ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შს სამინისტრო - ქალაქში ვითარება სტაბილურია და სიტუაციას ვაკონტროლებთ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შს სამინისტრო - ქალაქში ვითარება სტაბილურია და სიტუაციას ვაკონტროლებთ

ცხინვალის სამართალდამცავმა ორგანოებმა რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ქალაქში მილიციის რაზმები მორიგეობენ, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა დაშლა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.

„სიტუაცია სტაბილურია, ჩვენ მას ვაკონტროლებთ. მთავარია არეულობა თავიდან ავიცილოთ”, - განუცხადა RES - ს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ფუხაევმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო შედგა. 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის „სამართალდამცავებმა“ დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს.