ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის სახლთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის სახლთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხინვალის მილიციის იზოლატორში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ახლობლებმა, გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ, გუშინ საღამოს კვლავ დაიწყეს ადმინისტრაციულ სახლთან შეკრება. ჯაბიევის ნათესავებს და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

„გადადექი“, გასამართლდეს ჯაგაევი“, „დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები“ - ამ შეძახილებით მიმდინარეობდა აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში. პარალელურად, აქციის მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფმა რამდენჯერმე სცადა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა.

დე ფაქტო ცხინვალის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დააყენეს - დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის - ურუზმაგ ჯაგაევის პოსტიდან გადადგომა, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირება და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯა.

ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს მისი წინამორბედი - ასევე დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელმაც მიმართვა „ინსტაგრამის" მეშვეობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, სამი შვილის მამა, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ოკუპირებულ რეგიონში მოქმედმა ე.წ. სპეცსამსახურმა 26 აგვისტოს, ე.წ. შსს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით სწორედ მაშინ დააკავა, როცა ცხინვალში „დამოუკიდებლობის“ დღეს აღნიშნავდნენ. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში ჯაბიევს ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც გარდაცვლილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ჯაბიევს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა და ბიბილოვმა „მთავრობა“ დაითხოვა.

ოკუპირებულ ცხინვალში აქციიის გაგრძელება იგეგმება დღესაც.

ასევე, არაოფიციალური წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინალ ჯაბიევის ნათესავები, იმ ე.წ. სამართალდამცავების მიმართ, რომლებსაც სავარაუდოდ, ბრალი მიუძღვით 28 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში, შურისძიებას თავად აპირებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო