლად მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ პროექტების საერთო ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია“, - ნათქვამია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაგლოევას თბილისიდან გადაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც გაფორმებულია როგორც პროექტები, რომლებიც გამიზნულია წინაპირობის შესაქმნელად „სამხრეთ ოსეთის“ ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის.

მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ მთავარი პოტენციური სპონსორია „ქართუ ბანკი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ასევე ფონდი „რაკლი“, რომლის შემადგენელი ნაწილია ცნობილი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ამ ყველაფრის მიღმა, თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დგანან.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ მომენტში ვერავითარი ურთიერთობა ვერ ექნება ქვეყანასთან, „რომლის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებს 2008 წელს მისი არმიის მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის“.