ლევან ნატროშვილის განცხადებით, კანონმდებლობით, პოლიტიკური სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნა ვერ მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავად პარტია არ გააუქმა

კანონმდებლობით, პოლიტიკური სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნა ვერ მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავად პარტია არ გააუქმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა, „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მეორე მხრივ, მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა შეუძლია მხოლოდ სამ სუბიექტს - მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტის არანაკლებ 1/5-ს.

რაც შეეხება პარტიის გაუქმების საფუძვლებს, ნატროშვილის თქმით, კონკრეტული შემთხვევები კანონით გაწერილი არ არის.

„რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი როცა დგება, ეს ხდება მაშინ, როცა პარტია არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია. რეგისტრაციისთვის ჯერ კიდევ აქვს ვადა ბევრ პარტიას. მეორე - რეგისტრაციიდან მოხსნა და რეგისტრაციაში არგატარება კანონმდებლობით ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება. საფუძველს, რომ მაგალითად, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ბანერი გააკრა, ან რაღაც საქმიანობას ეწევა, რომლის მიმართაც კითხვები არის, არ ცნობს, ასეთი რამ კანონში არ გვიწერია. ერთადერთი საფუძვალი არის ის, რომ თუ შესაბამისი სუბიექტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუქმდება ზოგადად ეს პარტია, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერც მიიღებს.

სამი სუბიექტია, რომელსაც შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ესენია: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა ან პარლამენტის წევრები არანაკლებ 1/5-ისა“, - განაცხადა ნატროშვილმა.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხზე არსებულ კითხვებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნებს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს, რათა საკითხზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

„საკმარისი საფუძველია, პროკურატურა დაინტერესდეს ამ საკითხით, ვინაიდან „დოსიეს“ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან 8 მილიონით შესაძლო დაფინანსებას შეეხება, მითითებულია კონკრეტული გარემოებები, დასახელებულია კონკრეტული პირები და ორგანიზაციები და ვარაუდია გამოთქმული, რომ შესაძლოა, ქვეყნის რაიმე მტრულ საქმიანობაში მონაწილეობას ან დახმარებას ჰქონდეს ადგილი პარტიის ზოგიერთი პირის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ და ვფიქრობთ, რომ არის საფუძველი, ამ მხრივ დაიწყოს გამოძიება. მინიმუმ ორი მუხლია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გამოძიება დაიწყოს - ერთი არის „უკანონო შემოსვლების ლეგალიზება“, ე.წ. ფულის გათეთრების მუხლი. მეორე - ასეთი მუხლია: „უცხო ქვეყნის უცხო ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა მტრულ საქმიანობაში“. ამ მუხლითაც შეიძლება გამოძიება დაინტერესდეს. თუმცა, როგორც ვიცი, ამ გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ უარი თქვა ამ საფუძვლით და ეს შემთხვევა გადაამისამართა აუდიტის სამსახურში. დანარჩენი საკითხი , ეს იქნება ბანერის გაკვრა, პროპაგანდა და ა.შ. ამას ამ კუთხით თუ განვიხილავთ, გამოძიების ფარგლებში შეიძლება ესეც შესწავლილი იყოს, რა იყო ამ ბანერის გაკვრის მიზანი და ა.შ. ცალკე აღებული კი ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ნატროშვილმა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს