ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2020

ამერიკელი გენერლის მძიმე პროგნოზი, ანუ ჩაანაცვლებს თუ არა საქართველო ბელარუსს?! - ხათუნა ლაგაზიძე

პაატა ზაქარეიშვილი - “მოსკოვს მოუწევს თიბილოვს დაემშვიდობოს, შესაძლოა მან კოკოითი დააბრუნოს”

ამირან სალუქვაძე - “სააკაშვილზე ხუმრობდნენ, “ოცნება” ხომ არ უხდისო”

* * *

ამერიკელი გენერლის მძიმე პროგნოზი, ანუ ჩაანაცვლებს თუ არა საქართველო ბელარუსს?! - ხათუნა ლაგაზიძე

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” სიის დაკომპლექტების მეთოდი არ შეიცვლება - როგორც აქამდე აკომპლექტებდნენ სიას მორჩილების პრინციპით, ასევე გაგრძელდება. ვფიქრობ, შემადგენლობას ახლა გაცილებით მკაცრად შეარჩევენ, რადგან წინ უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისია, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რომც დარჩეს, პარლამენტში ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი და შიდასაპარლამენტო გადატრიალების თუ პოლიტიკური კრიზისის საფრთხე დიდი იქნება. ამიტომაც შეეცდებიან ყველა სხვა პრინციპი უკან გადასწიონ და სიაში შეყვანის გადამწყვეტ ფაქტორად მორჩილება აქციონ, რაც ცხადყო მაჟორიტარების წარდგენამაც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისინიც იმ პრინციპით შეარჩიეს, თუ ვის შეეძლო საკუთარ საარჩევნო ოლქებში ხმების ყიდვა და მორჩილება”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ამერიკელი გენერლის მძიმე პროგნოზი, ანუ ჩაანაცვლებს თუ არა საქართველო ბელარუსს?!

“რაც შეეხება გამოცემა “დოსიეს” მასალას “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთიდან დაფინანსების შესახებ, რუსეთის ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში დადასტურებული ფაქტია. ამაზე ლაპარაკობენ გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები. წლების განმავლობაში ამერიკის კონგრესში მიდიოდა გამოძიება ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის თაობაზე. დაჰკითხეს ტრამპის უახლოესი გარემოცვა, ზოგიერთს გადადგომამაც მოუწია. როცა აშშ-ში ასეთი დიდია რუსეთის გავლენა, ბუნებრივია, გაცილებით დიდი და საშიში იქნება საქართველოსთანა ქვეყნებში. “დოსიეს” მასალა ძალიან საყურადღებოა, მისი მიხედვით, ძალზე ყურადსაღებია “რჩევები”, რომლებსაც ეს პოლიტიკური ძალა რუსი ე.წ. კონსულტანტებისგან იღებს. გამოვყოფ ერთ რჩევას: ამომრჩევლებში დაპირისპირების წახალისება და მათ შორის შუღლის გაღვივება - ამგვარი მიდგომა რუსული ხელის ყველაზე ნათელი მახასიათებელია. ამგვარად იქცევა ის თითქმის ყველგან, ამას აკეთებს ამერიკაშიც, სადაც სპეცსამსახურები უკვე იძიებენ რუსულ კვალს ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის ხელოვნურად ინსპირირებულ დაპირისპირებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ზუსტად რუსული პოლიტიკის შედეგია, რაც დღეს საქართველოში ხდება - საზოგადოების მცირე სეგმენტებად დაყოფა და დაპირისპირებისთვის ახალ-ახალი თემების გაჩენა. ამის მიზანია საზოგადოების დანაწევრებით, ერთმანეთთან წაკიდებით სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას შეუშალოს ხელი. მტყუან-მართლის გარჩევას ჩვენ ვერ დავიწყებთ, ეს გამოძიების საქმეა, თუმცა ამ მასალის საფუძველზე უამრავი სხვა კითხვა ჩნდება. მაგალითად, რა გზით შემოდის საქართველოში რუსული ფული? აქ იმდენად “პატრიოტთა ალიანსის” პრობლემა არ დგას - არ იქნებოდა ეს ძალა, იქნებოდა სხვა. უმთავრესი პრობლემა სახელმწიფოს მოშლის ცდაა. ისმის კითხვა - რამდენად დაცულია საზღვრები? გარდა ამისა, როგორ გადავიდნენ აფხაზეთში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები საქართველოს სპეცსამსახურების ხელშეწყობის გარეშე? გავიგეთ, რომ რუსეთი ეხმარებოდა, მაგრამ საქართველოს სპეცსამსახურების როლი რაში მდგომარეობს?” - ამბობს ექსპერტი.

“ახლახან უკიდურესად შემაშფოთებელი სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ინტერნეტგამოცემაში - ეს არის ინტერვიუ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილ სარდალ ბენ ჰოჯესთან. ამერიკელი გენერალი ამბობს, ბელარუსში შეიძლება მოხდეს სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ ბელარუსი შეიძლება საქართველომ ჩაანაცვლოს რუსული გავლენისა და ავტორიტარიზმის ზრდის თვალსაზრისითო. ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ორ გლობალურ პროექტს, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მსოფლიოში ძალზე გაზრდის და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია იქნება. იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ბოჭკოვან-ციფრული კაბელის გაყვანა. ჰოჯესის თქმით, რუსეთი ორივე პროექტს ეწინააღმდეგება და სწორედ მისი გავლენით უშლის ხელს მათ განხორციელებას საქართველოს ხელისუფლებაცო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მძიმე შეფასებების მეტი რა მოგვისმენია ბოლო თვეებში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი, თუ ყველაზე მძიმე არა. უკიდურესად შემაშფოთებელი პროგნოზია და სამწუხაროდ, არ არის უნიადაგო. უმნიშვნელოვანესია, გლობალურად შევხედოთ იმას, თუ რამდენად ღრმად მოექცა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში. ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ფაქტობრივად ჩავაბარეთ რუსეთს, ცხადია: კრემლი თითქმის სრულად აკონტროლებს საქართველოს საინფორმაციო სივრცეს, ხლეჩს და აპირისპირებს ჩვენს საზოგადოებას. რომელი ოპოზიციური ლიდერის მიმართაც დასჭირდება, ქვის ისეთ სროლას დაიწყებს სოციალურ ქსელებში, რომ ძალიან რთული იქნება ამ ლიდერის ფეხზე წამოდგომა. გარდა ამისა, უფრო უარესადაც გვქონია საქმე - უკონტროლოდ შემოსულ რუსულ ფულს ვგულისხმობ”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“ინაშვილმა განაცხადა, 6 პიარკამპანია გვემსახურება, მათ შორის ამერიკული და ისრაელურიო. მერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, შესაბამისად, ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება. ამ ეჭვებს ამტკიცებს “პატრიოტთა ალიანსის” პლაკატიც აჭარაში, რომელზეც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად წითელი ხაზით შემოხაზეს აჭარა და მიუთითეს, რომ თითქოს ჩვენს ამ რეგიონს თურქეთიდან საფრთხე ემუქრება, რაც საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა, იმ რუსული სცენარით მოქმედება, რისი ნიშნები აქამდეც ჩანდა, მაგრამ არა ასე მკაფიოდ. ისე, აქ ისრებიც საშიშია, არა მარტო ფერები. თუმცა მე მარტო “პატრიოტთა ალიანსამდე” არ დავიყვანდი ამ პრობლემას. ეს გაცილებით მასშტაბური, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ე.წ. ღია საზღვრების პოლიტიკის პრობლემაა”, - დასძენს ლაგაზიძე.

პაატა ზაქარეიშვილი - “მოსკოვს მოუწევს თიბილოვს დაემშვიდობოს, შესაძლოა მან კოკოითი დააბრუნოს”

“ცხინვალის ამბები ნამდვილად არ არის მოულოდნელი, ეს არის გრძელვადიანი პროცესები და სხვათა შორის, ამას უკავშირდება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაც. მაშინ ოსებმა ხმა არ ამოიღეს, მაგრამ იმ სისტემის ნაწილი იყო ტატუნაშვილის მკვლელობაც, რაც ახლა გამოაშკარავდა პარასკევის ღამიდან გამომდინარე, ანუ დიდი ხანია ძალოვნების მიერ შექმნილია სრული განუკითხაობა, სასტიკად აწამებენ ადამიანებს პოლიციაში და წამების ფაქტები ხშირია...” - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მოსკოვს მოუწევს თიბილოვს დაემშვიდობოს, შესაძლოა მან კოკოითი დააბრუნოს.

“შარშან იყო ქუჩის საპროტესტო გამოსვლები იმის გამო, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა იქ არსებული მძიმე მდგომარეობის გამო და ძალით აჭმევდნენ საჭმელს, ფაფას ასხამდნენ ძალით - ამან გამოიწივია პოლიტიკური კრიზისი. ჩემთვის უცნაური იყო, რომ ქართულმა პრესამ და საზოგადოებამ ეს ფაქტი გაატარა. მაშინ ე.წ. პარლამენტი არ მუშაობდა და ითხოვდა დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას (რომელიც გუშინ გადადგა) და ასევე იუსტიციის მინისტრისას იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ეს და კრიზისი მათ გამოიწვიეს. შემდეგ მოხდა ვენების მასობრივი გადაჭრა ციხეში ისევ და ისევ მძიმე პირობების გამო, თუმცა ისევ ძალით მოხდა პროტესტის ჩახშობა - ძალოვნები მივიდნენ პარლამენტში და ძალის დემონსტრირებაც კი მოახდინეს. მართალია, დე ფაქტო პარლამენტია, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს - გაიყვანეს რამდენიმე დეპუტატი დარბაზიდან და ფოიეში ძალოვნებმა მათ საქმეების გაურჩიეს და ჰალსტუხიც კი დაქაჩეს... ასეთი სიტუაცია იყო და ასეთი ვითარება ძალიან დიდი ხანია გრძელდება ცხინვალში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ამას დაემთხვა ტატუნაშვილის მკვლელობა. როგორც ჩანს, მასაც აწამებდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინა ის, რასაც ითხოვდნენ და ამ დროს შემოაკვდათ. ამას არ მოჰყოლია იქ საპროტესტო გამოსვლები და არ პრესაში ყოფილა პროტესტი, მაგრამ სოციალურ ქსელში იყო გამოხმაურება _ თვით ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი კოკოითიც კი აღშფოთდა და გააკრიტიკა ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოებამ არ აიტაცა ეს. ქუჩაში გამოსვლები არ ყოფილა, პროტესტი მხოლოდ სოციალურ ქსელებში ჩანდა. ნამდვილად იყო ასე, რომ კოკოითმა თიბილოვი მკაცრად გააკრიტიკა... ეს იყო საერთო სურათი და პარასკევის ღამის ამბავი იყო ალბათ ბოლო წვეთი ამ ყველაფრის”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

“იმის ნაცვლად საზოგადოებას გასჩენოდა განცდა, რომ ძალოვნები ჭკუას ისწავლიდნენ, პარლამენტში დაბარებებით მაინც მიხვდებოდნენ, რომ ეს აუტანელია საზოგადოებისთვის, ამის საპასუხოდ მოხდა ის, რაც მოხდა - ადამიანი, რომელსაც ვერაფერი დაუმტკიცეს, ხელში შემოაკვდათ სასტიკი წამებით. ამის ამსახველი საშინელი სურათებიც გავრცელდა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მიხვდა თიბილოვი, რომ ყველა რესურსი ამოიწურა და როგორც იქნა, გაუშვა ავად სახსენებელი შს მინისტრი. ხოლო ფორმალურად მოწერილი აქვს ხელი მთავრობის დათხოვნაზე, ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება ისეა აჭრილი, თიბილოვი, მგონი, თავადაც ხვდება, რომ წასვლა მოუწევს... არაერთხელ მომხდარა ასეთი ამბავი - იყო გამოსვლები, შიმშილობა და ა.შ. მაგრამ არავინ დასჯოლა და საზოგადოებას მისი არ სჯერა. როგორც ჩანს, მოსკოვს მოუწევს თიბილოვს დაემშვიდობოს. გამორიცხული არ არის, ისე აიჭრას სიტუაცია, რომ კოკოითი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მანდ არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს - ეს არის დავით სანაკოევი, მაგრამ რუსეთს კოკოითი უფრო აწყობს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

ამირან სალუქვაძე - “სააკაშვილზე ხუმრობდნენ, “ოცნება” ხომ არ უხდისო”

“რაც უნდა თქვან ირმა ინაშვილმა და მისმა გუნდმა, რომ შეხვედრა პირადი კონტაქტებისა და რესურსების გამოყენებით შედგა, ეს საქმე კრემლთან შეუთანხმებლად არ მოხდებოდა. ამ ვიზიტს არავითარი გამართლება არა აქვს თუნდაც იმიტომ, რომ კრემლის ჩარევით საქართველოსთვის კარგი საქმე არასდროს გაკეთებულა და ახლა მით უფრო. საქმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა-გადმოსვლა კი არ არის, შედეგია - დემონსტრაციულად გადასვლა და კრემლის ორგანიზებული მოლაპარაკებები. “მე შემიძლია სხვაზე მეტის გაკეთების” წარმოჩენით საქმეს საბედისწეროდ ვაზარალებთ. აფხაზეთში ეს ყველაფერი მხოლოდ ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის ლაშა საკანიას გადადგომით არ დასრულდება, რადგან ამ შეხვედრის ამბავი იმ აფხაზებმაც არ იცოდნენ, რომლებიც თუნდაც გულში ჩვენ მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი აცხადებს პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილზე ხუმრობდნენ, “ოცნება” ხომ არ უხდისო”.

“ორი პრორუსულად განწყობილი ძალა, ნინო ბურჯანაძე და “პატრიოტთა ალიანსი”, ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს, თუმცა “ალიანსზე” თავდასხმისას შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა რატომღაც არ ეთაკილებათ. ორივე პარტიას, როგორც ბურჯანაძის, ასევე, “პატრიოტთა ალიანსს”, ამომრჩევლის დაახლოებით 5-6% უჭერს მხარს და სწორედ ამ ხმებისთვის მიდის ბრძოლა, რათა იმ ოპოზიციურ სპექტრს დარჩეს, სადაც ბურჯანაძეა. ინაშვილის პარტიასაც რომ მიეღო მონაწილეობა იმ “ისტორიულ შეხვედრაში” და განეცხადებინა, გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ რომელიმე ძალასთან ვითანამშრომლებთო, მაშინაც დაესხმებოდნენ თავს? ვფიქრობ, არა. სხვა ყველაფერი ლირიკაა, ისევე როგორც ინაშვილის უკიდურესად გაუმართლებელი და საზიანო ვიზიტი აფხაზეთში, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს შიგნიდან აგვრიოს... საზოგადოდ, ჩვენი საზოგადოება ამა თუ იმ საქმეზე ატეხილი ხმაურით ცხოვრობს. ჩვენ ომი მხოლოდ 7-დან 12 აგვისტომდე გვახსოვს, მერე განხილვები წყდება. ასე იქნება ინაშვილის უგვან საქციელზეც. პოლიტიკური ძალები ამ სკანდალს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე გამოიყენებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

“რუსეთიდან შავი ფულის შემოდინების საფრთხე ყოველთვის იყო და იქნება, რადგან ის მხარდამჭერების მომრავლებას პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ხერხით ცდილობს. “დოსიეს” მასალებში, ალბათ, ბევრი რამ სიმართლეა, მაგრამ რაღაცები არადამაჯერებელიც არის, თუნდაც იმიტომ, რომ კავკასიური აქცენტითა და გაუმართავი წინადადებით არის დაწერილი. ჟარგონებიც არის გამოყენებული, “ნარუჟკა” და სხვ. შესაძლოა იმიტომ, რომ სპეცსამსახურების ხელწერა დასტყობოდა. მასში საუბარია მილიონების გადანაწილებაზე, პარტიის მხარდაჭერაზე, თუმცა რომლის, არ არის მითითებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მილიონების კი არა, ერთი რუბლის გადარიცხვაც არ ხდება ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე. ასეთ საქმეზე ყოველთვის სპეცსამსახურები მუშაობენ და მას გრიფი “საიდუმლო” ადევს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ დოკუმენტებს დასასკანირებლად კი არა, თვალის გადასავლებად ვერ იხელთებს ვერავინ... ისე, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ საეჭვო გარემოებებია. თუნდაც ის, რომ დროში საეჭვოდ დაემთხვა ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტს, თორემ რუსეთს საქართველოში კი არა, არაერთ ქვეყანაში აქვს თავისი ინტერესები. არც ის მჯერა, რომ მილიონი დოლარის განაწილება სერგეი მიხეევის ინსტიტუტში დაიგეგმა. ბევრი რამ არის, რაც კითხვებს ბადებს, ამის მიუხედავად, არ არის გამორიცხული ინაშვილის ამომრჩეველმა მაინც “ალიანსს” მისცეს ხმა, ან სულაც მოიმატოს მხარდამჭერებმა - მასალა, რომელიც გამოქვეყნდა, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების მიზანია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნა, რათა მათი ხმები თავად მიიღონ”, - განმარტავს პოლიტოლოგი.

“რაც შეეხება სააკაშვილის ბოდიშს - ბოდიშის მოხდას მუსიკალური გადაღება, წინ და უკან ხტუნაობა არ უნდა. დაჯდეს ტელეფონის წინ, ჩართოს ფეისბუკლაივი და ჩამოთვალოს ის საქმეები, სადაც შეცდომები ჰქონდა. მისი ყველა სიტყვა არადამაჯერებელი იყო, უბრალოდ, წინასაარჩევნოდ ძალიან დაბალი დონის კლიპი გადაიღო. 8 წელია ამბობს, დავბრუნდებიო. ის დაბრუნდება მაშინ, როდესაც საქართველოში გაიმარჯვებს ის ძალა, ვინც მას ამის ნებას დართავს. მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკოსს რომ არ უთქვამს, ისეთ ანომალიას ამბობს, შემიძლია საქართველოსა და უკრაინაში თანაბრად ვიბრძოლო რაღაცისთვისო, რაც სისულელეა, - დაასკვნის ამირან სალუქვაძე.

“მას შეუძლია იბრძოლოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და მორჩა. “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის მძევალია. პარტია, რომელიც წლიდან წლამდე პოლიტიკურ შედეგებს არ აუმჯობესებს, ნიშნავს, რომ მას განახლება სჭირდება - პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დატოვონ პოზიციები, შეიცვალოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი. რაც შეეხება სააკაშვილს, ვიღაცები ხუმრობდნენ კიდეც, “ოცნება” ხომ არ უხდისო. სხვათა შორის, ეს არ არის საფუძველს მოკლებული. ასეთი გამოსვლები ყოველთვის წინასაარჩევნოდ აქვს, რითაც “ოცნებას” ეხმარება და თავის პარტიას აზარალებს. არც ისე გამოუცდელია, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას. მან ისეთებიც კი განაწყო მისი გუნდის მიმართ უარყოფითად, ვინც “ოცნებით” იმედგაცრუებული იყო და ისევ მიშა ჯობიაო, ამბობდა”, - მიიჩნევს სალუქვაძე და შეკითხვაზე - “ცხინვალში მასშტაბური პროტესტი მხოლოდ ერთი ახალგაზრდის მკვლელობით იყო განპირობებული, თუ წლების განმავლობაში დაგროვებულმა უკმაყოფილებამ იფეთქა”” - პასუხობს:

“ცხინვალში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, სადაც კრიმინალური რეჟიმია, იქ წამება და მკვლელობაც ჩვეულებრივი ამბავია. დანაშაულებრივ რეჟიმს კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, მასშტაბური გამოსვლა ყოველთვის ხანგრძლივ უკმაყოფილებას მოსდევს. ჩვენს მოქალაქეებს რომ იტაცებენ და წამებით კლავენ, ამაზე არ ჰქონდათ რეაქცია, ახლა თავიანთ თავზე იწვნიეს და აღშფოთდნენ. არსებულ რეალობას ვეღარ შეცვლიან. მათ პროტესტს ჩაახშობენ და ისევ გაგრძელდება კრიმინალური მმართველობა. სამხედრო ბაზის გარდა, მოსკოვს ამ რეგიონში არანაირი ინტერესი არ გააჩნია. აფხაზეთში ზოგიერთ რუს ჩინოვნიკს მიწები და ფინანსური ინტერესები მაინც აქვს, ცხინვალში ასეთიც არაფერია. ბაზების არსებობა კავკასიის ქედის აქეთ, ამიერკავკასიაში - აი, ეს არის ამ ორი რეგიონის დანიშნულება, რასაც აფხაზები და ოსები ვერ აცნობიერებენ. თუ ეს ხალხი გამოიღვიძებს და მსოფლიო საზოგადოებრიობას მიაწვდენს ხმას, მაშინ ექნება აზრი საქართველოს ჩართვას ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესებში. სანამ ისინი ცხვრის ფარასავით არიან და სახელმწიფობანას თამაშობენ, არაფერი ეშველებათ”...

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა