გენერალი ბენ ჰოჯესი - მხოლოდ კრემლი სარგებლობს იმით, რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები არ იყოს

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი რამდენიმე დღის წინ „ტვიტერსა“ და ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა. ჰოჯესმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენები განიხილა და გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს დაზიანების გამო.

თემის გარშემო უფრო ვრცლად ბენ ჰოჯესი ამჯერად „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

- თავისი ტექნიკური კუთხით, ტელეკომუნიკაციების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ამ საქმემ დამაინტერესა, რამდენადაც მჯერა, რომ პირდაპირი ინვესტიციები საქართველოსა და მთელ შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანია. მათ ისე შეგვიძლია შევხედოთ, როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მესამე გარანტს, მაშინ როდესაც ამისთვის დანარჩენი ორი საფუძველი დიპლომატია და შეიარაღებული ძალებია. თუმცა, პირდაპირი ინვესტიციები უმნიშვნელოვანესია ძლიერი საზოგადოების შესაქმნელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ახალგაზრდებისთვის ქვეყანაში დარჩენის სურვილის გასაჩენად. შესაბამისად, როდესაც ვხედავ შემთხვევას, რომელშიც საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს პირდაპირი ინვესტიციების შესაზღუდად თუ მათთვის დაბრკოლების შესაქმნელად, ეს ჩემში შეშფოთებას იწვევს, ჩემი ფაქტებზე დაფუძნებული ეჭვების თანახმად კი, კრემლი, როგორც წესი, ამაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონაწილეობს ხოლმე.

- როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში შეიძლება, წარმოდგენილი იყოს რუსეთის ინტერესი, არაპირდაპირი სახით თუ ფარდის მიღმა, რაიმე პირდაპირი ჩარევით?

- რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას ბელარუსიის მთავრობას არასდროს შევადარებ. მინდა, ამაზე ჩემი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატო, თუმცა, როდესაც ვხედავ, როგორ აჩერებს კომუნიკაციებს ბელარუსის მთავრობა, კრემლი, თუ მაგალითად, ჩინეთის მთავრობა, მაშფოთებს, როცა პარლამენტი ახერხებს ან იღებს გადაწყვეტილებას ისეთი კანონმდებლობის გატარების შესახებ, რომელიც საქართველოს მასშტაბით თუ მისი გავლით საკომუნიკაციო შესაძლებლობებს შეზღუდავს ან შეაჩერებს. რა თქმა უნდა, კონკრეტულად ეს პროექტი („რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტი“) მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოემსახურებოდა ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას, ინდოეთისა და პაკისტანის ჩართვით. ჩემი წარმოდგენით, სატელეკომუნიკაციო და სხვა კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, ამაზონი, მოინდომებდნენ, საქართველოში მონაცემთა ცენტრები განეთავსებინათ, იმის ნაცვლად, რომ ეს კავშირები რუსეთში თუ ირანში შესულიყო. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამის შეზღუდვა კრემლს აწყობს. შესაბამისად, სწორედ ესაა ჩემი შეშფოთების და, გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუების საგანი.

- აზერბაიჯანულმა კომპანია "ნექსოლმა" შეიძინა "კავკასუს ონლაინის" წილები და შესაძლოა, ეს გარანტია ყოფილიყო, რომ საქართველო „რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტში“ მონაწილეობას მიიღებდა. ასევე, მივიღეთ ახალი კანონი ტელეკომუნიკაციების შესახებ. კონკრეტულად რატომ ფიქრობთ, რომ ეს ორი ფაქტი ასე დაკავშირებულია ერთმანეთთან?

- თითოეულ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, საკითხების რეგულირება მოსახლეობის სასიკეთოდ მოახდინოს, იქნება ეს საგადასახადო მიზნებისთვის თუ კიბერ უსაფრთხოების დაცვისთვის - ეს ნორმალური იქნებოდა. თუმცა, რამდენადაც შევისწავლე, არაფერი გამიგია ისეთი, რის მიხედვითაც შეიძლებოდა დასკვნა, რომ ასეთი რეტროაქტიული კანონმდებლობა ამგვარი მიზნების მისაღწევად იქნა მიღებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ გსურთ, საქართველომ, როგორც ლიბერალურმა დემოკრატიამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, თუ გსურთ, რომ ახალგაზრდებმა სამუშაო ადგილები იპოვონ, რაც მათ საქართველოში დარჩენას განაპირობებს, მაშინ კანონმდებელმა, პარლამენტმა უნდა იმოქმედოს ისე, რომ ქვეყანა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისთვის მთლიანად ევროპიდან, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რათა მათ აქ ჩამოსვლა მოინდომონ. ამიტომაა ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა ცოტა არ იყოს, იმედგაცრუება, რადგან ის სამომავლო პირდაპირი ინვესტიციების წახალისებას არ ახდენს.

- მაშინ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ აჩვენებს საქართველოს მთავრობა თავის ინტერესს, ამ პროექტის განხორციელება დაეხმაროს?

- გიამბობთ ერთ ამბავს: დაახლოებით 2014 წელს საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან შეხვედრის პრივილეგია მქონდა. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. გიორგი მარგველაშვილს ვკითხე: "როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო, რა არის მისი ადგილი მსოფლიოში?" პასუხი გონებაში ჩამებეჭდა, რადგან მან მიპასუხა: „ჩვენ არ ვართ პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ჩვენ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა ვართ, რომელიც კარია ევრაზიასა და ევროპას შორის”. ეს აზრი, რომ საქართველო ინფორმაციისთვის, ლოგისტიკისთვის, აქ ჩამომსვლებისთვის კერაა, დამამახსოვრდა. რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, რომელიც გზას გახსნიდა უფრო დიდი და საკონტეინერო, მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი გემებისთვის. გემები შეძლებდნენ, გაევლოთ ევრაზია და კასპიის ზღვა, შემოსულიყვნენ საქართველოში, შემდეგ კი, შავი ზღვის გავლით, მოხვედრილიყვნენ რუმინეთში, ოდესასა თუ თურქეთში. რასაკვირველია, ეს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანს გახდიდა. ევროპული, მაგალითად, დიდი ლოგისტიკური კომპანიები, როგორიცაა DHL, ან Amazon, იქ შექმნიდნენ ცენტრს ტრანსნაციონალური გადაზიდვისთვის. ეს დაზოგავდა მოწოდებისთვის საჭირო დროს, რუმინეთის კონსტანტას პორტს და მდინარე დუნაის დიდ მნიშვნელობას შესძენდა, ეს ყოველივე რუსეთისთვის გვერდის ავლით მოხდებოდა.

მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობამ თუ ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ განაგრძო ამ საპორტო პროექტის განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მთავარი პრიორიტეტია, ცხადია, ეს ასე არ არის. პრიორიტეტი რომ ყოფილიყო, განხორციელდებოდა კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა, ამის უკან კრემლი დგას, რადგან კრემლს არ სურს საქართველოს წარმატება; კრემლს არ სურს, ევროპულმა ქვეყნებმა ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამიტომ, ბოჭკოვანი კაბელის გამოყენების ეს პროექტი, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის, ასევე არ არის კრემლის ინტერესებში.

- ე.ი., შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორ პროექტს შორის ორი მთავარი მსგავსებაა: ერთი, მთავრობა არ ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას და მეორე, რუსეთი ამის გამო სავარაუდოდ, მოხარულია.

- ზუსტად ასეა. კრემლის ინტერესებში არ შედის, დასავლეთმა საქართველოს უსაფრთხოებას დიდი ყურადღება მიაქციოს. თუ გყავთ გერმანული, ჰოლანდიური, ფრანგული და იტალიური კომპანიები, ასევე, ამერიკული კომპანიები და ბიზნეს სექტორი, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, მაშინ რა თქმა უნდა, ისინი ძალიან დაინტრესებულები იქნებიან საქართველოში არსებული მდგომარეობით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, და შეამჩნევენ, რომ რუსეთს საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებული აქვს. ისინი შეამჩნევენ, რომ რუსეთი კვლავ უკანონოდ იკავებს ყირიმს; პრეტენზიებს გამოთქვამს რუმინეთის გვერდით არსებულ წყალქვეშა რესურსებზე. ახლა ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზეა, მაგრამ თუ საქართველოში დასავლეთიდან ინვესტიციები იქნება, ეს დინამიკას შეცვლის. ბოლო რამ, რაც კრემლს სურს, ისაა, რომ დასავლეთმა ყურადღება მიაპყროს იმას, თუ რას აკეთებს თავის გარშემო რუსეთი. სწორედ ამიტომაა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი.

- თუ კანონს დავუბრუნდებით, არსებობს პოზიცია, რომ ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ამასთანავე, პროცესი, მაგალითად, ღამ-ღამობით მოსმენები, უცნაურად ითვლება...

- ამიტომაა მნიშვნელოვანი მთავრობის ყველა საქმიანობაში გამჭვირვალობა. შეერთებული შტატები - ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, მაგრამ არსებობს გამჭვირვალობა, ძალიან თავისუფალი მედია და ბალანსი ძალაუფლების შტოებს შორის. ამ ყველაფრის მიზანია იმის გარანტირება, რომ კორუფცია და არასათანადო გავლენები ვერ შეძლებენ იმასთან შეწინააღმდეგებას, რაც ხალხს ნამდვილად სურს. ვფიქრობ, ქართველი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, იმსახურებს, იცოდეს, რომ პარლამენტი ან მთავრობა სრული გამჭვირვალობით მოქმედებს. ეს ძალიან ართულებს კრემლისა და გავლენის სხვა წყაროებისთვის ისეთი მოვლენების გამოწვევას, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის სასარგებლო არაა. ამასთანავე, სულ რაღაც 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა. 12 წლის წინ გაფორმდა ე.წ. „სარკოზის ხელშეკრულება“, რომლის თანახმადაც რუსეთი ქვეყნიდან უნდა გასულიყო. თუმცა, ისინი ისევ აქ რჩებიან. რუსეთი თავისი უსაფრთხოების ძალების ბელორუსიაში შეყვანას აპირებს, ის კვლავ უკანონოდ იკავებს ყირიმს, კლავს ადამიანებს დონბასში, მხარს უჭერს ასადის რეჟიმს სირიაში, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რუსეთმა სცადა ნავალნის მოკვლა - ხალხს თვალები ფართოდ უნდა ჰქონდეს გახელილი. არ მჯერა, რომ ქართველ ხალხს სურს, რომ კრემლის პარტნიორად ან კოლაბორატორად აღიქმებოდეს.

- ისევ კომუნიკაციებს რომ შევეხოთ, ვიცით, რომ პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო...

- თეორიულად, პარლამენტი ამომრჩევლების ნებას ატარებს. აქედან გამომდინარე, თუ ამომრჩევლები გააცნობიერებენ, თუ რა გაკეთდა, ისინი შეძლებენ, ზეწოლა მოახდინონ პარლამენტზე, რათა მიღებული კანონმდებლობა გაუქმდეს, ან, ამისთვის ალბათ, არსებობს რაიმე სხვა საკანონმდებლო გზა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ინდივიდუალური კომპანია არ არის, ყველაზე დიდი საკითხია, თუ რატომ ჩანს ისე, თითქოს საქართველოს მართლა არ სურს ან არ ახალისებს უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს დასავლეთიდან. რატომაა ასე? ეს ლოგიკას მოკლებულია. მხოლოდ კრემლი სარგებლობს იმით, რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიცია არ იყოს, საქართველო ამით სარგებელს არ იღებს.

დავამატებდი, რომ ქართველი ხალხი ამაზე მეტს იმსახურებს. ქართველებმა აჩვენეს გამბედაობა, არა მხოლოდ სამხედრო კუთხით ავღანეთში, არამედ, ზოგადად ხალხმა, რომელმაც გამჭვირვალე და რეაგირებადი მთავრობა მოითხოვა - ისინი ამას იმსახურებენ. იმედი მაქვს და ველი, რომ ჩემი ქვეყანა, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, კასპიისა და შავ ზღვებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. მსურს, გახდეს ევრაზიისა და ევროპის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ის კერა გახდეს, რომლის შესახებაც რამდენიმე წლის წინ გავიგე. გარდა ამისა, საქართველო უნდა იყოს ნატო-ს წევრი - მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით აღარაფერი დარჩა დასამტკიცებელი. მაგრამ როდესაც ასეთი რაღაცები ხდება, როდესაც ჩემნაირ ადამიანებსა და სხვებს აქვთ სურვილი, საქართველო ნატო-ს წევრად იხილონ, ამ შესაძლებლობას პირდაპირი ინვესტიციებისთვის ხელშეშლა ცოტა არ იყოს, ძირს უთხნის.

ეკა აბაშიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო