ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრემიერმა საპროტესტო აქციის ფონზე თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმა საპროტესტო აქციის ფონზე თანამდებობა დატოვა. როგორც ფუხაევმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, ეს მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა. „დღეს მე ვიყავი მოედანზე, მოვუსმინე ხალხს. ნაწილი სკანდირებდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნას. მე მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფუხაევმა.
ცხინვალის მთავარ მოედანზე მოსახლეობამ დაკავების შემდეგ 28 წლის ახალგაზრდის, ინალ ჯაბიევის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება გააპროტესტა. არის ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აქციის მონაწილეებმა ჯაბიევის გარდაცვალების მიზეზის გამოძიება მოითხოვეს.
ინალ ჯაბიევი დროებით მოთავსების იზოლატორში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს ე.წ. შს მინისტის და მთლიანად დე ფაქტო მთავრობის გადადგომა.

























